Videos

პერიფერიული ვენის კანულაცია - ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ შევიყვანოთ პერიფერიული ვენური კანულა ხელში.

საჭირო ხელსაწყოები

  • ხელთათმანი (მაღალი რისკის პაციენტებთან განიხილეთ წინსაფრისა და თვალის დამცავის ტარებაც)

  • ანტისეპტიკური საფენები (2%-იანი ქლორჰექსიდინ გლუკონატი 70%-იან სპირტში)

  • ლახტი (სასურველია ერთჯერადი)

  • შესაბამისი კალიბრის ინტრავენური კანულა

  • კანულის სახვევი პაკეტი (როგორც წესი, გამჭვირვალე სახვევები)

  • შპრიცი და 0.9% ნატრიუმის ქლორიდი ჩასარეცხად

  • უნემსო კონექტორი (არჩევითი)

  • ბამბის ან მარლის ბურთები

  • ბასრი საგნების კონტეინერი.

უკუჩვენებები

ინტრავენური წვდომის დაუყოვნებელი ან მალე მოსალოდნელი საჭიროების გარეშე ინტრავენური კანულაცია არ უნდა ჩაატაროთ. კლინიკაში ყველა პაციენტს კანულა არ დასჭირდება, თუმცა მწვავე შემთხვევაში საჭიროა ადრეული ინტრავენური წვდომა, რათა სიტუაციის დამძიმებას მომზადებულები შევხვდეთ.

კანულაცია არ არის რეკომენდებული შემდეგ ადგილებზე:

  • ანატომიური სამკუთხედი

  • ხელები, თუ პაციენტს აქვს არტერიოვენური ფისტულები (მაგ. დიალიზის გამო)

  • ადგილები, სადაც შეცვლილია ლიმფური დრენირება (მაგ. ხელი თუ ჩატარებულია იღლიის მიდამოს ქირურგიული ჩარევა)

  • ცელულიტის ან დამწვრობის მიდამოები

  • ქვედა კიდურების და ტერფების მცირე ზომის ვენები, დიაბეტურ პაციენტებში

  • პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადების მიდამოები, ვარიკოზული ვენები, ვენური ჰიპერტენზიის ან შეშუპების წერტილები

  • სასახსრე ზედაპირები.

ჩვენებები

ინტრავენური კანულა გამოიყენება სითხის ან მედიკამენტების ბოლუსური ინექციებისთვის ან გახანგრძლივებული ინფუზიებისთვის. კრიტიკული პაციენტის თავდაპირველი შეფასებისას ინტრავენური კანულაცია ABCDE ალგორითმის ნაწილს წარმოადგენს. სასუნთქი გზების (A), სუნთქვის (B), სისხლის მიმოქცევის (C) შემოწმების შემდეგ საჭიროა სულ მცირე ერთ ადგილას ინტრავენური წვდომის მოპოვება. როგორც წესი, ამისათვის ორი დიდი კანულაა საჭირო (14-კალიბრიანი ან 16-კალიბრიანი), ერთი თითო ვენისთვის.

გართულებები

  • დაჟეჟილობა/ჰემატომა: საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით თუ კანულაცია რამდენჯერმე სცადეთ ან წარუმატებელი იყო

  • კანულის ადგილის დაინფიცირება: ცელულიტი შეიძლება გაჩნდეს კანულის გარშემო და ზოგჯერ სისტემური სეფსისით გართულდეს

  • ადგილის ცვლილება: კანულა შეიძლება ვენიდან ამოვარდეს; ამ შემთხვევაში უნდა ამოიღოთ და ახალი ჩადგათ

  • ექსტრავაზაცია: თუ კანულა სწორად არ დგას, ინექციით მიცემული სითხეები და მედიკამენტები დაგროვდება კანქვეშ, რაც გააღიზიანებს პაციენტს და ზოგ შემთხვევაში გამოიწვევს ქსოვილოვან ნეკროზს

  • თრომბოფლებიტი: ვენის გაღიზიანება და სისხლის დათრომბვა კანულის ადგილზე, საჭიროა ამოღება

  • ბლოკი: თრომბები (კოლტები) ან ინფუზიით მიცემული პროდუქტების გროვები შეიძლება გახდეს კანულის ბლოკის მიზეზი. ზოგ შემთხვევაში, ამის საწინააღმდეგოდ ეფექტურია ჩარეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს კანულას ამოღება

  • არტერიული პუნქცია: მოპულსირე დინება კანულაში და ნემსის ამოღების შემდეგ. არტერიული ფუნქცია ძალიან მტკივნეულია და შეიძლება გამოიწვიოს კიდურის იშემია. ამ შემთხვევაში აუცილებელია კანულის ამოღება დაუყოვნებლივ, მანჟეტის მოხსნა და ზეწოლა სისხლმდენ წერტილზე.

  • პერიფერიული ნერვების დაზიანება: იშვიათია. კანულის ჩადგმის ადგილის ირგვლივ პარესთეზიის ან დაბუჟების განვითარებისას, საჭიროა კანულის დაუყოვნებლივ ამოღება.

შემდგომი მოვლა

თუ კანულაცია კარგად არ მიდის და ნემსს წინააღმდეგობა ხვდება, კანულა შეიძლება არასწორ ადგილას იყოს ჩადგმული. გადააგდეთ კანულა და სცადეთ თავიდან ახალი კანულის გამოყენებით. თუ მცდელობა წარუმატებელი იყო, წნევით დააჭირეთ ჩხვლეტის ადგილს. ეს შეამცირებს დაჟეჟილობის და სისხლდენის რისკს. კანულის წარმატებით ჩადგმის შემდეგ მიუერთეთ იგი, საჭიროებისამებრ, გადასხმის სისტემას ან ინტრავენურ საინფუზიო მოწყობილობას.

ჩადგმის ადგილის გარშემო შესაძლოა გაჩნდეს ცელულიტი. რეგულარულად შეამოწმეთ ჩადგმის წერტილები ინფექციის ნიშნებზე, როგორიცაა სიწითლე ან გამოჟონვა. კანულის სახვევების პაკეტები მეტწილად გამჭვირვალეა, რათა ყველაფერი ჩანდეს.

ინფექციის კონტროლის ადრე არსებული პოლიტიკის მიხედვით, პერიფერიული კანულა არ უნდა ყოფილიყო დატოვებული in situ 72 საათზე მეტხანს. თუმცა, 2019 წელს კოჰრეინის მიმოხილვის მიხედვით, არ იყო მტკიცეულება, რომ კანულის რუტინულ ჩანაცვლებას 72-96 საათში ერთხელ რაიმე განსხვავება ჰქონდა კათეტერული ინფექციების ან ფლებიტის სიხშირის მიხედვით კლინიკური ჩვენებით გამოცვლასთან (მაგ., ანთება, ინფილტრაცია ან ბლოკადა) შედარებით.[135]

თუ კანულა დაინფიცირდა, ამოიღეთ, აიღეთ ნაცხი და სისხლის კულტურა ანტიბიოტიკების დაწყებამდე.