ეტიოლოგია

მე-2 ტიპის დიაბეტი ხშირად ვლინდება გენეტიკური მიდრეკილების ფონზე და ხასიათდება ინსულინის მიმართ რეზისტენტობით და ინსულინის შედარებითი დეფიციტით. ინსულინის მიმართ რეზისტენტობა ძლიერდება ასაკის მატებასთან, ნაკლები ფიზიკურ აქტივობასა და ჭარბ წონასთან (BMI 25-29.9 კგ/მ^2) ან სიმსუქნესთან (სმი>30 კგ/მ^2) ერთად. სიმსუქნის შემთხვევაში, წონაში კლება ხშირად ამცირებს ინსულინის მიმართ რეზისტენტობის ხარისხს და ამან შეიძლება დააყოვნოს დიაბეტის დაწყება ან შეამციროს დიაბეტის სიმძიმე და ხანგრძლივი გართულებების რისკი. ინსულინის მიმართ რეზისტენტობა, პირველ რიგში, ზემოქმედებას ახდენს ღვიძლზე, კუნთებზე და ადიპოციტებზე და ხასიათდება უჯრედოვანი რეცეპტორების, უჯრედშიდა გლუკოზის კინაზის ფუნქციის და სხვა უჯრედშიდა მეტაბოლური პროცესების კომპლექსური დარღვევებით.[4] ამ უჯრედშიდა დარღვევების კომპლექსურობა და მრავალფეროვნება ამჟამად კლასიფიცირდება როგორც მე-2 ტიპის დიაბეტი, თუმცა, შესაძლებელია იყოს მდგომარეობათა უფრო დიდი ჯგუფი, რომელიც მომავალში განმარტებას საჭიროებს.

პათოფიზიოლოგია

ზუსტი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც დიაბეტური მეტაბოლური მდგომარეობა განაპირობებს მიკროვასკულარულ და მაკროვასკულარულ გართულებებს, მხოლოდ ნაწილობრივაა შესწავლილი, მაგრამ, სავარაუდოდ, მოიცავს სისხლის წნევის და გლუკოზის კონტროლის ნაკლებობას, რაც ზრდის ისეთი მიკროვასკულარული გართულებების რისკს, როგორიცაა რეტინოპათია და ნეფროპათია. მექანიზმი შეიძლება მოიცავდეს ალდოზა რედუქტაზის დეფექტებს და სხვა მეტაბოლურ გზებს, ქსოვილების დაზიანებას გლიკოზილირების საბოლოო პროდუქტების აკუმულაციისა და სხვა მექანიზმების შედეგად. მაკროვასკულარული გართულებების თვალსაზრისით, რისკს ზრდის როგორც მაღალი წნევა და გლუკოზის მომატებული დონე , ასევე ლიპიდური დარღვევები და თამბაქოს მოხმარება. ერთ-ერთი გამაერთიანებელი თეორიის მიხედვით, არსებობს მეტაბოლური სინდრომი, რომელიც მოიცავს შაქრიან დიაბეტს, ჰიპერტენზიას, დისლიპიდემიას და სიმსუქნეს და ასევე გულის კორონარული დაავადებისკენ, ინსულტის და პერიფერიული არტერიული დაავადებებისკენ მიდრეკილებას.[4] თუმცა, ეს თეორია არაა საყოველთაოდ მიღებული, როგორც კლინიკურად უფრო გამოსადეგი, ვიდრე ცალკეული გულსისხლძარღვთა რისკფაქტორების შეფასება.[7]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით