ეტიოლოგია

სეზონური გრიპის ვირუსი მიეკუთვნება ორთომიქსოვირუსების ოჯახს. მას აქვს სეგმენტირებული, ერთძაფიანი რნმ გენომი, რომელიც ანტიგენური განსხვავების საფუძველზე კლასიფიცირდება A, B და C ტიპის ვირუსებად. რნმ აკოდირებს 5 სტრუქტურულ და 3 არასტრუქტურულ ცილას. M ცილა და NP ნუკლეოპროტეინის ელემენტები გამოიყენება ვირუსის A, B და C ტიპებად კლასიფიცირებისთვის. დაავადების პათოგენეზში მნიშვნელოვანია ვირუსის სტრუქტურის სხვა ელემენტები, კერძოდ, ჰემაგლუტინინი (H ანტიგენი) და ნეირამინიდაზა (N ანტიგენი). H ანტიგენი საჭიროა ვირუსის უჯრედთან დასაკავშირებლად და უჯრედში შესასვლელად. N ანტიგენი ხელს უწყობს მომწიფებულ ვირუსს, რათა თავი დააღწიოს უჯრედს.

სეზონური გრიპის ვირუსის A და B ტიპი ასევე დაყოფილია რამდენიმე ქვეტიპად. აღნიშნული ქვეტიპები განისაზღვრება ვირუსის გარსის ზედაპირზე არსებული H და N ანტიგენებით. არსებობს H ანტიგენის 3 ანტიგენური (H1, H2, H3) და N ანტიგენის 2 ანტიგენური ქვეტიპი (N1, N2), სხვადასხვა კომბინაციით. H ან N ანტიგენის ერთი ქვეტიპის ანტისხეულები არ რეაგირებს H ან N ანტიგენის სხვა ტიპთან.

C გრიპის ვირუსი არ არის დაკავშირებული ეპიდემიასა ან პანდემიასთან და მხოლოდ მსუბუქ დაავადებას იწვევს. A გრიპის ვირუსი პასუხისმგებელია ხშირ (როგორც წესი, ყოველწლიურ) ლოკალურ ეპიდაფეთქებაზე ან უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაზე, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობით ხასიათდება და ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ გვხვდება. შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს პანდემიაც. B გრიპის ვირუსი იწვევს ეპიდაფეთქებას დაახლოებით 4 წელიწადში ერთხელ. დაავადება, როგორც წესი, უფრო მსუბუქია, ვიდრე A გრიპის შემთხვევაში.[11] ეპიდემია, როგორც წესი, გვხვდება შემოდგომის ბოლოდან გაზაფხულის დასაწყისამდე.

მცირე წერტილოვანი მუტაციები გრიპის ვირუსის შემადგენელ ცილებში იწვევს ანტიგენურ დრიფტს, ამიტომ ყოველ სეზონზე საჭიროა ახალი ვაქცინების შემუშავება. უფრო დიდი ცვლილებები, რის შედეგადაც იქმნება ახალი ჰემაგლუტინინი ან ნეირამინიდაზას ცილები, იწვევს ანტიგენურ შიფტს და შეიძლება გამოიწვიოს პანდემია. გრიპის ვირუსზე საუბრისას გამოყენებული სპეციალური ტერმინოლოგია მოიცავს გრიპის ვირუსის ტიპს, პირველად აღმოჩენის ადგილს და პირველად აღმოჩენის წელს.

პათოფიზიოლოგია

სეზონური გრიპის ვირუსი გადაეცემა ინფიცირებულის რესპირატორული წვეთებით, რომელიც აეროზოლის მდგომარეობაში გადადის ხველის, ცემინების ან საუბრის დროს. უფრო იშვიათად, ტრანსმისია შეიძლება ფომიტებთან კონტაქტმაც განაპირობოს.[7]

ვირუსი ემაგრება და შედის ტრაქეობრონქული ცილიური ეპითელიუმის ზედაპირზე, რისთვისაც იყენებს ვირუსული ზედაპირის ჰემაგლუტინინს (H ანტიგენი). შემდეგ ხდება ვირუსის რეპლიკაცია. ვირუსის გამოყოფის პიკი ფიქსირდება ექსპოზიციიდან 48-72 საათში. შემდეგ მცირდება და 10 დღის განმავლობაში ვირუსი აღარ გამოიყოფა. ბავშვებსა და იმუნოკომპრომისულ პაციენტებში ვირუსის გამოყოფა და გავრცელება შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.[12]

კლასიფიკაცია

სეზონური გრიპის ვირუსის ტიპები

გრიპის ვირუსი ანტიგენური განსხვავების საფუძველზე შეიძლება კლასიფიცირდეს A, B და C ტიპის ვირუსებად. ვირუსის სტრუქტურის სხვა ელემენტებია: ჰემაგლუტინინი (H ანტიგენი) და ნეირამინიდაზა (N ანტიგენი).

A და B ტიპის გრიპის ვირუსი იყოფა რამდენიმე ქვეტიპად. აღნიშნული ქვეტიპები განისაზღვრება ვირუსის გარსის ზედაპირზე არსებული H და N ანტიგენებით. არსებობს H ანტიგენის სამი (H1, H2, H3) და N ანტიგენის ორი ანტიგენური ქვეტიპი (N1, N2), რამდენიმე სხვადასხვა კომბინაციით.

C გრიპის ვირუსი არ არის დაკავშირებული ეპიდემიასა ან პანდემიასთან და მხოლოდ მსუბუქ დაავადებას იწვევს.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით