მიდგომა

სადღეისოდ არ არსებობს SARS სამკურნალო ეფექტური მკურნალობის მეთოდი. სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატები იქნა გამოყენებული, მაგრამ მათი ეფექტურობა არადამაჯერებელია.[42] ამავე დროს, მკურნალობის მიზანს წარმოადგენს სიმპტომების შემსუბუქება, გართულებების პრევენცია და მკურნალობა, სასიცოცხლო პარამეტრების ინტენსიური უზრუნველყოფა.

იზოლირების პროცედურები

როგორც კი SARS არსებობაზე კლინიკური ეჭვი გამოითქმება, ყველა შესაფერისი დამცავი ღონისძიება უნდა გავატაროთ, რათა მინიმუმამდე დავიდეს გადატანის რისკი, კონტაქტის მკაცრი შეზღუდვითა და ჰაერწვეთოვანი კონტაქტის უსაფრთხოების ზომებით.[29] ღონისძიებები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, როცა დიაგნოსტიკური, თუ სამკურნალო მიზნით აეროზულგენერაციული პროცედურების საჭიროების დრო დადგება.

კლინიკური სიმძიმის შეფასება გვეხმარება, დავადგინოთ სამართავად ყველაზე შესაფერისი ადგილი. CDC რეკომენდაციით, თუ SARS კორონაროვირუსის (CoV) მქონე პაციენტი სამედიცინო თვალსაზრისით ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, მისი იზოლირება უნდა მოხდეს ბინაზე.[29] სტაბილური პაციენტი სასურველია, მოთავსდეს იზოლირებულად და მისი მკურნალობა ბაროკამერაში ხდებოდეს, თუ ეს ხელმისაწვდომია. უფრო მძიმე შემთხვევაში(მაგ. მწვავე სუნთქვის უკმარისობის დროს) სასურველია, მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან შუალედური მართვის ბლოკში ჰაერწვეთოვანი კონტაქტის უსაფრთხოების ზომებით.

დამხმარე მკურნალობა

დამხმარე მოვლა მკურნალობის საფუძველია. მოიცავს ჟანგბადის შესაფერის რეჟიმში მიწოდებას ჰიპოქსემიის გასაუმჯობესებლად, დიარეით, ან ცხელებით გამოწვეული სითხის დეფიციტის შევსებას, ელექტროლიტური დარღვევების კორექციას, ანტიპირეტიკებისა და ანალგეტიკების გამოყენებას ცხელებისა და ტკივილის სამართავად.

მოსალოდნელი, ან განვითარებული სუნთქვის უკმარისობა

მოსალოდნელი, ან განვითარებული სუნთქვის უკმარისობის მქონე პაციენტები სასურველია, მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან შუალედური მოვლის განყოფილებაში. SARS შემთხვევების დაახლოებით 14%-26% და ინტენსიური თერაპიის ბლოკში მოთავსებულ პაციენტთა დაახლოებით 50%-85% საჭიროებენ ფილტვების ან ინვაზიურ(უმჯობესია), ან არაინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციას.[19][24][25][36][43][44][45] ინტუბაცია და მექანიკური ვენტილაცია გამოიყენება, თუ პაციენტი კლინიკურად უარესდება და სპონტანური სუნთქვისას ვერ ვინარჩუნებთ SaO2 90%-ზე მაღლა მიუხედავად ჟანგბადის მაქსიმალური მიწოდებისა. მტკიცებულება B

არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია[46]

  • დადებითი წნევით წარმოებული არაინვაზიური მექანიკური ვენტილაციის (NIPPV) როლი საკამათოა.

  • მიუხედავად იმისა, რომ ეს სიკვდილობას და ინტუბაციის საჭიროებას ამცირებს, გამოითქვა შეშფოთება ვირუსის გადატანის შესაძლებლობის გამო.

  • NIPPV ფონზე აღინიშნება პნევმოთორაქსის, ისევე, როგორც კანქვეშა და მედიასტინური ემფიზემის მაღალი სიხშირე.

მექანიკური ვენტილაციის დროს ვირუსის გადატანის რისკის შესამცირებლად, უნდა მივიღოთ შემდეგი გამაფრთხილებელი ზომები.

  • ვერიდოთ საფრქვევ მატენიანებლებს და ვენტურის ნიღბის გამოყენებას დატენიანების გარეშე.[47]

  • ვერიდოთ პარკიანი ნიღბით ვენტილაციას და ისეთი ნიღბები გამოვიყენოთ, რომლებიც გამონასუნთქი ჰაერის ფილტრაციას ახდენს.

  • ინტუბაციის დროს გამოვიყენოთ შესაფერისი სედაცია.

  • დახურული ასპირატორების გამოყენება და მექანიკური სასუნთქი აპარატების გამოსასვლელ ხვრელში სუბმიკრონული ფილტრების დაყენება.

  • ხველების შემცირების მიზნით სედაცია, ან სუნთქვის დათრგუნვა.

  • აპარატის standby რეჟიმზე გადაყვანა და PEEP რეჟიმის გამორთვა ხელოვნური სუნთქვის რეჟიმიდან გამოსვლისას.

  • შეძლებისდაგვარად ბრონქოსკოპიის თავიდან აცილება.

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ± გრიპის ემპირიული მკურნალობა

დიაგნოზის თავდაპირველი გაურკვევლობის გამო, კეთილგონიერი პირველი რიგის მკურნალობად მიჩნეულია, როგორც ტიპიური(მათ შორის წამლისადმი რეზისტენტული შტამები), ასევე - ატიპიური საზოგადოებაში შეძენილი რესპირატორული პათოგენების საწინააღმდეგო ანტიბიოტიკოთერაპია.

შესაფერისი ბეტა-ლაქტამი ქინოლონთან, ან მაკროლიდებთან ერთად მიზანშეწონილ კომბინაციას წარმოადგენს. ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის შესაძლო ინტრავენური კომბინაციები მოიცავს ცეფტრიაქსონისა და აზითრომიცინის, ან ერტაპენემისა და აზითრომიცინის ერთობლიობას. ლევოფლოქსაცინით, ან მოქსიფლოქსაცინით ჩატარებული მონოთერაპია ალტერნატიულ მეთოდად მოიაზრება.[48] ანტიბიოტიკოთერაპია სასურველია შეწყდეს, როგორც კი SARS დიაგნოზი დადასტურდება.

თუ ეპიდემიოლოგიურად ნაჩვენებია(მაგ. გრიპის სეზონური ეპიდემიის დროს), გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ სასურველია გამოვიყენოთ ზანამივირის, ან ოსელტამივირის 5-დღიანი კურსი

ანტივირუსული მკურნალობა დიაგნოზის დადასტურებისას.

SARS სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების შესახებ RCT მონაცემები შეზღუდულია, თუმცა, მიღწეულია კონსენსუსი, რომ ანტივირუსული თერაპია დადასტურებულ შემთხვევებში შეძლებისამებრ ადრე დავიწყოთ. ანტიპროტეაზული პრეპარატები ლოპინავირი/ რიტონავირი სასურველია, 14 დღის განმავლობაში მივიღოთ.[49]

თუმცა მონოთერაპიის სახით ნაკლებეფექტურია, ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციასთან ერთად შეიძლება რიბავირინის გამოყენებაც.[16]

მძიმე ინფექცია

ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებთან ერთად მძიმე ინფექციის მქონე პაციენტები (გაუარესებული რადიოლოგიური მონაცემები, ჟანგბადის მზარდი საჭიროება[PaO2 < 10 kpa/ SpO2 < 90%/ოქსიგენაციის ინდექსი < 300 მმ.ვწყ.სვ], და სუნთქვის სიხშირე ≥ 30 /წუთში) სასურველია, ღებულობდნენ კორტიკოსტეროიდებს საჭიროებისამებრ იმუნოგლობულინის, ინტერფერონის და კონვალესცენტური პლაზმის დამატებით.

როგორც აღინიშნა, კორტიკოსტეროიდებმა მძიმე შემთხვევებში გარკვეული ეფექტურობა გამოავლინა.[50] მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რეჟიმი იქნა გამოცდილი, ყველაზე ხშირად მეთილპრედნიზოლონის იმპულსური ინექციები გამოიყენება 3-6 დღის განმავლობაში. კორტიკოსტეროიდების დამატება ლოპინავირ/ რიტონავირთან და/ან რიბავირინთან ინფექციის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე, როგორც აღმოჩნდა, ამცირებს როგორც ARDS განვითარების, ასევე - სიკვდილობის სიხშირეს.[16]

იმუნოგლობულინი, ინტერფერონი, ან კონვალესცენტური პლაზმა სასურველია, მკურნალობას დაემატოს იმ პაციენტებში, რომლებთანაც რიბავირინისა და პულსირებული მეთილპრედნიზოლონის გამოყენებისას შესაფერისი შედეგი არ იქნა მიღებული.

  • თუმცაღა ზოგ ქვეყნებში ხელმისაწვდომი არ არის, IgM გამდიდრებული იმუნოგლობულინი (პენტაგლობინი®), როგორც აღმოჩნდა, სარგებლიანია SARS მკურნალობისას.[51]

  • ინტერფერონმა იმედისმომცემი შედეგიანობა გამოავლინა ინ ვიტრო და ცხოველებში. ერთი არაკონტროლირებადი კლინიკური კვლევის შემდეგ აღინიშნა, რომ სინთეზური ინტერფერონის ალფაკონ-1 და კორტიკოსტეროიდების კომბინირებული 10-დღიანი კურსი ოქსიგენაციის გაუმჯობესებას და რადიოლოგიური პათოლოგიის გაწოვის დაჩქარებას იწვევს.[52]

  • კონვალესცენტური პლაზმის ეფექტიანობა SARS მკურნალობისას არ არის დადასტურებული.[53][54]

ფსიქოლოგიური დახმარება და სამართლებრივი მხარე

პაციენტები, ისევე, როგორც მათი ნათესავები, შეიძლება, საჭიროებდნენ ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას და სამართლებრივ დახმარებას სპეციალიზებული მკურნალობისთვის.

ამასთან ერთად, სამედიცინო პერსონალი აღნიშნავს ემოციურ გადაწვას, კარანტინით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ დისტრესს, კონტაგიურობის შიშს, ოჯახზე წუხილს, გარკვეულ დაღდასმულობას ისევე, როგორც პოსტტრავმულ სტრესს, რაც მათ პაციენტის მაღალხარისხოვანი მოვლის შანსს უზღუდავს. სამედიცინო პერსონალის ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერა სასურველია მწვავე ფაზაში და იდეალურ შემთხვევაში, პრე-პანდემიურ პერიოდში რათა მომავალი ეპიდაფეთქებების დროს შესაფერის მზადყოფნაში იყვნენ.[55]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით