მონიტორინგი
დიაბეტის ოპტიმალური მკურნალობისთვის საჭიროა ხანგრძლივი ურთიერთობა პაციენტთან და წნევის, HbA1c, თამბაქოს მოხმარების რეგულარული კონტროლი და მხარდაჭერილი ცხოვრების წესის ცვლილებები.
დიაგნოზის დადგენისას დაუყოვნებლივ გადაამისამართეთ პაციენტი თვალის ადგილობრივ სკრინინგ სერვისზე.[36] რეკომენდებულია თვალის სკრინინგის გამეორება ყოველწლიურად.[306]
დიაგნოზის დადგენისთანავე დიაბეტური ფეხის გართულების განვითარების რისკის შეფასებაა საჭირო; გააკეთეთ ეს მინიმუმ ყოველწლიურად (ან უფრო ხშირად, რისკის მიხედვით).[79]
კოჭის რეფლექსის, ტერფის უკანა არტერიის პულსის, ვიბრაციის შეგრძნების და10-გრამიანი მონოფილამენტის შეხების შეგრძნების შეფასების ჩათვლით
ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს დაქვეითბული მგრძნობელობა ტერფებში, ტერფის დეფორმაციები, ან ანამნეზში აქვს ფეხის წყლულები ან ამპუტაცია, ყოველი ვიზიტის დროს უნდა ჩაიტაროს ტერფის გამოკვლევა. ისინი სპეციალიზებული ფეხსაცმლის კანდიდანტები არიან.[34]
როდესაც ფეხის პრობლემები წარმოიქმნება, პაციენტებმა უნდა მიმართონ ფეხის დაცვის სამსახურს ან ფეხის მოვლის მრავალდისციპლინურ სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში.[79]
დიაგნოზის დადგენისას გაზომეთ პაციენტის შარდში ალბუმინი კრეატინინის თანაფარდობა. თირკმლის ფუნქციის ყოველწლიური რეკომენდებული შეფასება მოიცავს როგორც შარდში ალბუმინის გამოყოფის ტესტსა და შრატში კრეატინინის ტესტს, ასევე გორგლოვანი სიჩქარის განსაზღვრას CKD-EPI კრეატინინის ფორმულით ან ამ ფორმულის ექვივალენტით.
გაზომეთ HbA1c დონე დიაგნოსტიკის დროს და:[36]
ყოველ 3-6 თვეში ერთხელ (ინდივიდუალურად), სანამ პაციენტის HbA1c სტაბილური იქნება თერაპიის ცვლილების მიუხედავად.
ყოველ 6 თვეში ერთხელ მას შემდეგ, რაც პაციენტის HbA1c დონე და გლუკოზის შემამცირებელი თერაპია დასტაბილურდება.
პაციენტების უმეტესობას სჭირდება დიაბეტის შეფასება 3-6 თვეში ერთხელ, ზოგიერთი პაციენტისთვის კი შეიძლება სასარგებლო იყოს უფრო ხშირი (ყოველთვიური) ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც ისინი მოტივირებული არიან გააუმჯობესონ საკუთარი თავის მოვლა.
გაზომეთ არტერიული წნევა სულ მცირე წელიწადში ერთხელ, მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულებში, რომლებსაც მანამდე ჰიპერტანზია ან თირკმლის დაავადება არ ჰქონიათ.[80]
შესთავაზეთ ცხოვრების სტილის ინტენსიური ცვლილებები.[80]
დარწმუნდით, რომ პაციენტი იღებს მუდმივ ინდივიდუალურ რჩევებს სპეციალისტისგან, რომელსაც აქვს ნუტრიციოლოგიის სპეციფიკური გამოცდილება და კომპეტენციები.[36] დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო რეკომენდაციას უწევს ვიტამინ B12-ის შრატში დონის შემოწმებას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მეტფორმინით, რომლებსაც აქვთ სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ვიტამინის B12-ის დეფიციტზე. ასევე რეკომენდებულია პერიოდულად დაკვირვება B12 ვიტამინის დეფიციტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.[307]
მიზნად დაისახეთ პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის რუტინული შეფასება, როდესაც მიმოიხილავთ დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულ ადამიანს.[81][82][83] გამოიყენეთ ვალიდური ინსტრუმენტი (მაგ. მოწყვლადობის ელექტრონული ინდექსი [eFI], როკვუდის ქულა, ან Timed Up and Go) მოწყვლადობის (frailty) კლინიკური ეჭვის დასადასტურებლად.[82][83] მოწყვლად პაციენტებს სჭირდებათ მიზნობრივი პერსონალიზებული მიდგომა; თერაპიის დეესკალაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაძლიერება. მიმართეთ სპეციალისტს, თუ რჩევა გჭირდებათ.
რეკომენდირებულია დიაბეტის ედუკატორების გამოყენება, თუმცა, ინფორმაციის საფუძველზე დიაბეტიანი პაციენტების ტრადიციული განათლება, რომელიც სანქცირებულია ზოგიერთი პროფესიონალური ორგანიაციის მიერ, მხოლოდ საშუალოდაა ეფექტიანი, რანდომიზებული კვლევების მიხედვით.[308][309] რეკომენდებულია მულტიდისციპლინარული მიდგომა ექთნების, დიეტოლოგების, კლინიკური ფარმაკოლოგების, ფსიქოლოგების და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით. პაციენტის მზადყოფნა ცვლილებისთვის წარმოადგენს ძლიერ მაჩვენებელს გაუმჯობესებული მოვლისთვის, ხოლო ცვლილებისთვის მზადყოფნა განსხვავდება წნევის, სტატინის გამოყენების, ასპირინის გამოყენების, გლუკოზის, მოწევის, ფიზიკური აქტიურობის და კვების მაჩვენებლების მიხედვით. ცვლილებისთვის მზადყოფნის სწრაფი შეფასება და მკურნალობის მიმართვა ცვლილების მაქსიმალური პოტენციალის მქონე მიმართულებაზე.[310]
თვით-მართვა სისხლში გლუკოზის რეგულარული მონიტორინგით რუტინულად არ არის რეკომენდებული მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რადგანაც ეს მნიშვნელოვნად არ აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს, ცხოვრების ხარისხს ან ჰიპოგლიკემიის რისკებს.[36][80][მტკიცებულების დონე A] თუმცა, თვით-მართვის ფარგლებში სისხლში გლუკოზის მონიტორინგი რეკომენდებულია მათთვის, ვინც (ა) ინსულინზეა; (ბ) ჰქონია ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები; (გ) იყენებს პერორალურ მედიკამენტებს მძიმე ტექნიკის გამოყენებისას, რომელთაც ჰიპოგლიკემიის რისკი ახლავთ თან; ან (დ) ორსულადაა ან გეგმავს ორსულობას.[36]
დაავადების პროგრესირების, თანმხლები დაავადებების და ცხოვრების წესის ან მკურნალობის რეჟიმის დარღვევის გამო პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილში, რომლებმაც მიაღწიეს HbA1c-ის სამიზნე დონეს, წნევის სასურველ მაჩვენებლებს და ადრე ლიპიდების დონეებს, უვითარდებათ ერთი ან მეტი გაუკონტროლებელი მდგომარეობის რეციდივი 1 ან მეტი წლის განმავლობაში. რეციდივი, როგორც წესი, უსიმპტომოა; სასურველია კლინიკური პარამეტრების ხშირი მონიტორინგი რეციდივის ადრეულ ეტაპზე დასაფიქსირებლად და მკურნალობის სათანადოდ კორექტირებისთვის.
გლიკემიური კონტროლის კარგვის მიზეზებია მკურნალობის რეჟიმის დარღვევა, დეპრესია, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაშავება ან ართრიტის გაუარესება, თანმხლები დაავადებები, რომლებსაც პაციენტი უფრო სერიოზულად აღიქვამს, ვიდრე დიაბეტს, სოციალური სტრესი სახლში ან სამსახურში, ნარკომანია, ფარული ინფექციები, ისეთი პრეპარატების მიღება (როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, გარკვეული ანტიდეპრესანტები [პაროქსეტინი], განწყობის სტაბილიზატორები ან ატიპური ანტიფსიქოზური მედიკამენტები), რომლებიც იწვევს წონის ან გლუკოზის დონის მომატებას, ან სხვა ენდოკრინოპათიები, როგორიცაა კუშინგის დაავადება.
წნევის და ლიპიდების კონტროლის დაკარგვა ასევე ხშირი მოვლენაა. დიაბეტის მქონე პაციენტების ახლო მეთვალყურეობა ხშირი ვიზიტებითა და ლაბორატორიული ანალიზებით გვეხმარება მკურნალობის მიზნების მიღწევაში და წნევის ან HbA1c ცვლილებების აქტიურ მეთვალყურეობაში. ასევე საჭიროა სტატინების მნიშვნელობისა (თუ არსებობს ჩვენება) და მოწევის შეწყვეტის შენარჩუნების ხაზგასმა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას