მიდგომა

აივ-ის დიაგნოსტირება და პრევენცია არის ჯანდაცვის ყველა სპეციალისტის პასუხისმგებლობა. საჭიროა პროვაიდერების საკმარისი გადამზადება, რათა მათ შეძლონ დიაგნოზის დადგენა და დაავადების მართვა ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებით. იმისათვის, რათა დიაგნოზები არ გამოგვრჩეს, საკვანძოა ინფორმაციის ქონა პირველად აივ ინფექციასთან (აივ-ის შეძენის პირველი რამდენიმე დღიდან 6 თვის ჩათვლით პერიოდი) დაკავშირებით მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში. ინფექციის ადრეული გამოვლენა და დროული თერაპია აუმჯობესებს პაციენტის მკურნალობის დინამიკას და ხელს უწყობს ტრანსმისიის პრევენციას.

დიაგნოზის დასმა

ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ აივ დადებითია ან მას, ვინც გადის რუტინულ აივ შემოწმებას უნდა ჩაუტარდეს ანალიზამდელი კონსულტაცია. ეს უნდა მოიცავდეს რეალური რისკფაქტორების დადგენას და პაციენტის შემდგომ კონსულტაციას როგორ უარყოფითი (რისკის შემცირების შესახებ), ასევე დადებითი პასუხის შემთხვევაში. იმ შემთხვევებში, სადაც აივ მოსალოდნელია გონივრული იქნება აივ ტესტის, როგორც გამომრიცხავი ვარიანტის, ჩატარება სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებებთან ერთად. აივ-ის სადიაგნოსტიკოდ ყველაზე ხშირად გამოიყენება ანტისხეულების ტესტები, ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი ან სწრაფი ტესტი, თუმცა ბოლო დროს დაიწყო მათი ახალი თაობის აივ ანტისხეულ/ანტიგენზე დაფუძნებული ანალიზით ჩანაცვლება.[63] საწყისი, აივ ანტისხეულის ან კომბინირებული ანტისხეულ-ანტიგენის, ტესტის დადებითი (რეაქტიული) შედეგი დასტურდება თავდაპირველი ტესტისგან განსხვავებული, დამატებითი, მოლეკულური აივ ტესტის (ტიპიურად აივ რნმ ან ვირუსული დატვირთვა) დადებითი შედეგით.[64] მწვავე რეტროვირუსული სინდრომის სადიაგნოსტიკოდ უნდა გამოვიყენოთ რაოდენობრივი აივ რნმ-ის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია.

საწყისი შეფასება

აივ ინფექციით დიაგნოსტირებული ადამიანის საწყისი შეფასება უნდა იყოს სრულყოფილი, უნდა მოიცავდეს ამომწურავ და მიზნობრივ სამედიცინო ანამნეზსა და გასინჯვის შედეგებს, ასევე შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებს, იმისთვის, რომ ინდივიდში განისაზღვროს აივ ინფექციის სტადია. საბაზისო ლაბორატირული კვლევების ჩატარება დამოკიდებულია ხელმისაწვდომრ ესურსებზე და გამოიყენება მართვის მიზნებისა და გეგმების დასადგენად.

თითოეულ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს: აივ ანტისხეულების ტესტი; ლიმფოციტური ქვეტიპების პანელი, მათ შორის CD4 უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი; ჰეპატიტის სკრინინგი; ვენერიული დაავადების კვლევის ლაბორატორიული ტესტი; ტუბერკულინის კანის სინჯი; და, საუკეთესო შემთხვევაში, სისხლის საერთო ანალიზი, ქიმიური პროფილი, კრეატინინი, ღვიძლის ფუნქციური ტესტები, სისხლის გლუკოზე უზმოდ, შრატის ლიპიდური პროფილი და შარდის ანალიზი. საბაზისო გამოკვლევის ფორმით უნდა შემოწმდეს აივ ვირუსული დატვირთვა (განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში). წამლის მიმართ რეზისტენტობის შემოწმება (გენოტიპი/ფენოტიპი) რეკომენდებულია იმ ადგილებში, სადაც მოცირკულირე რეზისტენტული ვირუსების მაღალი დონეა (მაგალითად აშშ-ში).[52] ტესტირების სიხშირე და დრო განსხვავდება თითოეული კვლევის მიხედვისთვს და, ამიტომ, საჭიროა მოვიხმოთ ადგილობრივი გაიდლაინები.

სესიის დასასრულს, სამომავლოდ მართვის დაწვრილებითი გეგმა უნდა შემუშავდეს, მათ შორის გეგმა-პოტენციური კომბინირებული ანტირეტროვირუსული თერაპიის დასაწყებად და რისკის შესამცირებელი კონსულტაციისთვის.[4][52]

პაციენტი შეიძლება იყოს 4-იდან ერთ-ერთ სტადიაზე:

  • მწვავე სეროკონვერსიული ავადმყოფობის

  • კლინიკური ლატენტობის უსიმპტომო პერიოდში

  • იმუნური დისრეგულაციის უსიმპტომო და შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომის განვითარებამდე, მსუბუქი იმუნოდეფიციტის პერიოდში

  • მწვავე იმუნოდეფიციტის და შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომით

ანამნეზი.

ექიმმა უნდა შეკრიბოს აივ-თან ასოცირებული სიმპტომების ანამნეზი, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ სიმპტომებზე, რომლებიც დაეხმარება მას დაავადების სტადიის დადგენაში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციების მიხედვით.[64][65] ეს სიმპტომებია: ცხელება და ღამის ოფლიანობა, წონის კლება, გამონაყარი, პირის ღრუს მიკოზი ან დაწყლულება, დიარეა, თავის ტკივილი, ფსიქიკური სტატუსისა და ნეიროფსიქიატრიული ფუნქციების ცვლილებები. მწვავე ან პირველად პირველად აივ ინფექციას შესაძლოა უკავშირდებოდეს ასევე სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება, ყელის ტკივილი, ოფლიანობა ღამით, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების ტკივილი, დიარეა და გამონაყარი.[9] უნდა გაირკვეს ბოლოდროინდელი ჰოსპიტალიზაციების ყველა დეტალი, რადგან შეიძლება აივ-თან იყოს დაკავშირებული. უნდა მოხდეს ტუბერკულოზისა და სქესობრივად გადამდები ინფექციების რისკის შეფასება (სიმპტომები ან კონტაქტი) და ვაქცინაციის ანამნეზის შეკრება (განსაკუთრებით A და B ჰეპატიტების, პნევმოკოკის და ტეტანუსის ვაქცინები). უნდა გაკეთდეს ჩანაწერი მიმდინარე მედიკამენტების და ცნობილი ალერგიის შესახებ. ყველა ქალის შემთხვევაში უნდა გაირკვეს მიმდინარე ან წინა ორსულობის სტატუსი და დაორსულდნენ თუ არა მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა აივ-ით ინფიცირების შესახებ. უნდა დადგინდეს მათი ბოლო პაპ-ტესტის თარიღი.

საჭიროა ყურადღების გამახვილება იმ რისკფაქტორებზე, რომლებიც უკავშირდება აივ-ს, როგორიცაა ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება და სქესობრივი ცხოვრების ანამნეზი, მათ შორის სქესობრივი ორიენტაცია და აივ-ის ტრანსმისიის დამატებითი რისკები, სქესობრივ პარტნიორთა რაოდენობა, აქვთ თუ არა პარტნიორებს ინფორმაცია საკუთარი აივ სტატუსის შესახებ, კონდომების გამოყენება და ანამნეზში ინფექცია (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტი).[4][66]

უნდა მოხდეს სოციალური ფონისა და ცხოვრების სტილის შეფასება, მათ შორის: სახლის გარემოსი:[4][66]

  • საცხოვრებლის ტიპი, იქ მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა, წყლისა და ელექტროენერგიის მარაგი ბავშვების:

  • მათი ასაკი და აივ სტატუსი, თუ ცნობილია

  • აივ სტატუსის გამხელა: სქესობრივი პარტნიორის, ოჯახისა და/ან მეგობრებისთვის

  • მხარდამჭერი სტრუქტურები: ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ გაუწიონ ემოციური დახმარება პაციენტებს

  • დასაქმება

  • მოწევის ანამნეზი

  • ფიზიკური დატვირთვა(ვარჯიში)

  • ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების მოხმარების ანამნეზი

თუ პაციენტი ახალ ექიმთან მიდის და მანამდე მკურნალობდა, ახალმა ექიმმა უნდა მოითხოვოს ჩატარებული მკურნალობის დეტალები, რეზისტენტობის ტესტირების შედეგები.

მნიშვნელოვანია სქესობრივი პარტნიორისთვის(ებისთვის) სიმართლის თქმა, რადგან უნდა შეფასდეს იმ ადამიანის(ების) აივ ინფექციის რისკი და გაკეთდეს ანალიზი. დიაგნოზის მალვა შეიძლება მიუთითებდეს პროტესტზე, რაც შემდეგში შეიძლება ანტირეტროვირუსული თერაპიის წესების არ დაცვაში გამოიხატოს.[66] 

კლინიკური გამოკვლევა

პაციენტის ჰაბიტუსით ექიმმა უნდა დაადგინოს მისი ზოგადი მდგომარეობა. გამოკვლევა პაციენტის სიმპტომებზე უნდა იყოს მორგებული. შეფასებისთვის სპეციფიკური ფაქტორებია:

  • წონისა და სიმაღლის გაზომვა

  • გენერალიზებული ლიმფადენოპათიის გამოვლენა, კვანძების ადგილმდებარეობის, ზომისა და მობილობის დადგენა

  • კანის დათვალიერება აივ-თან ასოცირებული გამონაყრის და ნაწიბურების (მათ შორის ჰერპეს-ზოსტერის), პაპულოზური ქავანა გამონაყრის, სოკოვანი ინფექციის ან კაპოშის სარკომას შესამოწმებლად

  • პირის ღრუს გასინჯვა კანდიდოზზე, "თმიან" ლეიკოპლაკიაზე, კაპოშის სარკომაზე და პერიოდონტიტზე

  • გულმკერდისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასინჯვა, მაგალითად ფილტვის ინფექციის გამოსაკვლევად

  • მუცლის ღრუს გასინჯვა შესაძლო ჰეპატომეგალიის ან სპლენომეგალიის შესაფასებლად

  • სასქესო ორგანოების გასინჯვა სქესობრივად გადამდები ინფექციის შესამოწმებლად (ყველა პაციენტში)

  • ნევროლოგიური გასინჯვა, მათ შორის ფსიქიკური სტატუსის, მენინგიზმისა და პერიფერული ნეიროპათიის შემოწმება, და ფუნდოსკოპია თვალის ბადურის დაზიანებების სანახავად[4][64]

  • ფსიქიატრიული შეფასებისას ექიმმა უნდა ჩაინიშნოს პაციენტის ემოციური რეაქცია და ორიენტაცია

ანორექსია და ლიმფადენოპათია შეიძლება თან ახლდეს მწვავე ან პირველად აივ ინფექციას.[9]

აივ ინფექციის ანალიზი

ხელმისაწვდომია რამდენიმე ლაბორატორიული ანალიზი, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სარგებელი და შეზღუდვები: ELISA:

  • ყველაზე ფართოდ დანერგილი ანალიზი აივ-ინფექციის გამოსავლენად. დაეყრდენით ELISA-ს როგორც საწყის ტესტს სკრინინგისთვის. ინფიცირებისას ან ინფიცირებიდან ხანმოკლე დროში, პირველად ჩნდებიან Ig M ანტისხეულები აივ-ის მიმართ. რასაც, კვირების ან თვეების შემდეგ, მოსდევს Ig G ანტისხეულების გამოვლენა-ჯერ გლიკოსამინოგლიკანისა და გარსის, ხოლო მოგვიანებით ვირუსული ფერმენტებისა და მარეგულირებელი ცილების მიმართ. პირველად ELISA ტესტი გამოავლენს Ig G-ს ინფიცირებიდან საშუალოდ 3-4 კვირაში, თითქმის ყველა ახლად ინფცირებულ პაციენტს 6 თვეში უდგინდება Ig G-ს დონე. ამ დროის პერიოდში ELISA ტესტმა შეიძლება აჩვენოს ცრუ-უარყოფითი შედეგი, რასაც ფანჯრის პერიოდი ეწოდება. მეოთხე თაობის ELISA ტესტები ფანჯრის პერიოდს 2-4 კვირამდე ამცირებენ, შესაბამისად ამცირებენ ცრუ-უარყოფითი შედეგების რიცხვსაც, განსაკუთრებით იმ არეებში, სადაც ხშირია შემთხვევითი ინფექციები. ELISA არის პრივილეგირებული სკრინინგის მეთოდი განვითარებად სამყაროში, გამომდინარე მისი ნაყოფიერების, სწრაფი შემოწმების და ავტომატიზაციის უნარიდან.

  • მეოთხე თაობის ანტისხეული (ELISA) და ანტიგენი (p24): უკანასკნელი, მეოთხე თაობის აივ ტესტი რთავს p24 ანტიგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ აივ-ის დიაგნოსტირება ფანჯრის პერიოდში უფრო უკეთ არის შესაძლებელი, რადგან ტესტი ამოწმებს ორივეს-ანტისხეულებსაც და p24 ანტიგენსაც. ეს ამცირებს ფანჯრის პერიოდს 3 თვიდან საშუალოდ 10 დღემდე; აღნიშნული ტესტები რეკომენდებულია აივ-ის არსებობის დასადასტურებლად.[63]

  • ვესტერნ-ბლოტი: მაღალი სპეციფიურობის მიუხედავად, ELISA იმ პოპულაციაში, სადაც დაავადების პრევალენტობა დაბალია, იძლევა ბევრ ცრუ-დადებით შედეგს. ამიტომაც, განვითარებულ სამყაროში, პროტოკოლის მიხედვით, საჭიროა ELISA-ს შედეგის მეორე ტესტით - ვესტერნ-ბლოტით გადამოწმება. ვესტერნ-ბლოტი მოითხოვს მნიშნელოვან დროს და რესურსებს და ამიტომ არ არის გამოსადეგი ბევრი მაღალი-პრევალენტობის მქონე რეგიონისთვის.

  • სწრაფი ტესტი: ხელსაყრელია მწირი რესურსების მქონე გარემოში. რამდენიმე მათგანი რეკომენდებულია აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამ ტესტებს აქვთ 99%-ზე მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა, დამადასტურებელ ვესტერნ-ბლოტთან კომბინირებულად - განვითარებულ და მეორე სწრაფ ტესტთან კომბინირებულად - განვითარებად ქვეყნებში.

  • სხვა ტესტები აივ-ის სკრინინგისთვის: ხელმისაწვდომია ტესტები, რომლებიც განსაზღვრავენ აივ ანტისხეულებს სხვა ბიოლოგიურ სითხეებში. ნერწყვში Ig A და G-ს უფრო მაღალი კონცენტრაციაა. მის გამოსაკვლევად გამოიყენება ორივე-ELISA და სწრაფი ტესტი.

  • ნუკლეინის მჟავის ანალიზი (რნმ ან დნმ): წარმოადგენს ყველაზე სენსიტიურს ტესტს ახალშობილებისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია 4-6 კვირის ასაკში. ჭიპლარის მეშვეობით ნაყოფში გადასული დედისეული ანტისხეულები მდგრადია ბავშვის დაბადებიდან 18 კვირის განმავლობაში, ამიტომ ანტისხეულთა ტესტი დიაგნოზის დასასმელად არ გამოდგება.

  • ვირუსული რნმ-ის უკუ-ტრანსკრიპტაზა PCR (ვირუსული დატვირთვა): ეს ტესტი განსაზღვრავს აივ-ის აქტიურ რეპლიკაციას სისხლსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში, ძირითადად გამოიყენება აივ-ის აქტივობის შესაფასებლად და ანტი-რეტროვირუსული თერაპიის მიმართ პასუხის მონიტორინგისთვის. არსებობს ამ ტესტის ულტრა-სენსიტიური ვერსია, რომელსაც შეუძლია ვირუსული რნმ-ის ისეთი დაბალი დონის საიმედოდ განსაზღვრა, როგორიცაა 20 რნმ ასლი 1 მლ პლაზმაში. იგი არის ასევე ყველაზე სენსიტიური ტესტი მოზრდილებისთვის, რომელთაც აქვთ მწვავე აივ ინფექცია ფანჯრის პერიოდში, როცა შეუძლებელია ანტისხეულის ან ანტიგენის (p24) განსაზღვრა.

  • p24 ანტიგენი: ეს არის აივ-ის გულოვანი ცილა, რომელიც წარმოდგენილია ვირუსის აქტიური რეპლიკაციის დროს და შესაძლებელია მისი განსაზღვრა სისხლში ინფექციის მწვავე და გვიანდელ სტადიაზე. ასე რომ ის წარმოადგენს ფანჯრის პერიოდის დამატებით ტესტს. ეს ტესტი ავლენს დადებით შედეგს უფრო გვიან ვიდრე აივ რნმ-ი (ვირუსული დატვირთვა) მწვავე აივ ინფექციის დროს, ამიტომაც ინფექციის ამ სტადიაზე ნაკლებ სენსიტიურია.

CD4-ის რაოდენობა

CD4 უჯრედების რაოდენობა მიუთითებს მასპინძლის იმუნური სისტემის ჯანმრთელობაზე და უზრუნველყოფს პაციენტის თავდაპირველ შეფასებასა და შემდგომ მონიტორინგს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტესტია, რომელიც პაციენტის მიღებისთანავე უნდა გაკეთდეს, რადგან მისი მეშვეობით დგინდება აივ-თან ასოცირებული გართულებების განვითარების რისკი, მათ შორის შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომის განმსაზღვრელი ინფექციები და ავთვისებიანი მდგომარეობები. აივ უარყოფითი მოზრდილის CD4 უჯრედების საშუალო რაოდენობა არის 800 უჯრედი/მიკროლიტრში, ხოლო აივ დადებით ადამიანებში ამ უჯრედების რიცხვი წელიწადში მცირდება 75 უჯრედით/მიკროლიტრში. ადამიანები, რომელთაც აქვთ 500-ზე მეტი CD4 უჯრედი/მიკროლიტრში, როგორც წესი უსიმპტომოები არიან, მაგრამ მაინც აქვთ გენერალიზირებული ინფექციის რისკი. 350-ზე ნაკლები CD4 უჯრედი/მიკროლიტრში მიუთითებს მნიშვნელოვან იმუნოსუპრესიაზე. 200-ზე ნაკლები CD4 უჯრედი/მიკროლიტრში ნიშნავს, რომ პაციენტს აქვს შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი და ოპორტუნისტული ინფექციების მაღალი რისკი, პნევმოცისტის ჯიროვეცი გამოწვეული პნევმონია ყველაზე ხშირი ოპორტუნისტული ინფექციაა.

წამლის მიმართ რეზისტენტობის შემოწმება

საწყისი ანტი-რეტროვირუსული თერაპიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, სტანდარტულად, ანტი-რეტროვირუსული წამლების მიმართ რეზისტენტობის შემოწმება იქ, სადაც ხელმისაწვდომია.[20] აშშ-ში, სავარაუდოდ, ახალი ინფექციის სიხშირე ვირუსით, რომელსაც აქვს სულ ცოტა ერთი მთავარი რეზისტენტული მუტაცია, არის დაახლოებით 10-25%.[20] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად ≥10% ზრდასრულებში, ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყებისას აღმოჩნდა, რომ აივ შტამი რეზისტენტული იყო ეფავირენზის ან ნევირაპინის მიმართ 18-დან 12 ქვეყანაში (2014-2018).[67]

გენოტიპური ტესტი უფრო იაფი და მარტივია ვიდრე ფენოტიპური ტესტი და უფრო ხშირად გამოიყენება აშშ-ში სტანდარტულად, გენოტიპური რეზისტენტობის მქონე ვირუსის ტრანსმისიის სიხშირის ზრდის გამო.[68] რეზისტენტობის შესაფასებლად შეიძლება უპირატესი იყოს ფენოტიპური ტესტი იმ პაციენტებში, რომელთაც სხვადასხვა რეჟიმით მკურნალობის შედეგი არ ჰქონდათ, რადგან შეიძლება გართულდეს პაციენტთა გენოტიპის ინტერპრეტაცია. თუმცა, ახალი, უფრო პოტენციური ანტირეტროვირუსული თერაპიის წყალობით, რომელიც მოიცავს მაღალ გენეტიკურ ბარიერს რეზისტენტობის მიმართ და საკმაოდ წარმატებულიცაა, აშშ-ში ნაკლებია წამლის მიმართ რეზისტენტობა.[69]

გენოტიპის ტესტირება რეკომენდებულია დიაგნოსტირებისას, რადგან ეს დაგეხმარებათ ანტირეტროვირუსული თერაპიის შერჩევაში. მკურნალობა არ უნდა დაყოვნდეს შედეგების ლოდინით, რადგან რეჟიმის ცვლილება შესაძლებელია შედეგების მიღების შემდეგაც. ტესტირება რეკომენდებულია ანტირეტროვირუსული თერაპიის რეჟიმის შეცვლის დროსაც, პაციენტთა ჩამოთვლილ ჯგუფებში: ვიროლოგიური შედეგის არქონა და აივ რნმ დონე >1000 /მლ, აივ რნმ დონე >500/მლ და <1000 მლ, და ვირუსული დატვირთვის სუბოპტიმალური შემცირების მქონე პაციენტები.[52]

კოქრენის მიმოხილვის თანახმად, მედიკამენტური რეზისტენტობის ტესტირებას (გენოტიპური ან ფენოტიპური) მცირე ეფექტი აქვს ან საერთოდ არ აქვს ეფექტი სიკვდილობაზე, შიდსის განვითარებაზე ან CD4-ის რაოდენობაზე. თუმცა, შეიძლება შემცირდეს ვიროლოგიური წარუმატებლობის რისკი და ვირუსული დატვირთვა პაციენტებში, რომლებთანაც მკურნალობა წარუმატებელია. უცნობია, იქნება თუ არა რეზისტენტობის ტესტირება სასარგებლო უმკურნალებ პაციენტებში.[70] [ Cochrane Clinical Answers logo ]

სხვა კვლევები

ორსულობის ტესტი (შარდში ადამიანის ბეტა ქორიონული გონადოტროპინის ტესტი) უნდა ჩაუტარდეს რეპროდუქციული უნარის მქონე ნებისმიერ ქალს ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყებამდე, ვინაიდან ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.

ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებამდე ყველა პაციენტში, პირველივე ვიზიტზე უნდა გაკეთდეს შემდეგი ანალიზები: A, B და C ჰეპატიტები, სქესობრივი ინფექციები (გონორეა, ქლამიდია და სიფილისი), Ig G ტოქსოპლაზმას მიმართ და ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენის HLA-B*5701 ტესტი.

კლინიკური საჭიროების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ტუბერკულინის კანის სინჯი. 5 მმ-ზე მეტი ინდურაციის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ტუბერკულოზის პროფილაქტიკა.

თუ სახეზეა ტუბერკულოზური პნევმონიის სიმპტომები, უნდა გაკეთდეს გულმკერდის რენტგენი.[4]

მას შემდეგ, რაც დასრულდება პირველადი შეფასება და დადგინდება CD4 უჯრედების რაოდენობა, შესაძლებელია პაციენტის დაავადების სტადიის განსაზღვრა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით. დაავადების შემდგომი მართვა შეიძლება დამოკიდებული იყოს კლასიფიკაციაზე-ძირითად ან თანხვედრ ინფექციაზე/ავთვისებიან მდგომარეობაზე; თუმცა, საჭიროა ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებას რეკომენდაცია გაეწიოს აივ ინფექციის ყველა სტადიაზე.

დაავადების კლინიკური სტადიის დადგენა მსფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით I სტადია WHO-ს მიხედვით[64][65] შემდგომი შეფასების და მართვის ქრონოლოგია შეიძლება ეყრნობოდეს კლასიფიკაციას, თანმხლებ ინფექციებს/ავთვისებიან მდგომარეობას; თუმცა, ანტირეტროვირუსული თერაპიის ინიცირება მოწოდებულია აივ ინფექციის ყველა სტადიაზე. იხილეთ სეგმენტი "კრიტერიუმები" სტადიების კატეგორიების შესახებ.

სტანდარტული კვლევები ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებამდე

სანამ პაციენტები დაიწყებენ ანტირეტროვირუსულ თერაპიას, უნდა ჩატარდეს შემდეგი კვლევები და მოხდეს მათი მონიტორინგი მკურნალობის კურსის განმავლობაში:

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები

  • სისხლის საერთო ანალიზი

  • ელექტროლიტები

  • შრატში კრეატინინი (და გამოთვლილი გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე) და შარდის ანალიზი პროტეინურიაზე

  • ლიპიდების პროფილი რანდომულად ან უზმოდ

  • პლაზმის გლუკოზა რანდომულად ან უზმოდ

  • B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი

  • სგდ (გონორეა, ქლამიდია, სიფილისი) და C ჰეპატიტის სკრინინგი

  • HLA-B*5701 ტესტი

  • აივ რნმ-ი (ვირუსული დატვირთვა)

  • ლიმფოციტების პანელი, მათ შორის CD4 უჯრედების რაოდენობა

  • აივ-ის გენოტიპური რეზისტენტობის ანალიზი


ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაციავენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით