ეტიოლოგია

აივ არის რეტროვირუსი, რომელიც აინფიცირებს და მრავლდება პირველ რიგში ადამიანის CD4+ T უჯრედებში და მაკროფაგებში. მისი გავრცელება ხდება სისხლის, სისხლის პროდუქტების, სქესობრივი სითხეების, სისხლის სხვა შემცველი სითხეების და დედის რძის მეშვეობით. ადამიანთა უმეტესობა ინფიცირდება სქესობრივი კონტაქტის გზით, დაბადებამდე ან მშობიარობისას, ძუძუთი კვების დროს ან საზიარო, დაბინძურებული ნემსების ან შპრიცების გამოყენებით (ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში). სქესობრივი კონტაქტი არის აივ-ის ტრანსმისიის ყველაზე ხშირი, თუმცა არაეფექტური გზა. ექსპოზიციით ტრანსმისიის რისკი დაბალია; გამოთვლების მიხედვით თითოეული ჰეტეროსექსუალური კონტაქტის დროს ინფექციის ტრანსმისიის რისკი 0.1%-ია, მაგრამ ეს რიცხვი მერყეობს და იზრდება პარარელურად წყლულოვანი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგდ), მასპინძელ ორგანიზმში მაღალი აივ ვირუსული დატვირთვის არსებობის და/ან ანტირეტროვირუსული თერაპიის არარსებობის შეთხვევაში.[19]

პათოფიზიოლოგია

ვირუსი უჯრედში აღწევს ვირუსის გარსის გლიკოპროტეინის მეშვეობით უჯრედის CD4 რეცეპტორზე და კო-რეცეპტორზე (CCR5 ან CXCR4) მიმაგრებით. სახელი რეტროვირუსი მომდინარეობს იქიდან, რომ იგი აკოდირებს ფერმენტ უკუ-ტრანსკრიპტაზას, რაც ხელს უწყობს ვირუსული რნმ-ისგან დნმ-ის წარმოებას. ფერმენტი უკუ-ტრანსკრიპტაზა არსებითად ცდომილებისკენ არის მიდრეკილი და განაპირობებს აივ მუტაციის მაღალ სიხშირეს, რასაც შეუძლია სწრაფად გამოიწვიოს ვირუსული რეზისტენტობის განვითარება პაციენტების მკურნალობის პროცესში.[20]

როცა პროვირუსი უჯრედულ დნმ-ში ჩაშენდება, იგი აგრძელებს ცხოვრებას ინფიცირებული უჯრედის ბირთვში და იქვე რჩება უმოქმედოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე. ალტერნატიულად, ვირუსი შეიძლება გახდეს ტრანსკრიპციულად აქტიური (განსაკუთრებით იმუნურად აქტიურ ქსოვილებში) და რეპლიკაციისათვის გამოიყენოს ადამიანის მასპინძელი უჯრედის მექანიზმი. ამის შემდეგ ვირუსული რნმ ან რჩება საწყისი ფორმით, ან მრავლდება, მრავლდება და უზრუნველყოფს სხვადასხვაგვარი სტრუქტურული, მარეგულირებელი და დამატებითი ცილების სინთეზს. ვირუსის მასპინძელი უჯრედის მემბრანაზე დაკვირტვის შემდეგ ვირუსული პროტეაზები აგრძელებენ ცილების გადამუშავებას და იქმნება მომწიფებული ვირუსული ნაწილაკები.

ინფიცირებიდან რამდენიმე კვირაში ვირუსი აქტიურად მრავლდება სისხლში და ვირუსული ნაწილაკების რაოდენობამ, შეიძლება პლაზმის ერთ მიკროლიტრში 10 მილიონს გადააჭარბოს. პარალელურად მცირდება CD4 T უჯრედების რაოდენობა. თუმცა, აივ-ის მიმართ ვითარდება იმუნური პასუხი, რაც ამცირებს ვირუსის რეპლიკაციას, შედეგად ვირუსული დატვირთვა მცირდება და CD4 T უჯრედების რაოდენობა დაახლოებით ნორმას უტოლდება. იმუნური კონტროლი დამოკიდებული უნდა იყოს T კილერ უჯრედებსა (T killer) და გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე. იმისდა მიხედვით თუ რამდენად ეფექტურია კონტროლი, ვირუსული დატვირთვა ცნობილია საწყისი წერტილის სახელწოდებით და მიჩნეულია ინფიცირებული ადამიანის ავადმყოფობის შედეგის პროგნოზულ ფაქტორად.[21]

კვლევის მიხედვით, გადამწყვეტი და გენეტიკურად განსაზღვრული ფაქტორია მასპინძლის თავდაპირველი პასუხი აივ ინფექციის მიმართ. პაციენტთა მცირე ნაწილში იმუნური სისტემა უჩვეულოდ ნელა ან საერთოდ არ ზიანდება. აივ-ის წინააღმდეგ იმუნური თერაპიის განვითარების იმედით, მიმდინარეობს ამ ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტების ყურადღებით შესწავლა.

კლასიფიკაცია

აივ ინფექციის ქვეტიპები[3][4][5]

აივ-ი განეკუთვნება გვარს Lentivirus , ოჯახიდან Retroviridae და იყოფა ორ ტიპად:

  • აივ ტიპი 1 (HIV 1) იწვევს გლობალურ ეპიდემიას. HIV 1-ის 3 ძირითადი ჯგუფი არსებობს: M ჯგუფი (მთავარი, რომელშიც შედის A, B, C, D და L კლადები), N (არა-M და არა-O) და O (ცალკეული). ევროპასა და შეერთებულ შტატებში გავრცელებულია B კლადი. A, C და D კლადები დომინირებენ აფრიკაში, B და AE (მოცირკულირე რეკომბინანტული ფორმა) აზიაში და B კლადი -სამხრეთ ამერიკაში.[3] მსოფლიო მასშტაბით, C ქვეტიპი წარმოადგენდა აივ ინფექციების საერთო რაოდენობის 46.6 %-ს 2010-2015 წლებში, სიხშირით მეორე გახლდათ ქვეტიპი B (12.1%), შემდეგ ქვეტიპი A (10.3%), ქვეტიპი CRF02_AG (7.7%), ქვეტიპი CRF01_AE (5.3%), ქვეტიპი D (2.7%) და ქვეტიპები F, H, J და K (ჯამში 0.9%).[6] ქვეტიპი L აღმოაჩინეს 2019 წელს ნიმუშებში, რომლებიც 2001 წელს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან აიღეს.[7]

  • აივ ტიპი 2 (HIV 2) ნაკლებად პათოგენურია და გავრცელებულია დასავლეთ აფრიკის დიდ ნაწილში.[3][8]

პირველადი აივ ინფექცია გულისხმობს აივ-ის შეძენიდან პირველ 6 თვეს. ამ პერიოდში ყალიბდება ანტისხეულების მზარდი პასუხი აივ-ის მიმართ, ხოლო პლაზმაში აღინიშნება მაღალი დონის ვირემია.[9]

შიდსი ვითარდება აივ ინფექციის შედეგად, ძირითადად 10-15 წლის შემდეგ (მედიანა- 11 წელი).[1][2] ეს არის ინფექციების, დაავადებების ან ავთვისებიანი მდგომარეობების ერთობლიობის სინდრომი (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების კრიტერიუმებზე დაფუძნებით) - იმუნური სისტემის, გამოფიტვისა და დაშლის შედეგი, რაც გამოწვეულია აივ ინფექციით.[4]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით