მიდგომა

საბოლოო დიაგნოზი შეიძლება დაისვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია კლინიკური შემთხვევის შესაბამისი განმარტება და დიაგნოზი დადასტურებულია ლაბორატორიული ტესტირებით.

თუ პაციენტი რომელიმე ეპიდემიოლოგიურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და აქვს დამახასიათებელი გამონაყარი, რეკომენდებულია ეჭვის მაღალი ხარისხის ქონა. ვინაიდან კლინიკური სურათი შეიძლება იყოს ატიპიური, დიფერენციალურ დიაგნოზად უნდა ჩაითვალოს მპოქსი, როდესაც პაციენტს აღენიშნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით გამოწვეული ან მსგავსი გამონაყარი, მაშინაც კი, თუ გამონაყარი ლოკალიზებულია და (ჯერ) არ არის გავრცელებული.

მპოქსი შეტყობინებადი დაავადებაა და ერთი შემთხვევა ითვლება ეპიდაფეთქებად. დაუყონებლივ შეატყობინეთ შესაძლო შემთხვევების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ან ადგილობრივ ორგანოებს, იმისდა მიუხედავად, თქვენ იკვლევთ თუ არა სხვა პოტენციურ დიაგნოზებს.

სკრინინგი და ტრიაჟი

შესაძლო ან დადასტურებული ინფექციის გამოსავლენად, ჩაატარეთ სკრინინგი და ტრიაჟი ჯანდაცვის სისტემასთან შეხების პირველივე შემთხვევაში ყველა ადამიანისთვის, ვისაც აღენიშნება გამონაყარი და ცხელება ან ლიმფადენოპათია.[1]

  • გამოიყენეთ გამარტივებული კითხვარი და სკრინინგის პროტოკოლი, რომელიც ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შემთხვევის განმარტებას (და ადაპტირებულია ადგილობრივი ეპიდემიოლოგიის მიხედვით).

  • ჩაატარეთ სკრინინგი პაციენტისგან სულ მცირე 1 მეტრის დისტანციის დაცვით, მისი შეხების გარეშე. სკრინინგი შეიძლება განხორციელდეს ტელემედიცინის გამოყენებით გარკვეულ სიტუაციებში, ადგილობრივი რესურსების მიხედვით.

  • დაუყოვნებლივ მიიღეთ პაციენტი შესაბამის დეპარტამენტში თუ მას აქვს სიმპტომები, რომლებიც შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებას შეესაბამება. მიეცით პაციენტს კარგად მორგებული სამედიცინო ნიღაბი და მოათავსეთ ისინი კარგი ვენტილაციის მქონე ცალკე ოთახში.

  • შესაძლო ინფექციის მქონე პაციენტების ტრიაჟი სტანდარტიზებული ინსტრუმენტით უნდა მოხდეს.

ინფექციის პრევენცია და კონტროლი

დაუყონებლივ დაუკავშირდით თქვენს რეგიონალურ ინფექციურ განყოფილებას, თუ არსებობს ინფექციაზე კლინიკური ეჭვი.

  • ეს ქმედება აღძრავს პროცედურებს, რაც უარყოფითი წნევის იზოლირებულ დაწესებულებაში პაციენტის უსაფრთხოდ გადაყვანას და შემთხვევის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გუნდის წევრების ინფორმირებას მოიცავს.

  • მნიშვნელოვანია სიმპტომურ პაციენტთან ახლო კონტაქტის მქონე პირებისა (ოჯახის წევრები, დამხმარე სამედიცინო პერსონალი) და დაავადების შესაძლო გადამტანი ცხოველების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა.

  • პოტენციურად კრიტიკული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ყველა შესაძლო შემთხვევა უნდა მართონ ექსპერტებმა, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლებმა.

დაიცავით თქვენი ადგილობრივი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლები.[1]

  • რეკომენდებულია სტანდარტული, კონტაქტური და წვეთოვანი სიფრთხილის ზომების მიღება.

  • აეროგენული სიფრთხილის ზომები რეკომენდებულია როცა მპოქსის შესაძლო შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ეჭვი ჩუტყვავილაზეც გვაქვს და ჯერ ეს დიაგნოზი არ გამორიცხულა. რესპირატორები რეკომენდებულია დადასტურებული მპოქსის მქონე პაციენტებზე ზრუნვისას. აეროგენული ზომების მიღება რეკომენდებულია თუ ტარდება აეროზოლის წარმომქმნელი პროცედურები.

  • ჩათვალეთ, რომ ყველა დაბინძურებული მასალა (მაგ., თეთრეული, საავადმყოფოს ტანსაცმელი) და ბიოლოგიური სითხეები/მყარი ნარჩენები, არის ინფექციური.

იდეალურ შემთხვევაში, ყველა პროფესიონალი, რომელიც კავშირშია პაციენტთან, ბიოლოგიურ სითხეებთან ან ფომიტებთან, უნდა იყოს აცრილი ყვავილის ვაქცინით.

  • ექსპოზიციის შემდგომი ვაქცინაცია შეიძლება რეკომენდებული იყოს აუცრელი კონტაქტისთვის, (იხილეთ პრევენცია).

  • თუ შესაძლებელია, ორსული პერსონალი ან იმუკოკომპრომისული პერსონალი არ უნდა იყოს ჩართული შესაძლო ან დადასტურებული შემთხვევების მოვლაში.[181]

ანამნეზი

განიხილეთ ეს დიაგნოზი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აუხსნელი მწვავე გამონაყარი, განსაკუთრებით თუ პაციენტი აკმაყოფილებს ეპიდემიოლოგიურ კრიტერიუმებს სიმპტომების დაწყებამდე 21 დღის პერიოდში.

  • ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმებია:[108][182][183]

    • ახლო წარსულში მოგზაურობა ენდემურ ქვეყანაში (ან ქვეყანაში მიმდინარე ეპიდაფეთქებით)

    • კონტაქტი შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან (ან დაბინძურებულ მასალასთან)

    • ინტიმური ფიზიკური კონტაქტი (მათ შორის სექსუალური კონტაქტი) ადამიანებთან იმ დემოგრაფიულ ჯგუფებში, რომლებშიც ამჟამად მიმდინარეობს მპოქსის ეპიდაფეთქება (მაგ. მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან [MSM]), ან მრავალჯერადი და/ან შემთხვევითი სექსუალური პარტნიორები.

    • აფრიკაში ენდემურ ცხოველებთან ან ეგზოტიკურ შინაურ ცხოველებთან (ცოცხალი ან მკვდარი) და მათ მასალებთან კონტაქტი.

  • ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმები და შემთხვევების განსაზღვრება განსხვავდება რეგიონებს შორის. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებებს. შემთხვევის განსაზღვრება, იხ. კრიტერიუმები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა მამაკაცი, რომელსაც სექსი აქვს მამაკაცებთან (მაღალი რისკის ჯგუფი), არ იქნება მზად გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია.[184]

აუცილებელია ყველა სქესობრივად აქტიური ზრდასრულისა და მოზარდის აივ-სტატუსის განსაზღვრა, რადგან აივ-თან ასოცირებული იმუნოკომპრომისის მქონე პაციენტები მძიმე მიმდინარეობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.[185]

კლინიკური გამოვლინება

ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში (დიაპაზონი 1-დან 21 დღემდე), პაციენტს, როგორც წესი, არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი და შეიძლება ამბობდეს, რომ თავს კარგად გრძნობს. ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში ვირუსი არ არის გადამდები. პაციენტებს, როგორც წესი, უვითარდებათ პროდრომული ფაზა გამონაყარის/დაზიანების გამოჩენამდე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 5 დღემდე. თუმცა, სისტემური სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის გაჩენის შემდეგ და ზოგიერთ პაციენტს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს სიმპტომები.[186][187][188][189]

ხშირი სიმპტომებია:[1][89][186]

  • გამონაყარი/დაზიანებები

  • ანორექტული სიმპტომები

  • ცხელება

  • შეციება

  • ლიმფადენოპათია

  • დაღლილობა/ასთენია/სისუსტე

  • მიალგია

  • თავის ტკივილი

  • ყელის ტკივილი

  • ზურგის ტკივილი

  • ხველა

  • გულისრევა/ღებინება.

ნაკლებად ხშირი სიმპტომებია:[1][89]

  • დიარეა

  • დელირიუმი/დაბნეულობა

  • გულყრები.

მიუხედავად იმისა, რომ კანის დაზიანებები რჩება ტიპიურ სიმპტომად, მათი ანატომიური განაწილება განსხვავებული იყო 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს. გენიტალური გამოვლინებები უფრო ხშირი იყო წარსულში დაფიქსირებულ ეპიდემიებთან შედარებით. ანორექტალური სიმპტომები უნიკალური იყო ამ ეპიდაფეთქებისთვის და ადრე არ იყო აღწერილი.[29][55]

  • კანზე გამონაყარი/დაზიანებები (95%), ცხელება (58%) და ლიმფადენოპათია (53%) იყო ყველაზე ხშირი სიმპტომები, ხოლო ანორექტალური ტკივილი/პროქტიტი დაფიქსირდა პაციენტების 18.5%-ში.[18]

  • 2022 წლის ეპიდაფეთქების დროს დაფიქსირდა ატიპიური გამოვლინებები, როგორიცაა მძიმე და ინტენსიური ანორექტალური ტკივილი (მათ შორის ძლიერი ტკივილი დეფეკაციის დროს), ტენეზმები, რექტალური სისხლდენა ან ჩირქოვანი ან სისხლიანი განავალი, რომელიც დაკავშირებულია პერიანალურ/რექტალურ დაზიანებებთან და პროქტიტთან. პროქტიტის მქონე პაციენტებს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ გამონაყარის ნიშნები.[186][187][188][190][191][192] სხვა ანალური სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ქავილს, სისხლდენას, წვას, შეშუპებას და ლორწოვან გამონადენს.[193]

  • მამაკაცები, რომლებსაც ჰქონდათ ანალური მიმღები სექსი, უფრო ხშირად უჩიოდნენ პროქტიტს, ვიდრე მამაკაცები, რომლებსაც არ ჰქონდათ მსგავსი ანამნეზი.[194]

  • ოტოლარინგოლოგიური გამოვლინებები (მაგ. თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ხველა, კისრის ლიმფადენოპათია) უფრო გავრცელებული იყო წინა ეპიდაფეთქებების დროს, ვიდრე 2022 წლის ეპიდაფეთქების დროს.[195]

პაციენტთა განსაკუთრებული პოპულაცია

  • ბავშვები და მოზარდები: კლინიკური სურათი ზრდასრულების მსგავსია.[119] მძიმე გართულებები აღინიშნა ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში.[120]

  • ორსული ქალები: კლინიკური გამოვლინება არაორსულების მსგავსია.[122]

  • იმუნოკომპრომისული პირები (მოიცავს შორსწასული ან უკონტროლი აივ ინფექციის მქონე პირებს): შეიძლება გამოვლინდეს ატიპიური მდგომარეობა ან უფრო მძიმე ავადმყოფობა (მაგ. სეფსისი, გავრცელებული გამონაყარი, ჰემორაგიული დაავადება, მრავლობითი გაერთიანებული დაზიანებები, ნეკროზული დაზიანებები, მძიმე ლიმფადენოპათია, რომელიც შეიძლება ობსტრუქციული იყოს, თვალის ან თვალის გარშემო ინფექციები, ფილტვების ჩართვა, ენცეფალიტი, მიოკარდიტი ან სხვა გართულებები, რომლებიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას).[33][34][196]​​ აივ-ით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ დიარეა, პერიანალური გამონაყარი/დაზიანებები, რექტალური ტკივილი, ანორექტალური აბსცესი, ფიმოზი, პნევმონია და უფრო მძიმე გამონაყარი.[132][197]

შემთხვევის განსაზღვრება შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებებს. შემთხვევის განსაზღვრება, იხ. კრიტერიუმები.

ფიზიკური გამოკვლევა

ინფექციის პირველი ნიშანი, როგორც წესი, არის გამონაყარი ან კანის დაზიანება/დაზიანებები. ფიზიკური გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი ან დაზიანებები, და შეიძლება ლიმფადენოპათიაც. საჭიროა კანის და ლორწოვანის სხვადასხვა არეში (მაგ. ანალური, ვაგინალური, ორალური, ნაზალური, ოფთალმოლოგიური) დეტალური გასინჯვა.[190] გასინჯვამ შეიძლება გამოავლინოს დაზიანებები, რომელთა შესახებაც პაციენტმა შეიძლება არ იცოდეს, ან შეიძლება საერთოდ არ გამოავლინოს დაზიანებები.

ტრადიციულად, პაციენტებს დამახასიათებელი გამონაყარი უვლინდებათ მწვავე ფებრილური ავადმყოფობის დაწყებიდან 1-3 დღის შემდეგ. როგორც წესი, გამონაყარი იწყება სახესა და სხეულზე და ცენტრიდან პერიფერიებისკენ ვრცელდება, ხელისგულებსა და ფეხისგულებზეც (შეიძლება წინ უსწრებდეს ოროფარინგული/ენაზე გამონაყარი, რომელიც 24 საათით ადრე ვლინდება მაგრამ ხშირად შეუმჩნევლად ალაგდება). დაზიანებები ერთდროულად პროგრესირებს და გადის ოთხ სტადიას - მაკულარული, პაპულარული, ბუშტუკოვანი და ვეზიკულური - თითოეული ეტაპი გრძელდება 1-დან 2 დღემდე, შემდეგ იქერქება და ალაგდება. დაზიანებები, როგორც წესი, 5-დან 10 მმ დიამეტრისაა, შეიძლება იყოს გამოყოფილი ან შერწყმული და შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე ცალი ან რამდენიმე ათასი. ვეზიკულები კარგად არის შემოფარგლული და ღრმად მდებარეობს დერმისში. გამონაყარი ჩვეულებრივ ქრება 2-დან 4 კვირამდე პერიოდში.[1][28][89]​​​​​​​[170][186]

2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს გამოვლინება იყო ატიპიური, გამონაყარი ძირითადად ანოგენიტალურ არეში ფიქსირდებოდა.[54] დაზიანებები, როგორც წესი, ლოკალიზებულია გენიტალურ, პერინეულ/პერიანალურ ან პირის გარშემო მიდამოებში და ხშირად არ ვრცელდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გადაცემა ხდება სქესობრივი აქტის დროს კონტაქტის შედეგად, და დაზიანებები შესაძლოა დაწყებული იყოს ინოკულაციის ადგილიდან.[68][186][198][199][200][201][202]​​ პირის ღრუსა და ხახის დაზიანებების მოჭარბება დაკავშირებულია ორალურ სექსთან, ხოლო დაზიანებების დიდი რაოდენობა პერიანალურ მიდამოში დაკავშირებულია ანალურ-მიმღებ სექსთან.[194]

2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების სხვა ატიპიური მახასიათებლებია:[68][186][188]​​​​​[203]

  • ვლინდება მხოლოდ რამდენიმე დაზიანება (ან თუნდაც მხოლოდ ერთი დაზიანება) კანზე და შეიძლება არ იყოს გავრცელებული

  • კანის დაზიანებების გარეშე ანალური ტკივილი და სისხლდენა

  • გამონაყარის ერთეულები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გვხვდება (ასინქრონული)

  • გამონაყარი ყოველთვის არ ჩნდება ხელისგულებსა და ფეხისგულებზე

  • დაზიანებების გამოჩენა პროდრომის წინ.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინდივიდუალური დაზიანებების სურათები (2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქება)UKHSA [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@65b91c2f

2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს, პაციენტთა უმეტესობას (64%) აღენიშნებოდა <10 დაზიანება, პაციენტების დაახლოებით 10%-ს აღენიშნებოდა მხოლოდ ერთი დაზიანება გენიტალურ არეში.[99]ზოგიერთ პაციენტს შეიძლება არ ჰქონდეს კანის/ლორწოვანის დაზიანება და გამოუვლინდეს მხოლოდ სისტემური ნიშნები/სიმპტომები დიაგნოზის დროს.[204]​ ატიპიური ერთჯერადი დაზიანებები შეიძლება წააგავდეს აბსცესებს და ღრმა ქსოვილის სხვა დაზიანებებს.[184] პაციენტთა დაახლოებით მესამედს აღენიშნებოდა დაზიანებები განვითარების სხვადასხვა სტადიაზე ერთი კვლევის მიხედვით.[188]

​2022 წლის გლობალურ ეპიდაფეთქებაში დაზიანებების ყველაზე გავრცელებული ტიპი იყო ანოგენიტალური დაზიანებები (66%). პირის ღრუს დაზიანებები გვხვდებოდა პაციენტების 21%-ში.[18]​ პირის ღრუს დაზიანებები შეიძლება შეინიშნოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ტუჩებზე, ენაზე და, ყველაზე ხშირად, ტონზილებზე. დაზიანებები ასევე დაფიქსირებულია საყლაპავ მილში.[205][206]​​​ იშვიათად შეიძლება დაფიქსირდეს ყურის დაზიანებები.[207]

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს პაციენტების უმეტესობა იყო მამაკაცი, ქალებში დაფიქსირდა ლოკალიზებული გენიტალური დაზიანებები (ვულვის და ინტრავაგინალური) და საშვილოსნოს ყელის დაზიანება.[208][209][210][211]​​​​​ ვულვოვაგინალური დაზიანებები ჭარბობდა ცისგენდერ ქალებში და ანორექტალური ნიშნები იყო უპირატესი ტრანსგენდერ ქალებში, რაც ანატომიურად შეესაბამება სექსუალურ პრაქტიკებს.[35]

დაზიანებები შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც პაპულები, ვეზიკულები, ბუშტუკები, პუსტულები, ეროზია, წყლულები ან ქერქები.[212]​ ისინი შეიძლება თავდაპირველად მტკივნეული იყოს და შეხორცების ფაზაში ქავილი გამოიწვიოს.

გარე სასქესო ორგანოებზე დაზიანებებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი შეშუპება და ტკივილი. პირის ღრუს დაზიანებებმა შეიძლება გამოიწვიოს კვების და სასმელის მიღების სირთულეები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და მალნუტრიცია. გამონაყარის/დაზიანებების ადგილმდებარეობის მიხედვით პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი გართულებები (იხ.გართულებები):[188][189][213]​​​​

  • პენისის ან სათესლე პარკის მძიმე შეშუპება, პარაფიმოზი/ფიმოზი, ბალანიტი

  • ტონზილიტი, პერიტონზილარული ცელულიტი, ტონზილარული/პერიტონზილარული აბსცესი, ეპიგლოტიტი

  • პერიანალური/შორისის აბსცესი, სწორი ნაწლავის პერფორაცია

  • შარდის შეკავება, ურეთრიტი.

ერითემული მაკულოპაპულური, გენერალიზებული პურპურა და მორბილოფორმული გამონაყარი დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს.[188][212][214]​​​

ლიმფადენოპათია

  • ლიმფადენოპათია შეიძლება იყოს განზოგადებული ან ლოკალიზებული რამდენიმე უბანზე. როგორც წესი, ეს ხდება ცხელების დაწყებისას და გამონაყარის წინ, ან იშვიათად, გამონაყარის დაწყებასთან ერთად. შეიძლება იყოს ქვედა ყბის, კისრის, იღლიის ან საზარდულის და შეიძლება განვითარდეს სხეულის ორივე მხარეს ან მხოლოდ ერთ მხარეს.

  • გადიდებული ლიმფური კვანძები დაახლოებით 1-დან 4 სმ-მდე დიამეტრისაა. შეხებისას შეიძლება იყოს მყარი, მგრძნობიარე და ზოგჯერ მტკივნეულიც.[170]

  • ლიმფადენოპათია არის ხშირი სპეციფიკური ნიშანი, მაგრამ იშვიათია ყვავილის და სხვა დაავადებების დიფერენციალური დიაგნოზის დროს.[1][45][89][170]

დაავადების სიმძიმე და მძიმე ფორმის რისკფაქტორები

შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია, მაგრამ დაავადების სიმძიმის სპექტრი მერყეობს მსუბუქიდან მძიმემდე და შეიძლება იყოს ფატალური.

  • დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია პაციენტის საწყის ჯანმრთელობაზე, მათ იმუნურ პასუხზე, ვაქცინაციის სტატუსზე, თანმხლები დაავადებების არსებობაზე, ექსპოზიციის გზაზე და ვირუსის შტამზე.[138][186] II კლადის ვირუსი ასოცირდება უფრო მსუბუქ დაავადებებთან შედარებით I კლადის ვირუსთან.[7]

  • აღწერილია უსიმპტომო ინფექცია, მაგრამ ცნობილი არ არის უსიმპტომო ინფექციის დროს გადაცემის პოტენციალი.[89][90]

  • ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი არსებითად ამცირებს კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების სიხშირეს და ინტენსივობას.[7]

შეაფასეთ პაციენტი იმის დასადგენად, აქვს თუ არა მას მძიმე ან გართულებული დაავადების ნიშნები და სიმპტომები.[1]

  • გართულებების კლინიკური ნიშნები და სიმპტომებია:

    • გულისრევა და ღებინება

    • კისრის მტკივნეული ლიმფადენოპათია, რომელიც იწვევს დისფაგიას

    • საკვების/სითხის მიღების შეზღუდვა ან დეჰიდრატაცია

    • თვალის ტკივილი ან მხედველობის დარღვევები

    • ჰეპატომეგალია

    • სეფსისი

    • რესპირატორული დისტრესი ან პნევმონია

    • კონფუზია.

  • ლაბორატორიული დარღვევები:

    • მომატებული ღვიძლის ტრანსამინაზები

    • დაბალი შარდოვანა

    • ჰიპოალბუმინემია

    • ლეიკოციტოზი

    • თრომბოციტოპენია

  • კანის დაზიანებების სიმძიმის ქულა:

    • მსუბუქი (<25 ერთეული დაზიანება)

    • საშუალო (25-99 ერთეული დაზიანება)

    • მძიმე (100-250 ერთეული დაზიანება)

    • ძალიან მძიმე (>250 ერთეული დაზიანება).

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) მძიმე შემთხვევად მიიჩნევენ პაციენტს, რომელსაც აქვს:[138]

  • ჭარბი რაოდენობით დაზიანებები კანზე, რომლებიც ერთიანდება

  • ჰემორაგიული დაავადება

  • ნეკროზული დაზიანებები

  • მძიმე ლიმფადენოპათია, რომელიც შეიძლება იყოს ნეკროზული ან ობსტრუქციული (მაგ. სასუნთქ გზებში)

  • ორგანოთა რამდენიმე სისტემის ჩართულობა და დაკავშირებული თანმხლები პრობლემები (მაგ. სეფსისი, ენცეფალიტი, მიოკარდიტი, თვალის ან თვალის გარშემო ინფექციები, ფილტვის ჩართვა კვანძოვანი დაზიანებებით)

  • ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

შეაფასეთ პაციენტი იმის დასადგენად, აქვს თუ არა მას რისკფაქტორები. დაავადების მძიმე ფორმის ან გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტები არიან:[1][138][215]

  • ბავშვები (განსაკუთრებით <8 წლამდე ასაკის)

  • ორსული ან მეძუძური ქალები

  • იმუნოკომპრომისული პირები (მაგ. შორსწასული ან ცუდად კონტროლირებული აივ ინფექცია, ავთვისებიანი მდგომარეობა, ტრანსპლანტის მიმღები პაციენტები, აუტოიმუნური დაავადება იმუნოდეფიციტით)

  • კანის მწვავე ან ქრონიკული დაავადების მქონე პირები.

აივ ინფექციის მქონე პაციენტების რისკის შეფასებისას გაითვალისწინეთ ვირუსული სუპრესია და CD4 უჯრედების რაოდენობა.[33][34]

საწყისი კვლევები

საბოლოო დიაგნოზი საჭიროებს ლაბორატორიულ დადასტურებას. ტესტირება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალურ ლაბორატორიებში.

  • ტესტირება უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად იმ პაციენტებში, რომლებსაც შესაძლოა ინფექცია ჰქონდეთ.[1] შესთავაზეთ ტესტირება ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემთხვევის განსაზღვრებას შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევისთვის.[216]​ ტესტირების გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს როგორც კლინიკურ, ასევე ეპიდემიოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია ინფექციის ალბათობის შეფასებასთან.

  • მპოქსზე ტესტირების პარალელურად განიხილეთ სხვა დაავადებებზე დიფერენციალური დიაგნოსტიკური ტესტირების სტრატეგია.

  • პაციენტები უნდა დარჩნენ იზოლაციაში ტესტის შედეგების მიღებამდე.

ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტირება (NAAT), რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-პჯრ) ან ჩვეულებრივი პჯრ გამოყენებით, არის სასურველი ლაბორატორიული ტესტი მისი სიზუსტისა და მგრძნობელობის გათვალისწინებით.[216]​​[217][218][219][220]

  • NAAT შეიძლება იყოს ზოგადი ორთოპოქსივირუსისთვის ან სპეციფიკური მაიმუნის ვირუსისთვის (უპირატესია). დადებითი პასუხს ორთოპოქსვირუსის პჯრ ანალიზის გამოყენებით უნდა მოჰყვეს მაიმუნის ვირუსის პჯრ და/ან სეკვენსირება დიაგნოზის დასადასტურებლად.[216]

  • სიფრთხილეა საჭირო ერთეული ტესტის შედეგის ინტერპრეტაციისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ინფექციის დაბალი ალბათობა (მაგ., ეპიდემიოლოგიური კავშირის არარსებობა, არ მიეკუთვნება მამაკაცებს, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ნიშნები/სიმპტომები არ შეესაბამება მპოქსს) ცრუ დადებითი შედეგის რისკის გამო.[221] ორთოპოქსვირუსის ან მაიმუნის ვირუსის დნმ-ზე დადებითი ტესტი ადამიანში ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმების ან ცნობილი რისკფაქტორების გარეშე უნდა დადასტურდეს განმეორებითი ტესტირებით და/ან დამადასტურებელი ტესტირებით და განიხილოს გამონაყარის სხვა შესაძლო მიზეზები.[222] განმეორებითი ტესტირება (ნიმუშის ხელახალი აღება და ტესტირება) რეკომენდებულია პაციენტებში RT-პჯრ ციკლის ზღურბლის მაღალი მაჩვენებლებით (≥34), რადგან ეს მიუთითებს ვირუსული დნმ-ის დაბალ დონეზე ან არაინფექციურ ნიმუშებზე.[221][223]

  • ვირუსის სეკვენსირება სასარგებლოა ვირუსის კლადის დასადგენად და ეპიდემიოლოგიის აღსაწერად. 2023 წელს გამოვლენილი სქესობრივი გზით გადამდები I კლადის ინფექციების შემდეგ, კლადის დადასტურება რეკომენდებულია ყველა იმ პირში, ვისაც მპოქსი უდასტურდება.[217]

რეკომენდებული ნიმუშის ტიპია კანის დაზიანების მასალა, მათ შორის დაზიანებების ექსუდატის ნაცხი, ერთი ან მეტი დაზიანების თავი, ან ქერქები.[216]​​[217][218]​​ კანის დაზიანების ნაცხი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მაიმუნის ვირუსის დნმ-ის გამოსავლენად პჯრ-ის გამოყენებით.[224][225]​​ ნიმუშის ტიპი შეიძლება განსხვავდებოდეს გამონაყარის ფაზის მიხედვით. ნიმუშის ალტერნატიული ტიპები (მაგ., პირხახის ნაცხი) შეიძლება შეგროვდეს საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან, რომლებსაც არ აქვთ კანის ან ლორწოვანის ხილული დაზიანებები.[216]

  • ნაცხის აღებამდე დაზიანებების ასპირაცია ან გახსნა საჭირო არ არის (არც რეკომენდებული) ბასრი ნივთებით დაზიანების რისკის გამო.

  • შეაგროვეთ სხვა სადიაგნოსტიკო მასალა, რეფერალური ლაბორატორიული პროტოკოლის მიხედვით, როგორიცაა პირხახის ნაცხი, ანორექტალური ნაცხი, ეთილენდიამინის ტეტრააცეტატით (EDTA) დამუშავებული სისხლი ან შარდი.

  • პირხახის ნაცხი რეკომენდებულია დადასტურებული ან მაღალი ალბათობით შემთხვევის მაღალი რისკის მქონე კონტაქტებისთვის, რომლებსაც განუვითარდათ სისტემური სიმპტომები, მაგრამ არ აქვთ გამონაყარი ან დაზიანებები სინჯის აღებისთვის. ხახის ნაცხი ასევე უნდა აიღოთ თუ ვლინდება ხახის დაზიანებები.[217] თუმცა, ვირუსული დატვირთვა უფრო მაღალია დაზიანების ნაცხებში, ვიდრე ხახის ნიმუშებში და ცნობილია, რომ პირხახის ნაცხი არის არასანდო ცალკეული ნიმუში პირველადი დიაგნოზისთვის.[194][226]

  • მწირია კლინიკური მონაცემები, რომლებიც მხარს უჭერენ ნიმუშის სხვა ტიპების გამოყენებას, გარდა ნაცხის ნიმუშებისა, რომლებიც აღებულია უშუალოდ დაზიანებისგან (მაგ. სისხლი, ნერწყვი). ნიმუშების ტესტირებამ, რომლებიც არ არის აღებული დაზიანებიდან, შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები.[227][228][229]

ნიმუშების შეგროვება, მარკირება, შეფუთვა და გაგზავნა ადგილობრივი ან ეროვნული პროტოკოლების მიხედვით უნდა მოხდეს. ნიმუშების გაგზავნამდე აცნობეთ ლაბორატორიას მპოქსის ვარაუდის შესახებ. ნიმუშებთან უსაფრთხოდ მუშაობისა და რეფერალურ ლაბორატორიაში ვიროლოგიური მასალების ტრანსპორტირებისთვის არსებობს ადგილობრივი პროტოკოლები. ნიმუშები სხვა ინფექციების შესამოწმებლად შეფუთეთ ცალკე.

ასევე შეუკვეთეთ სისხლის რუტინული ტესტები, მათ შორის:

  • სისხლის საერთო ანალიზი

  • შარდოვანა და ელექტროლიტები

  • ღვიძლის ფუნქციური ტესტები.

შეამოწმეთ ყველა სქესობრივად აქტიური ზრდასრული და მოზარდი აივ ინფექციაზე და სხვა სქესობრივად გადამდებ ინფექციებზე.[185]

სხვა გამოკვლევები

განიხილეთ მუცლის/მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) მძიმე ანორექტალური პროქტიტის მქონე პაციენტებში. კონტრასტულ ტომოგრაფიაზე შეიძლება გამოვლინდეს ანორექტალური კედლის დიამეტრის გასქელება ფართო დისკრეტული არაგამაძლიერებელი ჰიპოატენუირებული ზონებით ინტრამურული წყლულების გამო. დამატებითად შეიძლება დაინახოთ პერირექტალური ცხიმის ინფილტრაცია, შეშუპება, ასციტი, მცირე ზომის საზარდულის ლიმფური კვანძების რაოდენობის მომატება.[230]

სისხლის კულტურა უნდა გაკეთდეს სანამ პაციენტი იზოლირებულია, ანტიბიოტიკების დანიშვნამდე იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვი კანის დაზიანების ბაქტერიულ სუპერინფექციაზე, ან ბაქტერიულ ინფექციაზე განსაკუთრებით მძიმე პაციენტში.

სეროლოგია, უჯრედული კულტურა და ანტიგენის გამოვლენის მეთოდები ამჟამად არ არის რეკომენდებული დიაგნოზისთვის.

  • სეროლოგია (დაწყვილებული შრატის ნიმუშები შეგროვებული მინიმუმ 21 დღის ინტერვალით, პირველი ნიმუში შეგროვებული ავადმყოფობის პირველ კვირაში) შეიძლება დაგვეხმაროს დიაგნოსტირებაში, თუ სხვა ნიმუშები იძლევა არასაკმარის შედეგებს. თუ პაციენტი ახლახანს აიცრა, სეროლოგიური ტესტირება შეიძლება არასანდო იყოს.[216] სეროლოგია შეიძლება იყოს გამოსადეგი ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, წარსული ინფექციების რეტროსპექტულ დიაგნოზში და გვიან კლინიკურ გამოვლინებებში.[231] ორთოპოქსივირუსები სეროლოგიურად ჯვარედინად რეაქტიულია; ამიტომ, სეროლოგიური ტესტირება არ არის სპეციფიკური მპოქსისთვის.[232]

  • უჯრედული კულტივირება შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ აკრედიტირებულ, ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის რეფერალურ ლაბორატორიებში. კულტურაზე დაფუძნებული დიაგნოზის მთავარი მინუსი არის ანალიზის გახანგრძლივებული დრო, რომელიც არ არის შესაფერისი მასობრივი ტესტირების სცენარებისთვის.[220][231]

ფებრილურ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ მალარიის ენდემურ არეში, განსაკუთრებით ცხელების დაწყებამდე 3 კვირით ადრე, აუცილებელია, გამოირიცხოს მალარიით კოინფექცია. ანტიგენის დეტექციის ტესტი ლაბორატორიის პერსონალის ინფიცირებისთვის ბევრად ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე სისხლის სქელი და თხელი ნაცხების დამზადება.

შემუშავების პროცესშია რამდენიმე ახალი დიაგნოსტიკური მეთოდი. CRISPR-ზე დაფუძნებული ტესტები შემუშავების პროცესშია, როგორც პჯრ-ის უფრო სწრაფი ალტერნატივა, მაგრამ ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.[233] ასევე შემუშავების პროცესშია მარყუჟული იზოთერმული ამპლიფიკაციის (LAMP) ტესტი მაიმუნის ჩუტყვავილას ვირუსის სპეციფიკური გამოვლენისთვის.[220][234] კიდევ ერთი ინოვაციური მეთოდია სურათების ანალიზზე დაფუძნებული ინსტრუმენტები.[220][235]

დიფერენციული დიაგნოზი

გამონაყარი შეიძლება აგვერიოს სხვა დაავადებებში, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება კლინიკურ პრაქტიკაში.[236]

  • გახსოვდეთ დიფერენციული დიაგნოზები, რადგან ისინი უფრო მაღალი ალბათობით გვხვდება პრაქტიკაში (მპოქსი იშვიათია, მაგრამ ეპიდაფეთქების დროს გარკვეულ პოპულაციებში შეიძლება უფრო ხშირი იყოს).

  • კლინიკური ნიშნები მარტივად შეიძლება აგვერიოს ზოგიერთ სქესობრივად გადამდებ ინფექციაში და პროქტიტის სხვა ეტიოლოგიებში. ამიტომ, მნიშვნელოვანია გენიტალური/პერიანალური წყლულების ან პროქტიტის მქონე პაციენტების ყოვლისმომცველი შეფასება ინფექციებზე და დიფერენციალური დიაგნოზის დროს მპოქსის გათვალისწინება. თუმცა, შესაძლებელია გვქონდეს კოინფექცია მპოქსსა და სხვა ინფექციებს შორის, ამიტომ ეს დიაგნოზები ერთმანეთს არ გამორიცხავს.[190]

  • ასევე შესაძლებელია სხვა ინფექციურ აგენტებთან კოინფექციები, რომლებიც იწვევენ მსგავს სიმპტომებს (მაგ., მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის გამომწვევი კორონავირუსი 2 [SARS-CoV-2], ჯგუფი A სტრეპტოკოკი).[237][238]

    • SARS-CoV-2 დადებითობამ და გრიპისმაგვარმა სიმპტომებმა არ უნდა გამოირიცხოს მპოქსზე ტესტირება მაღალი რისკის მქონე პირში.[237]

  • იხ დიფერენციული დიაგნოსტიკა.

ბავშვები და მოზარდები

  • გამონაყარი შეიძლება აგვერიოს სხვა დაავადების მსგავს გამონაყარში, რომლებიც ხშირია ბავშვებში (მაგ., ჩუტყვავილა, ხელ-ფეხის და პირის ღრუს დაავადება, წითელა, მუნი, კონტაგიოზური მოლუსკი, ალერგიული გამონაყარი, მედიკამენტების მიმართ რეაქციები). ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც აღენიშნებათ მპოქსისთვის საეჭვო ნიშნები და სიმპტომები, უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება, განსაკუთრებით თუ ისინი აკმაყოფილებენ ეპიდემიოლოგიურ კრიტერიუმებს.[119]

ორსულობა

  • სიცხის გამომწვევი მიზეზის დიფერენცირება ინფექციებისგან (მაგ. ქორიოამნიონიტი) რთულია გამონაყარის გაჩენამდე. ორსულ ქალში გამონაყარი მპოქსის რისკ-ფაქტორების ფონზე უნდა იყოს დიფერენცირებული ორსულობის დერმატოზებისგან.[122] ორსულ ქალებში ვეზიკულოპუსტულური გამონაყარის ხშირი მიზეზები (მაგ., ვარიცელა ზოსტერი, სიფილისი, მარტივი ჰერპესი) შეიძლება გამოირიცხოს პჯრ ტესტირებით.[123]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას