მიდგომა

მართვის სტრატეგიები დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და ფოკუსირებულია შემდეგ პრინციპებზე:

  • ინფექციის პრევენცია და კონტროლი

  • სიმპტომური მკურნალობა

  • ოპტიმიზებული დამხმარე მოვლა

  • კანის დაზიანებების მართვა და ჭრილობების მოვლა

  • გართულებების მართვა

  • ანტივირუსული თერაპია.

პაციენტებისთვის სასარგებლოა დამხმარე მოვლა და ტკივილის კონტროლი, დაავადების დაწყებისთანავე. თუმცა, ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი ზოგიერთ პაციენტში (მაგ., იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში) და შეიძლება საჭირო გახდეს ანტივირუსული თერაპია.[138]

არ არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური მართვის გაიდლაინები, რომლებიც გამოიყენება კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისას. გაიდლაინების მიხედვით რეკომენდაციები განსხვავებულია და არსებობს შეზღუდული რეკომენდაციები სხვადასხვა რისკის ჯგუფებისა და გართულებებისთვის.[247] ამ ნაწილში წარმოდგენილი რეკომენდაციები ძირითადად ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მითითებებს და ვრცელდება შესაძლო ან დადასტურებულ შემთხვევებზე.[1]

განიხილეთ კონსულტაციები ინფექციური დაავადებების, დერმატოლოგიის, ჭრილობების მოვლის, გასტროენტეროლოგიის, ნევროლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიის, კრიტიკული მოვლისა და ქირურგიის სპეციალისტებთან.

ინფექციის პრევენცია და კონტროლი

დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს რეგიონალურ ინფექციურ განყოფილებას, თუ არსებობს ინფექციაზე კლინიკური ეჭვი.

  • ეს ქმედება აღძრავს პროცედურებს, რაც უარყოფითი წნევის იზოლირებულ დაწესებულებაში პაციენტის უსაფრთხოდ გადაყვანას და შემთხვევის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გუნდის წევრების ინფორმირებას მოიცავს.

  • მნიშვნელოვანია სიმპტომურ პაციენტთან ახლო კონტაქტის მქონე პირებისა (ოჯახის წევრები, დამხმარე სამედიცინო პერსონალი) და დაავადების შესაძლო გადამტანი ცხოველების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა.

  • პოტენციურად კრიტიკული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლო შემთხვევა უნდა მართონ ექსპერტებმა, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლებმა.

დაიცავით თქვენი ადგილობრივი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლები.[1]

  • რეკომენდებულია სტანდარტული, კონტაქტური და წვეთოვანი სიფრთხილის ზომების მიღება.

  • აეროგენული სიფრთხილის ზომები რეკომენდებულია როცა მპოქსის შესაძლო შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ეჭვი ჩუტყვავილაზეც გვაქვს და ჯერ ეს დიაგნოზი არ გამორიცხულა. რესპირატორები რეკომენდებულია დადასტურებული მპოქსის მქონე პაციენტებზე ზრუნვისას. აეროგენული ზომების მიღება რეკომენდებულია თუ ტარდება აეროზოლის წარმომქმნელი პროცედურები.

  • ჩათვალეთ, რომ ყველა დაბინძურებული მასალა (მაგ., თეთრეული, საავადმყოფოს ტანსაცმელი) და ბიოლოგიური სითხეები/მყარი ნარჩენები, არის ინფექციური.

იდეალურ შემთხვევაში, ყველა პროფესიონალი, რომელიც კავშირშია პაციენტთან, ბიოლოგიურ სითხეებთან ან ფომიტებთან, უნდა იყოს აცრილი ყვავილის ვაქცინით.

  • ექსპოზიციის შემდგომი ვაქცინაცია შეიძლება რეკომენდებული იყოს აუცრელი კონტაქტისთვის, (იხილეთ პრევენცია).

  • თუ შესაძლებელია, ორსული პერსონალი ან იმუკოკომპრომისული პერსონალი არ უნდა იყოს ჩართული შესაძლო ან დადასტურებული შემთხვევების მოვლაში.[181]

მსუბუქი ან გაურთულებელი დაავადება

შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი და თვითგანკურნებადია და პაციენტები გამოჯანმრთელდებიან 2-დან 4 კვირაში.[28]

პაციენტები შესაძლო ან დადასტურებული ინფექციით და მსუბუქი ან გაურთულებელი დაავადებით, რომლებიც არ არიან მძიმე ან გართულებული დაავადების მაღალი რისკის ქვეშ, შეიძლება იზოლირებულნი იყვნენ სახლში ინფექციური პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ სახლის პირობებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ზომების მიღება შესაძლებელია.[1] 

  • გადაწყვეტილების მიღება საჭიროა ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით. გადაწყვეტილებების მიღების საფუძველია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კლინიკური სიმძიმე, გართულებების არსებობა, პაციენტის მოვლის საჭიროება, კვება და ჰიდრატაციის სტატუსი, მძიმე დაავადების რისკის ფაქტორები და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. პაციენტებს უნდა შეეძლოთ მოძრაობა, იღებდნენ წყალს და საკვებს კარგად და შეეძლოთ საკუთარი თავის მოვლა.

  • განიხილეთ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების საკითხი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადების მაღალი რისკი (მაგ. ბავშვები, ორსული ქალები, იმუნოკომპრომისული სტატუსის მქონე ადამიანები, კანის პრობლემების მქონე ადამიანები) უფრო ახლო მონიტორინგისთვის. ასევე განიხილეთ ისეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, რომლებიც მოწყვლად მოსახლეობებს მიეკუთვნებიან და ინფექციის კონტროლის ზომების მიღება შეუძლებელია.

  • შემდგომი მეთვალყურეობა უნდა გაგრძელდეს ტელემედიცინის ან ტელეფონის გამოყენებით, როცა ეს შესაძლებელია.

  • მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დაიცვას სახლში თვითიზოლაციის მითითებები. იხილეთ პაციენტთან განსახილველი საკითხები.

დიდ ბრიტანეთში, გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) რეკომენდაციას უწევს, რომ შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევებმა შეიძლება თვითიზოლაცია მოახდინონ სახლში, კლინიცისტის შეფასების საფუძველზე და სააგენტოს მითითებების შესაბამისად. დასავლეთ ან ცენტრალურ აფრიკაში მოგზაურობის ისტორიის მქონე შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების მართვა შეიძლება საჭირო გახდეს, როგორც მძიმე შედეგების მქონე ინფექციური დაავადების (HCID) შემთხვევების; განიხილეთ შესაბამის ორგანოებთან.[182]

  • ყველა შესაძლო (ან ძლიერსავარაუდო) შემთხვევაში შეაფასეთ ჰოსპიტალიზაციის რისკი კლინიკური ან თვითიზოლაციის საჭიროებების მიხედვით. შეატყობინეთ შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს.

  • ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარებიან პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას კლინიკური მიზეზების გამო, ან ვისთვისაც თვითიზოლაცია შეუძლებელია სოციალური ან სამედიცინო მიზეზების გამო კლინიკური შეფასების შემდეგ. პაციენტი უნდა მოთავსდეს ცალკე ოთახში ნეგატიური ან ნეიტრალური წნევით ადგილობრივ საავადმყოფოში რესპირატორული დამცავი აღჭურვილობით და პირადი დამცავი საშუალებებით (ინფექციის კონტროლის შესაბამისი ზომებით).

  • ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სერვისი რეკომენდაციას უწევს რისკის მიხედვით განსაზღვრული კლინიკური მიდგომის გამოყენებას ამ გადაწყვეტილების დასახმარებლად.[215]

  • ყველა კლადი II (კლადი IIa და კლადი IIb) ვირუსული ინფექცია არ არის კლასიფიცირებული, როგორც მძიმე შედეგების მქონე დაავადება დიდ ბრიტანეთში. თუმცა, I კლადის ვირუსით გამოწვეული ინფექციები ითვლება მძიმე შედეგების მქონე დაავადებად.[248] 2023 წელს გამოვლენილი სქესობრივი გზით გადამდები I კლადის ინფექციების კლასტერის შემდეგ, იზრდება უცნობი მძიმე შედეგების მქონე ინფექციების ცირკულირების რისკი II კლადის ინფექციების ცირკულირების ფონზე.[217]

რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა (ტკივილის კონტროლის გათვალისწინებით) და დამხმარე მოვლა.[1] მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების ადრეულ ეტაპზე.

  • ტკივილი

    • ტკივილის მართვა მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ტკივილი ხშირია და შეიძლება იყოს მძიმე (მაგ., რექტალური ტკივილი/პროქტიტი, ტკივილი დაზიანებებისგან, ტკივილი ლორწოვანი გარსების დაზიანებისგან, რომელიც არ ჩანს ფიზიკურ გამოკვლევაზე, ტკივილი ლიმფადენოპათიის გამო, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი).

    • რეკომენდებულია მულტიმოდალური მიდგომა არაფარმაკოლოგიური და ფარმაკოლოგიური თერაპიის კომბინაციით. შესაძლოა საჭირო გახდეს ადგილობრივი და/ან სისტემური თერაპია. ტკივილის მართვის სტრატეგიები უნდა იყოს ინდივიდუალური, პაციენტზე ორიენტირებული და საჭიროებებსა და კონტექსტზე მორგებული. თავდაპირველად შეაფასეთ ტკივილი, შემდეგ კი რეგულარულად შეაფასეთ ტკივილის კონტროლი და საჭიროებისამებრ შეცვალეთ ტკივილის მართვის სტრატეგია. რეფრაქტერული შემთხვევებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ტკივილის სპეციალისტის კონსულტაცია. ხანგრძლივი შემდგომი მეთვალყურეობა რეკომენდებულია გახანგრძლივებული ნოციცეპტიური სინდრომების სწრაფად დიაგნოსტირებისთვის.[249][250]

    • მსუბუქი ტკივილისთვის რეკომენდებულია ურეცეპტო პრეპარატები, მაგ. პარაცეტამოლი ან იბუპროფენი.[1][249]

    • ოპიოიდები, როგორიცაა ტრამადოლი ან მორფინი, რეკომენდებულია ძლიერი ტკივილის მოკლევადიანი მართვისთვის (მაგ., მწვავე რექტალური ტკივილი პროქტიტის გამო) ოპიოიდების გამოყენებასთან დაკავშირებული სარგებლისა და რისკების შეფასების შემდეგ (მაგ. ყაბზობა, ოპიოიდების მოხმარებაზე შეჩვევა ხანგრძლივი გამოყენების დროს).[1][249]

    • ნეიროპათიული ტკივილგამაყუჩებლები (მაგ. გაბაპენტინი) გამოიყენება ტკივილის მოკლევადიანი მართვისთვის ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ., მძიმე პროქტიტი). მტკიცებულება მწირია.[249]

    • პირის ღრუს დაზიანებებისთვის რეკომენდებულია მარილიანი წყლის ან ანტისეპტიკური სითხის (მაგ. ქლორჰექსიდინი) და ლოკალური ანესთეტიკების გამოვლება.[1][249]

    • სასქესო ორგანოების ან ანორექტალური დაზიანებებისთვის რეკომენდებულია თბილი აბაზანები და/ან ლოკალური ლიდოკაინი. ლოკალური კორტიკოსტეროიდები ასევე შეიძლება გამოიყენოთ გენიტალური დაზიანებების დროს; თუმცა, გასათვალისწინებელია ამ აგენტების აქტიურ დაზიანებებზე გამოყენების რისკი და სარგებელი.[1][249]

    • ანტივირუსული აგენტით, ტეკოვირიმატით ადრეული მკურნალობა (იხილეთ ანტივირუსული თერაპია ქვემოთ) შეიძლება დაგვეხმაროს ტკივილის კონტროლში მძიმე პროქტიტის დროს.[251] თუმცა, ამ ვარაუდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

    • მიუხედავად იმისა, რომ ტკივილის მართვა არის მართვის მთავარი მიზანი (პაციენტთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს გარკვეულ ტკივილს), ამჟამად არ არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულება კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისას. რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები არასაკმარისად ტარდება და ამ მიმართულებით, ამიტომაც ტკივილის კონტროლის გეგმა სტანდარტიზებული არ არის.[252]

  • პროქტიტი

    • ტკივილი შეიძლება იყოს ძლიერი და საჭიროებს ტკივილის შესაბამის მართვას (იხ. ზემოთ).

    • კორტიკოსტეროიდი/ადგილობრივი საანესთეზიო სუპოზიტორები ან ადგილობრივი ლიდოკაინის გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტკივილის, სპაზმის და ანთების შესამსუბუქებლად.[249][253]

    • განავლის დამარბილებელი საშუალებები შეიძლება დაინიშნოს დეფეკაციასთან დაკავშირებული ტკივილის შესამცირებლად (განსაკუთრებით, თუ პაციენტი იმყოფება ოპიოიდურ ანალგეზიაზე).[249][253]

    • პროქტიტის გართულებების დროს (მაგ. მწვავე პროსტატიტი, პროსტატის აბსცესი) რეკომენდებულია სპეციალისტთან მიმართვა, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკები.[253]

  • ცხელება

    • პარაცეტამოლი რეკომენდებულია ცხელების სამართავად.[1]

  • ქავილი

    • ანტიჰისტამინი (მაგ. ლორატადინი) რეკომენდებულია გამონაყართან დაკავშირებული ქავილის სამკურნალოდ. ადგილობრივი აგენტები, როგორიცაა კალამინის ლოსიონი, ვაზელინი ან კოლოიდური შვრია, ასევე შეიძლება განიხილებოდეს.[1][249]

  • გულისრევა/ღებინება

    • შეიძლება მკურნალობა ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით (მაგ. ონდანსეტრონი, პრომეთაზინი).[1]

  • დიარეა

    • მართვა უნდა მიმდინარეობდეს კონსერვატიულად; პერისტალტიკის საწინააღმდეგო აგენტების გამოყენება, როგორც წესი, რეკომენდებული არ არის.[1]

  • დისპეპსია

    • შეიძლება მკურნალობა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (მაგ., ომეპრაზოლი).[1]

  • კვება

    • კვების და ჰიდრატაციის სტატუსი შეიძლება დაირღვეს პირხახის დაზიანების ან მტკივნეული კისრის ლიმფადენოპათიის გამო.[1]

    • ურჩიეთ პაციენტებს მიიღონ რბილი საკვები და საკმარისი რაოდენობით სითხეები. სითხის ინტრავენური გადასხმა შეიძლება საჭირო იყოს მძიმე ოდინოფაგიის შემთხვევებში.[254]

    • პაციენტებს ურჩიეთ ადეკვატური კვება და წყლის მიღება. თუ ეს შეუძლებელია, შეაფასეთ მიზეზი (მაგ. ტკივილი, გულისრევა, სისუსტე) და სათანადო მკურნალობა (მაგ., ანალგეზია, ღებინების საწინააღმდეგო საშუალება).[1]

    • დანიშნეთ A ვიტამინის დანამატი სტანდარტული რეკომენდაციების შესაბამისად, რადგან ეს ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და მხედველობის გაუმჯობესებას.[1]

  • ფსიქიკური ჯანმრთელობა

    • შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების დროული იდენტიფიცირება და შეფასება აუცილებელია, რათა დაიწყოთ ბაზისური ფსიქოსოციალური სტრატეგიები და პირველი რიგის ჩარევები ახლადგამოვლენილი შფოთვის და დეპრესიული სიმპტომების სამკურნალოდ (მაგ., თვითმართვის სტრატეგიები, ფსიქოლოგიური ან ფარმაკოლოგიური თერაპია).[1]

    • ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სტრატეგიები რეკომენდებულია ძილის პრობლემების მართვისთვის (მაგ., ძილის ჰიგიენის რჩევები).

რეკომენდებულია კონსერვატიული მიდგომა კანის დაზიანებების მართვისას, დისკომფორტის შემსუბუქების, შეხორცების დაჩქარებისა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, კანის დაზიანებების ოპტიმალური მართვის სტანდარტული გეგმა არ არსებობს.[1]

  • ურჩიეთ პაციენტებს, რომ არ მოიქავონ კანი და შეინარჩუნონ კანის დაზიანებები სუფთად (ანუ სტერილური წყლით ან ანტისეპტიკური ხსნარით გასუფთავება) და მშრალად. გამონაყარი არ უნდა იყოს დაფარული. თავი აარიდეთ პლასტირების გამოყენებას.

  • დააკვირდით დაზიანებებს მეორადი ბაქტერიული ინფექციის ნიშნებზე (მაგ., ერითემა, სითბო, ამობურცვა, ტკივილის გაუარესება, ჩირქოვანი ან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი, ცხელების რეციდივი) და, გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა მოწოდებულია შესაბამისი პერორალური ანტიბიოტიკებით.

    • გადაწყვეტილება ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების და ანტიბიოტიკის არჩევის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ კლინიკურ შეფასებას და ადგილობრივ ანტიმიკრობულ რეზისტენტობას. მიყევით ადგილობრივ პროტოკოლებს.

    • პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია რეკომენდებული არ არის. მეორადი კანის ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკების გამოყენების მტკიცებულებები არის მწირი და შეზღუდული.[7] ამის მიუხედავად, ზოგიერთ ცენტრს შეუძლია გამოიყენოს ადგილობრივი ანტიბიოტიკები პროფილაქტიკისთვის ცალკეულ პაციენტებში (მაგ., ანოგენიტალური რეგიონის დაზიანებები, იმუნოკომპრომისული სტატუსი).[255]

  • საავადმყოფოში მოთავსება შეიძლება საჭირო გახდეს მტკივნეული ან ინფიცირებული კანის ან ლორწოვანი გარსების მქონე პაციენტების მცირე ნაწილისთვის ტკივილის მართვის და/ან ანტიბიოტიკოთერაპიისთვის.[198] იხილეთ ქვემოთ.

  • რეკომენდებულია ჭრილობის სათანადო მოვლა და უნდა მოიცავდეს შემდეგ ზოგად პრინციპებს:[256]

    • გაიწმინდეთ ჭრილობები ნაზი საპნით და წყლით

    • შექმენით ჭრილობების შეხორცებისთვის ტენიანი გარემო (მაგ. წაისვით ტოპიკური ვაზელინი და/ან გამოიყენეთ ოკლუზიური არაწებოვანი სახვევები)

    • დაიცავით კანი დიდი ჭრილობის საზღვრებთან (მაგ. წაისვით თეთრი ვაზელინის, თუთიის ოქსიდის პასტის ან სილიკონის დამცავი საფარი).

  • განიხილეთ სპეციალისტთან მიმართვა, თუ არსებობს ექსფოლიაციის ან რბილი ქსოვილების უფრო ღრმა ინფექციის ეჭვი.

საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, კლინიკური მდგომარეობის გაუარესების დასაფიქსირებლად.[1]

  • შეატყობინეთ პაციენტებს გართულებების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო ჩარევას (მაგ., დაზიანებების გაუარესება ან რაოდენობრივი მატება, ტკივილის გაუარესება, პერსისტენტული ცხელება, კვების შემცირება, მხედველობის სიმპტომები, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, დაბნეულობა).

მძიმე ან გართულებული დაავადება, ან მძიმე დაავადების მაღალი რისკის მქონე პაციენტები

მძიმე დაავადების მქონე პაციენტებს, ან მათ, ვინც მძიმე დაავადების რისკის ქვეშ არიან, როგორც წესი, ჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია დამხმარე მოვლის და ანტივირუსული მკურნალობის მიზნით.

  • ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტი გადავა სპეციალიზებულ ცენტრში შემდგომი მოვლისთვის.

  • დამატებითი ინფორმაციისთვის პაციენტების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ მძიმე ან გართულებული დაავადების კრიტერიუმებს, ან მათთვის, ვინც მძიმე დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება, იხ.დიაგნოსტიკის მიდგომა.

პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია ტკივილისა და შეშუპების, ყლაპვის გაძნელების (ოდინოფაგია), თვალის დაზიანებების ან გართულებების (მაგ., ბაქტერიული სუპერინფექცია) სამართავად.[99][188][189][194][213][215][257][258]

  • 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების მონაცემები მიუთითებს, რომ შემთხვევების დაახლოებით 7%-დან 13%-მდე საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. 7000-ზე მეტი შემთხვევის მეტა-ანალიზმა დაადგინა, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 14.1% იყო; თუმცა, ეს ანალიზი მოიცავდა 2022 წლის ეპიდაფეთქებამდე დაფიქსირებულ შემთხვევებსაც. ჰოსპიტალიზაციის სიხშირე 2017 წლამდე იყო 49.8%, ხოლო 2022 წლის ეპიდაფეთქების დროს შემცირდა 5.8%-მდე.[259]

  • ჰოსპიტალიზაციის კლინიკური მიზეზები მოიცავს ძლიერ ტკივილს, მათ შორის ანორექტალურ ტკივილს და პროქტიტს, პენისის მძიმე შეშუპებას, ყაბზობას ან შარდის შეკავებას, რბილი ქსოვილების სუპერინფექციას, ფარინგიტს, რომელიც ზღუდავს საკვების მიღებას, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების არსებობას, დაზიანებებს, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას, ან თვალის დაზიანებებს.

  • ჰოსპიტალიზაციის ყველაზე ხშირი მიზეზებია:[260]

    • ბაქტერიული ცელულიტი ან აბსცესი მძიმე ტკივილით, განსაკუთრებით ტონზილების ან ანოგენიტალურ რეგიონებში (55.8%)

    • პირის ღრუს წყლულები (14.3%)

    • პროქტიტი (11.7%)

    • დისფაგია, თვალის ჩართულობა, ურეთრიტი, კოლიტი და რესპირატორული გართულებები (18.2%).

  • ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა უმრავლესობაში სერიოზული გართულებები არ დაფიქსირებულა. თუმცა, იშვიათი გართულებები, როგორიცაა ეპიგლოტიტი, ტონზილიტი, პერიტონზილარული ცელულიტი, ტონზილარული/პერიტონზილარული აბსცესი, პარაფიმოზი/ფიმოზი, ბალანიტი, პერიანალური/საზარდულის აბსცესი, სწორი ნაწლავის პერფორაცია, ურეთრიტი, ენცეფალიტი, პნევმონიტი და მიოკარდიტი იყო დაფიქსირებული. იხ. გართულებები.

მძიმე ან გართულებული დაავადების მქონე პაციენტები, ან მძიმე დაავადების ან გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები საავადმყოფოში უნდა მოთავსდნენ უფრო ახლო მონიტორინგისა და კლინიკური მოვლისთვის. მიყევით ადგილობრივ პროტოკოლებს.[1]

  • საჭიროა სასიცოცხლო ნიშნების, ნევროლოგიური მდგომარეობის, სითხის მოცულობის სტატუსის, რესპირატორული სისტემის და პერფუზიის ნიშნების მონიტორინგი.

  • ასევე აუცილებელია ლაბორატორიული მონაცემების მონიტორინგი, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზი, შარდოვანა და ელექტროლიტები და ღვიძლის ფუნქცია.

  • შეაფასეთ ტკივილი, ზოგადი მდგომარეობა, კვების სტატუსი და გამონაყარის მახასიათებლები (სტადია, მდებარეობა, დაზიანებების რაოდენობა, აქერცვლა ან მეორადი ბაქტერიული ინფექციების არსებობა).

  • საჭიროების შემთხვევაში ჩაატარეთ სიმპტომური მკურნალობა (იხილეთ ზემოთ მსუბუქი ან გაურთულებელი დაავადება).

მართეთ პაციენტები ოპტიმიზირებული დამხმარე მოვლის ჩარევებით. მიყევით ადგილობრივ პროტოკოლებს.[1]

  • ყურადღება მიაქციეთ სითხის ბალანსს, ოქსიგენაციას, კვებას, სიმპტომების შემსუბუქებას (იხილეთ ზემოთ მსუბუქი ან გაურთულებელი დაავადება), დამატებითი მეორადი ბაქტერიული ინფექციების სწრაფ მკურნალობას და გართულებების მართვას და გრძელვადიანი შედეგების პრევენციას.

  • ინტრავენური ან ძვალშიდა სითხეები, კეთდება როგორც ერთჯეარდი ან მრავალჯერადი ბოლუსი, სითხეზე რეაქციის მჭიდრო მონიტორინგით, რეკომენდებულია ინტრავასკულარული მოცულობის დაკარგვით გამოწვეული მძიმე დეჰიდრატაციის სამართავად.

  • შესაძლოა საჭირო გახდეს ზონდით კვება, თუ პაციენტი ვერ შეძლებს პერორალურად საკვების მიღებას.

  • შესაძლოა საჭირო გახდეს ფარმაკოლოგიური მკურნალობა, თუ პაციენტი აჟიტირებულია და საფრთხეს უქმნის თავის თავს, სხვა პაციენტებს ან სამედიცინო პერსონალს.

  • კონკრეტული ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა მართოთ გართულებები, იხ. გართულებები.

განიხილეთ ანტივირუსული თერაპია პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან მძიმე დაავადების რისკის ქვეშ ან მათში, ვისაც აღენიშნება ან უვითარდება მძიმე დაავადება.[1][138]

  • იხილეთ ანტივირუსული თერაპია ქვემოთ.

ანტივირუსული თერაპია

ჩუტყვავილას სამკურნალოდ შემუშავებულ ანტივირუსულ საშუალებებს (მაგ., ტეკოვირიმატი, ბრინციდოფოვირი, ციდოფოვირი) აქვთ აქტივობა მპოქსის წინააღმდეგ და მათი გამოყენება შეიძლება იყოს სასარგებლო.[231][261][262]​​

ანტივირუსული თერაპია რეკომენდებულია მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, მძიმე დაავადების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მათში, ვისაც აქვს ისეთი ანატომიური უბნების ჩართვა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, მოიცავს ნაწიბურების ან სტრიქტურების გამოვლენას (მაგ., ხახა, პენისის კანი, ვულვა, საშო, ურეთრა, სწორი ნაწლავი, ანუსი) ან მათში, ვისაც აქვს მძიმე ინფექციები (განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას, როგორიცაა ქირურგიული წმენდა). მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების ადრეულ ეტაპზე. თუმცა, არ არსებობს ადამიანებში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები, რომლებიც მხარს უჭერენ ანტივირუსული თერაპიის გამოყენებას ამ ჩვენებისთვის.[1][138]

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა შეიმუშავა მართვის ალგორითმი, რომელიც აღწერს შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებული მპოქსის მქონე პაციენტების თერაპიული მართვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.[263]

ტეკოვირიმატი (ორთოპოქსვირუსის VP37 გარსის ცილის ინჰიბიტორი) ზოგადად რეკომენდებულია, როგორც პირველი რიგის მკურნალობა.[138]

  • დამტკიცებულია დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში მპოქსის სამკურნალოდ. დიდ ბრიტანეთში, ის შეიძლება შესთავაზონ სიმპტომურ პაციენტებს, რომლებიც გადაიყვანეს საავადმყოფოში მძიმე ან გართულებული ინფექციით. მიწოდების მართვა ხდება ზრდასრულთა სპეციალიზებული რეგიონალური ინფექციური ცენტრების მეშვეობით.[264]

  • დამტკიცებულია აშშ-ში ყვავილის ვირუსისთვის, მაგრამ შეიძლება გამოიყენოთ მპოქსის ეპიდაფეთქების დროს ახალი საკვლევი მედიკამენტის სტატუსით.

ალტერნატიული ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც შეიძლება დამტკიცებული ან რეკომენდებული იყოს ყვავილისთვის, მოიცავს ბრინციდოფოვირს (ორთოპოქსვირუსის ნუკლეოტიდის ანალოგი დნმ პოლიმერაზას ინჰიბიტორი და ციდოფოვირის პროპრეპარატი), ციდოფოვირს (ნუკლეოტიდის ანალოგი ანტივირუსული მოქმედებით პოქსვირუსების საწინააღმდეგოდ) ან ვაქცინიის იმუნოგლობულინს (იხ. ახალი მედიკამენტები).

  • ბრინციდოფოვირს ევროპაში მიენიჭა "ობოლი" წამლის სტატუსი ყვავილის ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობის სამკურნალოდ. დამტკიცებულია შეერთებულ შტატებში ყვავილის ვირუსის სამკურნალოდ, მაგრამ ასევე ხელმისაწვდომია მპოქსის სამკურნალოდ შერჩეულ პაციენტებში აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული ერთჯერადი საკვლევი ახალი მედიკამენტის პროტოკოლით.[138]

  • ციდოფოვირი დამტკიცებულია შეერთებულ შტატებში ციტომეგალოვირუსული რეტინიტისთვის შიდსით დაავადებულ პაციენტებში, მაგრამ ის შეიძლება განიხილებოდეს გამოსაყენებლად მძიმე მპოქსის მქონე პაციენტებში.[138]

ზოგიერთ ქვეყანაში ეს ალტერნატიული აგენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას მპოქსისთვის ეტიკეტის გარეშე, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებების შესაბამისად.

  • აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები გვირჩევს, რომ ეს მეთოდები შეიძლება ჩაითვალოს დანამატად ან ალტერნატიულ თერაპიად:[138]

    • მძიმე დაავადების მქონე პაციენტები, ან რომლებიც იმყოფებიან მძიმე დაავადების პროგრესირების მაღალი რისკის ქვეშ, საწყის ეტაპებზე

    • პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების კლინიკურად მნიშვნელოვანი პროგრესირება ტეკოვირიმატზე, ან რომლებსაც სიმპტომები უმძიმდებათ ტეკოვირამატის ფონზე გაუმჯობესების საწყისი პერიოდის შემდეგ

    • მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები

    • პაციენტები, რომლებისთვისაც არსებობს რისკი ტეკოვირიმატის რეზისტენტობის განვითარების შესახებ

    • პაციენტები, რომლებსაც აქვთ ალერგია ტეკოვირიმატის მიმართ, ან რომლებსაც სხვა მიზეზით არ შეუძლიათ ტეკოვირიმატის მიღება.

  • გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ ინდივიდუალურად, კლინიკურ და სხვა პარამეტრებზე დაყრდნობით.

ლაბორატორიულად დადასტურებული ტეკოვირიმატის რეზისტენტობის შემთხვევები დაფიქსირდა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტეკოვირიმატის მრავალჯერადი ან ხანგრძლივ კურსს.[265][266]​ განიხილეთ დაზიანებიდან აღებული ნაცხის ნიმუშების ტესტირება ტეკოვირიმატის რეზისტენტობისთვის და პლაზმის ფარმაკოკინეტიკური ნიმუშის აღება (შესამოწმებლად, არის თუ არა პრეპარატის დონე სამიზნე კონცენტრაციაზე დაბალი) ნებისმიერი პაციენტისთვის, რომელსაც აქვს პერსისტენტული ან ახლად წარმოქმნილი დაზიანებები მკურნალობის დაწყებიდან 14 დღის შემდეგ.[267]

მკურნალობის შემდგომი დაზიანებები დაფიქსირდა ტეკოვირიმატის დაწყების შემდეგ (ანუ, კანის ან ლორწოვანი გარსების ახალი დაზიანებების გაჩენა პაციენტში სავარაუდო ან დადასტურებული მპოქსით, რომელიც წარმოიქმნება რეკომენდებული 14-დღიანი მკურნალობის კურსის დასრულებიდან ≤30 დღის შემდეგ და საწყისი მდგომარეობის გაუმჯობესების ან ალაგების შემდეგ). საჭიროა დამატებითი კვლევები ამ ახალი დაზიანებების ეტიოლოგიის გასაგებად.[268]

​ანტივირუსული თერაპიის გამოყენების მხარდამჭერი მტკიცებულებები შეზღუდულია. არ არსებობს რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების მონაცემები ანტივირუსული საშუალებების გამოყენების მხარდასაჭერად. კოქრეინის ერთმა მიმოხილვამ არ აღმოაჩინა რაიმე მტკიცებულება რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევებიდან ამ პრეპარატების უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით, თუმცა ტეკოვირიმატის კვლევები გრძელდება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.[269]

  • ტეკოვირიმატი

    • მიზნობრივი ეფექტურობა დადასტურდა ცხოველებზე ჩატარებული ორი სამოდელო კვლევით ორთოპოქსოვირუსების გამოტენებით, უსაფრთხოება კი დადასტურდა კლინიკური კვლევის მე-3 ფაზით, რომელშიც 359 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა.[270][271]​​

    • ადამიანებში მპოქსის წინააღმდეგ მიზნობრივი ეფექტურობის მონაცემები მხოლოდ შემთხვევათა მოხსნებებშია ხელმისაწვდომი.[272][273][274][275][276][277][278]​​​​​​​​​​​​[279]

    • უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები ორსული ან მეძუძური ქალებისა და ბავშვებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ორსულ ქალებში ტეკოვირიმატის გამოყენების რეკომენდაცია ეფუძნება ცხოველთა კვლევებს, სადაც არ დაფიქსირებულა ემბრიონის-ნაყოფის განვითარების ტოქსიკურობა.[119][122]

    • ტეკოვირიმატით ადრეული მკურნალობა შეიძლება დაგვეხმაროს ტკივილის კონტროლში მძიმე პროქტიტის მქონე პაციენტებში.[251] თუმცა, ამ ვარაუდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

    • რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები შემუშავების პროცესშია ან მიმდინარეობს (მაგ., ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული STOMP კვლევა) და პაციენტებს უნდა ვურჩიოთ კვლევებში ჩართვა, როცა ეს შესაძლებელია.[280][281][282][283]​​​​​​​

    • როგორც ჩანს, აივ-ის სტატუსი არ ახდენს გავლენას ტეკოვირიმატით მკურნალობის შედეგებზე.[284][285]

    • ​კოქრეინის ერთმა მიმოხილვამ აღმოაჩინა ძალიან დაბალი სიზუსტის მტკიცებულება არარანდომიზებული კვლევებიდან, რომლის მიხედვითაც ტეკოვირიმატს სერიოზული პრობლემები უსაფრთხოების კუთხით არ ახასიათებს.[269]

  • ბრინციდოფოვირი

    • არ არსებობს მონაცემები ბრინციდოფოვირის ეფექტურობის შესახებ ადამიანებში მპოქსის სამკურნალოდ.

    • კოქრეინის ერთმა მიმოხილვამ აღმოაჩინა ძალიან დაბალი სიზუსტის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ბრინციდოფოვირის ფონზე ღვიძლის დაზიანების სიგნალზე.[269]

  • ციდოფოვირი

    • ინ ვიტრო და მაკაკებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ციდოფოვირს გარკვეული სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მპოქსის წინააღმდეგ.[286][287] თუმცა, მწირია ხელმისაწვდომი მონაცემები ციდოფოვირის ეფექტურობის შესახებ ადამიანებში მპოქსის შემთხვევების სამკურნალოდ.[288][289][290][291]​​​​​[292]​​

ეს მედიკამენტები შეიძლება მარაგში იყოს ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ჯერ არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი.

  • სასურველია ანტივირუსული საშუალებების გამოყენება ეფუძნებოდეს რანდომიზებული კლინიკური კვლევების ფარგლებში მიღებულ სტანდარტიზებულ მონაცემებს. თუ ეს შეუძლებელია, ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია გაფართოებული წვდომის პროტოკოლების გამოყენებით.[1]

  • ანტივირუსული თერაპიების გაიდლაინების გასაცნობად მიმართეთ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებს.

იზოლაციის სიფრთხილის ზომების შეწყვეტა და გაწერა

იზოლაციის სიფრთხილის ზომების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა პაციენტი ჰოსპიტალიზებული ან თვითიზოლაციაში საყოფაცხოვრებო გარემოში. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოსთან კონსულტაციით.[246]

  • ზოგადად, სიფრთხილის ზომების მიღება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა დაზიანება არ გაქრება და კანის ახალი ფენა არ ჩამოყალიბდება.

  • ზედა სასუნთქი გზებიდან ვირუსის გამოყოფის გახანგრძლივება და ვირემია კანის დაზიანების ალაგების შემდეგ დაფიქსირდა პაციენტთა მცირე რაოდენობაში, რაც იწვევს საავადმყოფოში გახანგრძლივებულ იზოლაციას.[272]

ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო რეკომენდაციას იძლევა, რომ იზოლაციის ზომები დასაშვებია დასრულდეს, როდესაც დაკმაყოფილდება შემდეგი კრიტერიუმები:[293]

  • კლინიკური კრიტერიუმები: პაციენტის კლინიკური შეფასების მიხედვით, დეიზოლაცია უსაფრთხოა. გადაწყვეტილება ეფუძნება პაციენტის კლინიკური გუნდის მოსაზრებებს.

  • ლაბორატორიული კრიტერიუმები: პაციენტი უარყოფითია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით სამივე ნიმუშზე:

    • შარდის

    • ხახის ნაცხი

    • ეთილენ-დიამინ-ტეტრააცეტატის მჟავის (EDTA) შემცველი სისხლი (EDTA) (დასაშვებია EDTA სისხლის არ გაგზავნა, თუ ადრე არ იყო გამოგზავნილი ნიმუში, რადგან პაციენტი კარგად გრძნობდა თავს ჰოსპიტალიზაციის განმავლობაში)

  • დაზიანების კრიტერიუმები: ბოლო 48 საათის განმავლობაში ახალი დაზიანებები არ გამოვლენილა; არ ვლინდება დაზიანებები ლორწოვან გარსებზე; ფუფხები დაზიანებებიდან ჩამოვარდა და ქვეშ ახალი კანი რჩება.

პაციენტების გაწერა შესაძლებელია იზოლირებული დაწესებულებიდან/პალატიდან სხვა საავადმყოფოს პალატაში, სხვა სტაციონარულ დაწესებულებაში ან საცხოვრებელ დაწესებულებაში (მაგ., მოხუცთა საცხოვრელებში) მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკური, ლაბორატორიული და დაზიანების კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პაციენტებს შეუძლიათ გადავიდნენ სახლში, მუდმივი იზოლაციის საჭიროების გარეშე. პაციენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ კლინიკურ კრიტერიუმებს, მაგრამ არ აკმაყოფილებენ არც ლაბორატორიულ და არც დაზიანების კრიტერიუმებს, შეიძლება გაწერონ სახლში იზოლაციის გასაგრძელებლად (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამჟამინდელი რეგულაციების მიხედვით), სადაც ეს უსაფრთხოა, ექიმის შეფასების საფუძველზე.

საყოფაცხოვრებო პირობებში დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო რეკომენდაციას უწევს თვითიზოლაციის შეწყვეტას ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ:[293]

  • კლინიკური კრიტერიუმები: პაციენტი შეფასდა ტელეფონით ან ვიდეო ზარით და ცხელება არ ფიქსირდება 72 საათის განმავლობაში. პაციენტი თავს კარგად გრძნობს

  • დაზიანების კრიტერიუმები: ბოლო 48 საათის განმავლობაში ახალი დაზიანებები არ გამოვლენილა; ყველა დაზიანებას ფუფხი აქვს; ხილულ კანზე (სახე, ხელები, ფეხები) დაზიანებებს ქერქი გაუკეთდა, ქერქი მოძვრა და ქვეშ ახალი კანია ჩამოყალიბებული; სხვა არეებში არსებული დაზიანებები შეიძლება დაფარული იყოს მაშინ, როცა პაციენტი გარეთაა ან სახლის პირობებში კონტაქტი აქვს სხვა ადამიანებთან.

პაციენტს შეუძლია გააგრძელოს სრულიად ნორმალური ცხოვრება შეზღუდვების გარეშე (სრული დეიზოლაცია), როდესაც ისინი აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ კლინიკურ კრიტერიუმებს და დაზიანების შემდეგ კრიტერიუმებს:[293]

  • ახალი დაზიანებები არ არის გამოვლენილი 48 საათის განმავლობაში

  • ლორწოვან გარსზე დაზიანებები არ ფიქსირდება

  • ყველა დაზიანებამ (კანის ხილულ და დაფარულ ნაწილებში) გაიკეთა ფუფხი, ქერქები მოძვრა და ქვეშ ახალი კანია წარმოქმნილი.

ურჩიეთ პაციენტებს, მოერიდონ ახლო კონტაქტს იმუნოკომპრომისულ ადამიანებთან, ორსულ ქალებთან და 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან, სანამ ისინი არ დააკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ სრულ დეიზოლაციის კრიტერიუმებს (ეს შეიძლება მოიცავდეს ბიულეტინზე გასვლას, თუ მათი სამუშაო მოითხოვს ახლო კონტაქტს რომელიმე ამ ჯგუფთან).

ბავშვები და მოზარდები

განიხილეთ მკურნალობა ინდივიდუალურ შემთხვევებში ბავშვებსა და მოზარდებში შესაძლო ან დადასტურებული მპოქსით, რომლებსაც ემუქრებათ მძიმე დაავადება ან უვითარდებათ გართულებები. ანტივირუსული მკურნალობა შეიძლება განიხილოთ 6 თვემდე ასაკის ბავშვებში (თქვენი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოსთან კონსულტაციით), რადგან გაურკვეველია შეიძლება თუ არა მცირეწლოვან ბავშვებს უფრო მძიმე დაავადება განუვითარდეთ. მართვა ზოგადად იგივეა, რაც ზრდასრულებში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.[119]

  • გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი, მოვლის საჭიროებები და ოჯახისა და მომვლელის პრეფერენციები იზოლაციისა და ინფექციის კონტროლისთვის ბავშვებში, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. შეზღუდეთ მომვლელთა რაოდენობა ერთი ადამიანით, როდესაც ეს შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, ბავშვი საავადმყოფოშია თუ სახლში.

  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის დაზიანებების დაფარვას. ბავშვებმა არ უნდა მოიქავონ დაზიანებები და შეეხონ თვალებს, რადგან შეიძლება აუტოინაკულაცია და უფრო მძიმე დაავადების გამოწვევა.

  • ტეკოვირიმატი ასევე არის რეკომენდებული პირველი რიგის ანტივირუსული საშუალება ბავშვებში და მოზარდებში, თუ ნაჩვენებია მკურნალობა. თუმცა, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები მწირია და კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა პედიატრიულ პოპულაციაში. ალტერნატიული ანტივირუსული საშუალებები (მაგ., ციდოფოვირი, ბრინციდოფოვირი) გადანახულია უჩვეულო გარემოებებისთვის (მაგ. ძალიან მძიმე ინფექციები, დაავადების პროგრესირება ტეკოვირიმატით მკურნალობის მიუხედავად, ტეკოვირიმატი უკუნაჩვენებია ან მიუწვდომელია) მათი პოტენციური ტოქსიკურობის გამო.

ორსული ან მეძუძური ქალები

მიანიჭეთ პრიორიტეტი ორსული (ან ახლახანს ნამშობიარები) და მეძუძური ქალების მკურნალობას, ორსულობის დროს მძიმე დაავადების სავარაუდო მომატებული რისკისა და ნაყოფზე ან ახალშობილზე გადაცემის რისკის გამო.[122]

  • განიხილეთ პაციენტთან მკურნალობის რისკები და სარგებელი ერთობლივი გადაწყვეტილების მისაღებად.

  • ყურადღებით დააკვირდით პაციენტს მძიმე დაავადებისა და ორსულობის გართულებების დასაფიქსირებლად.

  • არ არის რეკომენდებული პირდაპირი კონტაქტი იზოლირებულ პაციენტსა და ახალშობილს შორის. რეკომენდირებულია განცალკევება; თუმცა, თუ პაციენტი ირჩევს ახალშობილთან კონტაქტს ინფექციურ პერიოდში, უნდა იქნას მიღებული მკაცრი სიფრთხილის ზომები (მაგ., კანთან კონტაქტის გარეშე; ხელთათმანების, ხალათისა და ნიღბის ტარება).

  • უცნობია, გადადის თუ არა მაიმუნის ვირუსი დედის რძეში. თუმცა, მპოქსი ვრცელდება ახლო კონტაქტით და ამიტომ ძუძუთი კვება უნდა გადაიდოს იზოლაციის შეწყვეტის კრიტერიუმების დაკმაყოფილებამდე.

ორსულებს (ან ახლახანს ნამშობიარებ ქალებს) მსუბუქი ან გაურთულებელი დაავადებით შეიძლება არ დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია; თუმცა, შეიძლება სასურველი იყოს ახლო მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულებაში. რეკომენდებულია მძიმე ან გართულებული დაავადების მქონე ორსული ქალების მიღება ჯანდაცვის დაწესებულებაში ოპტიმიზირებული დამხმარე ზრუნვისა და/ან ჩარევებისთვის დედისა და ნაყოფის გადარჩენის გასაუმჯობესებლად.[1]

  • მშობიარობის მეთოდი უნდა იყოს ინდივიდუალური, კლინიკური ჩვენებებისა და ქალის არჩევანის გათვალისწინებით. მშობიარობის ინდუქცია და საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით, დედისა და ნაყოფის მდგომარეობის გათვალისწინებით.

  • ახალშობილებს მჭიდროდ დააკვირდით პოტენციური თანდაყოლილი ინფექციის ან პერინატალური ექსპოზიციის რისკის გამო.

  • ამჟამად უცნობია, გადადის თუ არა ვირუსი ან ანტისხეულები ინფიცირებული დედისგან რძეში. ჩვილის კვების პრაქტიკა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, დედის ფიზიკური მდგომარეობისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.

  • დედებისთვის რეკომენდებულია ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ზოგადი ზომების მიღება ჩვილებთან კონტაქტის და კვების დროს (მაგ. ხელის ჰიგიენა, ნიღბის ტარება, თუ ეს შესაძლებელია, ნებისმიერი დაზიანებების დაფარვა, რომელსაც აქვს უშუალო კონტაქტი ჩვილთან).

ანტივირუსული თერაპია სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში (ან ახლახანს ნამშობიარებ ქალებში) და მეძუძურ ქალებში და მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს ხელმძღვანელობით, ამ ჯგუფებში მწირი მონაცემების არსებობის გამო.

  • ტეკოვირიმატი რეკომენდებულია პირველი რიგის პრეპარატის სახით ორსულებში (ან ახლად ნამშობიარებ ქალებში) და მეძუძურ ქალებში, თუ მკურნალობა ნაჩვენებია. თუმცა, არსებობს მონაცემები მწირია ადამიანებში გამოყენების შესახებ ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს და რეკომენდაცია ეფუძნება ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს (ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ დაფიქსირებულა ემბრიონ-ნაყოფის განვითარების ტოქსიკურობა).[122]​ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ორსული ქალი იღებდა ტეკოვირიმატს მესამე ტრიმესტრში. არ იყო დაფიქსირებული დედისა და ახალშობილის გართულებები და არ იყო მტკიცებულება ახალშობილთა ინფექციის შესახებ.[294]

  • ციდოფოვირის და ბრინციდოფოვირის ფონზე ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა ტერატოგენურობა , ამიტომ ეს პრეპარატები არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პირველ ტრიმესტრში ან მეძუძურ ქალებში.[122]

არსებობს ორსულების მართვის დამატებითი გაიდლაინები.[295][296]

შესუსტებული იმუნიტეტით

აივ-თან ასოცირებული იმუნოსუპრესიის მქონე ადამიანებს, აივ-ით დაავადებულებს, რომლებიც არ არიან ვირუსოლოგიურად დათრგუნული და ადამიანებს, რომლებიც იმუნოდეფიციტურები არიან სხვა მიზეზების გამო ან იყენებენ იმუნოსუპრესიულ აგენტებს, შეიძლება ჰქონდეთ მძიმე გახანგრძლივებული დაავადების რისკი (განსაკუთრებით მძიმედ დაქვეითებული იმუნოდეფიციტის მქონე პირებში, მაგ., CD4 რაოდენობა ≤ 350 უჯრედი/მიკროლიტრი). ამ პაციენტებში პრიორიტეტულია მკურნალობა და ახლო მონიტორინგი.[33][34]

  • ​​ მძიმე გართულებები უფრო ხშირი იყო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CD4 რაოდენობა <100 უჯრედი/მიკროლიტრი, ვიდრე პაციენტებში CD4 რაოდენობით <300 უჯრედი/მიკროლიტრი, და მოიცავდა კანის ნეკროზულ დაზიანებებს, ფილტვების დისფუნქციას, მეორად ინფექციებს და სეფსისს. სიკვდილის ყველა შემთხვევა დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CD4 რაოდენობა <200 უჯრედი/მიკროლიტრი, და უმეტესობა დაფიქსირდა აივ ვირუსის მაღალი დატვირთვის მქონე პაციენტებში.[135]

იმუნური ფუნქციის ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში. თუ ეს შესაძლებელია, გადადეთ ქიმიოთერაპია ან იმუნოთერაპია მკურნალობის დროს. არ არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს ან უარყოფს იმუნომოდულატორების გამოყენებას მპოქსის მქონე პაციენტებში. თუმცა, ცხოველების მოდელების მონაცემებით, კორტიკოსტეროიდები დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან და შესაძლოა სიკვდილთან ორთოპოქსივირუსით ინფიცირებულ ცხოველებში. გამოიყენეთ სისტემური იმუნომოდულატორები (კორტიკოსტეროიდების ჩათვლით) სიფრთხილით, ან შეამცირეთ მათი გამოყენება, თუ ეს შესაძლებელია, შეაფასეთ მათი გამოყენების რისკი და სარგებელი.[263]

აივ-ის მქონე პაციენტებში:[33][34]

  • გააგრძელეთ (ან დაიწყეთ/განაახლეთ) ანტირეტროვირუსული თერაპია და ოპორტუნისტული ინფექციის პროფილაქტიკა მპოქსის მართვის პარალელურად, რადგან მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ვირემია, რამაც შეიძლება გაართულოს დაავადების მიმდინარეობა. თუ პაციენტი იღებს ანტირეტროვირუსულ თერაპიას ექსპოზიციამდე ან შემდგომი პროფილაქტიკის მიზნით, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს.

  • ყოველთვის შეამოწმეთ წამალთშორისი ურთიერთქმედებები ანტივირუსულ მედიკამენტებს შორის როცა მკურნალობთ მპოქსს და მიმდინარეობს ანტირეტროვირუსული თერაპია (ან სხვა თერაპია) აივ ინფექციის გამო.

  • აუცილებელია ვირუსული დატვირთვისა და CD4 უჯრედების რაოდენობის მონიტორინგი მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების მიზნით. შემთხვევების სერიამ აჩვენა, რომ ამ პარამეტრების ცვლილებები შესაძლებელია ინფექციის დროს.[297]

ტეკოვირიმატი რეკომენდებულია პირველი რიგის მკურნალობის სახით იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, თუ ნაჩვენებია მკურნალობა (მაგ., შორსწასული ან ცუდად კონტროლირებადი აივ). დაიწყეთ მკურნალობა რაც შეიძლება მალე და განიხილეთ მკურნალობის კურსის გახანგრძლივება სტანდარტული 14-დღიანი კურსის შემდეგ ყოველდღიური შეფასებით. სხვა თერაპიული საშუალებების დამატება (მაგ., ციდოფოვირი, ბრინციდოფოვირი, ვაქცინიის იმუნოგლობულინი) შეიძლება განიხილებოდეს მათთვის, ვინც არ უმჯობესდება ან პროგრესირებს ტეკოვირიმატთან ერთად.[33][34][298]​ კომბინირებული თერაპია შეიძლება განიხილოთ მძიმე დაავადებისთვის პირველი სამედიცინო შეფასებისას (თქვენს ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ორგანოსთან ან მპოქსის მართვის ექსპერტთან კონსულტაციით).[298]

ბრიტანეთის აივ-ის ასოციაცია ამჟამად არ გირჩევთ რაიმე კონკრეტულ ქმედებებს აივ ინფექციით დაავადებული ადამიანებისთვის, კლინიკური პრეზენტაციისა და ექსპოზიციის ისტორიის გათვალისწინების მიღემა (გარდა ვაქცინის ჩვენებებისა). ადამიანები, რომლებსაც აქვთ CD4 რაოდენობა <200 უჯრედი/მიკროლიტრი, მუდმივი ვირემია (მაგ., >200 ასლი/მლ), ბოლოდროინდელი აივ-თან დაკავშირებული დაავადება, ან თანმხლები მდგომარეობები ან მიმდინარეობს მკურნალობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმუნოსუპრესია, შესაძლოა იყვნენ ინფექციისა და გართულებების მაღალი რისკის ქვეშ. ამ პაციენტებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ სპეციალისტთან განხილვისთვის.[158]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას