2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

რეკომენდაციები

ძირითადი რეკომენდაციები

ადრეული ამოცნობა და სწრაფი დიაგნოსტიკა აუცილებელია გადაცემის პრევენციისა და დახმარების დროულად აღმოჩენისთვის. გქონდეთ COVID-19-ზე ეჭვის მაღალი ხარისხი ყველა პაციენტთან, რომელსაც აქვს ცხელება და/ან მწვავე რესპირაციული დაავადება; თუმცა, ზოგიერთი პაციენტი შეიძლება არ უჩიოდეს ცხელებით მიმდინარე რესპირაციულ დაავადებას.

COVID-19 არის შეტყობინებადი დაავადება. ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევის შესახებ აცნობეთ ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანოებს.

აუცილებელია ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევის დაუყოვნებლივ იზოლაცია სხვა პაციენტებისაგან. პაციენტების ტრიაჟი მოწოდებულია სტანდარტიზებული მექანიზმებით. პაციენტები შეაფასეთ დაავადების სიმძიმის მიხედვით. დაიცავით ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გაიდლაინები.[79]

კლინიკური ეჭვის მაღალი ინდექსი უნდა გვქონდეს ნებისმიერი იმ პაციენტის მიმართ, რომელიც წარმოდგენლია ცხელებით და/ან მწვავე რესპირატორული ავადმყოფობით. ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ დგანან: პირები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ტრანსმისიის მაღალი რისკის ტერიტორიაზე ცხოვრება/პროფესიული საქმიანობა/მოგზაურობა; ასევე ადამიანები, რომელთა თემშიც აღინიშნება ტრანსმისია და ბოლოს, შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები.[119]

დიაგნოზზე ეჭვი უნდა მიიტანოთ უწყვეტი ხველის, ცხელების და გემოს/ყნოსვის ცვლილების მქონე პაციენტებში. სხვა საერთო სიმპტომები, განსაკუთრებით მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის მოცირკულირე კორონავირუსი 2-ის (SARS-CoV-2) ვარიანტებისა და ვაქცინაციის მაღალი მოცვის მქონე პოპულაციების კონტექსტში, მოიცავს თავის ტკივილს, ყელის ტკივილს, რინორეას, ცემინებას და დაღლილობას. პაციენტებს ასევე შეიძლება აღენიშნებოდეთ ქოშინი, მიალგია/ართრალგია, ნახველი, გულმკერდის შებოჭილობა ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (მაგ., გულისრევა, ღებინება, დიარეა).[507]

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (რეალურ დროში) ადასტურებს დიაგნოზს. უპირატესია სასუნთქი გზების ზედა და ქვედა ნაწილებიდან აღებული ნიმუშები. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა სეროლოგიური ტესტირება.[508] შედეგების ინტერპრეტაცია საჭიროა დაავადების ტესტამდელი ალბათობის კონტექსტის გათვალისწინებით.

ბავშვებსა და მოზარდებში გაითვალისწინეთ მწვავე გასტროინტესტინური სიმპტომები და გულის ანთების ნიშნები.ჯერჯერობით არსებული მტკიცებულება მიუთითებს, რომ ბავშვებდა და მოზარდებში ინფექცია უფრო მსუბუქი ან უსიმპტომოა.[509] თუმცა, აღწერილია იშვიათი მულტისისტემური ანთებითი მდგომარეობა კავასაკის დაავადების და ტოქსიკური შოკის სინდრომის მსგავსად, რომელიც COVID-19-ს ემთხვეოდა ბავშვებსა და მოზარდებში.[510]

ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში რეკომენდებულია ჩამოთვლილი ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, მეტაბოლური პანელი, არტერიული სისხლის აირები, სისხლში გლუკოზის დონე, კოაგულოგრამა, ანთების მარკერები, გულის ბიომარკერები, შრატში კრეატინ კინაზა, სისხლის და ნახველის კულტურები სხვა პათოგენებზე. პულსოქსიმეტრიით შეიძლება გამოვლინდეს ჟანგბადის დაბალი სატურაცია.

გულმკერდის რენტგენოგრაფიისთვის პრიორიტეტულია პაციენტები, რომლებიც მძიმედ არიან და ეჭვია პნევმონიაზე. განიხილეთ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება, თუ გულმკერდის რენტგენი გაურკვეველია ან ნორმალურია.[511] დამატებითი რჩევების მისაღებად იხილეთ ადგილობრივი მითითებები.

სრული რეკომენდაციები

COVID-19-ის მკურნალობის გზა ინფექციის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის დროს უნდა შემუშავდეს ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.[79]

  • ჯანდაცვის სისტემაში მოხვედრისთანავე უზრუნველყავით პაციენტების სკრინინგი შემთხვევის განსაზღვრების და სიმპტომების შეფასების გათვალისწინებით. ინფექციის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტების მართვა უნდა გაგრძელდეს მათი მდგომარეობის შესაბამისად. შესაძლო შემთხვევები რჩება საეჭვო გამოკვლევების პროცესში მანამ, სანამ უარყოფითი პასუხი არ მიიღება.

  • დაუყოვნებლივ მოაქციეთ იზოლაციაში ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევა. გამოიყენეთ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ადგილობრივი პროცედურები.

  • პაციენტების ტრიაჟი მოწოდებულია სტანდარტიზებული მექანიზმებით. პაციენტები შეაფასეთ დაავადების სიმძიმის მიხედვით.

  • გადაწყვეტილებების მიღებისას (ჰოსპიტალიზაცია, ინტენსიურში გადაყვანა) გამოიყენეთ კლინიკური მსჯელობა, გაითვალისწინეთ პაციენტის ღირებულებები და არჩევანი, ადგილობრივი და ეროვნული წესები, და არა მხოლოდ ხელმისაწვდომი პროგნოზული მოდელები.

შეკრიბეთ დეტალური ანამნეზი, მათ შორის მოგზაურობის ანამნეზი, რისკფაქტორები, რათა განსაზღვროთ COVID-19-ის რისკი და შეაფასოთ სხვა მიზეზების ალბათობა.

დაეჭვდით დიაგნოზის არსებობაზე შემდეგი ფაქტორების არსებობის დროს:[119]

  • ინფექციის მაღალი რისკი: გავრცელების მაღალი რისკის რეგიონში მუშაობა ან ცხოვრება (დახურული სივრცეები), საზოგადოებრივი გავრცელების პირობებში მოგზაურობა ან ცხოვრება, სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა (მოიცავს საავადმყოფოებს და საცხოვრებელ დაწესებულებებს) ბოლო 14 დღის განმავლობაში სიმპტომების გამოვლენამდე

  • პირები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ შესაძლო ან დადასტურებულ შემთხვევასთან. კონტაქტი არის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რომელიმე შემდეგი ზემოქმედება:

    • პირისპირ კონტაქტი სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 მეტრზე ახლოს (3 ფუტი), 15 წუთზე მეტხანს

    • პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან

    • რეკომენდებული პირადი დაცვის საშუალებების გარეშე უვლიდა COVID-19-ის სავარაუდო ან დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტს

    • სხვა გარემოებები, რომლებიც მითითებულია რისკის ადგილობრივ შეფასებებში.

ექსპოზიცია უნდა მომხდარიყო შემთხვევის "ინფექციურ" პერიოდში. სიმპტომური შემთხვევებისთვის ეს ნიშნავს სიმპტომის დაწყებამდე 2 დღით ადრე და სიმპტომების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ პერიოდს, პლიუს მინიმუმ 3 დამატებითი დღე სიმპტომების გარეშე, სიმპტომების დაწყებიდან სულ მცირე 13 დღის განმავლობაში. უსიმპტომო შემთხვევებისთვის ეს ნიშნავს 2 დღით ადრე და 10 დღის შემდეგ პერიოდს იმ თარიღიდან, როდესაც აიღეს დამადასტურებელი ნიმუში.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების განმარტებით, ახლო კონტაქტი არის პირი, რომელიც ინფიცირებული პაციენტისგან 2 მეტრზე ნაკლებ (6 ფუტი) დისტანციაზე იმყოფებოდა სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში 24 საათის პერიოდში, პაციენტის სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით ადრე (უსიმპტომო პაციენტებში- ტესტირებამდე 2 დღით ადრე).[120]

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მინიმალური სიმპტომები ან იყოს უსიმპტომო, ხოლო სხვებს შეიძლება აღენიშნოთ მძიმე პნევმონია ან გართულებები, როგორიცაა მწვავე რესპირაციული სინდრომი, სეპტიკური შოკი, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ვენური თრომბოემბოლია ან მულტიორგანული უკმარისობა. პაციენტთა დაახლოებით 80%-ს აქვს მსუბუქი დაავადება, რომელიც არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას ან ჰოსპიტალიზაციას.[479]

კლასიკური ძირითადი სიმპტომებია:

  • ცხელება

  • ხველა

  • ქოშინი

  • გემოს/ყნოსვის შეცვლა.

სხვა ხშირი სიმპტომები, განსაკუთრებით მოცირკულირე SARS-CoV-2 ვარიანტებისა და ვაქცინაციის მაღალი მოცვის პოპულაციების კონტექსტში:

  • თავის ტკივილი

  • ყელის ტკივილი

  • რინორეა/ცხვირის ღრუს დახშობა

  • ცემინება

  • დაღლილობა.

ნაკლებად გავრცელებული ან იშვიათი სიმპტომები:

  • მიალგია ან ართრალგია

  • ნახველის გამოყოფა

  • გულმკერდის შებოჭილობა/ტკივილი

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები

  • თავბრუსხვევა

  • ნევროლოგიური სიმპტომები

  • თვალისმიერი სიმპტომები

  • აუდიო-ვესტიბულური სიმპტომები

  • კანისა და ლორწოვანის სიმპტომები

  • საშარდე სისტემის ქვედა ნაწილის სიმპტომები

  • ჰემოფთიზი.

გაერთიანებული სამეფოს COVID-19 სიმპტომების ოფიციალური სია განახლდა 2022 წლის აპრილში და მოიცავდა ყელის ტკივილს, დაღლილობას, თავის ტკივილს, ქოშინს, სხეულის მტკივნეულობას, ცხვირის გაჭედვას ან გამონადენს, მადის დაკარგვას, დიარეას და ავად ყოფნის შეგრძნებას. ადრე, გაერთიანებული სამეფოს სიმპტომების ოფიციალურ სიაში მხოლოდ ცხელება, მუდმივი ხველა და გემოს ან ყნოსვის დაკარგვა ან ცვლილება შედიოდა.[512]

არცერთი ცალკეული ნიშნის ან სიმპტომის მიხედვით COVID-19-ის ზუსტი დიაგნოსტირება შესაძლებელია არ არის. რომელიმე სპეციფიკური ნიშნის ან სიმპტომის არსებობა ან არარსებობა არ არის საკმარისად ზუსტი დაავადების გამოსარიცხად ან დასადასტურებლად.

  • კოხრეინის მიმოხილვის თანახმად, პაციენტების სულ მცირე ნახევარს ჰქონდა ხველა, ყელის ტკივილი, ცხელება, მიალგია/ართრალგია, დაღლილობა, თავის ტკივილი. ანოსმია და/ან აგეუზია ასევე ხშირია. ცხელების, მიალგია/ართრალგიის, დაღლილობის, თავის ტკივილის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის COVID-19-ის ალბათობას. ხველა და ყელის ტკივილი ხშირია COVID-19-ის გარეშეც, ამიტომ ცალცალკე ეს სიმპტომები არ იყო დიაგნოსტიკაში დამხმარე. ანოსმიის და/ან აგეუზიის არსებობა შესაძლოა იყოს საჭირო ნიშნები დიაგნოზისთვის. ცხელების ან ხველის არსებობა ასევე მნიშვნელოვანია დამატებითი ტესტირების საჭიროების მქონე პაციენტების იდენტიფიცირებისთვის.[507]

ნიშნები და სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს მოცირკულირე SARS-CoV-2 ვარიანტების ან ვაქცინაციის მაღალი მოცვის მქონე პოპულაციების კონტექსტში.

  • დიდი ბრიტანეთის COVID სიმპტომების კვლევის ანგარიშის მონაცემების თანახმად (ეფუძნება დელტა ვარიანტის მონაცემებს), სრული ვაქცინაციის შემდეგ COVID-19-ის ყველაზე ხშირი სიმპტომებია თავის ტკივილი, სურდო (გამონადენი ცხვირიდან), ცემინება და ყელის ტკივილი. ვაქცინირებულ პირებში COVID-19-ის ტრადიციული ინდიკატორები, როგორებიც იყო ანოსმია, სუნთქვის უკმარისობა, ცხელება და ხველა ხშირი სიმპტომების სიაში გადანაცვლებულია ქვემოთ (ამ მონაცემებზე დაყრდნობით). არავაქცინირებულ პირებში, ყველაზე ხშირი სიმპტომებია თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სურდო, ცხელება და მუდმივი ხველა, რაც განსხვავებულია COVID-19-ის იმ სიმპტომებისგან, რომლებიც ინფექციას ახასიათებდა გამოჩენის დროს.[513]

  • დიდი ბრიტანეთის COVID Symptom Study-ის მონაცემები ომიკრონის ვარიანტის კონტექსტში იუწყება, რომ ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ყელის ტკივილი და მსუბუქი ან ძლიერი დაღლილობა. თავდაპირველმა ანალიზმა ვერ აღმოაჩინა აშკარა განსხვავებები ადრეულ სიმპტომებში დელტასა და ომიკრონს შორის.[514]

  • სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს ინფექციას Omicron ვარიანტით, ზომიერად განსხვავდება იმ სიმპტომებისგან, რომლებიც ახასიათებს ინფექციას Delta ვარიანტით. ყელის ტკივილი და ჩახლეჩილი ხმა თანმიმდევრულად უფრო ხშირი იყო ომიკრონით დაავადებულ ადამიანებში, ვიდრე დელტას შემთხვევაში. სუნის დაკარგვა/შეცვლა, თვალის ტკივილი/წვა, ცემინება, თავის ტკივილი, ცხელება, თავბრუსხვევა და გონების დაბინდვა მნიშვნელოვნად ნაკლებად იყო გავრცელებული ომიკრონის ინფექციის მქონე ადამიანებში, დელტა ვარიანტით ინფიცირებულ პაციენტებთან შედარებით. ყნოსვის დაკარგვა, SARS-CoV-2-ის წინა ვარიანტების პათოგნომური მახასიათებელი, იყო Omicron ვარიანტით ინფიცირებული ადამიანების მხოლოდ <20% შემთხვევაში.[515]

ორსულებში ინფექცია იმავე წარმდგენი სიმპტომებით ხასიათდება, რასაც არაორსული მოსახლეობის შემთხვევაში ვხვდებით.

  • ორსულ ქალებში კლინიკური მახასიათებლები არაორსული ზრდასრულების მსგავსია.[516]

  • ორსულ ქალებში ყველაზე ხშირი სიმპტომებია ცხელება და ხველა. თუმცა, ორსულ ქალებში, არაორსულ რეპროდუქციული ასაკის ქალებთან შეარებით ნაკლებად ხშირად ფიქსირდება ცხელება, დისპნოე და მიალგია. ორსულ და ახლახანს ნამშობიარებ ქალებში უფრო ხშირია უსიმპტომო დაავადება, ვიდრე რეპროდუქციული ასაკის არა-ორსულ ქალებში.[203][204]

  • ხაზგასასმელია გარემოება, რომ ისეთმა სიმპტომებმა, როგორებიცაა ცხელება, დისპნოე, გასტროინტესტინური სიმპტომები და დაღლილობა, შესაძლოა გადაფარონ ორსულობის ფიზიოლოგიური ადაპტაციებით ან არასასურველი მოვლენებით გამოწვეული სიმპტომები.[79]

დაფიქსირებულია ატიპური კლინიკური სურათის მქონე შემთხვევებიც.

  • გვხვდება ატიპური გამოვლინებები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ იმუნოკომპრომისული მდგომარეობა (მაგ. დაცემა, დელირიუმი/კონფუზია, ფუნქციური დაქვეითება, გადაადგილების შეზღუდვა, სინკოპე, ცხელების არარსებობა). ხანდაზმულ და თანხმლები დაავადებების მქონე პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ მსუბუქი სიმპტომები, მაგრამ მაინც მაღალი რისკი მდგომარეობის გაუარესებისა.[79]

  • COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში დაფიქსირდა პაროტიტი (შესაძლოა უკავშირდებოდეს ყბაყურა ჯირკვლის ლიმფადენიტს), პერორალური ვეზიკულობულოზური დაზიანებები, ბადურის დაზიანებები, მუდმივი სლოკინი და ანდროგენური ალოპეცია; თუმცა უცნობია, თუ რამდენად უკავშირდება ეს ნიშნები SARS-CoV-2-ის ინფექციას.[517][518][519][520][521]

შესაძლებელია კოინფექციები.

  • SARS-CoV-2 დადებით პაციენტებში კოინფექციის გავრცელება იყო 19%, ვირუსული კოინფექციები უფრო ხშირია, ვიდრე ბაქტერიული და სოკოვანი კოინფექციები. ყველაზე ხშირი ბაქტერიები იყო Klebsiella pneumonia, Streptococcus pneumoniae და Staphylococcus aureus. ყველაზე ხშირად გამოვლენილი ვირუსები იყო: გრიპი ტიპი A, გრიპი ტიპი B, და რესპირატორული სინციტიური ვირუსი. ყველაზე ხშირი სოკოვანი პათოგენი ასპერგილუსი იყო.[522] დაფიქსირდა ტუბერკულოზით, აივ-ით და მალარიით კოინფექცია.[523][524][525]

  • გახსოვდეთ მუკორმიკოზის რისკის შესახებ.[526] სასწრაფო დიაგნოზი და მართვა - იხილეთ გართულებების განყოფილება დამატებითი ინფორმაციისთვის.

ნიშნები და სიმპტომები შეიძლება წააგავდეს სხვა ხშირ ვირუსულ რესპირატორულ ინფექციებს და ბავშვობის ინფექციებს, ამიტომ ბავშვებსა და მოზარდებში COVID-19-ზე ეჭვის მაღალი ხარისხია საჭირო.

  • ბავშვებსა და მოზარდებს, როგორც წესი, აქვთ ნაკლები და უფრო მსუბუქი სიმპტომები და ისინი ნაკლებად მძიმდებიან, ვიდრე ზრდასრულები. ამის მიზეზები ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია. ადრეულმა კვლევებმა გამოავლინა მძიმე ან კრიტიკული დაავადების უფრო მაღალი რისკი ჩვილებში <1 წლამდე, სხვა ასაკობრივი ჯგუფების ბავშვებთან შედარებით; თუმცა, კვლევებს ჰქონდა შეზღუდვები და არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ უმცროსი ასაკი არის მძიმე დაავადების რისკფაქტორი ბავშვებსა და მოზარდებში. SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტებით გამოწვეული დაავადების სიმძიმე, წინა შტამებთან შედარებით, ჯერ კიდევ კვლევის საგანია.[22]

  • ზრდასრულებთან შედარებით, ბავშვებში უფრო იშვიათია ცხელება, ხველა და დისპნოე.[527] კუჭ-ნაწლავის სიმპტომები გავრცელებულია ბავშვებში. გასტროინტესტინური სიმპტომების მაღალი პრევალენტობა დაფიქსირებულია >5 წლის ბავშვებში, ≤5 წლის ბავშვებთან შედარებით.[509] დიარეის არსებობა ბავშვებში დაკავშირებულია დაავადების მძიმე კლინიკურ მიმდინარეობასთან.[528]

  • ახალშობილებში ყველაზე ხშირი სიმპტომებია ცხელება, საკვებზე უარი, ლეთარგია, გაღიზიანება, კვების გართულება, დისპნოე, ჩუმი ჰიპოქსია და ნევროლოგიური სიმპტომები. იშვიათად აღწერილია მოგვიანებითი ნეონატალური სეფსისი და ენცეფალიტი.[509][529][530][531]

ყურადღებით იყავით პედიატრიული ანთებითი მულტისისტემური სინდრომის (PIMS) ნიშნებისა და სიმპტომების აღმოსაჩენად, ასევე ცნობილია როგორც მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში (MIS-C).

  • განიხილეთ პედიატრიული ანთებითი მულტისისტემური სინდრომი/მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ცხელებით და აბდომინური სიმპტომებით, განსაკუთრებით, თუ ეს სიმპტომები ვითარდება კონიუნქტივიტის ან გამონაყარის შემდეგ. შეფასებისთვის პაციენტი მიმართეთ პედაიტრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.[532] მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ გართულებების თავი.

ბავშვებში შესაძლებელია კოინფექციების არსებობა.

  • კვლევების მიხედვით კოინფექცია დაფიქსირდა ბავშვთა 6%-ში. ყველაზე ხშირი პათოგენები იყო: რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსები, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ენტეროვირუსები, A გრიპის ვირუსი, არა-SARS კორონავირუსები და Streptococcus pneumoniae.[533][534]

გასინჯეთ პაციენტი.

  • შესაძლოა აღენიშნებოდეთ ცხელება (შეციებით/ჟრჟოლით ან მათ გარეშე) და აშკარა ხველა და/ან სუნთქვის გაძნელება.

  • პნევმონიის ან რესპირატორული დისტრესის მქონე პაციენტებში გულმკერდის აუსკულტაციით შეიძლება გამოვლინდეს ხიხინი და/ან ბრონქული სუნთქვა. სიფრთხილე გამოიჩინეთ პაციენტების აუსკულტაციისას, ჯვარედინი დაბინძურების რისკიდან გამომდინარე. სწორად გაასუფთავეთ სტეტოსკოპი გამოყენებებს შორის.[535]

  • სუნთქვის დარღვევის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ტაქიკარდია, ტაქიპნოე ან ჰიპოქსია თანმხლები ციანოზით. ბრადიკარდია აღინიშნა პაციენტების მცირე კოჰორტაში, მსუბუქი-საშუალო დაავადების ფონზე.[536]

პულსოქსიმეტრიით შეიძლება გამოვლინდეს ჟანგბადის დაბალი სატურაცია.

  • დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის და სამედიცინო დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი მძიმე ავადმყოფების გამოსავლენად რეკომენდაციას უწევს ჟანგბადის სატურაციის ზღურბლს 94%-მდე ზრდასრულებში (ან 88%-მდე მე-2 ტიპის რესპირატორული უკმარისობის დროს) და 91%-მდე ბავშვებში ოთახის ჰაერზე, მოსვენებულ მდგომარეობაში.[537]

  • ექიმებმა უნდა გააცნობიერონ, რომ COVID-19-ის მქონე პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ "ჩუმი ჰიპოქსია": ჟანგბადით გაჯერების დონე შესაძლოა დაეცეს და გამოიწვიოს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აშკარა სიმპტომების გარეშე.[538]

პულსოქსიმეტრმა შეიძლება აჩვენოს არაოპტიმალური სიზუსტე გარკვეულ პოპულაციებში, განსაკუთრებით მათთან, ვისაც აქვს მუქი კანი.[539]

  • აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გამოსცა გაფრთხილება, რომ მრავალმა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს გავლენა პულსოქსიმეტრიის სიზუსტეზე (მაგ., ცუდი ცირკულაცია, კანის პიგმენტაცია, კანის სისქე, კანის ტემპერატურა, თამბაქოს მიმდინარე მოხმარება, ფრჩხილის ლაქის გამოყენება). შესაბამისად, ადმინისტრაცია რეკომენდაციას უწევს ამ შეზღუდვების გათვალისწინებას როცა პულსოქსიმეტრია გამოიყენება დიაგნოსტიკის და მკურნალობის კუთხით. უმჯობესია პულსოქსიმეტრიის ტრენდების გათვალისწინება, ვიდრე ერთი მაჩვენებლის მიღება.[540]

მდგომარეობის გაუარესების ამოცნობის ტრადიციული მეთოდები შეიძლება არ დაგეხმაროთ იმ პაციენტების წინასწარ პროგნოზირებაში, რომლებსაც უვითარდებათ სუნთქვის უკმარისობა.

  • სხვა ორგანოების დისფუნქცია პაციენტთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მდგომარეობის მწვავე გაუარესების პირველი ფაზის შემდეგ, პაციენტის შემდგომი დამძიმების აღმომჩენი ტრადიციული მეთოდები (მაგ., ეროვნული ადრეული გაფრთხილების ქულა 2 [NEWS2] ) შეიძლება ვერ დაგვეხმარონ მოსალოდნელი სუნთქვის უკმარისობის ამოცნობაში.[538] მიუხედავად იმისა, რომ NEWS2-ის გამოყენება კვლავ რეკომენდებულია COVID19-ის მქონე პაციენტებში, დიდი ბრიტანეთის ექიმთა სამეფო კოლეჯის რჩევით, ამ პაციენტებში ჟანგბადის საჭიროების ნებისმიერი ზრდა უნდა წარმოადგენდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექიმის გამოძახების საფუძველს. ამასთან, პაციენტის მდგომარეობის კლინიკურ შეფასებამდე უნდა გავახშიროთ მონიტორინგი (სულ მცირე, საათში ერთხელ).[541]

  • სისტემური მიმოხილვის და მეტა-ანალიზის თანახმად, NEWS2 ქულას აქვს საშუალო ხარისხის სენსიტიურობა და სპეციფიკურობა COVID-19 პაციენტების დამძიმების საპროგნოზოდ. ქულამ აჩვენა კარგი გარჩევადობა ინტენსიური დახმარების საჭიროების, რესპირატორული მხარდაჭერის საჭიროების და ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსების რისკის განსაზღვრისთვის.[542]

ჰიპოქსიის გამოსავლენად პულსოქსიმეტრის გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებში.

დაავადების მძიმე ფორმის მქონე ყველა პაციენტში ჩაატარეთ ჩამოთვლილი ლაბორატორიული გამოკვლევები:

  • არტერიული სისხლის აირები (ABG)

  • FBC

  • სისხლის სრული ბიოქიმიური ანალიზი

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები

  • გლუკოზის დონე სისხლში

  • კოაგულაციური სკრინინგი

  • ანთებითი მარკერები (მაგ., შრატში C-რეაქტიული ცილა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, ინტერლეიკინები, ლაქტატდეჰიდროგენაზა, პროკალციტონინი, ამილოიდ A და ფერიტინი)

  • გულის ბიომარკერები

  • შრატის კრეატინ კინაზა და მიოგლობინი.

ყველაზე გავრცელებული ლაბორატორიული დარღვევებია:[543][544][545]

  • ლიმფოპენია

  • ლეიკოციტოზი

  • ლეიკოპენია

  • თრომბოციტოპენია

  • ჰიპოალბუმინემია

  • კარდიული ბიომარკერების მატება

  • ანთების მარკერების მომატება

  • D-დიმერის მომატება

  • ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

ლაბორატორიული პათოლოგიები – კერძოდ ლიმფოპენია, ლეიკოციტების დარღვევები და სისტემური ანთების სხვა მარკერები – ნაკლებად ხშირია ბავშვებში.[546][547] პაციენტების უმეტესობა (62%) უსიმპტომოა ნორმალური ლაბორატორიული პარამეტრებით. ლაბორატორიული პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში ყველაზე ხშირია ლეიკოპენია, ლიმფოპენია, მომატებული ლაქტატ დეჰიდროგენაზა და მომატებული C-რეაქტიული ცილა.[548]

მოიპოვეთ სისხლის და ნახველის ნიმუშები კულტურისთვის მძიმე ან კრიტიკული დაავადების მქონე პაციენტებში.

  • ქვედა სასუნთქი ტრაქტის ინფექციის სხვა მიზეზებისა და სეფსისის გამოსარიცხად საჭიროა კულტურა, განსაკუთრებით ატიპური ეპიდემიოლოგიური ანამნეზის მქონე პაციენტებში. შესაძლებლობის შემთხვევაში ნიმუშები უნდა მოვიპოვოთ ემპირიული ანტიმიკრობული თერაპიის დაწყებამდე.[79]

მიმდინარე კვლევები

  • ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მოწოდებულია ჩამოთვლილი ნიშნების რეგულარული მონიტორინგი, რათა გართულებები დროულად დაფიქსირდეს:[79]

    • სასიცოცხლო ნიშნები (ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე, გულისცემა, არტერული წნევა, ჟანგბადის სატურაცია)

    • ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური პარამეტრები

    • კოაგულაციის პარამეტრები (D-დიმერი, ფიბრინოგენი, თრომბოციტების რაოდენობა, პროთრომბინის დრო)

    • ელექტროკარდიოგრამა

    • გულმკერდის რადიოლოგიური კვლევა

    • ვენური ან არტერიული თრომბოემბოლიის ნიშნები და სიმპტომები.

  • პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ ბაქტერიული ან სოკოვანი კოინფექციები; შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველვყვოთ შესაბამისი რადიოლოგიური კვლევების ჩატარება და მიკრობიოლოგიური სინჯების აღება ინფექციაზე ეჭვის გაჩენის შემთვევაში.


სხივის არტერიის პუნქტურა- ანიმაციური დემონსტრაციასხივის არტერიის პუნქტურა- ანიმაციური დემონსტრაცია

SARS-CoV-2 ინფექციის გამოვლენის სამი ძირითადი მეთოდი არსებობს:

  • მოლეკულური ტესტირება

  • სეროლოგიური კვლევა

  • სწრაფი ანტიგენური ტესტები.

მოლეკულური ტესტები ძალიან სპეციფიკური და მგრძნობიარეა ვირუსული რნმ-ის გამოვლენის კუთხით და არის უპირატესი ტესტი სიმპტომურ ადამიანებში დიაგნოზის დასადასტურებლად. თუმცა, ეს ტესტები ძვირადღირებულია და მოითხოვს სპეციალიზებულ უნარებსა და ინსტრუმენტებს, ხოლო შედეგებს შეიძლება დასჭირდეს 24-დან 48 საათამდე. სწრაფი ანტიგენის ტესტები, რომლებიც ავლენენ ვირუსის ცილას, ნაკლებად მგრძნობიარეა, ვიდრე მოლეკულური ტესტები, მაგრამ უფრო სწრაფი, მარტივი და იაფია და შეუძლია ინფექციის გამოვლენა მათში, ვისაც აქვს ყველაზე მეტი რისკი, გაავრცელოს ვირუსი. სეროლოგიური ტესტები შეიძლება გამოყენებული იყოს დაგვიანებული ან რეტროსპექტული დიაგნოზის დასადგენად, თუ მოლეკულური და ანტიგენის სწრაფი ტესტებიდან ორივე უარყოფითია, ან შეიძლება აღმოჩნდეს საჭირო ზედამხედველობის ინსტრუმენტი საჯარო პოლიტიკის ინფორმირებისთვის. ამ ტესტების როლი გაძლიერდა პანდემიის მსვლელობისას. არჩევანი, თუ რომელი ტესტი არის უპირატესი კონკრეტულ გარემოებაში, მოითხოვს ტესტის მიზნისა და ხელმისაწვდომი რესურსების გულდასმით გათვალისწინებას, ასევე ტესტის მახასიათებლების სიზუსტის, ხელმისაწვდომობის და იმ სისწრაფის დაბალანსებას, რა პერიოდშიც საჭიროა შედეგების ცოდნა.[549]

ტესტირების სტრატეგიები მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნებს შორის და თქვენ უნდა გაეცნოთ თქვენს ადგილობრივ მითითებებს.

დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა მოლეკულური ტესტირება.

  • დიაგნოზის დასადგენად გვეხმარება მოლეკულური ტესტირება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ტესტების შედეგების განხილვას ნიმუშის ტიპის, კლინიკური ნიშნების, პაციენტის ანამნეზის და ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის გათვალისწინებით. თუ ტესტის შედეგი არ შეესაბამება კლინიკურ სურათს, საჭიროა ახალი ნიმუშის აღება და ხელახალი ტესტირება იგივე ან სხვა მოლეკულური ტესტით (იხილეთ მოლეკულური ტესტების შეზღუდვები ქვემოთ).[550]

შეუკვეთეთ ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტი, მაგ. რეალური დროის უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) SARS-CoV-2-ზე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შესაძლო ინფექცია.[508]

  • ტესტები უნდა ჩატარდეს ჯანმრთელობის ადგილობრივი ორგანოების მიერ შემუშავებული მითითებების შესაბამისად და უნდა აკმაყოფილებდეს ბიოუსაფრთხოების სტანდარტებს.

  • მიიჩნევა, რომ ფართოდ გამოყენებულმა ანალიზებმა უნდა გამოავლინონ SARS-CoV-2-ის ვარიანტები. ამასთან, ზოგიერთ ტესტზე შეიძლება გავლენა იქონიოს ვარიანტებმა.[551]

ვისი ტესტირებაა საჭირო

  • გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვის ჩაუტარდეს ტესტირება, უნდა ეფუძნებოდეს კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ ფაქტორებს.[508] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ტესტირებას თითოეულ პაციენტში, რომელიც აკმაყოფილებს COVID-19-ის საეჭვო შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს, განურჩევლად ვაქცინაციის სტატუსის ან დაავადების ანამნეზისა. როდესაც რესურსები შეზღუდულია, პრიორიტეტულ ჯგუფებად მოიაზრება დაავადების მძიმე ფორმის რისკის ქვეშ მყოფი პირები, მედნპერსონალი, ჰოსპიტალიზებული პაციენტები და შესაძლო ეპიდაფეთქების პირობებში პირველი სიმპტომური პირები. უსიმპტომო ადამიანების ტესტირება ამჟამად რეკომენდებულია მხოლოდ სპეციფიკურ ჯგუფებში, მათ შორის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევების კონტაქტებში და ხშირად ექსპოზირებულ პირებში, როგორებიცაა მედპერსონალი და საცხოვრებლებში მომუშავენი.[552]

  • ინგლისში სიმპტომური ადამიანების ტესტირება აღარ არის საჭირო. მითითებები და ტესტირების უფლება განსხვავდება დიდი ბრიტანეთის ნაწილებს შორის და თქვენ უნდა შეამოწმოთ ადგილობრივი გაიდლაინები. ინგლისში ტესტირება კვლავ რეკომენდებულია შემდეგ ჯგუფებში:[553][554]

    • პაციენტები საავადმყოფოში სიმპტომებით ან COVID-19-ზე ეჭვით, დიაგნოსტიკის მიზნით; უსიმპტომოთა სკრინინგისთვის; ტესტირება გაწერისას გარკვეულ სიტუაციებში; და მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში

    • პაციენტები, რომლებიც თავსდებიან გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში

    • პაციენტები გართულებების მაღალი რისკის ქვეშ, რომლებიც აკმაყოფილებენ COVID-19 ანტივირუსულ და სხვა მკურნალობას, ან სადაც კლინიცისტს ესაჭიროება ტესტი მათი მოვლის კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად

    • ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პერსონალი უსიმპტომო სკრინინგისთვის ან თუ მათ განუვითარდებათ სიმპტომები.

  • აშშ-ში, ტესტირება რეკომენდებულია:[555]

    • ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს COVID-19-ის შესაბამისი ნიშნები ან სიმპტომები (ვაქცინაციის სტატუსის განურჩევლად)

    • ბოლო პერიოდში SARS-CoV-2-თან დადასტურებული ან საეჭვო ექსპოზიციის შემთხვევის მქონე უსიმპტომო პირებში, რომლებიც იმყოფებოდნენ დადასტურებული ინფექციის მქონე პაციენტთან მჭიდრო კონტაქტში (2 მეტრზე ახლოს, 24 საათის განმავლობაში ჯამში 15 წუთით). სრულად აცრილი პირები უნდა დაიტესტონ ექსპოზიციიდან 5-7 დღეში. თუ პირი სრულად აცრილი არ არის, ტესტირება დაუყოვნებლივ არის რეკომენდებული

    • უსიმპტომო პირებში, SARS-CoV-2-თან ბოლოდროინდელი ექსპოზიციის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის გარეშე, ადრეული იდენტიფიკაციის, იზოლაციის და დაავადების პრევენციის მიზნით (მხოლოდ სკრინინგ ტესტირების დროს, თუ რეკომენდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების მიერ). ეს შეიძლება მოიცავდეს აუცრელ პირებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მაღალი რისკის შემცველ აქტივობებში და შეუძლებელი იყო ფიზიკურად დისტანცირება (მაგ. მგზავრობა, სოციალური ღონისძიებები, ცუდი ვენტილაციის მქონე შენობები).

  • მიმართეთ ჯანმრთელობის ადგილობრივ ორგანოებს რჩევისათვის, ვინაიდან ტესტირების პრიორიტეტები დამოკიდებულია ადგილობრივ რეკომენდაციებსა და ხელმისაწვდომ რესურსებზე.

ნიმუშები

  • ტესტირებისთვის ოპტიმალური ნიმუშის შერჩევა დამოკიდებულია კლინიკურ სურათსა და სიმპტომების გამოვლენიდან გასულ დროზე. ქვემოთ მოცემულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.[508]

    • ზედა სასუნთქი გზების ნიმუშები: რეკომენდებულია ადრეული სტადიის ინფქეციების დროს, განსაკუთრებით ასიმპტომურ ან მსუბუქ შემთხვევებში. ნაზოფარინგული ნაცხი მეტად ინფორმატიული და სანდო ტესტია ოროფარინგულ ნაცხთან შედარებით; სარწმუნოებას ზრდის კომბინირებული ნაცხის აღება როგორც ნაზოფარინგული, ასევე ოროფარინგული რეგიონიდან.

    • ქვედა სასუნთქი გზების ნიმუშები: რეკომენდებულია გვიანი სტადიის ინფექციების დროს, ან პაციენტებში, რომლებზეც არსებობს ინფექციის ძლიერი ეჭვი, თუმცა, ზედა სასუნთქი ტრაქტის სინჯი უარყოფითი იყო. შესაფერისი ნიმუშებია ნახველი და/ან ენდოტრაქეული ასპირატი ან ბრონქოალვეოლური ლავაჟი შედარებით უფრო მძიმე ფორმის რესპირაციული დაავადების მქონე პაციენტებში. თუმცა, გაითვალისწინეთ აეროზოლით ტრანსმისიის მაღალი რისკის არსებობა ქვედა რესპირატორული ტრაქტიდან ნიმუშის აღების დროს – ინდუცირებული ნახველის ნიმუში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ზრდის აეროზოლური ტრანსმისიის რისკს.

    • სხვა რესპირატორული ნიმუშები: გამოკვლეულია კომბინირებული პირ-ხახის და ცხვირის ნესტოების ნაცხების კომბინაცია, შუა-ტურბინების ან ქვედა ნესტოების ნაცხების კომბინაცია და ენის ნაცხები. თუმცა, საჭიროა დამატებითი კვლევები და ვალიდაცია. პირის ღრუს სითხის შეგროვება შეიძლება ზოგ შემთხვევაში მოწოდებული იყოს (მცირეწლოვანი ბავშვები, დემენციის მქონე პაციენტები). სისტემურმა მიმოხილვამ და მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ცხვირის და ხახის ერთობლივი ნაცხი ატარებს საუკეთესო დიაგნოსტიკურ ღირებულებას ნიმუშის აღების ალტერნატიულ მიდგომებს შორის და უპირატესია ნაზოფარინგულ ნაცხებთან შედარებით ამბულატორიულად. მგრძნობელობა შეადგენდა 97%-ს, სპეციფიკურობა 99%-ს, დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი იყო 97%, ხოლო უარყოფითი 99%. ხახის ნაცხს აქვს გაცილებით უფრო დაბალი მრძნობელობა და დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი. დიაგნოსტიკური სიზუსტე არ იცვლება, როდესაც პაციენტი თავად იღებს ნაცხს.[556]

    • ნერწყვის ნიმუშები : ნერწყვის ნიმუშებისა და ნაზოფარინგული ნაცხის შეწყვილებულ სინჯებზე ჩატარებული მეტა-ანალიზის შედეგად არ გმაოვლიდნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მგრძნობელობის ან სპეციფიკურობის მხრივ ამ ორი ტიპის ნიმუშს შორის SARS-CoV-2-ის გამოვლენის კუთხით, განსაკუთრებით ამბულატორიულ პირობებში. ასიმპტომურ და ამბულატორიულ პაციენტებს შორის არ გამოვლენილა მგრძნობელობის მნიშვნელოვნად განსხვავებული მაჩვენებლები. ნერწყვის ნიმუშის აღების მეთოდი ზემოქმედებს მგრძნობელობაზე. მეტა-ანალიზების თანახმად, ნერწყვიდან ნაცხის აღება ისეთივე ვალიდურია, როგორც ნაზოფარინგული ნაცხის აღება SARS-CoV-2-ის გამოსავლენად სიმპტომურ და უსიმპტომო პირებში. ნერწყვის სინჯი არის მარტივი, სწრაფი, არაინვაზიური, იაფი და უმტკივნეული ტესტი.[557][558][559][560][561][562] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, ამჟამად არ არის რეკომენდებული ნახველის, როგორც რუტინული კლინიკური დიაგნოსტიკის ერთადერთი ნიმუშის აღება.

    • ფეკალური ნიმუშები: განიხილეთ მაშინ, როდესაც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სინჯები უარყოფითია, მაგრამ კლინიკური ეჭვი ინფქეციაზე კვლავ არსებობს (იყენებენ სიმპტომების გამოვლენის მეორე კვირიდან).

  • სინჯების რეკომენდებული ტიპები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, აშშ-ში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეკომენდებულია შემდეგი ზედა სასუნთქი გზებიდან ნიმუშების მოპოვება: ნაზოფარინგული ან ოროფარინგული ნაცხი; ცხვირის შუა ნიჟარის ნაცხი; წინა ნესტოს ნაცხი; ან ნაზოფარინგული/ნაზალური ნარეცხი/ასპირატი; ან ნერწყვი (თვითშეგროვებული). რეკომენდებული ქვედა სასუნთქი გზების ნიმუშები: ნახველი, ბრონქოალვეოლური ლავაჟი, ტრაქეის ასპირატი, პლევრის სითხე და ფილტვის ბიოფსია.[563][564]

    • ცხვირის წინა ნაწილის ნაცხის აღება ნაკლებად მგრძნობიარეა (82-88%), ნაზოფარინგულ ნაცხებთან შედარებით (98%). ცხვირის შუა ნიჟარიდან და ნესტოდან მოპოვებული ნაცხის მგრძნობელობა მსგავსია.[565]

  • ნიმუშები უნდა შეაგროვოთ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ზომების დაცვით.

ტესტის შედეგი

  • დადებითი უკუნტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ადასტურებს SARS-CoV-2-ის ინფექციას (ტესტირებასთან დაკავშირებული შეზღუდვების კონტექსტის გათვალისწინებით). თუ შედეგი უარყოფითია, მაგრამ ინფექციაზე რჩება კლინიკური ეჭვი (მაგ. ეპიდემიოლოგიური კავშირი, ტიპური რენტგენოლოგიური სურათი, სხვა ეტიოლოგიის არარსებობა), აიღეთ ნიმუში ხელახლა და გაიმეორეთ ტესტი. დადებითი შედეგი ადასტურებს ინფექციას. თუ მეორე ტესტის შედეგი უარყოფითია, განიხილეთ სეროლოგიური ტესტირება (იხ. ქვემოთ).[508]

  • გენომური სეკვენირება რუტინულად არ არის რეკომენდებული, მაგრამ შეიძლება გამოგადგეთ ეპიდაფეთქების დინამიკის მონიტორინგის დროს, მაგ. ეპიდემიის ზომის ცვლილება, სივრცითი და დროში გავრცელება, გავრცელების გზების ჰიპოთეზების შეფასება.[508] ეს ასევე სასარგებლოა SARS-CoV-2-ის მოცირკულირე ვარიანტების კონტექსტში, რათა განვასხვავოთ ვარიანტები.

ცხვირიდან ნაცხის აღების გართულებები

  • ცხვირიდან ნაცხის აღების გართულებები არ არის კარგად აღწერილი. მონაცემები მწირია. გართულებების სიხშირე ძალიან დაბალი იყო ერთი კვლევის თანახმად (1.24 გართულება ყოველ 100 000 ტესტზე). გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს ცხვირიდან სისხლდენას, დისკომფორტს, თავის ტკივილს, რინორეას, წკირის ჩატეხვას (რასაც ენდოსკოპიით ამოღება ჭირდება). სისხლდენა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. აუცილებელია ნიმუშების სწორად აღება.[566][567]

  • ფიქსირდება თავზურგტვინის სითხის იატროგენული გაჟონვის შემთხვევები ნაზალური ტესტირების შემდეგ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ქალაფუძის არადიაგნოსტირებული ეფექტები და პირებში, რომელთაც არ აღენიშნებათ ქალაფუძის დაავადებები.[568][569]

სხვა ინფექციების ტესტირება

  • აიღეთ ნაზოფარინგული ნაცხები, რათა გამორიცხოთ სხვა რესპირატორული ინფქეციები (მაგ., გრიპი, ატიპური პათოგენები), ადგილობრივი მითითებების გათვალისწინებით. ადგილობრივი ეპიდემიოლოგიისა და კლინიკური სიმპტომების გათვალისწინებით, ტესტირება რეკომენდებულია სხვა დაავადებებზეც, როგორიცაა მალარია, დენგეს ცხელება და ტიფოიდური ცხელება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ შესაძლებელია კოინფიცირება. COVID-19-ს არ გამორიცხავს სხვა პათოგენზე დადებითი ტესტი.[79]

დიაგნოზის დასადგენად გვეხმარება მოლეკულური ტესტირება.

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ტესტების შედეგების განხილვას ნიმუშის ტიპის, კლინიკური ნიშნების, პაციენტის ანამნეზის და ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის გათვალისწინებით. ლაბორატორიებისთვის რეკომენდებულია ციკლის ზღურბლის მაჩვენებლის გაგზავნა შედეგებთან ერთად, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეცდომის შანსი (ცრუ დადებითი შედეგი ფონური მაჩვენებლების გამო). დაავადების პრევალენტობა ასევე მნიშვნელოვანია ტესტის შედეგების ინტერპრეტირების დროს. როცა იკლებს პრევალენტობა, ცრუ დადებითის რისკიც იმატებს. ეს ნიშნავს, რომ დადებითი ტესტის მქონე ადამიანს, დაავადება ნამდვილად რომ ჰქონდეს, ამის ალბათობა ნაკლებია რაც უფრო დაბალია პრევალენტობა, ტესტის სპეციფიკურობის მიუხედავად. საჭიროა სუსტი დადებითი შედეგების ფრთხილი ინტერპრეტირება.[550]

უკუტრანსკრიპტაზის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) ანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია საჭიროა სიფრთხილით.

  • COVID-19-ის სადიაგნოსტიკოდ RT-PCR-ის გამოყენების შესახებ მტკიცებულებები კვლავ გროვდება, რჩება შეკითხვები ეფექტურობისა და სიზუსტის შესახებ. დიაგნოსტიკური სიზუსტის მაჩვენებლები სიფრთხილით უნდა გავარჩიოთ რეფერენს-სტანდარტის არარსებობის ფონზე, რათა დამტკიცდეს ან გამოირიცხოს COVID-19. დამატებითი მტკიცებულებაა საჭირო ტესტირების ეფექტურობის შესახებ საავადმყოფობის გარეთ და უსიმპტომო/მსუბუქ შემთხვევებში.[570]

  • რამოდენიმე კვლევაში სცადეს SARS-CoV-2-ის ვირუსის კულტივირება ადამიანის ნიმუშებიდან. ეს საკითხი პრობლემატურია, ვინაიდან ვირუსის კულტურა ითვლება ოქროს სტანდარტის ტესტად, რომლის მიმართაც ხდება ვირუსის ნებისმიერი სხვა დიაგნოსტიკური ინდექს ტესტის გაზომვა და კალიბრაცია, რათა ვიცოდეთ ამ ტესტის პროგნოზული თვისებების შესახებ.[571] COVID-19-ის სადიაგნოსტიკოდ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის სანდოობის შესაფასებლად აუცილებელია ვირუსული კულტურების და საკონტროლო ნიმუშების პროსპექტული რუტინული გამოკვლევა. გასათვალისწინებელია პაციენტის ფაქტორებიც, როგორიცაა სიმპტომების დაწყების დრო, რათა ინფექციურობის პროგნოზირება იყოს შესაძლებელი.[572]

  • იმის გამო, რომ არ არსებობს COVID-19-ის ტესტირების მკაფიო ოქროს სტანდარტი, ტესტის შედეგების შეფასება კვლავ სირთულეს წარმოადგენს. კლინიკური განსჯა შესაძლოა წარმოადგენდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ოქროს სტანდარტს, რომელიც ემყარება განმეორებით ნაცხებს, ანამნეზს, კლინიკურ სურათს და გულმკერდის რადიოლოგიურ კვლევებს.[573]

  • შედეგები შეიძლება იცვლებოდეს დადებითიდან უარყოფითზე ინფექციის ყველა სტადიაზე, შეიძლება კვლავ დადებითი გახდეს ორი თანმიმდევრული უარყოფითი ტესტის შემდეგ, შეიძლება უფრო დიდხანს გამოვლინდეს მძიმე ინფექციით დაავადებულებში და გამოვლენა შეიძლება იცვლებოდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში. შედეგები ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს ნიმუშის აღების ადგილის მიხედვით.[53]

უცნობია, დადებითი შედეგი ნიშნავს თუ არა ინფექციური ვირუსის არსებობას.

  • პჯრ-ზე შეიძლება გადაჭარბებული იყოს ინფექციურობის ხანგრძლივობა.[53] RT-PCR გამოავლენს ვირუსულ რნმ-ს, მაგრამ უცნობია, რამდენად ინფექციურია ეს ვირუსი. ინფექციის გადაცემისთვის საჭიროა სრული, ცოცხალი ვირუსის გადაცემა, და არა PCR ფრაგმენტების.[572] შეიძლება გადაადგილებას ვუზღუდავდეთ პირებს, რომლებიც გადამდები აღარ არიან. რადგანაც ინაქტივირებული რნმ ნელა დეგრადირდება, შეიძლება დარჩეს აღმოჩენადი ინფექციიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, როცა პაციენტი გადამდები აღარაა.[571]

  • ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ნიმუშების მხოლოდ 28.9% გამრავლდა ვერო უჯრედებში ინკუბაციის პირობებში, რომელთა უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია(RT-PCR) დადებითი იყო SARS-CoV-2-ზე. გამრავლება არ აღინიშნა იმ ნიმუშებში, რომელთა RT-PCR-ის ციკლის ზღვარი აღემატებოდა 24-ს ან სიმპტომების გამოვლენიდან ტესტის ჩატარებამდე 8 დღეზე მეტი იყო გასული. შესაბამისად, ციკლის >24 ზღვარის არსებობის დროს და სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღის შემდეგ პაციენტების ინფექციურობა შესაძლოა დაბალი იყოს.[574] სხვა კვლევით გამოვლინდა, რომ ციკლის 34 ან უფრო მაღალი ზღვარის მქონე პაციენტები არ გამოყოფენ ინფექციურ ვირუსს.[575] სისტემურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ციკლის ზღურბლი მნიშვნელოვნად დაბალია და დატვირთვა უფრო მაღალია იმ ნიმუშებში, რომლებიც ცოცხალი ვირუსის კულტურას წარმოქმნიან. მაღალი ციკლის ზღურბლის მქონე ნიმუშებს, სავარაუდოდ, ინფექციური პოტენციალი არ აქვთ.[572]

  • Centre for Evidence-Based Medicine: are you infectious if you have a positive PCR test result for COVID-19? Opens in new window

ტესტის შედეგის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია ტესტის სისწორეზე და ტესტირებამდე და მის შემდეგ დაავადების ალბათობაზე. შედეგის სიზუსტე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა ნიმუშის აღების ადგილი/ხარისხი, დაავადების სტადია, ვირუსის გამრავლების ხარისხი ან კლირენსის ხარისხი, დაავადების პრევალენტობა.[573]

  • სენსიტიურობა და სპეციფიკურობა: ჯამური სენსიტიურობა არის 87.8%, ხოლო სპეციფიკურობა 87.7% და 100%-ის ფარგლებში მერყეობს.[570]

  • დაავადების ტესტამდელი ალბათობა: დაავადების ტესტამდელი ალბათობის შეფასების დროს გასათვალისწინებელია ინფექციის ადგილობრივი გავრცელების მაჩვენებლები ეროვნული და რეგიონული მონაცემების მიხედვით, ასევე სიმპტომების არსებობა, შესაძლო ექსპოზიცია შემთხვევასთან, COVID-19-ის წარსული სამედიცინო ანამნეზი, ანტისხეულების არსებობა და ალტერნატიული დიაგნოზის ალბათობა.[573] როცა პრე-ტესტ ალბათობა დაბალია, დადებითი შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ფრთხილად. იდეალურ ვარიანტში, უნდა აიღოთ მეორე ნიმუში დასადასტურებლად.[576]

  • ტესტის შემდგომი ალბათობა: რაც უფრო დაბალია დაავადების პრევალენტობა, ნაკლებია პოსტ-ტესტური ალბათობა.[577] მაგალითად, თუ 99%-იანი სპეციფიკურობის მქონე ტესტი გამოიყენება მაღალი რისკის სიმპტომური მოსახლეობის ტესტირებისთვის, სადაც ინფექციის ალბათობა 50%-ია, დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი შეადგენს 99%-ს. ეს ნიშნავს, რომ ტესტის დადებითი შედეგის მქონე ყოველი 100 ადამიანიდან 99-ს აქვს SARS-CoV-2-ის ინფექცია, თუმცა 1 ადამიანს, რომელსაც არ აქვს ინფექცია, ექნება ცრუ დადებითი შედეგი. პირიქით, დაბალი რისკის ასიმპტომურ მოსახლეობაში, სადაც ინფექციის ალბათობა დაბალია (მაგ. 0.05%), დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი დაახლოებით 4.3% იქნება. ეს ნიშნავს, რომ ტესტის დადებითი შედეგის მქონე ყოველი 100 ადამიანიდან 4-5-ს ექნება SARS-CoV-2-ის ინფექცია, თუმცა 95-96 არაინფიცირებულ პირს ექნება ცრუ დადებითი შედეგი.[578]

  • BMJ Practice Pointer: interpreting a covid-19 test result Opens in new window

ცრუ დადებითი შედეგები

  • ცრუ დადებითი შედეგების მიზეზი შეიძლება იყოს ლაბორატორიის შეცდომა ან ჯვარედინი რეაქცია ანტისხეულებთან, რომლებიც გამომუშავებულია ადამიანის სეზონურ კორონავირუსულ ინფექციებთან (მაგ. გაციება) წარსულში ექსპოზიციით.[579] ცრუ დადებითი შედეგების შანსი იზრდება, როდესაც SARS-CoV-2-ის პრევალენტობა საშუალო ან დაბალია.[580]

  • ცრუ დადებითი ტესტების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. თუმცა, დიდ ბრიტანეთში, წინასწარი მონაცემებით, სიხშირე 0.8%-4% ფარგლებშია.[581] ეს სიხშირე შეიძლება მნიშვნელოვანი რაოდენობით ცრუ დადებით შედეგებს გვაძლევდეს, რადგან დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად ვირუსის პრევალენტობა დაბალია. ეს ტესტის დადებით პროგნოზულ მაჩვენებელზე ცუდად აისახება.[576]

  • ცრუ დადებით შედეგებთან დაკავშირებულია ჩამოთვლილი პრობლემები:[576]

    • გეგმიური პროცედურების ან მკურნალობის გადადება ან გაუქმება

    • ურგენტული ჰოსპიტალური ჩარევის დროს ინფექციაზე ექსპოზიცია (ინფიცირებულ პაციენტებთან ერთად მოხვედრის გამო)

    • ფინანსური ზარალი თვითიზოლაციის, შემოსავლის დაკარგვის, გადადებული მოგზაურობის გამო

    • ფსიქოლოგიური ზიანი არასწორი დიაგნოზის გამო, მათ შორისსხვების ინფიცირების შიში ან სტიგმატიზაცია

    • დეპრესიის ან ოჯახური ძალადობის პრობლემები, იზოლაციისა და კარანტინის შედეგად

    • მოსახლეობაში ინციდენტობის და ასიმპტომური ინფექციის გავრცელების გადაფასება.

ცრუ უარყოფითი შედეგები

  • ცრუ უარყოფითი პასუხი დაფიქსირებულია 2-29%-იანი სიხშირით.[573] სისტემურმა მიმოხილვამ გამოავლინა, რომ ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი განსხვავდებოდა კვლევებში 1.8% -დან 58% -მდე (საშუალო 11%); თუმცა, კვლევებში მნიშვნელოვანი და ძირითადად აუხსნელი ჰეტეროგენულობა დაფიქსირდა.[582]

  • ინფიცირებულ პაციენტში ცრუ უარყოფითი ტესტის ალბათობა ინფიცირების 1-ელ დღეს 100%-ია, ხოლო მე-4 დღეს 67%. სიმპტომების გამოვლენის დღეს ცრუ უარყოფითი პასუხის სიხშირის მედიანა მცირდება 38%-მდე, მე-8 დღეს კი 20%-მდე, რის შემდეგაც (მე-9 დღიდან) კვლავ იმატებს.[583]

  • ცრუ უარყოფით შედეგებთან დაკავშირებულია ჩამოთვლილი პრობლემები:[573]

    • COVID-19-ისგან "თავისუფალ" პალატაში მოხვედრა, სადაც პაციენტი გაავრცელებს ამ ინფექციას

    • მომვლელმა შეიძლება გადადოს ინფექცია მოწყვლად პირებს

    • ჯანდაცვის პროფესიონალები შეიძლება ავრცელებდნენ ინფექციას მოწყვლად ჯგუფებში.

სეროლოგია ვერ გამოიყენება SARS-CoV-2-ის ცალკეულ სადიაგნოსტიკო ტესტად.

  • თუმცა, შეიძლება დაგვეხმაროს სხვადასხვა სიტუაციებში (მაგ. უარყოფითი მოლეკულური ტესტირება, მოგვიანებით გამოვლენილი ან ხანგრძლივი სიმპტომების მქონე პაციენტების დიაგნოსტიკა, სეროეპიდზედამხედველობის კვლევები).[508][584]

  • BMJ practice pointer: testing for SARS-CoV-2 antibodies Opens in new window

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს შრატის დაწყვილებული ნიმუშის აღებას. ერთი ნიმუში იღება მწვავე ფაზაში, ხოლო მეორე 2-4 კვირის შემდეგ, გამოჯანმრთელების ფაზაში. ეს მოწოდებულია პაციენტებში, რომლებშიც მაღალია ეჭვი ინფექციაზე, მაგრამ პოლიმერაზული რეაქცია უარყოფითია.[508]

  • სეროკონვერსია ან ანტისხეულების ტიტრის მატება წყვილ ნიმუშში გვეხმარება გარკვევაში, ინფექცია ახლანდელია და/ან მწვავეა თუ არა. თუ თავდაპირველი ნიმუში დადებითია, ეს შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციის შედეგი, რომელიც არ უკავშირდება ამჟამინდელ ავადმყოფობას.

  • სეროკონვერსია შეიძლება იყოს უფრო სწრაფი და ძლიერი თუ პაციენტს მძიმე დაავადება ჰქონდა, შედარებით მსუბუქ/უსიმპტომო პაციენტებთან.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით, დიაგნოზის ან გართულებების დასადასტურებლად სეროლოგიური ტესტების ჩატარება მიზანშეწონილია შემდეგ სიტუაციებში:[585]

  • ანტისხეულებზე დადებითი ტესტი მწვავე ავადმყოფობის დაწყებიდან სულ მცირე 7 დღის შემდეგ, როდესაც უწინდელი ტესტი ანტისხეულების მიმართ იყო უარყოფითი (ე.ი. სეროკონვერსია) და უარყოფითი პასუხი ვირუსულ ტესტზე მიუთითებს, რომ პაციენტს ინფექცია აღენიშნებოდა ანტისხეულებზე უარყოფით და დადებით პასუხებს შორის დროის ინტერვალში

  • დადებითი პასუხი ანტისხეულების ტესტზე გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში, როდესაც პაციენტს გამოვლენილი აქვს COVID-19-ის გართულებები, როგორებიცაა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი და სხვა პოსტ-მწვავე მოვლენები.

რეკომენდებულია აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ საგანგებო მოხმარებისთვის ავოტირიზებული ტესტის გამოყენება. უპირატესია ძალიან მაღალი მგრძნობელობის და სპეციფიკურობის მქონე სეროლოგიური ტესტები, ვინაიდან მათი დადებითი პროგნოზული მაჩვენებლის ხარისხი უფრო მაღალია, როდესაც ტარდება დაავადების დაწყებიდან სულ მცირე 3 კვირის შემდეგ.

ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოება რეკომენდაციას უწევს სეროლოგიურ ტესტირებას ჩამოთვლილ შემთხვევებში:[586]

  • იმ პაციენტების შეფასებისას, რომლებზეც ინფექციის მაღალი კლინიკური ეჭვი გვაქვს, როდესაც მოლეკულური დიაგნოსტიკური ტესტირება უარყოფითია, ხოლო სიმპტომების დაწყებიდან სულ მცირე 2 კვირა არის გასული

  • პედიატრიული ანთებითი მულტისისტემური სინდრომის შეფასება ბავშვებში

  • სეროზედამხედველობის კვლევების დროს.

SARS-CoV2-ის მიმართ ანტისხეულები, როგორც წესი, დაავადების პირველი 1-3 კვირის ფარგლებში ჩნდება. ამასთან, იმუნოგლობულინი G ანტისხეულების სეროკონვერსია ხშირად წინ უსწრებს იმუნოგლობულინ M ანტისხეულებს.[587][588]

კოქრეინის მიმოხილვამ დაადგინა, რომ ანტისხუელბის ტესტი IgG/IgM-ის მიმართ COVID-19-ის მქონე პაციენტების მხოლოდ 30%-ს ავლენდა იმ შემთხვევაში, თუ ტარდებოდა სიმპტომების გამოვლენიდან 1 კვირის თავზე, თუმცა ტესტების სიზუსტე 2 კვირის თავზე იმატებდა და შეადგენდა 70%-ს, ხოლო 3 კვირის თავზე კი გამოვლენილი პაციენტების წილი 90%-ს შეადგენდა. 3 კვირის შემდგომი მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. COVID-19-ის არმქონე პაციენტებში ცრუ დადებითი შედეგები 2%-იანი სიხშირით ვლინდება. მიმოხილვით დადგინდა, რომ ანტისხეულების ტესტების მგრძნობელობა სიმპტომების გამოვლენიდან პირველ დღეს ძალიან დაბალია იმისთვის, რომ ჰქონდეს პირველადი როლი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში, თუმცა, ამ ტესტებს შესაძლოა ჰქოდნეთ სასარგებლო როლი უწინდელი ინფქეციის გამოვლენის კუთხით, თუ მათ ჩავატარეთ სიმპტომების გამოვლეიდან 15 ან მეტი დღის შემდგომ (თუმცა 35 დღის შემდგომ მონაცემების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირი რაოდენობითაა ხელმისაწვდომი).[589]

COVID-19-ის სადიაგნოსტიკოდ ანტისხეულების ტესტების გამოყენების შესახებ მტკიცებულებები კვლავ გროვდება, რჩება შეკითხვები ეფექტურობისა და სიზუსტის შესახებ.

  • დიაგნოსტიკური სიზუსტის მაჩვენებლები სიფრთხილით უნდა გავარჩიოთ რეფერენს-სტანდარტის არარსებობის ფონზე, რათა დამტკიცდეს ან გამოირიცხოს COVID-19. დამატებითი მტკიცებულებაა საჭირო ტესტირების ეფექტურობის შესახებ საავადმყოფობის გარეთ და უსიმპტომო/მსუბუქ შემთხვევებში. ანტისხეულების ტესტების მიახლოებითი სენსიტიურობა ვარირებს 18.4%-96.1% ფარგლებში (ყველაზე დაბალი იყო ადგილზე ჩასატარებელი, სწრაფი ტესტიდან, თუმცა <50% სენსიტიურობა აღინიშნა ერთ ლაბორატორიულ ტესტშიც), ხოლო სპეციფიკურობა 88.9%-100%-ია.[570]

SARS-CoV-2-ის მიმართ განვითარებული ანტისხეულოვანი პასუხი ჯერ კიდევ არ არის ნათლად აღწერილი; შესაბამისად, მსგავსი ტესტები ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ, მწვავე ინფექციების სადიაგნოსტიკოდ მათი მოხმარება არ არის რეკომენდებული.[508]

  • შედეგი არ მოწმობს მიმდინარე ან გადატანილი ინფექციის არსებობა/არარსებობაზე, რადგან IgM და IgG ანტისხეულების ჩამოყალიბებას შეიძლება დაჭირდეს 1-3 კვირა.[585] მყარი დიაგნოზის დადგენა ხშირად მხოლოდ გამოჯანმრთელების ფაზის დროს არის შესაძლებელი, როდესაც ჩავლილია მართვის ან ტრანსმისიის შეწყვეტის შესაძლებლობა.[508]

  • კვლევის საგანია SARS-CoV-2-ის მიმართ წარმოქმნილი ანტისხეულების არსებობის ხანგრძლივობა. იმ ანტისხეულების არსებობა, რომლებიც ემაგრებიან SARS-CoV2-ს, არ გულისხმობს იმას, რომ ანტისხეულებს აქვთ გამანეიტრალებელი უნარი ან უზრუნველყოფენ დამცავ იმუნიტეტს.[508]

  • მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეულების ტესტის დროს გამოიყენება სპეციფიკური ანტიგენები, სხვადასხვა ცილის მიმართ გამომუშავებულმა ანტისხეუელბმა შესაძლოა განიცადონ ჯვარედინი რეაქცია (ე.ი. ანტიგენმა შესაძლოა გამოავლინოს ანტისხეულები, რომელთა გამოვლენა მოსალოდნელი არ ყოფილა. ამიტომ, მას არ შეუძლია უზრუნველყოს საკმარისი ინფორმაციის მოწოდება ანტიგენის სპეციფიკური ანტისხეულების არსებობის შესახებ.[585]

  • ვაქცინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი შედეგები ტესტებისთვის, რომლებიც იყენებენ S ანტიგენს ან ქვეერთეულებს, როგორიცაა რეცეპტორთან შემაკავშირებელი დომეინები, მაგრამ არა ტესტებს, რომლებიც იყენებენ N ანტიგენს.[585]

ანტიგენის განსაზღვრა

  • ანტიგენის ტესტირება დამოკიდებულია SARS-CoV-2-ის ვირუსული ცილების ზემო რესპირატორული გზებიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩენაზე, ან ნერწყვში, ლატერალური დინების იმუნოკვლევის გამოყენებით.[590]

    • შედეგები ხელმისაწვდომია 30 წუთზე ნაკლებ დროში.

    • ანტიგენის ტესტები ნაკლებსენსიტიურია, ვიდრე უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, განსაკუთრებით უსიმპტომო პირებში, მაგრამ უფრო სწრაფი და იაფია და გამოიყენება ინფექციის შემთხვევების ადრეული დეტექციისთვის შესაბამის შემთხვევებში.

    • ანტიგენზე ტესტირება რეკომენდირებულია ისეთ სიტუაციებში, როცა შედეგებს დიდი გავლენა ექნება შემდგომ ნაბიჯებზე და კონტაქტების მოძიებაზე და როცა შედეგების დადებითობის ალბათობა მაღალია.

  • ანტიგენის სწრაფი ტესტების გამოყენების საერთაშორისო გაიდლაინები განსხვავებულია. გაეცანით ადგილობრივ გაიდლაინებს.

    • ჯანმო რეკომენდაციას უწევს ანტიგენზე ტესტირებას პირველადი შემთხვევის გამოვლენისთვის, კონტაქტის მოძიებისთვის, ეპიდაფეთქებების კვლევის დროს და საზოგადოებებში დაავადების შემთხვევების ტენდენციების მონიტორინგისთვის. ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს შესრულების მინიმალურ მოთხოვნებს ≥80% მგრძნობელობის და ≥97% სპეციფიკურობის მაჩვენებლებით, შედარებით RT-PCR ოქროს სტანდარტთან. ანტიგენის ტესტირება უნდა იყოს პრიორიტეტული სიმპტომურ ადამიანებში, რომლებიც აკმაყოფილებენ შემთხვევის განმარტებას სიმპტომების დაწყებიდან პირველი 5-7 დღის განმავლობაში, და უსიმპტომო ადამიანების შესამოწმებლად ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ, კონტაქტებისა და ჯანდაცვის პერსონალის ჩათვლით, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც მოლეკულური ტესტირების შესაძლებლობა შეზღუდულია. შედეგები ყველაზე სანდოა იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს საზოგადოებრივი გადაცემა.[590] პროფესიონალურად ადმინისტრირებული ტესტირების სერვისების გარდა, უნდა შესთავაზოთ თვითტესტირება. ეს ყოველთვის უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არასდროს სავალდებულო ან იძულებითი.[591]

    • დიდ ბრიტანეთში ანტიგენის სწრაფი ტესტები რეკომენდებულია გარკვეულ სიტუაციებში, მათ შორის: მძიმე დაავადების მაღალი რისკის მქონე ადამიანებთან შეხვედრის წინ; დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებისთვის, რომლებსაც არ უწევთ თვითიზოლაცია; და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მაღალი რისკის სიტუაციებში კონკრეტულ დღეს (მაგ., ხალხმრავალ და დახურულ სივრცეში, ან თუ სუფთა ჰაერი შეზღუდულია).[592]

    • ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოება რეკომენდაციას უწევს ანტიგენის ტესტირებას ზოგიერთი პირისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც მოლეკულური ტესტირება არ არის ადვილად ხელმისაწვდომი ან ლოჯისტიკურად განუხორციელებელი. ისინი ხაზგასმით აცხადებენ, რომ ანტიგენის ტესტირების გამოყენების მხარდამჭერი მტკიცებულებები შეფასებულია ძალიან დაბალიდან საშუალო ხარისხამდე.[593] დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით, ანტიგენის ტესტები შეგვიძლია გამოვიყენოთ საერთო და საზოგადოებრივ პირობებში; თუმცა, საჭირაო დამადასტურებელი მოლეკულური ტესტირება.[594] აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს განცხადებით, ანტიგენის ტესტების ჩატარებისას არსებობს ცრუ დადებითი შედეგების რისკი, მათ შორის მაშინ, როდესაც მომხმარებელი არ იცავს ტესტის გამოყენების წესებს. ამასთან, ცრუ დადებითი შედეგების რაოდენობა იზრდება დაავადების პრევალენტობის შემცირების პარალელურად.[595]

  • მზარდია მტკიცებულებათა რაოდენობა სწრაფი ანტიგენის ტესტების გამოყენების შესახებ.

    • კოქრენის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ანტიგენის სწრაფი ტესტები მგრძნობელობის მიხედვით განსხვავდება. სიმპტომების გაჩენის შემდეგ პირველ კვირაში მგრძნობელობა უფრო მაღალი იყო (78,3%), სიმპტომების მეორე კვირასთან შედარებით (51%). მგრძნობელობა უფრო მაღალი იყო უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტით როცა ციკლის ზღურბლი იყო ≤25 (94,5%), ვიდრე როცა ციკლის ზღურბლი იყო >25 (40,7%). მგრძნობელობა უფრო მაღალი იყო სიმპტომურ ადამიანებში (72%), უსიმპტომო ადამიანებთან შედარებით (58,1%). მგრძნობელობა ასევე იცვლებოდა ტესტების ბრენდების მიხედვით. დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ დადებითი შედეგის მქონე პირთა დადასტურებადი ტესტირება შეიძლება განიხილებოდეს დაბალი პრევალენტობის პირობებში. უსიმპტომო ჯგუფებში ტესტირების მტკიცებულება შეზღუდული იყო და არც ერთმა კვლევამ არ შეაფასა განმეორებითი ლატერალური ტესტირების ან თვითტესტირების სიზუსტე.[596]

    • სისტემურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ლატერალური ნაკადის ტესტები ჰეტეროგენულია და დამოკიდებულია მწარმოებელზე. მგრძნობელობის დიაპაზონია 37.7-99.2%, ხოლო სპეციფიკურობა კი კვლევებში მერყეობს 92.4%-დან 100-%-ის ჩათვლით.[597]

    • სისტემურმა მიმოხილვამ და მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვთა პოპულაციაში სწრაფი ანტიგენის ტესტების საერთო დიაგნოსტიკური მგრძნობელობა და სპეციფიკურობა იყო 64.2% და 99.1%, შესაბამისად. მგრძნობელობა უფრო მაღალი იყო სიმპტომურ ბავშვებში, ვიდრე უსიმპტომო ბავშვებში.[598]

    • დიდ ბრიტანეთში, უსიმპტომო ზოგად მოსახლეობაზე ჩატარებულმა ობსერვაციულმა კოჰორტულმა კვლევამ, რომელიც აფასებდა ანტიგენის სწრაფ ლატერალური ნაკადის ტესტს და უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის ტესტს, აჩვენა, რომ ლატერალური ნაკადის ტესტი შეიძლება იყოს გამოსადეგი ინფექციების გამოსავლენად უსიმპტომო პაციენტებში, განსაკუთრებით მაღალი ვირუსული დატვირთვის მქონე პირებში, რომლებიც, სავარაუდოდ, ინფექციურები არიან. ლატერალური ნაკადის ტესტები ხასიათდებოდნენ 40%-იანი მგრძნობელობით და 99.9%-იანი სპეციფიკურობით, დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი შეადგენდა 90.3%-ს, ხოლო უარყოფითი პროგნოზული მაჩვენებელი კი 99.2%-ს (აღნიშნულ მოსახლეობაში). უფრო მაღალი ვირუსული დატვირთვის მქონე პაციენტთა დაახლოებით 10%-ს ავლენდა უკუნტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია, რაც გამოტოვა ლატერალური ნაკადის ტესტებმა.[599][Figure caption and citation for the preceding image starts]: ინოვას SARS-CoV-2-ის სწრაფი ანტიგენური ლატერალური ნაკადის ტესტირების მაჩვენებლებიBMJ. 2021;374:n1637 [Citation ends].ინოვას SARS-CoV-2-ის სწრაფი ანტიგენური ლატერალური ნაკადის ტესტირების მაჩვენებლები

    • სწრაფი ანტიგენური ტესტირება ითვლება სარწმუნო დიაგნოსტიკურ საშუალებად სიმპტომების გამოვლენიდან პირველი კვირის ფარგლებში მაღალი ვირუსული დატვირთვის მქონე პაციენტების გამოვლენის თვალსაზრისით და გვეხმარება სუპერგამავრცელებლების აღმოჩენასა და იზოლირებაში პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის შედეგებამდე. თუმცა, ტესტირება წარუმატებელია დაბალი ვირუსული დატვირთვის მქონე და უსიმპტომო პაციენტების გამოვლენაში.[600][601]

  • ზოგიერთ ქვეყანაში ასევე ხელმისაწვდომია ლაბორატორიული (არა სწრაფი) ანტიგენის ტესტები.

მოლეკულური ტესტირება

  • სწრაფი მოლეკულური ტესტები ხელმისაწვდომია. ზოგიერთი სწრაფი მოლეკულური ტესტი ხასიათდება ლაბორატორიული უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის მსგავსი სიზუსტით და აქვს მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა. თუმცა, შეზღუდულია მტკიცებულებები მათ სიმპტომურ პაციენტებში გმაოყენების შესახებ, ხოლო უსიმპტომო პაციენტებში მათ შესახებ მტკიცებულებები საერთოდ არ გვაქვს. მათ ფართო გამოყენებას რესურსების დაზოგვის თვალსაზრისით შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს. სწრაფი მოლეკულური ტესტები შესაძლოა შესაფერისი იყოს ტესტირების ზოგიერთ სცენარში (მაგ. მაშინ, როდესაც ტესტირების შედეგები 2 საათის ფარგლებში ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას).[596]

ნტისხეულის აღმოჩენა

  • მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი, ანტისხეულების გამოვლენის ტესტები დამტკიცებულია SARS-CoV-2-ის IgG/IgM ანტისხეულების ხარისხობრივი გამოვლენისთვის შრატში, პლაზმაში ან მთლიან სისხლში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ უწევს მათ გამოყენებას კვლევის ფარგლებს გარეთ, ვინაიდან ამ ტესტებს ვალიდაცია არ მიუღია.[602]

  • მტკიცებულება განსაკუთრებით სუსტია ადგილზე ჩასატარებელი, სეროლოგიური ტესტების მხარდასაჭერად. მეტა-ანალიზის თანახმად, ქემილუმინესცენტური იმუნოკვლევები IgG ან IgM-ზე ხასიათდება 98%-იანი სენსიტიურობით; იმუნოსორბენტული ფერმენტული კვლევების (ELISA) სენსიტიურობა კი 84%-ია; თუმცა, გვერდითი დინების იმუნოკვლევები (LFIA), რომლებიც ადგილზე კეთდება, ყველაზე დაბალი, 66%-იანი სენსიტიურობით ხასიათდება. ტესტის სენსიტიურობა ყველაზე მაღალი იყო სიმპტომების გამოვლენიდან 3 ან მეტი კვირის გასვლის შემდეგ. ხელმისაწვდომი მტკიცებულება ამჟამად არ უწევს რეკომენდაციას ადგილზე ჩასატარებელი სეროლოგიური ტესტების გამოყენებას.[603]

ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელია გამოსახულებითი კვლევების ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ადგილობრივი პროცედურების მიხედვით ჩატარება. მიიჩნევა, რომ ორსულ ქალებში გულმკერდის ვიზუალიზაცია უსაფრთხოა.[604]

პნევმონიაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში თითოეულ პაციენტს ჩაუტარეთ გულმკერდის რენტგენოგრაფია.

  • დიაგნოზის მომენტში პაციენტების დაახლეობით 74%-ს აღნიშნება პათოლოგიური ცვლილებები რენტგენზე. ყველაზე გავრცელებული დარღვევაა მინის ნამსხვრევისებრი დაჩრდილვები (29%) და კონსოლიდაცია (28%). გავრცელება მეტწიალდ არის ორმხრივი, პერიფერიული და გამოკვეთილია ბაზალურ ზონებში. პნევმოთორაქსი და პლევრლი გამონაჟონი იშვიათია. არ არსებობს ცალკეული მახასიათებელი რენტგენზე, რომელსაც აქვს დიაგნოსტიკური ღირებულება.[605]

  • გულმკერდის რენტგენოგრაფია მგრძნობიარეა, მაგრამ არასპეციფიკურია COVID‐19 დიაგნოზისთვის. ჯამურმა შედეგებმა აჩვენა, რომ ფილტვების რენტგენით სწორად არის დიაგნოსტირებული COVID ‐ 19 დაავადების შემთხვევების 80.6%. თუმცა, არასწორად დაადგინა COVID ‐ 19 დიაგნოზი პაციენტების 28.5% -ში, ვისაც დაავადება არ ჰქონდა.[606]

  • მიუხედავად იმისა, რომ გულმკერდის რენტგენოგრამას დაბალი სენსიტიურობა აქვს კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, უპირატესობაა ნაკლები რესურსების საჭიროება, დაბალი რადიაციული დოზა, მარტივი გამეორება და მობილობა.[607]

განიხილეთ გულმკერდის CT-ს დანიშვნა

  • გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ჰოსპიტალიზებული პაციენტების მცირე რაოდენობის დიაგნოსტიკაში გვეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საწყისი მოლეკულური ტესტირება არადამაჯერებელია, ან როდესაც ვფიქრობთ ალტერნატიულ დიაგნოზზე.[608] თუმცა, CT არ ატარებს დიაგნოსტიკურ ღირებულებას COVID-19-ისთვის, შესაბამისად, ამ კვლევის გამოყენებამდე უნდა გავეცნოთ ადგილობრივ მითითებებს.

    • ბრიტანეთის გულმკერდის ვიზუალიზაციის საზოგადოება (BSTI) რეკომენდაციას უწევს CT-ს კლინიკურად საეჭვო COVID-19-ის მძიმე შემთხვევებში, თუ გულმკერდის რენტგენოგრაფია გაურკვეველია ან ნორმაშია. COVID-19-ზე ეჭვის გარეშე რადიოლოგიური კვლევა არასპეციფიკურია და შესაძლოა მრავალ სხვა დაავადებას ასახავდეს. ბრიტანეთის გულმკერდის ვიზუალიზაციის საზოგადოებამ ინგლისის ჯანმრთელობის ეროვნულ სერვისთან თანამშრომლობით შექმნა რადიოლოგიური კვლევის შესახებ გადაწყვეტილების დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება ექიმებს, გადაწყვიტონ, საჭიროა თუ არა გულმკერდის ვიზუალიზაცია.[511] BSTI: radiology decision tool for suspected COVID-19 Opens in new window

    • დიდი ბრიტანეთის ზოგი ინსტიტუცია რეკომენდაციას უწევს უფრო პრაგმატულ მიდგომას COVID-19-ზე ძლიერი კლინიკური ეჭვის შემთხვევაში: გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია რეკომენდებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე ორჯერ მივიღებთ ორაზროვან ან ნორმალურ შედეგს და უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტი (RT-PCR) უარყოფითია.[609]

    • რადიოლოგიის ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციის მიხედვით, CT უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის, ასევე სიმპტომური პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ CT-ის სპეციფიკური კლინიკური ჩვენებები. აღნიშნული რეკომენდაცია ხაზს უსვამს, რომ გულმკერდის ნორმალური CT არ ნიშნავს , რომ პაციენტს არ აქვს COVID-19, ხოლო პათოლოგიური შედეგი COVID-19-ის მიმართ სპეციფიკური არ არის.[610]

  • გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია მგრძნობიარეა, მაგრამ არასპეციფიკურია COVID‐19 დიაგნოზისთვის. ჯამურმა შედეგებმა აჩვენა, რომ ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიით სწორად არის დიაგნოსტირებული COVID ‐ 19 დაავადების შემთხვევების 87.9%. თუმცა, არასწორად დაადგინა COVID ‐ 19 დიაგნოზი პაციენტების 20% -ში, ვისაც დაავადება არ ჰქონდა. შესაბამისად, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს დიაგნოზის გამორიცხვისთვის, ვიდრე სუნთქვის დაავადების სხვა მიზეზებისგან დიფერენცირებისთვის.[606] მისი სიზუსტე უფრო დაბალია ბავშვებში; თუმცა, პედიატრიულ პაციენტებში არსებული მონაცემების რაოდენობა მწირია.[608]

  • SARS-CoV-2-ის მქონე ზოგიერთ პაციენტში CT-ზე პნევმონიის გამოვლინება შესაძლოა წინ უსწრებდეს RT-PCR დადებით შედეგს.[611] ზოგიერთ პაციენტს, RT-PCR დადებითი შედეგის მიუხედავად, გულმკერდის რადიოლოგიური მონაცემები ნორმაში აქვს.[612] უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია შესაძლოა იყოს ცრუ უარყოფითი, ამიტომ, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ტიპური მონაცემების შემთხვევაში, დიაგნოზის დასადატურებლად საჭიროა განმეორებითი უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია.[613]

  • კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე დაზიანებები შეიძლება გამოვლინდეს უსიმპტომო პაციენტებში. ასიმპტომურ შემთხვევებში გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ნიშნების დადებითი პასუხის მაჩვენებელი შეადგენდა 47.6%-ს (მეტწილად მინის ნამსხვრევისებრი დაჩრდილვის ნიშანი).[614]

  • ორსულ ქალებში უფრო ხშირად აღინიშნება შორსწასული ნიშნები კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, ვიდრე ზოგად ზრდასრულ მოსახლეობაში; თუმცა, შედეგები მაინც მსგავსია.[615]

გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის ტიპური მახასიათებლები

  • 50 466 ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა მონაცემების მეტა-ანალიზის მიხედვით, გულმკერდის CT-ზე პათოლოგიური შედეგები გამოვლინდა COVID-19-ის მქონე პაციენტთა თითქმის 97%-ში.[616]

  • ყველაზე ხშირი გამოვლინებებია დამსხვრეული მინის სურათი, იზოლირებულად ან სხვა ნიშნებთან ერთად, როგორიცაა კონსოლიდაცია, წილაკთაშორისი ძგიდის გასქელება ან ნაკვალევის მსგავსი ნიშანი. ყველაზე ხშირი მიმდინარეობა არის ორმხრივი, პერიფერიული/პლევრის ქვეშა, უკანა წილების დაჩრდილვა, ქვედა წილების დომინანტობით. ექსტენსიური/მულტიწილოვანი ჩართულობა კონსოლიდაციით უფრო ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში და მძიმე დაავადების მქონე პირებში.[617]

  • COVID-19-ით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოზს ყველაზე უკეთ ასახავს მინის ნამსხვრევისებრი დაჩრდილვები, რასაც მოჰყვება მინის ნამსხვრევისებრი დაჩრდილვები კონსოლიდაციით და მხოლოდ კონსოლიდაცია.[618] დამსხვრეული მინის სურათის და ვირუსული პნევმონიის სხვა ნიშნების თანაარსებობა დიდი ალბათობით მიუთითებს COVID-19-ზე (მგრძნობელობა 90%, სპეციფიკურობა 89%).[619]

  • კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირებით, როგორც წესი, ვლინდება მინის ნამსხვრევისებრი დაჩრილვების ზომის, რაოდენობრივი და სიმკვრივის ზრდა ადრეული მონიტორინგის პერიოდში. შემდგომ ვითარდება შერეული სურათი, რომელიც მოიცავს მინის ნამსხვრევისებრ დაჩრდილვებს, კონსოლიდაციებს და არეული ქვაფენილის განლაგებას, რაც პიკს აღწევს მე-10-მე-11 დღეს, შემდგომ კი თანდათანობით ლაგდება ან რჩება ლაქოვანი ფიბროზის ფორმით.[617]

  • მცირე მოცულობის შედარებითი კვლევის თანახმად, COVID-19-ის მქონე პაციენტებს, პნევმონიის სხვა ტიპებთან შედარებით, გააჩნიათ ფილტვის ორმხრივი ჩართულობის უფრო მაღალი რისკი, მრავლობითი ლაქოვანი დაზიანებებითა და მქრქალი მინისებრი დაჩრდილვებით.[620]

  • ბავშვებში ხშირია ნორმალური ან მსუბუქად შეცვლილი გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია. ბავშვებში ყველაზე ხშირი ნიშნებია: კეროვანი დამსხვრეული მინის სურათი და არასპეციფიკური კეროვანი დაჩრდილვა, კონსოლიდაციის კერები, ინფიცირებული კვანძები და ჰალოს ნიშანი. პათოლოგიები უფრო ხშირად რამდენიმე წილში გვხვდება და ორმხრივია. იშვიათია პლევრული გამონაჟონი. ბავშვებს, მინიმალური სიმპტომების ან უსიმპტომობის მიუხედავად, გულმკერდის ვიზუალიზაციისას შესაძლოა გამოუვლინდეთ პნევმონიის ნიშნები.[621] მინის ნამსხვრევისებრი დაჩრდილვები და პერობრონქული შესქელება ყველაზე პრევალენტური მახასიათებლებია 1 წლამდე ასაკის ჩვილებში.[622]

გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის ატიპური მახასიათებლები

  • ატიპური მახასიათებლებია ფილტვის სისხლძარღვების გადიდება, წილთაშორისი ან წილის შიდა ძგიდის შესქელება, ახლომდებარე პლევრის შესქელება, ჰაერის ბრონქოგრამები, სუპლევრული ზოლები, არეული ქვაფენილის განლაგება, ბრონქის გამრუდება, ბრონქოექტაზია, ვაკუოლური რეტრაქციის ნიშანი და ჰალო. იშვიათ შემთხვევებში ფიქსირდება პლევრული გამონაჟონი, პერიკარდიუმის გამონაჟონი, კავიტაცია, პნევმოთორაქსი და შუასაყრის ლიმფადენოპათია.[617]

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) რეკომენდაციას უწევს გულმკერდის რადიოლოგიურ კვლევას ჩამოთვლილ სიტუაციებში:[607]

  • თუ პაციენტი სიმპტომურია და სავარაუდოა COVID-19, მაგრამ RT-PCR ხელმისაწვდომი არ არის ან გვიანდება, ან თავდაპირველი ტესტი უარყოფითია და კორონავირუსზე კლინიკური ეჭვი მაღალია (დიაგნოსტიკისთვის)

  • სავარაუდო ან დადასტურებული COVID-19 შემთხვევები, როცა პაციენტი არ იმყოფება ჰოსპიტალში და აქვს მსუბუქი სიმპტომები (ჰოსპიტალიზაციის/გაწერის გადასაწყვეტად)

  • სავარაუდო ან დადასტურებული COVID-19 შემთხვევები, როცა პაციენტი არ იმყოფება ჰოსპიტალში და ქვს საშუალო-მძიმე სიმპტომები (სტანდარტული ჰოსპიტალიზაციის/ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსების გადასაწყვეტად)

  • სავარაუდო ან დადასტურებული COVID-19 შემთხვევები, როცა პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში და აქვს საშუალო-მძიმე სიმპტომები (თერაპიული მართვის მიზნით).

ფილტვის ულტრაბგერითი გამოკვლევა

  • ფილტვის ულტრაბგერა ზოგიერთ ცენტრში გამოიყენება დიაგნოსტიკური ინსტრუმენტის სახით, როგორც რენტგენის და გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის ალტერნატივა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მხოლოდ ძალიან დაბალი სიზუსტის მტკიცებულებები, შეიძლება დაგვეხმაროს დამატებითი ან ალტერნატიული რადიოლოგიური კვლევის სახით.[607]

  • ულტრაბგერა მგრძნობიარეა, მაგრამ არასპეციფიკურია COVID‐19 დიაგნოზისთვის. ჯამურმა შედეგებმა აჩვენა, რომ ფილტვების ულტრაბგერით სწორად არის დიაგნოსტირებული COVID ‐ 19 დაავადების შემთხვევების 86.4%. თუმცა, არასწორად დაადგინა COVID ‐ 19 დიაგნოზი პაციენტების 45% -ში, ვისაც დაავადება არ ჰქონდა. შესაბამისად, გულმკერდის ექოსკოპია შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს დიაგნოზის გამორიცხვისთვის, ვიდრე სუნთქვის დაავადების სხვა მიზეზებისგან დიფერენცირებისთვის.[606]

  • B-ხაზები (შეერთებული ან განცალკევებული და ჩვეულებრივ მინიმუმ 3) და პლევრის ანომალიები, ორმხრივი განაწილებით, ყველაზე ხშირი მოვლენაა COVID-19-ში. სხვა მოვლენებია კონსოლიდაცია, პლევრის გამონაჟონი, აიროვანი ბრონქოგრამა და პნევმოთორაქსი.[623] მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სურათი არ არის სპეციფიკური COVID-19-ისთვის, იმატებს დაავადების ალბათობა დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინების ფონზე.

  • ულტრაბგერის დადებითი მახასიათებლებია: მობილობა, ადგილზე შეფასების შესაძლებლობა, სამედიცინო პერსონალის დაბალი ექსპოზიცია, მარტივი სტერილიზაცია, მაიონიზებელი რადიაციის არარსებობა, განმეორება მარტივია შემდგომი მართვისას. შეიძლება უფრო მარტივად ხელმისაწვდომი იყოს რესურსებით ღარიბ პირობებში. თუმცა, ასევე გააჩნია შეზღუდვები (მაგ., ვერ საზღვრავს დაზიანების ქრონიკულობას) და შესაძლოა საჭირო გახდეს ვიზუალიზაციის სხვა ხელსაწყოები. ულტრაბგერითი გამოკვლევა შესაძლოა გამოვიყენოთ ორსულებსა და ბავშვებში.[624][625][626]

  • ულტრაბგერითი გამოკვლევის შესაძლო სხვადასხვა როლი: ნოზოკომიური ტრანსმისიის შემცირება; პაციენტების პროგრესის მონიტორინგი; შესაძლო როლი მოწყვლად ქვეპოპულაციებში, რომლებიც არ არიან შესაფერისი კომპიუტერული ტომოგრაფიისათვის (მაგ. ორსული ქალები).[627] პროგნოზისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ფილტვის ულტრაბგერით კვლევას.[628]

  • BSTI: lung ultrasound (LUS) for COVID-19 patients in critical care areas Opens in new window

კუტრანსკრიპციის მარყუჟოვანი იზოთერმული ამპლიფიაცია

  • უკუტრანსკრიპციის მარყუჟოვანი იზოთერმული ამპლიფიკაცია (RT-LAMP) ახალი მეთოდია SARS-CoV-2-ის ვირუსის რნმ-ის აღმოსაჩენად. კვლევა მარტივი და სწრაფია, მაგრამ მტკიცებულებები მის გამოყენებასთან დაკავშირებით მწირია. შექმნილია და შეფასებას გადის სხვადასხვა ტესტ-სისტემები SARS-CoV-2-ის სადიაგნოსტიკოდ.[629][630][631]

  • უკუტრანსკრიპციის მარყუჟოვანი იზოთერმული ამპლიფიკაცია (RT-LAMP) არის საიმედო ტესტი, უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციასთან შედარებით, განსაკუთრებით ვირუსის საშუალო და მაღალი დატვირთვის დროს (ციკლის ზღურბლი არის <35) და შეზღუდული რესურსების პირობებში.[632] ფიქსირდება 95.5%-იანი მგრძნობელობა და 99.5%-იანი სპეციფიკურობა.[633]

CRISPR-ზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა

  • შემუშავებულია კლასტერული რეგულარული ინტერვალის მოკლე პალინდრომულ გამეორებებზე (CRISPR) დაფუძნებული დიაგნოსტიკური მეთოდები SARS-CoV-2 ვირუსული რნმ-ის გამოსავლენად. ამ მარტივ, მაღალი პროდუქტიულობის მქონე მოლეკულურ ტესტებს აქვთ უპირატესობა, ვინაიდან შედეგებს გვაწვდის 1 საათზე ნაკლებ დროში, შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა ნიმუშთან და აქვს მაღალი სპეციფიკურობა/მგრძნობელობა (უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის მსგავსი).[634][635][636]

  • CRISPR-ზე დაფუძნებულ სხვადასხვა ტესტს მიენიჭა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აშშ-ს სურსათისა და წამლების სააგენტოს მიერ.

ჩასასუნთქი საშუალებები

  • გამოვლინდა, რომ სუნთქვის ანალიზს აქვს პოტენციალი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში, ამოსუნთქულ ჰაერში ქროლადი ორგანული ნაერთების შემოწმების გზით.[637]

  • აშშ-ს სურსათისა და წამლების სააგენტომ გასცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID-19-ის პირველი დიაგნოსტიკური ტესტისთვის, რომელიც ავლენს ქიმიურ ნაერთებს სუნთქვის ნიმუშებში, რომლებიც დაკავშირებულია SARS-CoV-2 ინფექციასთან. კომპანიის მიერ დასპონსორებულ ერთ-ერთ კვლევაში, სადაც მონაწილებოდა 2409 სიმპტომური და უსიმპტომო პაციენტი, აღმოჩნდა, რომ ტესტს აქვს 91.2%-იანი მგრძნობელობა და 99.3%-იანი სპეციფიკურობა.[638] თუმცა, ტესტს ამჟამად აქვს მრავალი შეზღუდვა (მაგ. მოწყობილობის ზომა, დამუშავებული ნიმუშების რაოდენობა, დიაგნოსტიკის ამ მეთოდის შესახებ მტკიცებულების ნაკლებობა, სხვა დაავადებები ან საკვები/სასმელები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ შედეგზე, ტესტის შედეგი წინასწარია და მაინც მოითხოვს დადასტურებას) და საჭიროა მეტი კვლევა.

ვირუსის გამოყოფა

  • ვირუსის იზოლირება არ არის რეკომენდებული, როგორც რუტინული დიაგნოსტიკური პროცედურა. ყველა პროცედურა, რომელიც უჯრედულ კულტურაში ვირუსის გამოყოფას გულისხმობს, უნდა ჩატარდეს მომზადებული პერსონალის მიერ, ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის დაწესებულებებში.[508]

კალპროტექტინი

  • კალპროტექტინი არის ახალი ბიომარკერი, რომელიც ინტერესის საგანს წარმოადგენს. კალპროტექტინის დონე ხშირად იმატებს ინფექციის, ტრავმის და ანთებითი დაავადებების შემდეგ/ შრატის/განავლის კალროტექტინის დონე მნიშვნელოვნად იმატებს COVID-19-ის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში და შესაძლოა ჰქონდეს პროგნოზული მნიშნველობა.[639][640]

Best Practice-მა გამოაქვეყნა ცალკეული თემა, რომელიც შეეხება COVID-19-ის დროს თანაარსებული მდგომარეობების მართვას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას