მონიტორინგი
ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მოწოდებულია ჩამოთვლილი ნიშნების რეგულარული მონიტორინგი, რათა გართულებები დროულად დაფიქსირდეს:[85]
სასიცოცხლო ნიშნები (ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე, გულისცემა, არტერული წნევა, ჟანგბადის სატურაცია)
ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური პარამეტრები
კოაგულაციის პარამეტრები (D-დიმერი, ფიბრინოგენი, თრომბოციტების რაოდენობა, პროთრომბინის დრო)
ელექტროკარდიოგრამა
გულმკერდის რადიოლოგიური კვლევა
ვენური ან არტერიული თრომბოემბოლიის ნიშნები და სიმპტომები.
ადრეული გაფრთხილების ქულათა სისტემა
სადაც შესაძლებელია, გამოიყენეთ ადრეული გაფრთხილების ქულათა სისტემა მძიმე პაციენტების ადრეულად ამოცნობისა და დამძიმებული შემთხვევების მკურნალობის ესკალაციის მიზნით (მაგ., National Early Warning Score 2 [NEWS2]).[85]
მონაცემები მწირია პირველად ჯანდაცვაში ამ ქულათა სისტემის გამოყენების მნიშვნელობის შესახებ COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის.
სისტემური მიმოხილვის და მეტა-ანალიზის თანახმად, NEWS2 ქულას აქვს საშუალო ხარისხის სენსიტიურობა და სპეციფიკურობა COVID-19 პაციენტების დამძიმების საპროგნოზოდ. ქულამ აჩვენა კარგი გარჩევადობა ინტენსიური დახმარების საჭიროების, რესპირატორული მხარდაჭერის საჭიროების და ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსების რისკის განსაზღვრისთვის.[470]
ორგანოთა უკმარისობის თანმიმდევრული შეფასების ქულას (SOFA) არ აქვს ადეკვატური დისკრიმინაციული სიზუსტე სიკვდილობის პროგნოზირებისთვის მანამ, სანამ COVID-19 პნევმონიის გამო ინტუბაცია არ იქნება ჩატარებული.[1139] თუმცა, ეს შეიძლება იყოს უფრო ზუსტი, ვიდრე სხვა ქულები.[471]
ორსულები
აუცილებელია ნაყოფის მდგომარეობის მონიტორინგი. ნაყოფის გულისცემის შემოწმების სიხშირე ინდივიდუალური უნდა იყოს გესტაციური ასაკის, დედის კლინიკური სტატუსის (მაგ. ჰიპოქსია) და ნაყოფის მდგომარეობის მიხედვით.[85]
გაწერის შემდგომი მეთვალყურეობა
თუ პაციენტს აქვს შესაძლო ან დადასტურებული COVID-19 (ნებისმიერი სიმძიმის), და აწუხებს პერსისტენტული, ახალი ან ცვალებადი სიმპტომები, საჭიროა შემდგომი მეთვალყურეობა.[85]
გამოქვეყნდა გაიდლაინები COVID-19-ით გამოწვეული პნევმონიით დაავადებული პაციენტების რესპირატორული შემდგომი მეთვალყურეობის შესახებ. პაციენტის შემდგომი მეთვალყურეობის ალგორითმები დამოკიდებულია პნევმონიის სიმძიმის ხარისხზე და შესაძლოა მოიცავდეს კლინიკურ კონსულტაციას და მიმოხილვას (პირისპირ ან სატელეფონო ზარით) ექიმის ან მედდის მიერ. ასევე შესაძლოა დაინიშნოს გულმკერდის რადიოლოგიური გამოკვლევები, ფილტვის ფუნქციური ტესტები, ექოკარდიოგრამა, ნახველიდან ნიმუშის აღება, სიარულის ტესტი და ჟანგბადით სატურაციის შეფასება.[1140]
კლინიკიდან გაწერის შემდეგ პაციენტთა დაახლოებით ნახევარს, სიმპტომების გამოვლენიდან 12 კვირის თავზე აღენიშნებოდა პათოლოგიური მაჩვენებლები გულმკერდის ვიზუალიზაციით.[1141] ფილტვის ფუნქციური ტესტებით შეიძლება გამოვლინდეს დიფუზიის ტევადობის ცვლილება, რესტრიქციული ან ობსტრუქციული სურათი.[1142] დიფუზიის უნარის დაქვეითება უფრო მძიმე იყო და უფრო ნელა გაუმჯობესდა ქალებში, მამაკაცებთან შედარებით, და პირველი 3 თვე იყო აღდგენის კრიტიკული პერიოდი.[1143]
პროგნოზული ქულები
სხვადასხვა პროგნოზული და კლინიკური რისკის ქულები კვლევის საგანია ან შემუშავებულია.
განახლებადმა სისტემურმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ QCOVID შეიძლება გამოყენებულ იქნას რისკების სტრატიფიკაციისთვის ზოგად პოპულაციაში, ხოლო PRIEST მოდელი, ISARIC4C გაუარესების მოდელი, კარის მოდელი და Xie-ის მოდელი შესაფერისია საავადმყოფოს პირობებში პროგნოზირებისთვის.[1144] Knight 4C სიკვდილობის ქულა და ვენგის მოდელი ასევე საიმედოა საავადმყოფოს პირობებში.[1145] თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი არაერთგვაროვნება პროგნოზული ქულების ეფექტურობაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მოკლევადიანი სიკვდილობის პროგნოზირებისთვის რეგიონებსა და ქვეყნებს შორის. ერთ სისტემურ მიმოხილვაში, მოდელების მხოლოდ ნახევარმა აჩვენა კარგი გარჩევადობა ექსტერნალური ვალიდაციის დროს.[1146]
აუცილებელია დამატებითი ვადილაცია სხვადასხვა მოსახლეობაში, სანამ მათ გამოყენებაზე რეკომენდაცია გაიცემა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ: გადაწყვეტილებების მიღებისას (ჰოსპიტალიზაცია, ინტენსიურში გადაყვანა) გამოიყენეთ კლინიკური მსჯელობა, გაითვალისწინეთ პაციენტის ღირებულებები და არჩევანი, ადგილობრივი და ეროვნული წესები, და არა მხოლოდ ხელმისაწვდომი პროგნოზული მოდელები.[85]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას