ეტიოლოგია

მწვავე აპენდიციტის მთავარი მიზეზი ჭიანაწლავის სანათურის ობსტრუქციაა. განავლოვანი ლითოწარმონქამნი (განავლის გამაგრებული მასა), ნორმალური განავალი ან ლიმფური ჰიპერპლაზია ობსტრუქციის მთავარი მიზეზებია. აპენდექტომიის რეტროსპექტული მონაცემების თანახმად, პრევალენტობა არის 14-18% (შესაბამისად, პაციენტებში, რომელთაც აპენდიციტის კლინიკური ჩვენება/სინდრომი აქვთ ან აპენდექტომია გადაუდებლად ჭირდებათ).[11][12] გადაუდებელ შემთხვევებში განავლოვანი ლითოწარმონაქმნების პრევალენტობა იყო 39.4% პერფორირებული აპენდიციტის შემთხვევაში, ხოლო 14.6%- არაპერფორირებულ ფორმაში.[11]

არსებობს მტკიცებულება ზოგიერთ შემთხვევაში ნეიროიმუნური ეტიოლოგიის შესახებ, თუმცა აღნიშნული თეორია კვლავ კვლევის პროცესშია.[13]

პათოფიზიოლოგია

აპენდიქსის ობსტრუქციის დისტალურად სანათური ივსება ლორწოვანით და ქმნის დახურულ მარყუჟს. ეს იწვევს გადაბერვას და სანათურის შიდა და კედლის შიდა წნევის მომატებას. მდგომარეობის პროგრესირებასთან ერთად, ჭია ნაწლავში მობინადრე ბაქტერიები იწყებენ სწრაფ გამრავლებას. ჭია ნაწლავის ყველაზე ხშირი ბაქტერიებია Bacteroides fragilis და Escherichia coli.[14]

ჭიანაწლავის სანათურის გადაბერვა რეფლექსურად იწვევს მადის გაქრობას, გულისრევასა და ღებინებას, ვისცერულ ტკივილს ჭიპის გარშემო; ეს სიმპტომები ჭიანაწლავის ემბრიონულ წარმოშობას უკავშირდება.

როდესაც ღრუს წნევა აჭარბებს ვენურ წნევას, მცირე ზომის ვენულები და კაპილარები ითრომბება, ხოლო არტერიოლები კვლავ ღიაა, რაც იწვევს მათ შებერვას და ჭიანაწლავის შეშუპებას. ანთებითი პროცესი მალევე ითრევს ჭიანაწლავის სეროზულ გარსს, ანუ ამ რეგიონის პარიესულ პერიტონეუმს, რაც იწვევს კლასიკურ ნიშანს- მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილს (მაკბენის წერტილი).

მცირე ზომის არტერიოლების დათრომბვის შემდეგ, ჯორჯლის საპირისპირო არე განიცდის იშემიას, რასაც ინფარქტი და პერფორაცია მოჰყვება. ბაქტერიები ჟონავენ დაზიანებული კედლიდან და იქმნება ჩირქი (დაჩირქება) ჭიანაწლავში და მის გარშემო. პერფორაცია, როგორც წესი, ვითარდება ობსტრუქციის გვერდით, და არა ჭიანაწლავის წვეროსთან.[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს