კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა #1

აქამდე ჯანმრთელ 32 წლის ეგვიპტელ ქალს, რომელიც დაკავებულია მეფრინველეობით (ქათმები), მწვავედ უვითარდება ძლიერი დაღლილობა და ცხელება >38.8 ° C (102°F), ორი დღის განმავლობაში. მას აქვს ახლადგანვითარებული ხველა, სისხლიანი ნახველი, ქოშინი და გულმკერდის პლევრიტული ტკივილი. აღინიშნება მუცლის ზოგადი წარმოშობის ტკივილი, ასევე თხიერი დიარეა. მისი რესპირატორული სტატუსი გაუარესდა მომდევნო 2 დღის განმავლობაში, რის გამოც ოჯახმა ის საავადმყოფოში მიიყვანა. გულმკერდის რადიოგრაფია აჩვენებს მრავაწილოვან კონსოლიდაციას. ლიმფოციტები და თრომბოციტების რაოდენობა დაბალია, ხოლო ასპარტატ-ამინოტრანსფერაზა და ალანინამინოტრანსფერაზა მაღალია. ოჯახის წევრები არ არიან ავად. მათი თქმით, მიმდებარე რეგიონში მრავალი შინაური ფრინველი ახლახანს დაავადდა ან დაიხოცა. პაციენტმა მოამზადა და შეჭამა სავარაუდოდ დაავადებული ქათამი.

კლინიკური შემთხვევა #2

55 წლის, ჰიპერტენზიის მქონე ამერიკელ-ვიეტნამელ მამაკაცს უვითარდება პროგრესული ცხელება, პროდუქტიული ხველა და სუნთქვის უკმარისობა ზამთარში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან აშშ-ში დაბრუნებისთანავე. მანამდე მან 3 თვე გაატარა ვიეტნამის ერთ-ერთ სოფელში. მისი ოჯახის თქმით, სოფელში, სადაც ის იმყოფებოდა შინაური ფრინველები ბოლო დროს ფართოდ იხოცებოდნენ. მას შეხება ჰქონდა შინაურ ფრინველთან სიმპტომების გამოვლენამდე 5 დღით ადრე და ახლახან შეიძინა ცოცხალი ქათმები და იხვები შინაური ფრინველების ბაზარზე. აღინიშნება ტაქიპნოე, ჟანგბადის 90%-იანი გაჯერება და სუნთქვის შემცირებული ხმიანობა მარცხენა ფილტვის უკანა ფუძეში. გულმკერდის რადიოგრაფიით გამოვლინდა მარცხენა ქვედა წილის კონსოლიდაცია. ლაბორატორიული კვლევებით ვლინდება ლეიკოციტოზი, ანემია, თრომბოციტოზი და ჰიპოქსემია.

სხვა შესაძლო გამოვლინებები

ადრეული დაავადება ვლინდება ზედა სასუნთქი გზების ფებრილური ინფექციის შესაბამისი ნიშნებითა და სიმპტომებით. ტიპურ შემთხვევებში, დაწყებიდან 3-დან მე-6 დღემდე ავადმყოფობა კლინიკურად გადადის ქვედა სასუნთქი გზების მძიმე დაავადებაში. [18] შეიძლება ადგილი ჰქონდეს მულტიორგანულ უკმარისობას.[19] ზოგჯერ აღინიშნა ენცეფალიტი და მენინგოენცეფალიტი.[20][21] ასევე აღნიშნულია კლინიკურად მსუბუქი დაავადების შემთხვევები (ცხელება და ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები), განსაკუთრებით ბავშვებში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში.[22][23][24] საავადმყოფოში მიღებისას პაციენტების უმეტესობას აღენიშნება ცხელება და საზოგადოებაში შეძენილი მძიმე ფორმის პნევმონიის მსგავსი კლინიკური ნიშნები.[25]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით