მიდგომა

დიაგნოზი ძირითადად კლინიკურია. გამოკვლევები ტარდება სიმპტომების სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზების გამოსარიცხად.

ანამნეზი.

პაციენტები ხშირად უჩივიან ხველას, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტიული და სიმპტომებს, რომლებიც მიუთითებენ ბრონქულ ობსტრუქციაზე (მაგალითად წყვეტილი მსტვინავი სუნთქვა ან ქოშინი). თუმცა, მთავარი ნიშანი არის ხველისა და ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების სიმწვავე და რესპირატორული ინფექციის სხვა ნიშნების კომბინაცია, მაგ.: რინორეა, ყელის ტკივილი, სუბფებრილური ცხელება. არ არსებობს მწვავე ბრონქიტის საყოველთაოდ მიღებული განმარტება. მაკფარლეინის კრიტერიუმების მიხედვით, მწვავე ავადმყოფობა გრძელდება <21 დღეს.[1] თუმცა, ხველა გრძელდება >2 კვირის განმავლობაში პაციენტთა 50%-ში და შესაძლოა გაგრძელდეს 4 კვირამდე პაციენტთა 25%-ში.[2]

მნიშვნელოვანია ქრონიკული რესპირატორული დაავადებების (როგორიცაა ასთმა) ან ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების, როგორიცაა პნევმონია, სიმპტომების გამოკვლევა (ქოშინი, პლევრიტული ტიპის ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, კანკალი, შეუძლოდ ყოფნა, ჰემოფთიზი). იმ პაციენტებში, რომელთაც ხველა უგრძელდებათ 30 დღეზე მეტხანს, ეჭვი უნდა იქნას მიტანილი ფილტვის ქრონიკულ ანთებით (სარკოიდოზი, გუდპასჩერის სინდრომი) ან ავთვისებიან (ფილტვის კიბო) დაავადებებზე, განსაკუთრებით თუ სახეზეა ჰემოფთიზი ან სხვა სისტემური სიმპტომები, როგორიცაა წონაში კლება.

რამდენიმე მედიკამენტი ან გარემოსთან ექსპოზიციაც შესაძლოა გახდეს მწვავე ხველების მიზეზი. ეს მოიცავს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორების გამოყენებას ან პროფესიულ ექსპოზიციას მტვერთან ან ქიმიურ ნივთიერებებთან. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში, ხველა უმეტესად არაპროდუქტიულია. პროფესიული ექსპოზიციის დროს, სიმპტომები ძირითადად მოიცავს მხოლოდ ხველას, სხვა სისტემური სიმპტომების: ცხელების, თავის ტკივილისა და ლეთარგიის გარეშე.

შეზღუდული მტკიცებულებები არსებობს საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურებასა (ქვეყანაში მყარი საწვავის გამოყენების შედეგად) და ქვედა რესპირატურული გზების მწვავე ინფექციის რისკს შორის.[7]

გასინჯვა

გასინჯვთ, შესაძლოა გამოვლინდეს ზემო სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნები, როგორიცაა მწვავე რინიტი, ცხვირის დახშობა, ხახის ჰიპერემია. შესაძლოა ასევე აღინიშნოს ბრონქული ობსტრუქციის ნიშნები (მაგ. გახანგრძლივებული ამოსუნთქვის ფაზა) და მსტვინავი სუნთქვა, რომელიც ვითარდება ფორსირებული ამოსუნთქვისას გულაღმა პოზიციაში, ან ხიხინი. გასინჯვისას ხიხინის არსებობა უნდა გახდეს პნევმონიაზე ან გულის შეგუბებით უკმარისობაზე (CHF) ეჭვის მიტანის მიზეზი.

ფილტვის ფუნქციური ტესტები (PFT)

ფილტვის ფუნქციური ტესტირება არ არის რეკომენდებული მწვავე ბრონქიტის მქონე პაციენტებში. თუ ფუნქციური ტესტირება ჩატარდა ასთმაზე ეჭვის გამო, კლინიცისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მწვავე ბრონქიტის დროს ვლინდება მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ბრონქული ობსტრუქცია, რომელიც გაქრება ინფექციის აღმოფხვრისას და აღნიშნული მდგომარეობა არ დააბრალონ ასთმას. თუ ეჭვია მიტანილი თანმდევ ასთმაზე, ფილტვის ფუნქციური ტესტირება უნდა გადაიდოს მანამ, სანამ პაციენტი სრულად გამოკეთდება ინფექციის შემდეგ.

ლაბორატორული გამოკვლევები

ლაბორატორიული კვლევები არ არის საჭირო მწვავე ბრონქიტის დიაგნოსტირებისათვის. კერძოდ, ნახველის გამოკვლევა გრამის შეღებვით ან კულტურით არ დაგვეხმარება. თუ ეჭვია სხვა დიაგნოზზე (მაგ. პნევმონია), ლაბორატორიული კვლევების ჩატარება შესაძლებელია დიაგნოზის დასადასტურებლად.

დიდ ბრიტანეთში, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციით, C-რეაქტიული ცილა უნდა გაკეთდეს თუ განიხილება ანტიბიოტიკოთერაპია, როგორც თერაპიის დამხმარე საშუალება.[11]

გამოსახულების მიღება

რუტინული რადიოლოგიური კვლევა არ არის ნაჩვენები მწვავე ბრონქიტის მქონე პაციენტებში. სხვა რესპირატორულ დაავადებებზე ეჭვის შემთხვევაში, როგორიცაა პნევმონია, გულის შეგუბებითი უკმარისობა (CHF) ან ბრონქოექტაზია, ან ჰემოფთიზის არსებობის შემთხვევაში,[12] უნდა ჩატარდეს შესაბამისი რადიოლოგიური გამოკვლევა. თუმცა, ამ კვლევების მიზანი უნდა იყოს ხველის სხვა შესაძლო მიზეზების გამორიცხვა, და არა მწვავე ბრონქიტის დადასტურება.

მომავალი კვლევები

პროკალციტონინი ბაქტერიული ინფექციების შესაძლო დიაგნოსტიკური ბიომარკერია, რადგანაც მისი დონე უფრო მაღალია მძიმე ბაქტერიული ინფექციის დროს და დაბალია ვირუსული ინფექციის დროს. აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ ნებადართულია პროკალციტონინის ტესტირება ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნამდე, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მქონე პაციენტებში. კოხრეინის კვლევის მიმოხილვამ, რომელმაც გამოიყენა პროკალციტონინი რესპირატორული ტრაქტის ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დიფერენციაციისათვის, აჩვენა, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა ანტიბიოტიკების მოხმარების შემცირებაში ამ მდგომარეობისთვის . მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა პნევმონია, სეფსისი ან სხვა პოტენციურად მძიმე ინფექციები, კვლევა არ მოიცავდა პაციენტებს, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ მწვავე ბრონქიტით და შემცირებული ჰქონდათ ანტიბიოტიკების გამოყენება, როდესაც ენ ტესტი გამოიყენეს. საჭროა შემდგომი კვლევა.[13]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით