ეტიოლოგია

ბუნებრივი რეზერვუარი A გრიპის თითქმის ყველა ვირუსისთვის არის გარეული წყლის ფრინველები (იხვი, ბატი). დღემდე გამოვლენილი A ვირუსების ჰემაგლუტინინის 18 და ნეირამინიდაზას 11 ქვეტიპებიდან თითქმის ყველა (გარდა ღამურებში გამოვლენილი H17N10, H18N11) გამოვლენილია ფრინველებში.[31] ცხოველთა სხვა სახეობები ასევე შეიძლება დაინფიცირდეს A გრიპის ვირუსებით, მათ შორის, ღორები, ზღვის ძუძუმწოვრები, ცხენები, ძაღლები, კატები და ღამურები. მაღალპათოგენური ფრინველის A გრიპის ვირუსებს გარეულ და შინაურ ფრინველებში შეუძლიათ გამოიწვიონ როგორც უსიმპტომო ინფექცია, ასევე ფატალური დაავადება. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსი პირველად გამოვლინდა შოტლანდიაში 1959 წელს. თუმცა, ფრინველებს შორის ამჟამად მოცირკულირე აზიური წარმოშობის ყველა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსების წინამორბედი 1996 წელს ინფიცირებულ ბატში, სამხრეთ ჩინეთში გამოვლინდა.

ადამიანებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსების შემთხვევების უმეტესობა სპორადული ხასიათისაა და უკავშირდება უშუალო კონტაქტს (მაგალითად, შეხება) ან ექსპოზიციას დაავადებულ ან მკვდარ შინაურ ფრინველზე (როგორც წესი, ქათმები) და ადამიანის შემთხვევებში აღინიშნება სეზონური ვარიაცია, რომელიც შეესაბამება ფრინველებში ეპიდაფეთქების სეზონურ ცვლილებებს.[18][32][33][34] თუმცა, სცვა რისკფაქტორებს წარმოადგენს მეფრინველეობის ბაზარში ყოფნა[35][36][37] და ხანგრძლივი, დაუცველი, ახლო კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც HPAI H5N1 ვირუსი აქვს.[17] ზოგიერთ შემთხვევაში, ექსპოზიციის შესაძლო რისკი არ იყო გამოვლენილი, რაც მეტყველებს შესაძლო გარემო ექსპოზიციაზე ან ახლო კონტაქტზე უცნობ ინფიცირებულ პირთან.[38] მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1-ის ჯგუფური შემთხვევები სისხლით ნათესავ ადამიანებში მეტყველებს გენეტიკური წინასწარგანწყობის შესაძლო არსებობაზე. თუმცა, ინფექციების გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე იშვიათია.[39][40][41][42][43] აღინიშნა ნოზოკომიური გადაცემის იშვიათი შემთხვევები.[1][2][44] არ არსებობს მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულება.

ქრცვინებში ჩატარებულმა ექსპერიმენტულ კვლევებმა აჩვენეს, რომ მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსს შეუძლია შეიძინოს თვისებები, რომლებიც აუმჯობესებს გადაცემას რესპირატორული, ჰაერ-წვეთოვანი გზით და ამით ზრდის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რისკს.[45] ძუძუმწოვრების აღნიშნულ მოდელში გაძლიერებულ რესპირატორულ გადაცემასთან ასოცირებულია რამდენიმე ამინომჟავის ჩანაცვლება, რომელთაგან ზოგიერთი უკვე გვხვდება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 შინაურ ფრინველებში მოცირკულირე ვირუსებში.[46] ძალიან დაბალია სპონტანური მუტაციის შესაძლებლობა, რომელიც შედეგად იწვევს გაძლიერებულ გადაცემას.[47] მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიის ცვლილება ადამიანებში, მათ შორის ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული დაჯგუფება ან შეუსაბამო შემთხვევები, შეიძლება მიანიშნებდეს ვირუსული მუტაციების გაზრდილ ტრანსმისიაზე და მომატებულ პანდემიურ პოტენციალზე.[48] თუმცა, 2014-2015 წელს ეგვიპტეში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპი H5N1-ის შემთხვევების აღმოჩენის გახშირება გამოწვეული იყო ექსპოზირებული ადამიანების გაზრდილი დიაგნოსტიკური კვლევებით და არა ვირუსული მუტაციებით.[49][50]

A გრიპის ვირუსები განიცდიან გენეტიკურ ხელახალ სორტირებას (გადახარისხებას). პანდემიის წარსულში გამომწვევი ვირუსები გაჩნდა ადამიანებში ზოონოზური რეზერვუარიდან (1918 H1N1) მუტაციის, დაბალპათოგენური ფრინველის გრიპისა და სეზონური A გრიპის ვირუსებს (1957 H2N2, 1968 H3N2) შორის გენეტიკური ხელახალი სორტირებისა და ღორის A გრიპისა (H1N1) და ღორის A გრიპის სხვა ვირუსებს (2009 H1N1) შორის გენეტიკური ხელახალი სორტირების მეშვეობით.[51][52]

პათოფიზიოლოგია

მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსი უკავშირდება რეცეპტორებს, რომლებსაც გააჩნიათ გალაქტოზასთან 2,3-ალფა კავშირის მქონე სიალის მჟავები, რომლებიც ძირითადად, თუმცა არასრულად, განლაგებულია ადამიანის ქვედა სასუნთქ გზებში.[53][54] მსგავსი რეცეპტორები ასევე დაფიქსირდა ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.[55] გარდა ამისა, კონკრეტული სტრუქტურული ფორმა და არა მხოლოდ რეცეპტორის შეკავშირების აფინურობა, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ზედა რესპირატორულ ტრაქტში რეცეპტორებთან დაკავშირებისთვის.[56] ასევე დაფიქსირდა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსი, რომელიც მოპოვებულია ადამიანის კლინიკური ნიმუშებიდან ზედა რესპირატორული ტრაქტის ქსოვილის დაკავშირების უნარით.[53][57] ქვედა სასუნთქ გზებში HPAI H5N1 ვირუსის ხანგრძლივი და გაძლიერებული რეპლიკაცია იწვევს პროანთებითი ციტოკინებისა და ქემოკინების წარმოქმნას,[58][59] რაც ვლინდება ფილტვის კაპილარების გაჟონვით, ალვეოლების დიფუზური დაზიანებით, ფილტვის მწვავე დაზიანებითა და შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. HPAI H5N1 ვირემია აღნიშნულია ფატალურ შემთხვევებში,[59] ასევე მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის გავრცელება ტვინის ქსოვილის ინფიცირებით; დოკუმენტირებული იყო გამოყოფა თავზურგტვინის სითხიდან, კუჭ-ნაწლავის ინფექციიდან და პლაცენტაში და ფილტვის ემბრიონულ უჯრედებში ვირუსის ვერტიკალური გადაცემის შემდეგ.[20][60] ასევე დაფიქსირებულია რეაქტიული ჰემოფაგოციტოზი.[60]

ფრინველის A გრიპის ვირუსები, მათ შორის, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსი, შეიძლება გადაიცეს ადამიანზე სხვადასხვა გზით.

  • პირდაპირი კონტაქტი (შეხება) და ექსპოზიცია ინფიცირებული ან მკვდარი შინაური ფრინველის ან შინაური ფრინველის პროდუქტების წინაშე ითვლება ადამიანებზე ფრინველის A გრიპის გადაცემის ძირითად რისკად.[17]

  • აეროზოლირებული მასალის შესუნთქვა (მაგ, ფრინველის ექსკრემენტები), რომელიც შეიცავს ინფექციური მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსს, ფრინველიდან ადამიანზე გადაცემის სავარაუდო საშუალებაა.

  • მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის შემცველ მასალასთან პირდაპირი კონტაქტის შემდეგ ლორწოვანი გარსის თვითინოკულაცია (ინფიცირებულ ფრინველებთან შეხება ან გაწმენდა) ან ფრინველის ექსკრემენტებით დაბინძურებული ზედაპირიდან ირიბი კონტაქტიდან ან მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის შემცველი პროდუქტებიდან ლორწოვან გარსზე გადაცემა ასევე იყო ნავარაუდები.

  • ფრინველის უმი პროდუქტების მოხმარება, მათ შორის ინფიცირებული ფრინველების სისხლის გამოყენება, გამოვლინდა როგორც პოტენციური რისკფაქტორი, მაგრამ უცნობია, შეიძლება თუ არა ვირუსის გადაცემა ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტით.

კლასიფიკაცია

პათოგენურობა

ფრინველის A გრიპის ვირუსის შტამები კლასიფიცირდება მოლეკულური და პათოგენურობის კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი ან მაღალპათოგენური ფრინველის გრიპი.

  • შტამების უმეტესობა წარმოადგენს დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსებს და იწვევენ უსიმპტომო ინფექციას ან მსუბუქ დაავადებას შინაურ ფრინველში. დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის H6N1, H7N2, H7N3, H7N7, H7N9, H9N2, H10N7 და H10N8 ვირუსის შტამებით დაინფიცირდნენ ადამიანებიც, რამაც გამოიწვია ავადმყოფობის განსხვავებული სახეები: დაწყებული კონიუნქტივიტიდან და დამთავრებული ზედა რესპირატორული და ქვედა რესპირატორული ტრაქტის არაფატალური დაავადებითა და ქვედა რესპირატორული ტრაქტის მძიმე ფორმის, ფატალური დაავადებით (H7N9, H10N8).[3][4][5][6][7]

  • დღემდე გამოვლენილი მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის შტამები არის H5 და H7 ქვეტიპის და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფორმის ავადმყოფობა შინაურ ფრინველში. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის ინფექცია ადამიანებში მერყეობს უსიმპტომოდან მძიმე ან ფატალური შედეგის მქონე დაავადებამდე. ადამიანებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის ინფექციის იშვიათი, სპორადული შემთხვევები გამოვლინდა H5N1, H5N6, H7N3 და H7N7 ვირუსების შემთხვევაში და გამოიწვია დაავადებების ფართო სპექტრი: კონიუნქტივიტი (H7N3, H7N7), მძიმე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ფატალური გამოსავალი (H7N7, H5N1 , H5N6).[8][9][10][11]აზიური წარმოშობის HPAI H7N9 ვირუსები პირველად აღმოაჩინეს და აღწერეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, 2017 წლის თებერვალში.

ანტიგენური სტრუქტურა (კლადები)

2014 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის/ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის/სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის H5N1 განვითარების სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის ინფექციის H5N1 ნომენკლატურის განახლებული დოკუმენტი.[12] ნომენკლატურის ამ განახლებული სისტემის მიხედვით, მოცირკულირე მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ინფექციის H5N1 ვირუსის შტამები ფრინველებს შორის კლასიფიცირებულია მრავალრიცხოვან კლადებად და იყოფა ქვეკლადებად და ხაზებად.[13][14] მოცირკულირე HPAI H5N1 ვირუსის შტამები ამჟამად მოიცავს კლადებსა და ქვეკლადებს: 1.1, 2.1, 2.2, 2.3 და 7.[15] ანტიგენურად განსხვავებული მოცირკულირე ქვეკლადების შემდგომი ქვედანაყოფები ასევე არის აღწერილი (მაგალითად, 1.1.1, 1.1.2, 2.1.3, 2a, 2.3.2, 2.3.4 და 7.2) და ისინი კვლავ გადიან ანტიგენურ დრიფტს.[12][16] ამ ანტიგენურ ცვლილებებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ვაქცინის განვითარებაზე. კლადები, რომლებმაც დააინფიცირეს ადამიანები მოიცავენ 0, 1, 2 და 7-ს.[17] მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ინფექციის H5N1 ვირუსი იწვევს იშვიათ, სპორადულ ინფექციებს ადამიანებში, მათ შორის, ფატალური შედეგით. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის ადამიანის ინფექციის უმეტესობა 2005 წლიდან ფიქსირდება კლადის მე-2 ვირუსის შტამით. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსის შტამები კვლავ განიცდიან ცვლილებებს ინფიცირებულ ფრინველებში.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით