ურგენტული საკითხები

იხილეთ დიფერენციული დიაგნოზებიმეტი დეტალებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში მუცლის ტკივილის მიზეზები ხშირად კეთილთვისებიანია (მაგ., ყაბზობა), ყოველთვის არსებობს სიცოცხლისთვის ან ორგანოსთვის სახიფათო მდგომარეობის აღმოცენების რისკი , რაც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას.

არ ისმინება ნაწლავის ხმიანობა, ნაღვლოვანი ღებინება, სისხლიანი დიარეა ან გამოხატული სისხლი განავალში, ცხელება (≥38.0°C [≥100.4°F]), უკუცემითი ტკივილი, რიგიდობა, დეფანსი მიუთითებს ქირურგიული ჩარევის საჭიროებაზე.[39]

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი მდგომარეობები

მწვავე აპენდიციტი, რომელიც იწვევს პერფორაციას

  • მკურნალობის გარეშე, მწვავე აპენდიციტი პროგრესირებს და ვითარდება იშემია, ნეკროზი და, საბოლოო ჯამში, პერფორაცია. ექიმს შეიძლება შეხვდეს გამოვლინებების მთელი სპექტრი. პაციენტები ხშირად უჩივიან მუცლის ტკივილს, რომელიც ლოკალიზებულია მარჯვენა ქვედა კვადრანტში (RLQ); უფრო მძიმე შემთხვევებში ტკივილი შეიძლება დიფუზური იყოს (მაგ., თუ დიდი ზომის პერფორაციის შედეგად განვითარებულია გენერალიზებული პერიტონიტი).

  • პერფორაცია მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როდესაც პაციენტი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ხანგრძლივი სიმპტომებით და/ან სავარაუდო აპენდიციტით დაავადების გამოხატული სისტემური ნიშნებით (მაგ., მაღალი ცხელება [>38.3°C, >101°F]), ტაქიკარდია და ანორექსია).

  • მუცლის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება შეიძლება სასარგებლო იყოს ანთებითი რეაქციის ხარისხის განსაზღვრისათვის, ასევე ნებისმიერი გროვის არსებობის გამოვლენისთვის, რომლებიც შეიძლება ექვემდებარებოდეს პერკუტანულ დრენაჟს.[40]

  • აპენდექტომია ჩვეულებრივ სრულდება პერფორირებული აპენდიციტისთვის, თუმცა ზოგიერთ ცენტრში არის არაოპერაციული მკურნალობის პრაქტიკა. პროცედურა შეიძლება შესრულდეს ღია მიდგომით ან ლაპაროსკოპულად. ბავშვთა საავადმყოფოში ან პედიატრ ქირურგთან მიმართვა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.[41]

ნაწლავური ობსტრუქცია

  • ინტერვენციის გადაუდებლობა დამოკიდებულია ობსტრუქციის კლინიკურ სიმძიმეზე.

  • სტრანგულაციური ობსტრუქციები, როგორც წესი, სრული ობსტრუქციებია, როდესაც ნაწლავის სისხლით მომარაგება შეწყვეტილია შეშუპების, ნაწლავის მობრუნების ან ადჰეზიების შედეგად. ეს ჩვეულებრივ წარმოადგენს დიფუზურ ან ადგილობრივ პერიტონიტს, ცხელებასა და ლეიკოციტოზს. მკურნალობის გარეშე პროცესები პროგრესირებს ნაწლავის ნეკროზის და/ან პერფორაციისკენ. სავალდებულოა სასწრაფო ქირურგიული მკურნალობა .

  • არასტრანგულაციური ობსტრუქციები მოიცავს ნაწლავის მარყუჟს, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად ობსტრუქციულია, მაგრამ სისხლის ადექვატური მიწოდება აქვს და არ არის ნეკროზული. ამ ტიპის ობსტრუქცია, როგორც წესი, არ არის დაკავშირებული პერიტონიტთან, ცხელებასთან ან ლეიკოციტოზთან, მაგრამ შეიძლება დაკავშირებული იყოს მუცლის შებერილობასთან, გულისრევასა და ღებინებასთან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საჭირო იყოს ქირურგიული ჩარევა, ეს ჩვეულებრივ არ არის გადაუდებელი. თუმცა, ხანგრძლივი გადადების შედეგად შეიძლება განვითარდეს სტრანგულაცია.

ნაწლავის ინვაგინაცია

  • შეიძლება გამოიწვიოს ვენური ობსტრუქცია და ნაწლავის კედლის შეშუპება. მკურნალობის გარეშე შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ნეკროზი, პერფორაცია და იშვიათად სიკვდილი.[42][43] მკურნალობა უნდა დაიწყოს დიაგნოზის დასმისთანავე. მიზანი არის ჰიპოვოლემიის და ელექტროლიტური დარღვევების კორექცია და ანტიბიოტიკების შეყვანა შემდგომი სწრაფი შემცირებით.

  • შემცირება შეიძლება შესრულდეს კონტრასტული ოყნით (ჰაერი ან კონტრასტული რეაგენტი) ან ოპერაციით.

ვოლვულუსი

  • მალლროტაცია შუა ნაწლავის ვოლვულუსით არის გადაუდებელი ქირურგიული მდგომარეობა და ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც აღენიშნება ნაღვლოვანი ღებინება უნდა იწვევდეს ეჭვს ამ მდგომარეობაზე, სანამ სხვა რამ არ იქნება დადასტურებული.

  • შესაბამისი ანამნეზისა (ნაღვლოვანი ღებინება და კვების გართულება, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში ცხოვრების პირველი თვეების განმავლობაში) და გასინჯვის შემთხვევაში არ არის აუცილებელი შემდგომი სადიაგნოსტიკო ჩარევა და რეკომენდებულია სასწრაფო ქირურგიული კვლევა.

  • ბუნდოვან შემთხვევებში შესაძლოა გამოიყენებული იქნეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის კონტრასტით შესწავლა ან მუცლის ღრუს კტ სკანირება. თუმცა, ეს არ უნდა გამორიცხავდეს ქირურგიულ ჩარევას მაღალი კლინიკური ეჭვის შემთხვევაში.

ჩაჭედილი თიაქარი

  • დაუყოვნებლივ უნდა მიექცეს ყურადღება საზარდულის ან ჭიპის ჩაჭედილ თიაქარს ნაწლავის სტრანგულაციის საფრთხის გამო (ნაწლავისკენ სისხლის ნაკადის შეფერება ნაწლავის შემდგომი იშემიით და განგრენით). ჩაჭედვა, სტრანგულაციით ან მის გარეშე, ვლინდება თუ ინტრააბდომინალური შიგთავსი იჭედება თიაქრის წარზიდულ პარკში.

  • კლინიკურად, თიაქარი შეუქცევადი და მტკივნეულია. დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, ღებინებას და მუცლის გენერალიზებულ ტკივილს. მძიმე შემთხვევებში შეიძლება იყოს ცხელება, მუცლის შებერილობა და კანის მხრივ ცვლილებები.

  • თუ სტრანგულაცია აშკარაა, აუცილებელია ნაწლავის განგრენოზული სეგმენტის სასწრაფო რეზექცია.

მანეკროზებელი ენტეროკოლიტი

  • ყველაზე გავრცელებული სამედიცინო/ქირურგიული გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში, უპირატესად მასით <1500 გ-ზე.

  • ნიშნები და სიმპტომები მოიცავს კვების აუტანლობას, აპნოეს, ლეთარგიას, სისხლიან განავალს, მუცლის შებერილობას, მტკივნეულობას, მუცლის კედლის ერითემას და ბრადიკარდიას.

  • ადრეული ჩარევა სავალდებულოა, რათა თავიდან ავიცილოთ ავადობა და სიკვდილიანობა პოლიორგანული დაზიანების გამო. მკურნალობა შეიძლება იყოს თერაპიეული ან ქირურგიული და განისაზღვრება კლინიკური პრეზენტაციის სიმძიმით. [ Cochrane Clinical Answers logo ]

მუცლის ტრავმა

  • ღვიძლის და ელენთის ბლაგვი დაზიანების შემთხვევების უმეტესობა იმართება ოპერაციული ჩარევის გარეშე. გადაუდებელი ქირურგიის ჩვენებები მოიცავს ჰემოდინამიკურ არასტაბილურობას ადეკვატური რეანიმაციის მიუხედავად, თავისუფალ ჰაერს მუცლის ღრუში, ღია დაზიანებებს ფასციის პენეტრაციით, და პერიტონიტს.[44][45]

შარდსასქესო გადაუდებელი მდგომარეობები

გაგლეჯილი საშვილოსნოსგარე ორსულობა

  • თუ არ არის დიაგნოსტირებული ან არასწორად არის ნამკურნალები, გაგლეჯილმა საშვილოსნოსგარე ორსულობამ შეიძლება გამოიწვიოს დედის სიკვდილი იმპლანტაციის ადგილის გაგლეჯისა და ინტრაპერიტონეული ჰემორაგიის გამო.

  • კლასიკური პრეზენტაცია მოიცავს ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში, ამენორეას და ვაგინალური სისხლდენას. ითვლება, რომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ შარდის დადებითი ტესტი ორსულობაზე და საშვილოსნოსშიდა ორსულობის არარსებობა ტრანსვაგინალურ ულტრაბგერით კვლევაზე, აქვთ საშვილოსნოსგარე ორსულობა, სხვა დაავადების დადასტურებამდე.

  • სწრაფი და ფოკუსირებული ულტრაბგერითი გამოკვლევა თავისუფალი სითხის ან სისხლის არსებობის შესაფასებლად შეიძლება სასარგებლო იყოს, როდესაც ეჭვია ამ დიაგნოზზე, თუმცა ამ მიზეზით არ უნდა შეფერხდეს სხვა საჭირო დახმარება.

  • გახეთქილი ექტოპიური ორსულობის შედეგად განვითარებული ჰემოდინამიკური არასტაბილურობა გამოწვეულია სისხლის დაკარგვით განპირობებული მძიმე ჰიპოვოლემიით. ამ პაციენტების სამართავად საჭიროა სტაბილიზაცია გადაუდებელი რეჰიდრატაციის და საოპერაციო ოთახში დაუყოვნებლივი გადაყვანის მეშვეობით. იშემიური და მრავლობითი ორგანოს დაზიანების თავიდან ასარიდებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოცულობის სწრაფ შევსებას იზოტონური ხსნარითა და სისხლის პროდუქტებით.

  • სასწრაფო ლაპაროსკოპია სალპინგექტომიით ან სალპინგოსტომია ხორციელდება გაგლეჯილი საშვილოსნოსგარე ორსულობისას.

საკვერცხის შემოგრეხვა

  • საკვერცხის მობრუნება ან შემოგრეხვა აზიანებს არტერიულ შემოდინებას და ვენურ გადინებას, იწვევს იშემიას, რომელმაც, თუ არ მოიხსნა, შესაძლოა გავლენა მოახდინოს საკვერცხის სიცოცხლისუნარიანობაზე.

  • წარმოადგენილია მწვავე ტკივილით მუცლის ქვედა არეში და, ხშირად, გულისრევით და ღებინებით. სიმპტომები შეიძლება იყოს წყვეტილი და სიმძიმის მიხედვით ცვალებადი. ცნობილი არ არის, რამდენი ხანს შეიძლება გაუძლოს საკვერცხემ იშემიას შეუქცევადი დაზიანების გარეშე (ეს შეიძლება იყოს 72 საათამდე ან მეტი ხნის განმავლობაშიც კი), მაგრამ საბოლოო ქირურგიული ჩარევა უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე.[46][47]

სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვა

  • უნდა გამოირიცხოს მამრობითი სქესის ნებისმიერ ბავშვში, რომელსაც აქვს მუცლის ტკივილი.[25] სათესლე ჯირკვლის და სათესლე ბაგირაკის მობრუნება იწვევს არტერიული შემოდინების და ვენური დრენაჟის ობსტრუქციას სათესლე ჯირკვლიდან.

  • როგორც წესი, ეს წარმოდგენილია მოულოდნელი ტკივილით სათესლე ჯირკვლებში; თუმცა, პატარა ბიჭები შეიძლება უჩიოდნენ მხოლოდ მუცლის მტკივნეულობას, გულისრევას და/ან ღებინებას.

  • გასინჯვით მიღებული მონაცემები, რომლებიც საეჭვოს ხდის სათესლის შემოგრეხვას, მოიცავს კრემასტერის რეფლექსის დაკარგვას, სათესლის დიფუზურ მტკივნეულობას, სათესლეების აწევას და სათესლეების უფრო ჰორიზონტალურ, ვიდრე ვერტიკალურ პოზიციას.

  • სათესლე ჯირკვლის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწრაფი ამოცნობა და ადრეული ქირურგიული ჩარევა. სანამ მიმდინარეობს მომზადება ოპერაციისთვის, შეიძლება სცადონ ხელით დეტორსია. დიაგნოსტიკური კვლევები არ უნდა გამორიცხავდეს ქირურგიულ ჩარევას.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით