მიდგომა

არ არსებობს სტანდარტული მიდგომა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის მქონე ადამიანების კლინიკური მართვისათვის; დამხმარე მკურნალობა და ნეირამინიდაზას ინჰიბიტორის ანტივირუსული თერაპია განიხილება როგორც სამკურნალო პროცესის საყრდენი.[83] H5N1 ვირუსული ინფექციით გამოწვეული მძიმე ავადმყოფობის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა ინფექციური ეტიოლოგიებით გამოწვეული პნევმონიის მსგავსი კლინიკური ნიშნები. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსული ინფექცია ადამიანებში იშვიათია (მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს შორისაც კი), დიაგნოსტიკური შეფასების და მკურნალობისას უნდა გავითვალისწინოთ ალტერნატიული ეტიოლოგიები.

ჯანმრთელობის მრავალ ადგილობრივ და ეროვნულ დეპარტამენტსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს შესანიშნავი ონლაინ-მეთოდური მითითებები:

WHO: avian and other zoonotic influenza external link opens in a new window

CDC: avian influenza - information for health professionals and laboratorians external link opens in a new window

ჯანმრთელობის მრავალ ადგილობრივ დეპარტამენტს შეუძლია დახმარება გაუწიოს ექიმებს ტესტირებისთვის პაციენტების შერჩევაში, ტესტირების ჩატარებასა და შემთხვევების მართვაში.

ექსპოზიცია სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან: ანტივირუსული ქიმიოპროფილაქტიკა

გადაწყვეტილება ანტივირუსული ქიმიოპროფილაქტიკის გამოყენების თაობაზე უნდა განიხილებოდეს ინდივიდუალური შემთხვევის საფუძველზე. უნდა გავითვალისწინოთ ვირუსული ექსპოზიციის სახე და ინფექციის განვითარების რისკი. არ არსებობს პროსპექტული კლინიკური კვლევები, რომლებიც გაუძღვებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანტივირუსული ქიმიოპროფილაქტიკის რეკომენდაციებს.[84][85] გაიდლაინები ეფუძნება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის შემთხვევების ობსერვაციულ კვლევებს და სეზონური გრიპის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებს.[85]

საგულდაგულო დაკვირვება და ექსპოზიციის შემდგომი ოსელტამივირისა და ზანამივირის ქიმიოპროფილაქტიკა რეკომენდებულია ჯანდაცვის მუშაკებისთვის სიმპტომატური, საეჭვო ან დადასტურებული მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 შემთხვევასთან ახლო ექსპოზიციის (2 მეტრის ფარგლებში) შემდეგ, ჯანდაცვის დაწესებულების პირობებში, ასევე ოჯახის წევრებისთვის და საეჭვო და დადასტურებული მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის მქონე პირის ახლო კონტაქტისთვის. მითითებების მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ ჯანმრთელობის ადგილობრივ ან ეროვნულ დეპარტამენტებს. თუ ტარდება ექსპოზიციის შემდგომი ანტივირუსული ქიმიოპროფილაქტიკა, მკურნალობა ინიშნება დღეში ორჯერ (მკურნალობის დოზირების სიხშირე), და არა დღეში ერთხელ, იმ დაშვებით, რომ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსით პაციენტი უკვე დაინფიცირებულია.[86] თუ ექსპოზიცია დროში შეზღუდული იყო და არ გრძელდება, ქიმიოპროფილაქტიკა რეკომენდებულია ბოლო ცნობილი ექსპოზიციიდან 5 დღის განმავლობაში. თუ ექსპოზიცია სავარაუდოდ მიმდინარეობს (მაგალითად, სახლის პირობებში), რეკომენდებულია 10 დღიანი მკურნალობა.[86]

სავარაუდო მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის A (H5N1) ვირუსის ინფექცია

როდესაც მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექცია მეტად საეჭვოა, მოწოდებულია პაციენტის იზოლირება და ადრეული მკურნალობა ემპირიული ნეირამინიდაზას ინჰიბიტორით არსებული გაიდლაინების შესაბამისად, კონკრეტული ლაბორატორიული ტესტების მოლოდინში. პერორალურად ან ენტერალურად შესაყვანი ოსელტამივირი წარმოადგენს სასურველ პირველად მკურნალობას. საინჰილაციო ზანამივირი შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც ალტერნატიული რეჟიმი არაინტუბირებულ პაციენტებში.[84] მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ადამიანების მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექცია ძალიან იშვიათია და ექიმებმა უნდა განიხილონ ალტერნატიული დიაგნოზი საეჭვო მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის მქონე პაციენტების შეფასებისას.

ძლიერ რეკომენდებულია დაკავშირება ადგილობრივი და ეროვნული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტებთან შესაბამისი მითითებების მისაღებად. ანტივირუსული თერაპია არ უნდა დაყოვნდეს დიაგნოსტიკური ნიმუშების შეგროვების ან ლაბორატორიული ტესტების გამო. არსებული მტკიცებულება მეტყველებს იმაზე, რომ ადრეული დიაგნოზი დაკავშირებულია გაუმჯობესებულ კლინიკურ გამოსავალთან.[87]

დადასტურებული ფრინველის A გრიპის (H5N1) ვირუსის ინფექცია

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციით საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობას გააჩნდა სწრაფად პროგრესირებადი ვირუსული პნევმონია, რომელიც იწვევს მწვავე რესპირატორულ დისტრესის სინდრომს და მულტიორგანულ უკმარისობას.[17] დაავადების ადრეული ამოცნობისა და ანტივირუსული და დამხმარე მკურნალობის ადრეული დაწყების ფონზე, უმჯობესდება პაციენტის კლინიკური გამოსავალი. მითითებების მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ საზოგადოებრივი ჯანმთელობის ადგილობრივ ან ეროვნულ დეპარტამენტებს.

იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს სტანდარტული მიდგომა ადამიანებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის კლინიკური მართვისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაიდლაინები კლინიკური გამოვლინების სინდრომისთვის (მაგალითად, სეპტიკური შოკი, რესპირატორული უკმარისობა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი).[17][88] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მძიმე ან პროგრესული კლინიკური ავადმყოფობის მქონე პაციენტებს (მათ შორის ვირუსული პნევმონია, რესპირატორული უკმარისობა და გრიპის ვირუსის ინფექციით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომი) არ უნდა მიეცეთ სისტემატიური კორტიკოსტეროიდები, თუ მათი დანიშვნის საჭიროება არ არის გამოწვეული სხვა მიზეზებით (მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რეზისტენტური სეპტიკური შოკი) ან თუ მედიკამენტი დამტკიცებულია როგორც კვლევის პროტოკოლის ნაწილი.[84]

თუ ექსპოზიციის რისკფაქტორები წარმოდგენილია ან მათზე არსებობს ეჭვი, ემპირიული ანტივირუსული თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე. ანტივირუსული თერაპია (ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები) არ უნდა იქნას დაყოვნებული დიაგნოსტიკური ნიმუშების შეგროვების ან ლაბორატორიული ტესტების გამო. პერორალურად ან ენტერალურად შესაყვანი ოსელტამივირი წარმოადგენს სასურველ პირველად მკურნალობას. არ არის ხელმისაწვდომი კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემები ოსელტამივირის ეფექტურობის თაობაზე მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის მქონე პაციენტების მკურნალობისას. მიუხედავად ამისა, რეტროსპექტული მონაცემების საფუძველზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაბეჯითებით უწევს რეკომენდაციას ოსელტამივირის თერაპიას მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის მქონე პაციენტებისთვის.[85] ობსერვაციული, არაკონტროლირებადი კვლევების მიხედვით, აღინიშნება გადარჩენის მხრივ სარგებელი ოსელტამივირის ადრეული მკურნალობით ამ პაციენტებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება დაწყებულია ადრეულად კლინიკურ პირობებში ან მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის დაწყებამდე.[17][22][24][38][59][89][90] მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის მქონე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში მკურნალობა ოსელტამივირით რეკომენდებულია დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. დოზირება ბავშვებში დამოკიდებულია წონაზე. ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს კანის, ქცევითი და ნევროლოგიური დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები; აქედან გამომდინარე, მოწოდებულია დამატებითი სიფრთხილე ამ ჯგუფში. სერიოზული გვერდითი მოვლენები ზოგადად არ დაფიქსირებულა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის მქონე პაციენტების მკურნალობისას ან სეზონური გრიპის მქონე მოზრდილების შემთხვევათა სისტემურ მიმოხილვაში. საინჰილაციო ზანამივირი შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც ალტერნატიული რეჟიმი არაინტუბირებულ პაციენტებში.[84]

როდესაც ანტივირუსული მკურნალობის ≥5 დღის მიუხედავად, ავადმყოფობის მიმდინარეობა რჩება მძიმე და პროგრესიული, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ ჩატარდეს ვირუსის რეპლიკაციის და გამოყოფის მონიტორინგი და ანტივირუსული პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის ტესტირება, შესაძლებლობის შემთხვევაში. დაფიქსირდა ოსელტამივირის მიმართ რეზისტენტობა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექციის მქონე პაციენტების მკურნალობისას.[91][92] გარდა ამისა, დაფიქსირდა მაღალპათოგენური ფრინველის A გრიპის (H5N1) ვირუსის ინფექცია, რომელსაც de novo აღენიშნა ოსელტამივირის მიმართ შემცირებული მგრძნობელობა (ოსელტამივირთან ექსპოზიციამდე).[93] 2010 წელს, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ტესტირებულ არცერთ იზოლატს არ აღენიშნა ნეირამინიდაზას მუტაციები, რომელიც ოსელტამივირის მიმართ რეზისტენტობის პროგნოზული ფაქტორია.[18] ოსელტამივირისა და ზანამივირის მკურნალობის კომბინაცია არ არის რეკომენდებული ანტაგონიზმის პოტენციალის გამო.[94]

არ არის რეკომენდებული პირველი რიგის თერაპიის სახით მხოლოდ M2 ინჰიბიტორების (ამანტადინი ან რიმანტადინი) მიცემა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ნეირამინიდაზას ინჰიბიტორისა და M2 ინჰიბიტორის კომბინაცია მხედველობაში უნდა იქნას მიღებული იმ შემთხვევაში თუ ლოკალური ზედამხედველობის მონაცემების მიხედვით, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსი ცნობილია ან სავარაუდოდ დასაშვებია რომ მგრძნობიარეა აღნიშნული მედიკამენტების მიმართ, მაგრამ აღნიშნული უნდა განხორციელდეს მხოლოდ კვლევის ან პროსპექტული მონაცემების შეგროვების კონტექსტში.[85] ექიმებმა ყურადღებით უნდა განსაზღვრონ, თუ რომელ პაციენტს შეუძლია მიიღოს თერაპიის კომბინაცია.[85]

ინფექციის კონტროლის პროცედურები

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის პოტენციური ინფექციურობისა და ვირულენტობის გათვალისწინებით, რეკომენდებულია ინფექციის კონტროლის გაძლიერებული ზომები. ინფექციის კონტროლის ყველა სტრატეგია შეიცავს ხელების სტანდარტული ჰიგიენის ზომებს. ინფექციის კონტროლის რეკომენდაციებს შორის შეიძლება არსებობდეს მცირე განსხვავებები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ზოგიერთი ეროვნული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციებს შორის; აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ინფექცია პაციენტში განიხილება, რეკომენდებულია, რომ ექიმებმა შეამოწმონ ინფექციის კონტროლის ეროვნული მითითებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ პაციენტთან კონტაქტამდე გამოყენებულ იქნას შემდეგი პერსონალური დამცავი აღჭურვილობა:[95]

  • სუფთა, არასტერილური, გრძელსახელოებიანი ხალათი; ნაჭრის ხალათის შემთხვევაში, საჭიროა პლასტიკური წინსაფარის დამატება, სისხლის ან ბიოლოგიური სითხეების შესხურების რისკის გამო

  • სუფთა, არასტერილური ხელთათმანები

  • სახის დაცვა: ან (1) სამედიცინო ნიღაბი და სათვალეები; ან (2) დამცავი ნიღაბი.

ზემოთ ხსენებული ზომების მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 მქონე პაციენტის ასაკზე:

  • პაციენტები ≥12 წ ასაკის: 7 დღე ცხელების ალაგებიდან

  • <12 წლის პაციენტები: 21 დღემდე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ.

იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ტოვებს საავადმყოფოს აღნიშნულ დრომდე, რეკომენდებულია სახლში გაგრძელებული კარანტინის რეჟიმი.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით