ეტიოლოგია

არსებობს გულის უკმარისობის მრავალი განსხვავებული მიზეზი.

გულის ქრონიკული უკმარისობის გავრცელებული მიზეზებია:

  • კორონარული არტერიების დაავადება

  • ჰიპერტენზია

  • სარქვლოვანი დაავადება

  • მიოკარდიტი.

სხვა მიზეზებს მიეკუთვნება:

  • ინფილტრაციული დაავადება: ამილოიდოზი, ჰემოქრომატოზი, სარკოიდოზი

  • გულის თანდაყოლილი დაავადებები

  • პერიკარდიუმის დაავადება

  • ტოქსინებით გამოწვეული: ჰეროინი, ალკოჰოლი, კოკაინი, ამფეტამინები, ტყვია, დარიშხანი, კობალტი, ფოსორი

  • ინფექცია: ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული (HIV), Borrelia burgdorferi (ლაიმის დაავადება), პარაზიტული (მაგ. Trypanosoma cruzi [შაგასის დაავადება])

  • ენდოკრინული დარღვევები: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ჰიპოპარათირეოიდიზმი ჰიპოკალცემიით, ფეოქრომოციტომა, აკრომეგალია, ზრდის ჰორმონის ნაკლებობა

  • სისტემური კოლაგენური სისხლძარღვოვანი დაავადებები: მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური სკლეროზი, კვანძოვანი პოლიარტერიიტი, ალერგიული ვასკულიტი, ტაკაიასუს სინდრომი, პოლიმიოზიტი, რეაქტიული ართრიტი

  • ქიმიოთერაპიით გამოწვეული: მაგალითად, ადრიამიცინი, ტრასტუზუმაბი

  • საკვები ნივთიერებების უკმარისობა: თიამინი, სელენიუმი, L-კარნიტინი

  • ორსულობა: მშობიარობისშემდგომი კარდიომიოპათია

  • ოჯახური კარდიომიოპათია

  • ტაქიკარდიით გამოწვეული კარდიომიოპათია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შაგასის დაავადება გულის შეგუბებითი უკმარისობის იშვიათ მიზეზს წარმოადგენს, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში იგი გულის უკმარისობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

ზოგიერთ ამ მდგომარეობას აქვს მეტაბოლური მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, რომელიც შეიძლება ვერ დაკმაყოფილდეს გულის გაზრდილი წუთმოცულობით, გულის მუშაობის დაქვეითების გამო. ასევე ტაქიარითმიები ამცირებს პარკუჭების დიასტოლური ავსების დროს და ზრდის მიოკარდიუმის მოთხოვნას ჟანგბადზე. არაკონტროლირებული ჰიპერტენზია აქვეითებს სისტოლურ ფუნქციას პოსტ-დატვირთვის ზრდის გამო, რომლის დაძლევა და სისხლის ტუმბვა უწევს ფუნქციადაქვეითებულ პარკუჭს და ის შეიძლება დაავადების პირველი კლინიკური გამოვლინება იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ამ მიზეზთაგანი შეიძლება სრულად უკუქცევადი იყოს შესაბამისი და დროული მკურნალობის/ჩარევის ფონზე (მაგ. იშემიური ან ქმედუუნარო მიოკარდიუმის რევასკულარიზაცია; მშობიარობისშემდგომი ან ჰიპერტენზიული კარდიომიოპათიის სტანდარტული მკურნალობა; სარქვლის პლასტიკა ან ჩანაცვლება გულის სარქვლოვანი დაავადების დროს; ტაქიკარდიით გამოწვეული კარდიომიოპათიის სტანდარტული და დამატებითი მკურნალობა). სხვა ისეთი მიზეზები, როგორიცაა მიოკარდიუმის ნაწიბურები ან დილატაციური კარდიომიოპათია, ამჟამად მიიჩნევა შეუქცევადად.

პათოფიზიოლოგია

გულის უკმარისობის პათოფიზიოლოგიური პარადიგმა ბოლო ათწლეულობის განმავლობაში შეიცვალა ჰემოდინამიკური მოდელიდან ნეიროჰორმონალურ პარადიგმამდე. გულის უკმარისობა კომპლექსური სინდრომია, რომლის დროსაც მიოკარდიუმის ინსულტი იწვევს მრავლობითი პეპტიდების გაძლიერებულ ექსპრესიას განსხვავებული ხანმოკლე და ხანგრძლივი ეფექტებით გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ცნობილია, რომ ნეოროჰორმონული აქტივაცია საკვანძო როლს ასრულებს გულის უკმარისობის განვითარებაში. მწვავე ფაზაში ნეიროჰორმონული აქტივაცია სასარგებლოა გულის ადეკვატური წუთმოცულობისა და პერიფერიული პერფუზიის შენარჩუნების თვალსაზრისით. თუმცა, მდგრადი ნეიროჰორმონული აქტივაცია, საბოლოო ჯამში, იწვევს მიოკარდიუმის კედლის დაძაბვას, დილატაციას და პარკუჭების რემოდელირებას, რაც ხელს უწყობს დაქვეითებული ფუნქციის მქონე მიოკარდიუმში დაავადების პროგრესირებას, რაც თავის მხრივ, საბოლოო ჯამში, იწვევს შემდგომ ნეიროჰორმონულ აქტივაციას. მარცხენა პარკუჭის რემოდელირება არის პროცესი, რომლის დროსაც მექანიკური, ნეიროჰორმონული და სავარაუდოდ გენეტიკური ფაქტორებიც ცვლიან პარკუჭის ზომას, ფორმას და ფუნქციას. რემოდელირება ხდება რამდენიმე კლინიკური მდგომარეობის დროს, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტის, კარდიომიოპათიის, ჰიპერტენზიის და გულის სარქვლოვანი დაავადების დროს; მისი დამახასიათებელი ნიშნებია ჰიპერტროფია, მიოციტების რაოდენობის შემცირება და გაძლიერებული ინტერსტიციული ფიბროზი. რემოდელირების ერთ-ერთი არასასურველი შედეგი, როცა მარცხენა პარკუჭი ფართოვდება და გული იძენს უფრო გლობულარულ ფორმას, არის მიტრალური რეგურგიტაცია. მიტრალური რეგურგიტაცია იწვევს მარცხენა პარკუჭის მზარდ მოცულობით გადატვირთვას, რაც ასევე ხელს უწყობს რემოდელირებას და დაავადებისა და მისი სიმპტომების პროგრესირებას.

კლასიფიკაცია

გულის უკმარისობის სტადიები ამერიკის კარდიოლოგთა კოლეგიის/ამერიკის გულის ასოციაციის მიხედვით[2]

ამ კლასიფიკაციით სტადიებად დაყოფა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გულის უკმარისობის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია დადგენილი რისკ-ფაქტორებისა და სტრუქტურული ანომალიების არსებობა. ასევე სწორედ ეს კლასიფიკიაცია გვთავაზობს მის პროგრესირებად ხასიათს და მკურნალობის სტრატეგიებს პროფილაქტიკური ღონისძიებების საფუძველზე ამყარებს. გულის უკმარისობა კონკრეტული პაციენტის შემთვევაში შეიძლება A სტადიიდან გადავიდეს D სტადიაში, თუმცა პირიქით იშვიათად ხდება.

  • სტადიაA: პაციენტი იმყოფება გულის უკმარისობის რისკის ქვეშ, ვინაიდან მისი სამედიცინო მდგომარეობა დაკავშირებულია გულის უკმარისობის განვითარებასთან (მაგალითად, ჰიპერტენზია, დიაბეტი ან კორონარული დაავადება); თუმცა, ასეთ პაციენტებს არ აქვთ პერიკარდიუმის, მიოკარდიუმის ან გულის სარქველების გამოხატული სტრუქტურული ან ფუნქციური ანომალია და არასოდეს ჰქონია გულის უკმარისობის ნიშნები ან სიმპტომები.

  • სტადია B: პაციენტს აღენიშნება გულის სტრუქტურული დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია გულის უკმარისობის განვითარებასთან, თუმცა არასოდეს ჰქონია გულის უკმარისობის სიმპტომები (მაგალითად, მარცხენა პარკუჭის ინფარქტის შემდგომი ასიმპტომური დისფუნქცია).

  • სტადია C: პაციენტს ამჟამად აღენიშნება აქვს ან ადრე აღენიშნებოდა გულის უკმარისობის სიმპტომები, რომლებიც განპირობებული გულის ფონური სტრუქტურული დაზიანებით.

  • სტადია D: პაციენტს აღენიშნება გულის შორსწასული სტრუქტურული დაზიანება და გულის უკმარისობის გამოხატული სიმპტომები მოსვენებულ მდგომარეობაში, მიუხედავად მაქსიმალური სამედიცინო თერაპიისა, და სპეციალურ ჩარევას მოითხოვს (მაგალითად, გულის გადანერგვას ან მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობას).

გულის ქრონიკული უკმარისობის(CHF) სადიაგნოსტიკო ფრამინგჰემის კრიტერიუმები.[3]

გულის უკმარისობა ძირითადად კლინიკური დიაგნოზია. გულის უკმარისობის დიაგნოზის კლინიკური კრიტერიუმები, CHF-ის დიაგნოზის ფრამინგემის კრიტერიუმები შემუშავდა სისტოლური და დიასტოლური დისფუნქციის ექოკარდიოგრაფიული შეფასების ფართოდ დანერგვამდე. ფრამინგემის ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური კრიტერიუმები 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განსაკუთრებით სარგებლიაი იყო გულის უკმარისობის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებისთვის როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ასევე ეპიდემიოლოგიურ კვლევებში. ვინაიდან მათი სპეციფიკურობა მათ მგრძნობელობას აღემატება, შესაძლებელია, რომ ამ კრიტერიუმებით გულის უკმარისობის მსუბუქი შემთხვევები "გაგვეპაროს" და ვერ აღმოვაჩინოთ. CHF-ის უტყუარი დიაგნოზის დადგენისათვის საჭიროა 2 დიდი კრიტერიუმის, ან 1 დიდი და 2 მცირე კრიტერიუმის არსებობა.

ძირითადი კრიტერიუმები:

  • კისრის ვენების შებერილობა

  • ხიხინი

  • ფილტვების მწვავე შეშუპება

  • S3 ჭენების რითმი

  • ვენური წნევის მატება > 16 სმ წყლის სვეტი

  • ცირკულაციის დრო >25 წმ

  • ჰეპატოიუგულური რეფლუქსი

  • კარდიომეგალია

  • პაროქსიზმული ღამის ქოშინი ან ორთოპნოე.

მცირე კრიტერიუმები:

  • კოჭების შეშუპება

  • ხველა ღამის საათებში

  • ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე

  • ჰეპატომეგალია

  • პლევრული გამონაჟონი

  • მაქსიმალური სასიცოცხლო ტევადობის ერთ მესამედზე ნაკლები

  • ტაქიკარდია (გულისცემის სიხშირე > 120 დარტმა/წთ).

დიდი ან მცირე კრიტერიუმები:

  • მკურნალობის შედეგად 5 დღეში წონის 4,5 კგ-ზე მეტად კლება.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით