ეტიოლოგია

მპოქსი გამოწვეულია მაიმუნის ყვავილის ვირუსით (ოჯახი პოქსვირიდა; გვარი ორთოპოქსვირუსები), რომელიც არის ორჯაჭვიანი დნმ ვირუსი. ვირუსი პირველად გამოყვეს 1958 წელს, მაიმუნებში ყვავილისებრი დააავადების გამოვლენის შემდეგ. ადამიანებში პირველად 1970 წელს დაფიქსირდა.[7]

ვირუსის სახელწოდება ამჟამად განიხილება ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.​[3]​ მაიმუნის ყვავილის ვირუსი ზოგჯერ მოიხსენიება აბრევიატურით MPXV.​[28]

ვირუსოლოგია

  • არსებობს ვირუსის ორი განსხვავებული კლადი:[46][47]

    • პირველი კლადი (I): წარსულში მოიხსენიებოდა, როგორც ცენტრალური აფრიკის (კონგოს აუზი) კლადი.

    • მეორე კლადი (II): წარსულში მოიხსენიებოდა, როგორც დასავლეთ აფრიკის კლადი. მოიცავს ქვეკლადებს IIა და IIბ; II კლადი დაკავშირებულია უფრო მსუბუქ დაავადებასთან, ნაკლებ სიკვდილობასთან და შეზღუდულ ადამიანთაშორის გადაცემასთან, შედარებით I კლადთან.[7]

  • 2022 წლის ეპიდაფეთქების დროს მოცირკულირე ვირუსის ვარიანტები მიეკუთვნება IIბ კატეგორიას. IIბ კლადის ვირუსს აქვს შემდეგი ქვეტიპები: A.1, A.1.1, A.2, A.2.1, A.2.2, A.3, და B.1.[46][48][49][50]​ 

    • ეპიდაფეთქების შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია B.1 (ან მისი შთამომავალი) ქვეტიპით, რომელიც, სავარაუდოდ, გაჩნდა 2022 წლის მარტში. თუმცა, შემთხვევების მცირე რაოდენობა არის A.2 ქვეტიპის ვირუსით გამოწვეული. გარკვეული მრავალფეროვნება განვითარდა B.1 ქვეტიპის ფარგლებში.

    • არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ადამიანთაშორის გადაცემაზე 2022 წლის გლობალურ ეპიდაფეთქებამდე, მაგრამ არ არსებობს ძლიერი მტკიცებულება ადაპტაციის შესახებ, რომელიც გააადვილებდა ადამიანებს შორის გავრცელებას.[49][51][52]

    • საჭიროა შემდგომი კვლევა, რათა დადგინდეს, იწვევს თუ არა დაფიქსირებული გენომური ცვლილებები ფენოტიპურ ცვლილებებს (გაძლიერებული ინფექციურობა, ვირულენტობა, იმუნიტეტის მიმართ მდგრადობა, ანტივირუსული რეზისტენტობა).

  • I და II კლადის ვირუსების სქესობრივი გზით გადაცემა შესაძლებელია

    • სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებული I კლადის ინფექციების კლასტერი პირველად დაფიქსირდა 2023 წლის ნოემბერში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.[13][53]

ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა

  • 2022 წლის გლობალურ ეპიდაფეთქებამდე, ზოონოზური გადაცემა იყო გადაცემის უპირატესი გზა (შემთხვევათა 62%-ში), განსაკუთრებით ენდემურ ქვეყნებში.[54][55]

  • ვირუსი შესაძლოა ადამიანებზე გარეული ცხოველებისგან, მაგალითად, მაიმუნებისა და მღრღნელებისგან, გავრცელდეს, თუმცა მისი ბუნებრივი მასპინძელი რეზერვუარი უცნობია. ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა შეიძლება მოხდეს ინფიცირებული ცხოველის ნაკბენიდან ან ნაკაწრიდან; სხვადასხვა აქტივობის დროს, როგორიცაა ნადირობა, ხაფანგში დაჭერა, ტყავის მოჭრა, საჭმლის მომზადება ან დაავადებული ცხოველების საკვებად მიღება; ან სხეულის ინფიცირებულ სითხეებთან კონტაქტი. ცხოველთა პოპულაციებში ვირუსის ცირკულირების მასშტაბი ამჟამად უცნობია.[1]

  • ადამიანიდან ცხოველზე გადაცემა (უკუ-ზოონოზი) არ არის დაფიქსირებული, მაგრამ არსებობს ამის თეორიული რისკი.[56]

ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა

  • ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება ინფექციურ კანთან ან ლორწოვან დაზიანებებთან და რესპირატორულ წვეთებთან პირდაპირი კონტაქტით (შესაძლოა, მიზეზი იყოს აეროზოლები, რომლებიც მცირე მანძილზე გადაადგილდება და საჭიროებს ხანგრძლივ ახლო კონტაქტს). ასევე შესაძლებელია ფომიტებით გადაცემა (დაბინძურებული ტანსაცმლიდან ან თეთრეულიდან) და პერინატალური გადაცემა.[1][57]

  • 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების თითქმის ყველა შემთხვევას ჰქონდა ადამიანებთან კონტაქტის ისტორია, განსაკუთრებით სქესობრივი კონტაქტი.[55]​ მცირე რაოდენობით შემთხვევებში გადაცემის გზა უცნობია.[58]

  • გადაცემა დაზიანებებთან პირდაპირი კონტაქტით

    • არსებული მტკიცებულებების თანახმად, 2022 წლის ეპიდაფეთქების დროს გადაცემის მთავარი გზა იყო კანთან ან ლორწოვან გარსებთან ახლო კონტაქტი, სექსის დროს.[58]​​[59]

    • პაციენტების დაახლოებით 74% აღნიშნავდა სქესობრივ აქტივობას დიაგნოზამდე 21 დღის განმავლობაში.[17] თუმცა, იყო შემთხვევების მცირე რაოდენობა, რომლებსაც არ ჰქონდათ სქესობრივი კონტაქტის ანამნეზი.[60][61]​ ქალებში, ინფექციების 25% არ უკავშირდებოდა სქესობრივ კონტაქტს (საყოფაცხოვრებო ან პროფესიული დაინფიცირება), რაც ბევრად უფრო დიდი ნაწილია, ვიდრე მამაკაცებში.[35] საყოფაცხოვრებო კონტაქტი ბავშვებში გადაცემის ყველაზე გავრცელებული გზაა.​[31][62][63]​​​​

    • კანიდან კანზე გადაცემა სავარაუდოდ ყველაზე ხშირი გზაა, შედარებით რესპირატორულ ან სითხეებთან კონტაქტის გზებთან. ამის მიზეზია კანსა და ანოგენიტალურ ნიმუშებში უფრო მაღალი ვირუსული დატვირთვა, ვიდრე ხახის, ნაზოფარინფულ, სისხლის და შარდის ნიმუშებში.[64][65][66]​​[67]

    • 2022 წლის ეპიდაფეთქებამდე სქესობრივი გზით გადაცემის შესახებ მწირი მონაცემები იყო ხელმისაწვდომი.[17]

  • გადაცემა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით

    • საჭიროა მეტი ინფორმაცია ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის გზით გადაცემის უკეთ გასაგებად.[1] მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ სექსის დროს მჭიდრო ფიზიკურმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს გადაცემა, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, თუ რა როლს თამაშობს ბიოლოგიური სითხეები.[68][69]​​

    • ვირუსი გამოვლენილია სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეში, მათ შორის სპერმაში, სათესლე სითხეში, სისხლში, შრატში, პლაზმაში, განავალში, შარდსა და ნერწყვში.[58][70]​​ ნიმუშების ანალიზით გამოირკვა, რომ ავადმყოფობის პირველ 2 კვირაში ვირუსი გამოიყოფა მრავალ ბიოლოგიურ სითხეში და ეს გამოყოფა გრძელდება სიმპტომების დაწყებიდან 16 დღის განმავლობაში. ვირუსული დატვირთვა სპერმაში მეტწილად დაბალი იყო ინფექციის დროს.[71][72]​​​​ ბიოლოგიური სითხეების როლის და ინფექციური პოტენციალის შესახებ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.

    • ადამიანური წარმოშობის ნივთიერებებით გადაცემის დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.[73]

  • გადაცემა რესპირატორული წვეთებით და აეროზოლებით

    • საჭიროა მეტი ინფორმაცია რესპირატორულ წვეთებთან და აეროზოლებთან კონტაქტის გზით გადაცემის უკეთ გასაგებად.[1]

    • აეროგენული გადაცემა თეორიულად რისკს წარმოადგენს, მაგრამ შემთხვევები დადასტურებული არ არის.[49][58]

  • ფომიტებით გადაცემა

    • ფომიტებით გადაცემა იშვიათი, მაგრამ შესაძლებელია. დაბინძურებულ ზედაპირებთან ან ობიექტებთან კონტაქტის დროს დაინფიცირების რისკი დაბალია. ფომიტებით გადაცემაზე შეიძლება იყოს ეჭვი ეპიდემიოლოგიური რისკფაქტორების გარეშე მიმდინარე შემთხვევებში, მაგრამ ამის დადასტურება რთულია.[74]

    • ვირუსის დნმ აღმოჩენილია ნივთებზე, ზედაპირებზე და ჰაერის ნიმუშებში (თეთრეულის გამოცვლის დროს ჰაერში კანის ნაწილაკების მოხვედრის გამო) საყოფაცხოვრებო და კლინიკის პირობებში. სიცოცხლისუნარიანი ვირუსი დაფიქსირებულია ზოგიერთ კვლევაში, ზოგი კვლევა კი მხოლოდ ინერტულ ვირუსს აფიქსირებს.[75][76][77][78][79][80][81]​ თუმცა, რეპლიკაციის უნარის მქონე ვირუსის დაფიქსირება ნიმუშში არ ნიშნავს, რომ ინფექციის გადაცემა მოხდებოდა. საჭიროა დამატებითი კვლევები.

  • მშობიარობის დროს/შემდეგ გადაცემა

    • აღრიცხულია ინფექციის მშობიარობის დროს/შემდეგ გადაცემის შემთხვევებიც.[82] არსებობს არასაკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, ხდება თუ არა გადაცემა ძუძუთი კვების დროს.[83] თუმცა, დაფიქსირებულია შემთხვევა ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში, სავარაუდოდ კანიდან კანზე გადაცემის გამო.[84]

​უსიმპტომო და პრესიმპტომური გადაცემა

  • უცნობია რამდენად შეიძლება მოხდეს უსიმპტომო ან პრესიმპტომური გადაცემა.[68][85]

  • რეპლიკაციის უნარის მქონე ვირუსის გამოყოფა დაფიქსირებულია პრესიმპტომურ ფაზაში. დაფიქსირებულია პრესიმპტომური გადაცემაც.[86][87][88] აღწერილია უსიმპტომო ინფექცია, მაგრამ ცნობილი არ არის უსიმპტომო ინფექციის დროს გადაცემის პოტენციალი.[89][90]

  • მცირე ზომის ობსერვაციულ კვლევებში გამოვლინდა უსიმპტომო შემთხვევების მცირე რაოდენობა მამაკაცებში, რომლებშიც დადებითი იყო ანორექტულ ნიმუშზე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ტესტი.[91][92][93]

  • უსიმპტომო ინფექციას შეიძლება გარკვეული როლი ჰქონდეს ვირუსის ცირკულირების შენარჩუნებაში, სპორადულ შემთხვევებსა და კლასტერებში.[94]​ თუმცა, მაღალი რისკის მქონე, უსიმპტომო პოპულაციების სკრინინგის საშუალებით ინფექციის ძალიან დაბალი პრევალენტობა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ უსიმპტომო ინფექცია სავარაუდოდ არ არის გადაცემის მთავარი მამოძრავებელი ძალა.[95][96][97][98]

​ვირუსის გავრცელების ფაქტორები

  • ინკუბაციის პერიოდი: როგორც წესი, 6-13 დღეა (დიაპაზონი 1-21 დღე). გადაცემა ადრე არ დასტურდებოდა ინკუბაციის პერიოდში.[1][28]​​​​​​​ 2022 წლის ეპიდაფეთქების მონაცემებით ინკუბაციის პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა არის დაახლოებით 7 დღე (3-20 დღის დიაპაზონი), რაც უფრო ხანმოკლეა, ვიდრე წინა ეპიდაფეთქებების დროს.[99][100]

  • R₀ (მეორეული შემთხვევების რაოდენობა, რომელიც მოსალოდნელია პირველი შემთხვევის შედეგად, ახალ პოპულაციაში): წარსულში იყო 0.8, შეზღუდული მონაცემების საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით მიმდინარე ეპიდაფეთქება ყოველთვის შეწყდება, რადგან გადაცემა არაეფექტურია.[7]​ თუმცა, 2022 წლის გლობალური ეპიდაფეთქების დროს R₀ იყო >1 მამაკაცებში, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან.[101][102]

  • მეორეული დაზიანებადობის მაჩვენებელი: წარსულში იყო შეფასებული, როგორც 0.3% და 10.2%, ვირუსის კლადის მიხედვით. თუმცა, არსებული კვლევების ნახევარზე მეტში მეორეული დაზიანებადობის მაჩვენებელი 0% იყო.[6]​ 2013 წლის ეპიდაფეთქების დროს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, საყოფაცხოვრებო კონტაქტებში მეორეული დაზიანებადობის მაჩვენებელი იყო 50% (16 ოჯახის მონაცემები).[103] შემთხვევების ახლო, არასქესობრივ კონტაქტებში მეორეული დაზიანებადობის მაჩვენებელი იყო 1-1.6%.[104]​ მეორეული დაზიანებადობის მაჩვენებლები სავარაუდოდ გადაჭარბებულია, რადგან ეპიდაფეთქებების დროს გვხვდება შემთხვევების დადასტურების მიკერძოება (გაძლიერებული ტესტირების ფონზე მეტი შემთხვევა ვლინდება, ვიდრე ნორმალურ პირობებში).[7]

პათოფიზიოლოგია

მონაცემები პათოფიზიოლოგიის შესახებ მწირია.[89] ვირუსის შეჭრის შემდეგ, ვირუსი რეპლიკაციას გადის ინოკულაციის ადგილზე (მაგ. კანი ან სასუნთქი გზები). ვირუსს შეუძლია ეპითელიური უჯრედების, დენდრიტული უჯრედების და მაკროფაგების დაინფიცირება სასუნთქ გზებში. რაც შეეხება კანს, ვირუსი აზიანებს კერატინოციტებს, ფიბრობლასტებს, ლანგერჰანსის უჯრედებს, დენდრიტულ უჯრედებსა და მაკროფაგებს. ვირუსი უკავშირდება მასპინძლის უჯრედის ზედაპირის გლიკოზამინოგლიკანებს და ენდოციტოზის გზით შედის უჯრედში. ინფიცირებული უჯრედები მიდიან უახლოეს ლიმფურ კვანძამდე (პირველადი ვირემია). ვირუსი ცირკულაციას მიყვება შორეულ ლიმფურ კვანძებამდე და ორგანოებამდე. ინფექციის ეს ფაზა უსიმპტომოა. პროდრომულ ფაზაში, მეორეული ვირემია გვხვდება ლიმფური ორგანოებიდან კანამდე და სხვა ორგანოებამდე გავრცელებით (მაგ. თვალები, ფილტვები, გასტროინტესტინური ტრაქტი, სასქესო ჯირკვლები). იმუნური სისტემის გააქტიურების გამო ვლინდება არასპეციფიკური სიმპტომები. კანისა და ლორწოვანის დაინფიცირება იწვევს პუსტულებისა და წყლულების გამოვლენას.[105][106][107] პათოფიზიოლოგიის დეტალური განხილვა ცდება ამ თემის ფარგლებს.

კლასიფიკაცია

ვირუსის ტაქსონომია

ყვავილი, მაიმუნის ყვავილი და ვაქცინია მიეკუთვნებიან პოქსვირიდების ოჯახს (გვარი ორთოპოქსვირუსები) და მათი დიფერენცირება შესაძლებელია პოლიმერაზული ჯაჭვური რაქციის (PCR) მეთოდით. კლინიკურად ყვავილისა და მაიმუნის ყვავილის ერთმანეთისგან გარჩევა რთულია, თუმცა მაიმუნის ყვავილს უმრავლეს შემთხვევებში ახასიათებს ლიმფადენოპათიის განვითარება.

ყვავილის ინფექციას გააჩნია ქვეტიპებიც:[4] დიდი და მცირე (ალასტრიმი) ვარიოლა.

არსებობს მაიმუნის ვირუსის ორი გამოხატული ჯგუფი (კლადი): ცენტრალური აფრიკის მაიმუნის ყვავილი და დასავლეთ აფრიკული მაიმუნის ყვავილი. ცენტრალური აფრიკის ვარიანტთან შედარებით, დასავლეთ აფრიკის მაიმუნის ყვავილს ახასიათებს ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა, დაბალი სიკვდილობა და ადამიანებს შორის შეზღუდული გავრცელება.[5]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას