მიდგომა

ცელიაკიის ერთადერთი დამტკიცებული მკურნალობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში გლუტენისაგან თავისუფალი დიეტის მკაცრი დაცვაა.

დიეტოლოგიური რჩევა

დიეტა არ უნდა დაიწყოს სანამ არ დამტკიცდება დიაგნოზი წვრილი ნაწლავის ბიოფსიით. დიაგნოსტირების შემდეგ პაციენტი უნდა გაგზავნოთ ნუტრიციოლოგთან, რომელიც გამოცდილია ცელიაკიის მართვაში გლუტენისაგან თავისუფალი დიეტის დანიშვნით. კონსულტაცია დიეტასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რადგანაც გლუტენისგან თავისუფალი დიეტა ასოცირდება უჯრედისის უფრო დაბალ მიღებასთან, ასევე ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტთან და მარტივი ნახშირწყლებისა და ნაჯერი ცხიმების უფრო მაღალი შემცველობით კალორიების მიღებასთან.[64] ცელიაკიით დაავადებულები ჭარბი წონის / სიმსუქნის რისკის ქვეშ არიან.[65]

ცელიაკიით დაავადებულ პაციენტებში ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება გლუტენისგან თავისუფალი დიეტის დაცვით.[66] თუმცა, გლუტეინისგან თვაისუფალი დიეტის დაცვა რთულია, ზოგჯერ პაციენტების უმრავლესობა არღვევს დიეტას.[67] ამიტომ აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს დიეტის როლი, გამყარდეს სოციალური მხარდაჭერა ოჯახებში და პაციენტი გაწევრიანდეს ცელიაკიის ადვოკატირების ჯგუფებში.

დამატებითი მკურნალობა

დიაგნოსტირების შემდეგ უნდა შემოწმდეს ის ხშირი დეფიციტები, რომლებიც თან ახლავს ხოლმე ცელიაკიას, მაგ. რკინის და D ვიტამინის ნაკლებობა. ცელიაკიის მქონე ყველა პაციენტს უნდა ვურჩიოთ კალციუმისა და D ვიტამინის მიღება. რკინა მხოლოდ იმ პაციენტებს უნდა დაენიშნოთ, ვისაც რკინის დეფიციტი აქვს. ძვლის მინერალური სიმკვრივე უნდა შეფასდეს გლუტენისაგან თავისუფალი დიეტის დანიშვნიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ, რათა გამოვლინდეს ოსტეოპენია ან ოსტეოპოროზი.

მკურნალობაზე პასუხის არარსებობა

თუ პაციენტი არ პასუხობს გლუტენისგან თავისუფალ დიეტაზე, ყველაზე ხშირი პრობლემა გლუტენთან ექსპოზიციის გაგრძელებაა. შეფასების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს იმუნოგლობულინ A-ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას ტიტრის შეფასების გამეორება და მიმართვა ნუტრიციოლოგთან, რომელიც გამოცდილია ცელიაკიის მართვაში. თუ პაციენტი გლუტენს აღარ იღებს, მაგრამ დაავადება პროგრესირებს, საჭიროა მიმართვა გასტროენტეროლოგთან, რომელიც გამოცდილია რეფრაქტორული ცელიაკიის მართვაში. მიუხედავად იმისა, რომ გლუტენთან ექსპოზიცია არ არის არეაქტიული ცელიაკიის დაავადების ყველაზე გავრცელებული მიზეზი, სიმტომები შეიძლება აიხსნას ბევრი სხვა მდგომარეობით, როგორიცაა ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, სხვა საკვების აუტანლობა, მიკროსკოპული კოლიტი ან წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბი ზრდა.[68][69]

რეფრაქტერული ცელიაკია განისაზღვრება როგორც ხაოების ატროფიის პერსისტირება გლუტენის მკაცრი ამოღების მიუხედავად და სხვა პათოლოგიის (მათ შორის გამოხატული ლიმფომა) არარსებობის ფონზე. იგი გვხვდება ცელიაკიის შემთხვევათა <1%-ში და სავარაუდოდ გამოწვეულია T უჯრედების კლონურობითა და ნორმალური ინტრაეპითელიური უჯრედების მარკერების დარღვევით.[70] რეფრაქტერულ ცელიაკიასთან ხშირადაა დაკავშირებული წყლულოვანი იეიუნიტი და ენტეროპათიასთან დაკავშირებული T-უჯრედული ლიმფომა. პაციენტების პროგნოზი შეიძლება უარყოფითი იყოს. მსგავსი პაციენტები უნდა გაიგზავნონ ცელიაკიის მართვაში გამოცდილ ცენტრებში.

ცელიაკიის კრიზი

ცელიაკიის კრიზი იშვიათია და ვლინდება ჰიპოვოლემიით, მძიმე წყლიანი დიარეით, აციდოზით, ჰიპოკალციემიითა და ჰიპოალბუმინემიით. ხშირად პაციენტები სისუსტესა და წონის კლებას უჩივიან და აღენიშნებათ ნუტრიციული დეფიციტები, რომლებიც გამოწვეულია ხანგრძლივი, უმკურნალო ცელიაკიით. რეჰიდრატაციისა და ელექტროლიტების ბალანსის შესწორების გარდა, აღნიშნულ მცირე რაოდენობით პაციენტებში შეიძლება სასარგებლო იყოს გლუკოკორტიკოიდების ხანმოკლე კურსი მანამ, სანამ გლუტენისაგან თავისუფალი დიეტა იმოქმედებს.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით