გართულებები

გართულებები table
გართულებაქრონოლოგიაალბათობა

დიაბეტური თირკმლის დაავადება

გრძელვადიანიდაბალი

დროთა განმავლობაში თირკმლის ქრონიკული დაავადება ვლინდება პაციენტების 40%-ში.. თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის პრევალენტობა შეადგენს დაახლოებით 1%-ს მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პირებში (ჯვარედინ-სექციური მონაცემები).[126] თირკმლის ქრონიკული დაავადება განპირობებულია გაუკონტროლებელი სისხლის წნევით და გლუკოზით და ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს სულ მცირე ოთხჯერ. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <60/მლ/1.73მ^2/წთ გულისხმობს თირკმლის ქრონიკული დაავადების დიაგნოზს, ხოლო მიკროალბუმინურია ან ალბუმინურია გულისხმობს ნეფროპათიას. რომელიმე აღწერილი მდგომარეობის განვითარება საჭიროებს სისტოლური არტერიული წნევის აგრესიულ მართვას.

ასევე მნიშვნელოვანია ACE ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება და გლუკოზის კონტროლის ოპტიმიზაცია. როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წთ/1.73მ^2-ზე, საჭიროა ნეფროლოგთან გაგზავნა თირკმლის ბოლო სტადიის სამართავად.

თირკმლის უკმარისობა განაწყობს პაციენტებს ანემიის და ჰიპოგლიკემიისკენ; თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზების შემცირება.

სიბრმავე

გრძელვადიანიდაბალი

სიცოცხლის განმავლობაში დაბრმავების რისკი, ცალ თვალზე მაინც, შეადგენს <5%. რისკი იმატებს წნევის და გლუკოზის კონტროლის სისუსტით და რეტინოპათიის, კუნთების დეგენერაციის, გლაუკომის და კატარაქტის რეგულარული სკრინინგის შეუძლებლობით. თვალებთან დაკავშირებული ყველა ამ მდგომარეობის რისკი იზრდება დიაბეტის შემთხვევაში.

კიდურის ამპუტაცია

გრძელვადიანიდაბალი

ლიტერატურის მიხედვით სიცოცხლის განმავლობაში რისკი არის 7%, მაგრამ ახლანდელ კოჰორტებში გვხვდება ყოველწლიურად 4/1000 სიხშირით, რომელთაგან ნახევარი ცერა თითის ამპუტაციაა (რომელსაც შემდგომი 3 წლის განმავლობაში არ მოყვება იმავე ფეხის უფრო მაღალი ამპუტაცია).[134]

რისკს აძლიერებს ნეიროპათია და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები და შეიძლება შემცირდეს მოწევის შეწყვეტით; გლუკოზის, წნევის და ლიპიდების აგრესიული მკურნალობით; ასევე სპეციალური ფეხსაცმლის გამოყენებით პაციენტების მიერ, რომლებსაც აქვთ დადასტურებული ნეიროპათია ან ტერფის დეფორმაცია; ასევე ქვედა კიდურების ნებისმიერი ინფექციის შესაბამისი და აგრესიული მკურნალობით.

გულსისხლძარღვთა დაავადება

ვარიაბელურიმაღალი

მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტები ინსულტით ან მიოკარდიუმის ინფარქტით (MI) სიკვდილის დაახლოებით ორჯერ უფრო დიდ რისკს ექვემდებარებიან დიაბეტის არმქონე პირებთან შედარებით და ისინი დაახლოებით 40-ჯერ უფრო ხშირად კვდებიან მაკროვასკულარული დაავადებებით მიკროვასკულარულ დაავადებებთან შედარებით.[60][61] გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად აუცილებელია წნევის, ლიპიდების და თამბაქოს მოხმარების სათანადო კონტროლი. მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ კონკრეტულ პაციენტებში სტატინების, ACE ინჰიბიტორების, მეტფორმინის, ასპირინის, ემპაგლიფლოზინის, ლირაგლუტიდის და PCSK9 ინჰიბიტორების დანიშვნის გზით შესაძლოა შემცირდეს გულ-სისხლძარღთა მიზეზებით ან ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილობა. ACCORD-ისა და ADVANCE-ის რანდომიზებულ კვლევებში გლუკოზის კონტროლი თითქმის ნორმლის ფარგლებში ვერ უზრუნველყოფდა გულ-სისხლძარღვთა ან ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის შემცირებას მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ხოლო ამ კვლევათაგან ერთ-ერთში კი ზრდიდა ნებისმიერი მიზეზით განპირობებული სიკვდილობის მაჩვენებელს. თუმცა ACCORD-ისა და ADVANCE-ის კვლევებში არ გამოუყენებიათ ემპაგლიფლოზინი, ლირაგლუტიდი ან PCSK9-ის ინჰიბიტორები. არაერთი კვლევის მიხედვით გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების რისკს ზრდის HbA1c ≥64 მმოლ/მოლ (≥8%) არსებობა.[56][57] მტკიცებულება A

ძლიერი დაღლილობა შეიძლება იყოს გულსისხლძარღვთა პროგრესირებადი დაავადების ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანი; მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების შემთხვევაში კლინიცისტი პოტენციურად გულთან დაკავშირებული სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში უნდა იყენებდეს შედარებით დაბალ ზღვარს გულის სტატუსის შესაფასებლად.

გულის შეგუბებითი უკმარისობა

ვარიაბელურიმაღალი

დიაბეტი წარმოადგენს რისკფაქტორს CHF-სთვის, მაგრამ სისხლში შაქრის კონტროლი არ აუმჯობესებს პროგნოზბს. CHF ვლინდება დიაბეტის მქონე პაციენტების დაახლოებით 10% - 15%-ში.[127] გულის შეგუბებითი უკმარისობა მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ხშირად უკავშირდება უკონტროლო ჰიპერტენზიას ან იშემიურ კორონარულ დაავადებას, თუმცა ასევე გვხვდება დიაბეტის მიკროვასკულური გართულებების დროს.

საჭიროებს მკურნალობას ACE ინჰიბიტორის/ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების, დიურეტიკების და სხვა პრეპარატების მეშვეობით.

უნდა გამოირიცხოს ისეთი გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ანემია ან გულის სტრუქტურული დაავადებები.

ინსულტი

ვარიაბელურიმაღალი

უკავშირდება გაუკონტროლებელ წნევას, გლუკოზას და ლიპიდებს. სიცოცხლის მანძილზე რისკი უფრო მაღალია ქალებისთვის, ვიდრე მამაკაცებისთვის.[128]

სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ნევროლოგიური შეფასება, ქსოვილის პლაზმინოგენის აქტივატორის (TPA) ან სხვა შესაძლო თერაპიული სტრატეგიების გამოყენებამ შესაძლოა მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი და მაქსიმალურად გაზარდოს ფუნქციის აღდგენის პოტენციალი.

ინფექციის სამკურნალოდ.

ვარიაბელურისაშუალო

ჰიპერგლიკემია აქვეითებს ორგანიზმის თავდაცვას ბაქტერიული ინფექციებისგან სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით, მათ შორის, ფაგოციტოზის დარღვევით.

სისხლში გლუკოზის ნორმალიზაცია ამცირებს ინფექციების რისკს, კერძოდ, ცისტიტის, ცელულიტის და პნევმონიის რისკს. იმუნიზაცია ამცირებს სერიოზული პნევმოკოკური, Hemophilus influenzae, და გრიპის ინფექციების რისკს.

აგრესიული, ინფექციისთვის სპეციფიური თერაპია და მხარდამჭერი თერაპია, მათ შორის, გლუკოზის სათანადო კონტროლი გადამწყვეტია, წარმატებით მკურნალობისთვის.

პერიოდონტალური დაავადება

ვარიაბელურისაშუალო

მე-2 ტიპის დიაბეტი დაკავშირებულია პერიოდონტულ დაავადებებთან, მაგრამ გამომწვევი დადგენილი არაა.[129] ერთ-ერთ დიდი მასშტაბის ეპიდემიოლოგიურ კვლევაში პერიოდონტული დაავადება წარმოადგენდა შემთხვევით აღმოჩენილი დიაბეტის დამოუკიდებელ პროგნოზულ ფაქტორს.[129] დადგინდა ორმხრივი რისკი.[130]

პერიოდონტული დაავადების და ჰიპერგლიკემიის კონტროლი ორმხრივად სასარგებლოა. მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პირებისთვის მნიშვნელოვანია რუტინული პრევენციული სტომატოლოგიური მკურნალობა.[129]

მკურნალობასთან დაკავშრებული ჰიპოგლიკემია

ვარიაბელურისაშუალო

დაკავშირებულია ინსულინით ან/და ინსულინის სეკრეციის სტიმულატორებით (სულფონილშარდოვანით ან მეგლიტინიდებით) მკურნალობასთან, დამოუკიდებლად, ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. გლუკოზის საგანგაშო მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც ≤3.9 მმოლ/ლ (≤70 მგ/დლ) და საჭიროებს მკურნალობას სწრაფი მოქმედების ნახშირწყლებით და გლუკოზის შემამცირებელი თერაპიის დოზის კორექტირებას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის მაჩვენებლად მიჩნეულია <3.0 მმოლ/ლ (<54 მგ/დლ), რაც მიუთითებს მძიმე, კლინიკურად მნიშვნელოვან ჰიპოგლიკემიაზე.[2] სისხლში გლუკოზის დაბალი მაჩვენებლი ხშირია პაციენტებში, რომლებიც ცდილობენ მიაღწიონ HbA1c <53 მმოლ/მოლ (<7%) მაჩვენებელს. ჰიპოგლიკემია, როგორც წესი, უკავშირდება საგანგაშო ნიშნებს, როგორებიცაა სწრაფი გულისცემა, ოფლიანობა, კანკალი, შფოთვა, დაბნეულობა და შიმშილი. ჰიპოგლიკემიის შესახებ არცოდნა (ჰიპოგლიკემიის დროს სიმპტომების არარსებობა) და მძიმე ჰიპოგლიკემია, რომელიც განისაზღვრება, როგორც სისხლში შაქრის იმდენად დაბალი დონე, რომ საჭიროა სხვა პირის ან სამედიცინო პერსონალის დახმარება მის სამკურნალოდ, გვხვდება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების 1%-3%, წელიწადში. ასაკოვანი პირები და ასევე პირები, რომლებსაც აქვთ თანმხლები გულის ავადმყოფობა, CHF, CKD, ან დეპრესია, ექვემდებარებიან მძიმე ჰიპოგლიკემიის არსებითად მომატებულ რისკს.[131]

პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ კონსულტაციები ჰიპოგლიკემიის ამოცნობის, პრევენციის და მკურნალობის შესახებ და, რომ თან უნდა იქონიონ გლუკოზის აბები ან შესაბამისი 20 გ სწრაფი მოქმედების ნახშირწყლოვანი პროდუქტი. პაციენტებმა, რომლებიც მოიხმარენ ალფა გლუკოზიდაზის ინჰიბოტორებს, უნდა მიიღონ გლუკოზის ტაბლეტები ჰიპოგლიკემიის დროს, რამდენადაც მკურნალობა ანელებს კონვენციური ნახშირწყლების ათვისებას.

დეპრესია

ვარიაბელურისაშუალო

როდესაც გლიკემიური მაჩვენებლების მიღწევა ან მკურნალობის გეგმის შესრულება ძნელია, უნდა ვიფიქროთ დეპრესიის არსებობაზე. სკრინინგის ისეთი დადასტურებული ინსტრუმენტის გამოყენებამ, როგორიცაა პაციენტის ჯანმრთელობის კითხვარი (PHQ)-9, შეიძლება ხელი შეუწყოს იდენტიფიკაციას და დიაგნოსტიკას. დიაბეტის მქონე პირების შემთხვევაში დეპრესიის პრევალენტობა შეადგენს 10%-25%.[136]

ძილის ობსტრუქციული აპნოე

ვარიაბელურისაშუალო

ობსტრუქციული აპნოე ძილის დროს ხშირია ჭარბწონიან და გაცხიმოვნების მქონე ზრდასრულების შემთხვევაში და დაკავშირებულია ინსულინის მიმართ რეზისტენტობასთან და გლუკოზის მეტაბოლიზმის ცვლილებასთან. საჭიროა შემდგომი კვლევები გლიკემიურ კონტროლზე სასუნთქი გზების უწყვეტი პოზიტიური წნევის ეფექტის (CPAP) შესაფასებლად, რადგან არსებული კვლევების შედეგები ვარიაბელურია.[137][138][139]

დიაბეტის ამერიკული ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ძილის შეფასებას, როგორც ცხოვრების სტილისა და გლიკემიური კონტროლის კომპონენტს.[2]

დიაბეტური კეტოაციდოზი

ვარიაბელურიდაბალი

ხშირად მოიაზრება 1-ლი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში; თუმცა, შეიძლება შეგვხვდეს მე-2 ტიპის დიაბეტის დროსაც და დიაბეტის იშვიათ ფორმაში, როგორიცაა კეტოზისადმი მიდრეკილი დიაბეტი. ინფექცია და დიაბეტის მედიკამენტებზე დაბალი დამყოლობა კეტოაციდოზის ყველაზე ხშირი მიზეზია, მაგრამ ზოგჯერ მაპროვოცირებელი ფაქტორები არ ვლინდება.[132]

დიაბეტური კეტოაციდოზის კრიტერიუმები იგივეა, დიაბეტის ტიპის განურჩევლად. მდგომარეობა შეიძლება ფატალური იყოს არასწორი მკურნალობის შემთხვევაში.

ჰიდრატაცია, პარენტერული ინსულინოთერაპია, ელექტროლიტური დისბალანსის მონიტორინგი და და კორექტირება მნიშვნელოვანია წარმატებით მკურნალობისთვის.

არა-კეტოზური ჰიპეროსმოლარული მდგომარეობა

ვარიაბელურიდაბალი

ყველაზე ხშირად გვხვდება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. ვითარდება თანდათან, რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში.[133] ხასიათდება მძიმე ჰიპერგლიკემიით, ჰიპეროსმოლარობით და მოცულობის შემცირებით, მძიმე კეტოაციდოზის არარსებობის პირობებში.

ჰიდრატაცია, ინსულინით თერაპია და ფრთხილი კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი წარმატებული თერაპიის საწინდარია.

ავტონომიური ან პერიფერიული ნეიროპათია

ვარიაბელურიდაბალი

დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია ყველაზე ხშირი ქრონიკული გართულებაა, რომელიც ხასიათდება პერიფერიული ნერვების დისფუნქციით და დიაგნოზი დგინდება სხვა მიზეზების გამორიცხვით. პაციენტების უმეტესობას აწუხებს ტკივილი, მაგრამ მრავალი პაციენტი სრულიად უსიმპტომოა.

ავტონომიური ნეიროპათიის გამოვლინებები შეიძლება იყოს: ერექტილური დისფუნქცია, ფაღარათი, გასტროპარეზი ან ორთოსტატიური ჰიპოტენზია.

მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევაში გლიკემიური კონტროლის კავშირი პერიფერიულ და აუტონომიურ ნეიროპათიაზე ნაკლებად ნათელია, ვიდრე 1-ლი ტიპის დიაბეტის დროს. ადრეული მონაცემები მიუთითებს, რომ გლუკოზის კონტროლი სასარგებლოა დაავადების მიმდინარეობის რაც შეიძლება ნაადრევი სტადიიდან, თუმცა მომდევნო კვლევებით ეს არ დადასტურდა.[135]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით