მიდგომა

შესაძლო აპენდიციტის მქონე პაციენტის შეფასების თავდაპირველ მიდგომას ქმნის ანამნეზის შეკრება და ფიზიკური გასინჯვა.[2] აშშ-ში რუტინული პრაქტიკაა კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ჩატარება პაციენტებისთვის, რომლებიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მოყვანილნი არიან მწვავე აპენდიციტის სიმპტომებით.[25]

ვალიდური კლინიკური გადაწყვეტილების ხელსაწყოები, მაგ. ალვარადოს ქულა ავლენს მაღალ მგრძნობელობას და გამოსადეგია აპენდიციტის გამოსარიცხად, თუმცა არ არის საკმარისად სპეციფიკური.[26][27][28]

ორსულ პაციენტებში რეკომენდებულია ულტრაბგერა ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).[29][30] რეპროდუქციული ასაკის ქალებში საჭიროა მენჯის გასინჯვა, რათა მენჯის სხვა პათოლოგიები გამოირიცხოს.[31]

ანამნეზი.

მუცლის ტკივილი მთავარი პირველი ჩივილია. როგორც წესი, ტკივილი იწყება მუცლის შუა ნაწილში და შემდეგ (1-12 საათი) გადადის მარჯვენა ქვედა კვადრანტში. ტკივილი ხშირად მუდმივი ხასიათისაა და ხანგამოშვებით ვლინდება მუცლის სპაზმური ტკივილი. ტკივილი ძლიერდება მოძრაობისას და ხველისას.

ტკივილის ადგილმდებარეობა შეიძლება განსხვავდებოდეს ჭიანაწლავის ანატომიის მიხედვით:

  • ბრმა ნაწლავის უკანა (რეტროცეკალური) ჭიანაწლავი შეიძლება იწვევდეს ფერდქვეშა ან ზურგის ტკივილს

  • თეძოს ნაწლავის უკანა (რეტროილეური) ჭიანაწლავი შეიძლება იწვევდეს სათესლის ტკივილს სათესლე არტერიის ან შარდსაწვეთის გაღიზიანების გამო

  • მენჯის ღრუში მდებარე ჭიანაწლავი შეიძლება იწვევდეს ბოქვენზედა ტკივილს

  • თუ ჭიანაწლავი გრძელია და მისი წვერო მარცხენა ქვედა კვადრანტში იწვევს ანთებას, ტკივილი შეიძლება აქ იყოს ლოკალიზებული.

მადის გაქრობა მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომელიც თითქმის ყოველთვის თან ახლავს მწვავე აპენდიციტს.[32] მადის გაქრობის ნიშნის გარეშე, აპენდიციტის დიაგნოზი ეჭვქვეშ დგება. პაციენტების 75%-ს ასევე აწუხებს გულისრევა და ღებინება.[32] მოგვიანებითი ნიშანია სრული ყაბზობა.

მწვავე აპენდიციტის მქონე პაციენტთა 95%-ში სიმპტომების თანმიმდევრობა ასეთია: მადის გაქრობა, მუცლის ტკივილი და შემდეგ ღებინება.[32] თუმცა, ორსულებში შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ გულისრევა, ღებინება და ლოკალური პერიტონიტი. აღნიშნული სიმპტომები მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული აპენდიციტის დიაგნოზთან.[33]

რაც უფრო ხანგრძლივად აღენიშნება პაციენტს (>50 წლის ასაკის) სიმპტომები, მით უფრო მაღალია გართულებული აპენდიციტის (ინტრა-აბდომინური აბსცესის პერფორაცია) რისკი.[34][35]

ფიზიკური გამოკვლევა

როგორც წესი, სასიცოცხლო ნიშნები მნიშვნელოვნად არ იცვლება. სხეულის ტემპერატურა ოდნავ შეიძლება იყოს მომატებული (საშუალო მატება 1°C; 1.8°F). მაღალი ცხელების შემთხვევაში საჭიროა სხვა დიაგნოზების განხილვა.[36] შესაძლოა აღინიშნებოდეს ტაქიკარდია.[37]

კლასიკური ნიშანია მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის მტკივნეულობა (მაკბერნის ნიშანი) და ლოკალიზებული უკუცემითი ტკივილი (თუ ჭიანაწლავი წინა მდებარეობისაა). ასევე შეიძლება გამოვლინდეს მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილი მარცხენა ქვედა კვადრანტის კომპრესიის შემდეგ (როვზინგის ნიშანი).

ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტში შეიძლება გამოვიწვიოთ შემდეგნაირად: პაციენტი წვება მარცხენა მხარეს და ნელა ვშლით მარჯვენა თეძოს, რათა დავჭიმოთ თეძო-სუკის კუნთი (ფსოას ნიშანი); ან მოხრილი მარჯვენა თეძოს შიდა როტაციით (დამხურავი კუნთების ნიშანი).

შეიძლება დაქვეითებული იყოს ნაწლავური ხმიანობა, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს (მარცხენასთან შედარებით).

მუცლის კლასიკური სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს თუ ჭიანაწლავი ატიპურ ანატომიურ ადგილზეა.

პერფორაციის მქონე პაციენტები შეიძლება გამოვლინდნენ მწვავედ და აღინიშნოს ჰიპოტენზია, ტაქიკარდია და დაჭიმული, გადაბერილი მუცელი, ზოგადი დაცვითი რეფლექსი და ნაწლავური ხმიანობის გაქრობა.

თუ ჭიანაწლავის პერფორაცია იზოლირებულია ბადექონით (ჭიანაწლავის გარშემო აბსცესი), შესაძლებელია პალპაციით წარმონაქმნის დაფიქსირება.

ანალიზი

მუცლის დისკომფორტის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი. როგორც წესი, ვლინდება მსუბუქი ლეიკოციტოზი (10 - 18 x 10^9/ლ ან 10,000 -18,000/მიკროლიტრი) და ნეიტროფილების მატება.

როგორც წესი, გვაქვს რომელიმე რადიოლოგიური კვლევის ჩვენება. არაორსული პაციენტების უმეტესობას, რომლებიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში აპენდიციტისათვის დამახასიათებელი მუცლის ტკივილით ხვდებიან, უტარდებათ მუცლის და მენჯის CT სკანირება.[29][30] მუცლის პრეოპერაციული კომპიუტერული ტომოგრაფია (ულტრაბგერა ან MRI ორსულებში) წარმოადგენს სტანდარტულ პროცედურას. ქირურგიულ ჩარევამდე რადიოლოგიური გამოკვლევა განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებსა და ბავშვებში.[25][38][39]

რადიოლოგიური კვლევის არჩევანის უპირატესობანი

მიუხედავად იმისა, რომ CT სკანირება აპენდიციტის სადიაგნოსტიკოდ მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით ულტრაბგერაზე უპირატესია, ეს უკანასკნელი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი, სწრაფი და საწოლთან იოლად ჩასატარებელია.[40][41][42][43] ბავშვებში ულტრაბგერა უმჯობესია, რადგან CT სკანირება დასხივებასთანაა დაკავშირებული. არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვებში, ზრდასრულებთან შედარებით, ულტრაბგერის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა უფრო მაღალია.[38][44][45] თუ ულტრაბგერაზე ვიზუალიზდება ნორმალური ჭია ნაწლავი სრულად, შესაძლებელია მწვავე აპენდიციტის გამორიცხვა. თუმცა, ეს იშვიათად ხდება. ულტრაბგერით შესაძლებელია მუცლის ტკივილის ალტერნატიული მიზეზების აღმოჩენაც, რაც გამორიცხავს აპენდიციტს.[46]

ჭია ნაწლავის CT სკანირება უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება მწვავე აპენდიციტის დროს. აშშ-ში რუტინული პრაქტიკაა CT-ის ჩატარება თუ პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მწვავე აპენდიციტის ნიშნებით შემოვა.[25] CT სკანირება ასევე მითითებულია ატიპური გამოვლინებების დროს.[29][47] თუმცა, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ დაგვიანებული ქირურგიული ოპერაცია დაკავშირებულია ჭია ნაწლავის პერპორაციის მომატებულ რისკთან.[48] კომპიუტერული სკანირება ინტრავენური კონტრასტით, პერორალური კონტრასტის დამატებით ან მის გარეშე, ხასიათდება 100%-იანი მგრძნობელობით, ხოლო ინტრავენური კონტრასტის გარეშე მგრძნობელობა 92%-ია.[49][50]com.bmj.content.model.Caption@32f3423f[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის CT- გასქელებული ჭიანაწლავი.Nasim Ahmed, MBBS, FACS; used with permission [Citation ends].

თუ ორსულ ქალებს აპენდიციტის ნიშნები აღენიშნებათ, საჭიროა მუცლის სონოგრაფია ჭიანაწლავის დასათვალიერებლად. თუ სონოგრაფიის შედეგი არადამაჯერებელია, უნდა ჩატარდეს მუცლის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (განსაკუთრებით ორსულობის ადრეულ ეტაპზე).[31][29]

კვლევები სხვა მიზეზების გამოსარიცხად

შარდის ანალიზის ჩატარება საჭიროა საშარდე გზების ინფექციის ან თირკმლის კოლიკის გამოსარიცხად. რეპროდუქციული ასაკის სქესობრივად აქტიურ ქალებში საჭიროა შარდში ორსულობის ტესტის ჩატარება.


ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაციავენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს