Procedural videos

შარდსადინრის კათეტერიზაცია ქალებში: ანიმაციური დემონსტრაცია

საჭირო ხელსაწყოები

  • ლატექსის ან სილიკონის ფოლის კათეტერი (14 ფრანგული კალიბრი ზოგადი გამოყენებისათვის; ზომები 12-24 საჭიროა სიტუაციის მიხედვით)

  • სტერილური მარლა

  • სტერილური პირსახოცი (უპირატესია ფენესტრირებული)

  • სტერილური ხელთათმანები

  • წინსაფარი

  • სტერილური ჯამი

  • სტერილური თეფში

  • 10 მლ შპრიცი, 10 მლ სტერილური წყლით (არა-ფიზიოლოგიური ხსნარი!)

  • ლუბრიკანტი საანესთეზიო გელი (მაგ. ლიდოკაინის გელი), წინასწარ ავსებულ 10 მლ შპრიცში

  • ბამბის წკირები და ფიზიოლოგიური ხსნარი (არა-ქლორჰექსიდინი და სხვა ხსნარები, რომლებიც კანს აღიზიანებს).

უკუჩვენებები

არ ჩაატაროთ შარდსადინრის კათეტერიზაცია მენჯის ტრავმის შემდეგ, განსაკუთრებით თუ არსებობს ეჭვი შარდსადინრის დაზიანებაზე, რომელიც მოტეხილობას ახლავს თან. შარდსადინრის დაზიანების შემთხვევაში არსებობს კათეტერის მიერ სადინრის გახვრეტის რისკი, შესაბამისად კათეტერი გადავა მიმდებარე ქსოვილებში. მსგავს პაციენტებში კათეტერიზაციის მცდელობამდე საჭიროა შარდსადინრის რადიოგრაფიული დათვალიერება.

თუ კათეტერი ორჯერ ან მეტჯერ ვერ ჩადგით, მოუხმეთ უფრო გამოცდილ კლინიცისტს დახმარებისთვის. შეიძლება საჭირო გახდეს მოხრილთავიანი კათეტერის, უფრო პატარა ან დიდი ზომის კათეტერის ან სამმხრივი ირიგაციის კათეტერის გამოყენება.

თუ პაციენტი გონზეა და უარს ამბობს კათეტერიზაციაზე საკმარისი კომუნიკაციისა და გაგების შემდეგ, არ ჩატააროთ პროცედურა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

ჩვენებები

  • შარდის მწვავე შეკავება

  • შარდის შეგროვება პერიოპერაციულად (მაგ. მუცლის ოპერაციის დროს აუცილებელია შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, რადგან ბუშტი სრულიად დაცლილი უნდა იყოს. თუ დაცლილი არ არის, არსებობს შემთხვევით გაჭრის რისკი)

  • გამოყოფილი შარდის სწორი გაზომვა კრიტიკულად შეუძლოდ მყოფ პაციენტებში

  • ხანგრძლივი კათეტერის ხელახლა ჩადგმა

  • შარდის ბუშტის ქრონიკული ობსტრუქცია და ნეიროპათიური ბუშტი

  • შარდის ბუშტის ირიგაცია ან ინსტილაცია.

თუ პაციენტს შარდის შეუკავებლობა და უმოძრაობა აწუხებს, შესაძლოა საჭირო გახდეს კათეტერიზაცია, თუმცა ეს პირდაპირი ჩვენება არ არის. ინფექციის რისკი უნდა შეადაროთ კათეტერის კომფორტულობის სარგებელს.

გართულებები

  • კათეტერიზაციის წარუმატებელი მცდელობა: თხოვეთ დახმარება უფრო გამოცდილ კლინიცისტს

  • საშარდე გზების ინფექცია: ამოიღეთ კათეტერი და მიეცით ანტიბიოტიკები ადგილობრივი პროტოკოლის მიხედვით

  • სისხლდენა: მცირე სისხლდენა ხშირია და ჩვეულებრივ წყდება სპონტანურად; უფრო მნიშვნელოვანი სისხლდენის შემთხვევაში თხოვეთ რჩევა ექსპერტს

  • დაბლოკილი კათეტერი: შეიძლება გამოწვეული იყოს კოლტებით ან სხვა ნარჩენებით კათეტერის ასპირაცია ან ჩარეცხვა - შეიძლება გაიხსნას სანათური; თუმცა, შეიძლება საჭირო გახდეს ადგილის შეცვლა. თუ განვითარდა ჰემატურია ან კოლტების შეკავება, ჩაატარეთ ირიგაცია სამმხრივი კათეტერით და დაუკავშირდით უროლოგიის გუნდს.

შემდგომი მოვლა

მამაკაცების კათეტერიზაციისაგან განსხვავებით, ქალებში კათეტერის არასწორი პოზიციონირება ხშირია, რადგანაც ქალებში შარდსადინრის შესავალი ახლოსაა ვაგინალურ შესავალთან. ბალონირებამდე (გაბერვამდე) უმნიშვნელოვანესია დარწმუნდეთ, რომ შარდი გადმოედინება. შარდის გადმოდინება ადასტურებს, რომ კათეტერის თავი შარდის ბუშტშია. თუ შარდი ვერ მიიღეთ, არ გაბეროთ ბალონი, რადგან შეიძლება ის კვლავ შარდსადინარში იყოს. ამ ეტაპზე გაბერვამ შეიძლება შარდსადინრის დაზიანება გამოიწვიოს.

დოკუმენტები:

დოკუმენტურად დაადასტურეთ პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ჩაწერეთ სტერილური წყლის რაოდენობა, რომელიც გამოიყენეთ და შარდის ნარჩენი რაოდენობა, ასევე რაიმე გართულებები, რომლებიც პროცედურას მოყვა. ასევე შესაძლებელია შარდის ფერისა და რაოდენობის დოკუმენტირება.

კათეტერის პარკი:

კათეტერის სწორი ჩადგმის შემდეგ დარწმუნდით, რომ ახდენს ადექვატურ დრენირებას და მიერთებულია სწორი ტიპის პარკი.

  • შარდის საათობრივი მოცულობების გასაზომად შეიძლება საჭირო იყოს ურომეტრი

  • მოძრავი პაციენტისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის პარკები.

ამოღება:

თუ პაციენტს კათეტერი აღარ ჭირდება, ამოიღეთ რაც შეიძლება მალე, ინფექციის პრევენციის მიზნით. კათეტერის ამოღებამდე ჩაფუშეთ ბალონი.