კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა #1

32 წლის მამაკაცს, ტაქსის მძღოლს, რომელიც ფილტვის დაავადების დიაგნოზით ახლახან მოათავსეს კლინიკაში, აღმოაჩნდა აივ ინფექცია. გულმკერდის რენტგენით და ნახველის კულტურით გამოვლინდა ტუბერკულოზის მიკობაქტერია, რაც განაპირობებს ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოზს. დიაგნოზის გათვალისწინებით პაციენტი დათანხმდა კლინიკაში აივ ტესტის ჩატარებას. სწრაფი აივ-ტესტით სეროლოგია დადებითი იყო, რაც დადასტურდა სისხლის განმეორებითი ანალიზით. პაციენტს გააცნეს დიაგნოზი და მოხდა მისი რეფერალი ამბულატორიულ კლინიკაში. ამბულატორიულად შეკრიბეს ანამნეზი და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვის წინ დაეწყო პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. დაახლოებით 10 კილო დაიკლო და აწუხებს ცხელება, ოფლიანობა, უმადობა, დიარეის ეპიზოდები. ამასთან, ჰოსპიტალიზაციამდე 4 კვირით ადრე, მას განუვითარდა პროდუქტიული ხველა და პლევრიტული ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში. ასევე შეამჩნია თავზე კანის აქერცვლა. პაციენტის თქმით, 6 წლით ადრე, იგი უვლიდა ტუბერკულოზით დაავადებულ დედას. მიმდინარე თერაპია მოიცავს ანტი-ტუბერკულოზურ მედიკამენტებს და პირიდოქსინს. პაციენტმა ცოტა ხნით ადრე დაასრულა პერორალური კანდიდოზის ერთ კვირიანი თერაპიის კურსი ტოპიური მიკოსტატინით. იგი გამხდარია, აქვს პერორალური სტომატიტი და მსუბუქი სებორეული დერმატიტი. აღენიშნება სუსტი ბრონქული სუნთქვა გულმკერდის მარჯვენა ზედა არეში - ტრაქეის მსუბუქი, მარჯვენამხრივი დევიაციით. მისი ნევროლოგიური, კარდიოვასკულარული და მუცლისმხრივი გასინჯვის შედეგები ნორმალურია. პაციენტის კლინიკაში ყოფნის დროს, CD4 უჯრედების რაოდენობა მიკროლიტრში იყო 186. კლინიკურად და ანამნეზის მიხედვით განისაზღვრა მე-3 სტადია (ჯანმოს კრიტერიუმებით). ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებამდე დაიგეგმა საწყისი ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა, სისხლის საერთო ანალიზი და ღვიძლის ფუნქციური ტესტირება. პაციენტის თქმით იგი დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი-6, 4 და 13 წლის. მათ არ აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მათი აივ-ტესტირების შესაძლო შედეგები პაციენტის თანდასწრებით განიხილეს.

კლინიკური შემთხვევა #2

26 წლის ქალი 24 კვირის ორსულია და შესთავაზეს აივ სწრაფი ტესტი ანტენატალურ ვიზიტზე. ტესტის შედეგი დადებითია და დასტურდება მეორე სწრაფი ტესტით. ქალი გადაამისამართეს აივ-ის კლინიკაში სამკურნალოდ. პაციენტის განმარტებით, იგი თავს კარგად გრძნობდა, ჰქონდა მხოლოდ ორსულობასთან დაკავშრებული გულისრევა და მსუბუქი დაღლილობის შეგრძნება. ეს პირველი ორსულობაა. გასინჯვით ვლინდება მხოლოდ მსუბუქი გენერალიზებული ლიმფადენოპათია, სხვა ჩივილები არ აქვს. 4 წლის მანძილზე ჰყავდა მხოლოდ ერთი სქესობრივი პარტნიორი, რომელთანაც 2 წელია ქორწინებაშია. 20 წლის ასაკში გაუკეთდა აივ ტესტი, რომელიც უარყოფითი იყო. CD4 უჯრედების რაოდენობის ტესტით, პაციენტი არის WHO-ს მიხედვით 1 სტადიაზე. ნაყოფის რისკებთან და დედიდან-შვილზე ტრანსმისიის პრევენციასთან დაკავშირებით მას ჩაუტარდა კონსულტაცია. პაციენტს ჯერ არ უსაუბრია პარტნიორთან და ამაში დახმარება სჭირდება. ასევე აინტერესებს, როგორ უნდა გააგრძელოს ნორმალურად ცხოვრება და როგორ მოხდება ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყება.

სხვა შესაძლო გამოვლინებები

მწვავე რეტროვირუსული სინდრომი აივ-ით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით ნახევარს უვითარდება. ეს არის სიმპტომთა კომპლექსი, რომელიც მერყეობს მსუბუქი, არასპეციფიკური გრიპისმაგვარი სიმპტომებიდან მრავალმხრივ ავადმყოფობამდე, რის დროსაც შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული სინდრომი, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ასეპტიური მენინგიტის ან მენინგოენცეფალიტის, მაკულოპაპულური გამონაყრის, მიალგიის, ართრალგიის, ცხელების, ჰეპატოსპლენომეგალიის, დიარეული ავადმყოფობის (გასტროენტერიტი ან კოლიტი) ან სხვა ნევროლოგიური სიმპტომების, როგორიცაა პერიფერული ნეიროპათია, გიენ-ბარეს სინდრომი ან ბელის დამბლის სახით. ლაბორატორიულად ვლინდება ლიმფოპენია, რასაც მოსდევს ლიმფოციტოზი- ატიპური ლიმფოციტებით. ზოგ შემთხვევაში CD4 უჯრედების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, რაც იწვევს პირის ღრუს მიკოზს ან სხვა ინფექციებს, როგორიცაა Pneumocystis jirovecii -ით გამოწვეული პნევმონია. ამ დროს სეროლოგია შეიძლება უარყოფითი ან გაურკვევლელი იყოს, ამიტომ ყველაზე სანდო დიაგნოზი დგინდება პლაზმაში აივ რნმ-ის ტიტრის განსაზღვრით. შეიძლება დადებითი იყოს p24 ანტიგენის ტესტი (თუკი ხელმისაწვდომია).

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით