შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

22 წლის მამაკაცი წარმოდგენილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მუცლის ტკივილით, მადის დაკარგვით, გულისრევითა და სუბფებრილური ცხელებით. ტკივილი დაიწყო მუცლის შუა ნაწილში დაახლოებით 6 საათის წინ. ახლა ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვედა მარჯვენა კვადრანტში. ტკივილი სტაბილურია და უარესდება ხველით. გასინჯვით ვლინდება დაბალი ცხელება (38°C [100.5°F]), ტკივილი პალპაციისას მარჯვენა კვადრანტში (მაკბერნის წერტილი) და ლეიკოციტოზი (12 x 10⁹/ლ ან 12,000/მკლ), 85% ნეიტროფილებით.

შემთხვევის ანამნეზი #2

12 წლის გოგონას აწუხებს უეცრად განვითარებული, ძლიერი, ზოგადი ტკივილი მუცლის არეში. ასევე ვლინდება გულისრევა, ღებინება და დიარეა. გასინჯვით ბავშვი შეუძლოდ გამოიყურება და ცხელება აქვს- 40°C (104°F). მუცელი დაჭიმულია, ვლინდება ზოგადი მტკივნეულობა და დაცვითი რეფლექსი. ნაწლავური ხმიანობა არ ისმინება.

სხვა გამოვლინებები

თუ ჭიანაწლავი ატიპურ ანატომიურ ადგილას მდებარეობს, მაგ. ბრმა ნაწლავის უკან, ან გრძელი ფორმა აქვს, შეიძლება გამოვლინდეს ზურგის, თეძოს ან მარცხენამხრივი მუცლის ტკივილი, რომელიც აგვერევა მუცლის შიდა სხვა პათოლოგიების დიაგნოზებში. უფროს პაციენტებში კლასიკური სიმპტომები ნაკლებად გვხვდება. შეიძლება გამოვლინდეს მუცლის არასპეციფიკური ტკივილი ასოცირებული სიმპტომების გარეშე. ასევე შეიძლება აღინიშნოს კონფუზია. ამ ჯგუფში მდგომარეობის გამოვლენის ან დიაგნოსტირების დაყოვნება იწვევს ავადობისა და სიკვდილობის გაზრდას. მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი ორსულობის დროს ხშირად ყოვნდება, რადგანაც ტკივილის მდებარეობაზე გავლენა აქვს საშვილოსნოს მიერ ჭიანაწლავზე ზეწოლა-გადაადგილებას. ასევე, გულისრევა და ღებინება თავად ორსულობასაც ახასიათებს.[3]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს