ეპიდემიოლოგია

ბავშვები ყოველწლიურად ცივდებიან 6-8-ჯერ, ხოლო ზრდასრულები - 2-4-ჯერ.[1][2][3][4][5] ზრდასრულები, რომელთაც აქვთ კონტაქტი ბავშვებთან, ცივდებიან უფრო ხშირად, ვიდრე ის ზრდასრულები, რომელთაც ბავშვებთან კონტაქტი არა აქვთ.[6] დასავლეთის ქვეყნებში ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, ცხვირის გაჭედვა, ყელთან დაკავშირებული ჩივილები და ხველა ზოგადი პრაქტიკის ექიმების კონსულტაციების 11%-ს შეადგენს.[1] გაციება აშშ-ში ყველაზე ხშირი დაავადებაა, რომელზეც მოდის ყოველწლიურად 37 მილიონი (3%) ამბულატორიული ვიზიტი.[7]​ აშშ-ში ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ მოზრდილების 23.6%-ს განვლილი 4 კვირის განმავლობაში იყო გაციებული.[8]

სქესის ან ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით გაციების სიხშირე არ განსხვავდება. ინფექციების უმეტესობას ადგილი აქვს ზამთარში. ასევე მიიჩნევა, რომ გაციება ზაფხულის და ზამთრის პერიოდებში გამოწვეულია სხვადასხვა ვირუსით.[6] საკმაოდ მარტივად გადამდებია, თუმცა გაურკვეველია, ტრანსმისიისა და გავრცელების გზა ძირითადად ხელით კონტაქტია, აეროზოლური თუ ზედაპირების აეროზოლური დაბინძურება, რის შედეგადაც ინფექიური პათოგენი გადადის პირის ღრუს ლორწოვან გარსზე (მაგ. საკვების მიღებისას).

თანმხლები სიკვდილობა/ავადობა იშვიათია, თუმცა ქმნის მნიშვნელოვან დისკომფორტს, არის სკოლების და სამსახურების გაცდენის და ჯანდაცვის სფეროს ხარჯების მიზეზი.[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას