Procedural videos

გაკერვის პრაქტიკული მეთოდების ანიმაციური დემონსტრაცია

საჭირო ხელსაწყოები

  • სტერილური ხელთათმანები

  • კანის სტერილური ანტისეპტიკური პრეპარატები (პოვიდონ-იოდი ან ქლორჰექსიდინი)

  • სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი

  • ქირურგიული ზეწარი

  • ქირურგიული ტამპონები, დოლბანდი

  • სტერილური შპრიც(ებ)ი და ნემს(ებ)ი

  • ადგილობრივი ანესთეტიკი

  • ნაკერის მასალები

  • ნემსის დამჭერი

  • პინცეტი

  • სისხლდენის შესაჩერებელი ინსტრუმენტი

  • მაკრატელი

  • სკალპელი

  • ჭრილობის გადასახვევი მასალა.

უკუჩვენებები

ზოგადად, გაკერვის აბსოლუტური უკუჩვენებები არ არსებობს, თუმცა მოგვიანებით დახურვა შეიძლება უკეთესი არჩევანი იყოს დაბინძურებული ჭრილობისთვის ან როდესაც დაზიანების მიღებიდან დიდი დროა გასული.

  • კვანძოვანი ნაკერი - თუ ის კანის დასახურად გამოიყენება, კვანძოვანი ნაკერი უნდა დაიდოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჭრილობის კიდეები მცირე დაჭიმულობას განიცდის. თუ ქსოვილი უფრო მეტ დაჭიმულობას განიცდის, საჭიროა უფრო მეტი სიმტკიცე, რისთვისაც დერმაზე უნდა დაიდოს უფრო ღრმა გამწოვი ნაკერები. ამ მეთოდით ჭრილობის გაკერვის შემდეგ, შეიძლება კვანძოვანი ნაკერის გამოყენება კანის დასახურად.

  • ვერტიკალური ლეიბისებრი ნაკერი - მარტივ კვანძოვან ნაკერთან შედარებით ვერტიკალური ლეიბისებრი ნაკერი უფრო ძლიერია და ნაკლები ალბათობით მოქაჩავს ჭრილობის კიდეებს ან გამოიწვევს მათ იშემიზაციას. თუმცა, თუ ადგილი ექნება ზედმეტ დაჭიმულობას, შეიძლება მაინც განვითარდეს კანის კიდეების ნეკროზი, ამიტომ შეიძლება საჭირო იყოს სხვა მეთოდის გამოყენება, როგორიცაა ღრმა გამწოვი ნაკერი და/ან კანის კიდის მოკვეთა. არჩევანი კლინიკური მოსაზრებით გაკეთდება. თუ დარწმუნებული არ ხართ, მოითხოვეთ დახმარება.

  • ჰორიზონტალური ლეიბისებრი ნაკერი - ერიდეთ ესთეტიკურად მნიშვნელოვან ადგილებში. გამოიყენება გარკვეული დაჭიმულობის ჭრილობებში, თუმცა, თუ ადგილი ექნება ზედმეტ დაჭიმულობას, შეიძლება მაინც განვითარდეს კანის კიდეების ნეკროზი, ამიტომ საჭირო იქნება სხვა მეთოდის გამოყენება, როგორიცაა ღრმა გამწოვი ნაკერი და/ან კანის კიდის მოკვეთა. არჩევანი კლინიკური მოსაზრებით გაკეთდება. თუ დარწმუნებული არ ხართ, მოითხოვეთ დახმარება.

  • უწყვეტი კანქვეშა ნაკერი - უწყვეტი კანქვეშა ნაკერი არ არის ნაჩვენები ტრავმული ჭრილობებისთვის, როდესაც კანის კიდეები უსწორმასწოროა, არათანაბარი სიგრძის ან დაფლეთილი და ტრავმატიზებული. ის არ არის ნაჩვენები, როდესაც არსებობს ჭრილობის ინფიცირების მაღალი რისკი (მაგალითად, როდესაც ჭრილობა დაბინძურებულია), რადგან უწყვეტი ძაფი ნიშნავს, რომ ინფექცია ჭრილობის სრულ გახსნას გამოიწვევს.

  • უწყვეტი ნაკერი - არ გამოიყენოთ კანის დასახურად (გამოიყენება შემაერთებელი ქსოვილის დასახურად) ან თუ არსებობს ჭრილობის დაინფიცირების რაიმე რისკი.

ჩვენებები

  • კანის ან სხვა ქსოვილების ფუნქციური მთლიანობის აღდგენა

  • დანაწიბურების მინიმიზაცია

  • სისხლდენის კონტროლი.

კვანძოვანი ნაკერი:

ნაჩვენებია მარტივი ჭრილობის დასახურად, როცა ჭრილობის კიდეები მცირე დაჭიმულობას განიცდის. საოპერაციოში ეს ნაკერი ასევე გამოიყენება უფრო ღრმა ქსოვილების გასაერთიანებლად, როგორიცაა კუნთოვანი შრეები, ჯორჯალი და ფასციები. თუ ქსოვილი უფრო მაღალ დაჭიმულობას განიცდის, საჭიროა დამატებითი ძალვა, რისთვისაც დერმაზე უნდა დაიდოს უფრო ღრმა გამწოვი ნაკერები. ამ მეთოდით ჭრილობის გაკერვის შემდეგ, შეიძლება კვანძოვანი ნაკერის გამოყენება კანის დასახურად.

ვერტიკალური ლეიბისებრი ნაკერი:

ნაჩვენებია ჭრილობების, მათ შორის ტრავმის შედეგად დაბინძურებული ჭრილობების მარტივი დახურვისთვის. ის განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც ჭრილობა კანის კიდეების დასაახლოებლად მეტ დაჭიულობას საჭიროებს ან თხელი კანისთვის, როდესაც ეს მეთოდი კანის კიდის ამობრუნებაში გვეხმარება. საოპერაციოში ეს მეთოდი ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს ხელით გაკერილი ნაწლავური ანასტომოზებისთვის. მარტივ კვანძოვან ნაკერთან შედარებით ვერტიკალური ლეიბისებრი ნაკერი უფრო ძლიერია და ნაკლები ალბათობით მოქაჩავს ჭრილობის კიდეებს ან გამოიწვევს მათ იშემიზაციას.

ჰორიზონტალური ლეიბისებრი ნაკერი:

ჰორიზონტალური ლეიბისებრი ნაკერი განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა ჭრილობა დაჭიმულია, აგრეთვე ისეთ უბნებში, რომლებიც ესთეტიკურად შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს მეთოდი ანაწილებს დაჭიმულობას თითოეულ ნაკერზე და საშუალებას იძლევა, გამოვიყვანოთ ჭრილობის კიდის ამობრუნება, რაც შეხორცებას უწყობს ხელს.

უწყვეტი კანქვეშა ნაკერი:

უწყვეტი კანქვეშა ნაკერი გამოიყენება სწორი, სუფთა ჭრილობისთვის, რომელიც დაჭიმულობის გარეშე შეიძლება დაიხუროს. ის უმეტესად საოპერაციო ჭრილობებისთვის გამოიყენება, როდესაც დაბინძურებას ადგილი არ ჰქონია. მისი სწორად დადებისას კოსმეტიკური ეფექტი ძალიან კარგია, ვინაიდან შენარჩუნებულია კანის მთლიანობა და ნაკერი შეუმჩნევლად იმალება კანში.

უწყვეტი ნაკერი:

უწყვეტი ნაკერი ჩვეულებრივ შემაერთებელი ქსოვილის შრეების გასაკერად გამოიყენება. ის სწრაფი და მარტივია და თანაბრად ანაწილებს დაჭიმულობას. უწყვეტი ნაკერის გამოყენების მაგალითებია თეთრი ხაზის დახურვა ლაპაროტომიის შემდეგ ან გარე ირიბი აპონევროზის დახურვა თიაქარის ოპერაციის ან ღია აპენდექტომიის დროს. ნაზი სისხლძარღვოვანი ანასტომოზები ასევე უწყევტი ნაკერის მეთოდის გამოყენებით იდება.

გართულებები

  • ინფექციები

  • ჰემატომა

  • ჭრილობის გახსნა

  • დანაწიბურება.

შემდგომი მოვლა

ნაკერების მოხსნა:

არაგამწოვი ნაკერი უნდა მოიხსნას:

  • სახე და სკალპი - 5 დღეში

  • კიდურები - 7-10 დღეში

  • ტორსი და ზურგი - 10-14 დღეში.

როდესაც ადგილი აქვს დამატებით დაჭიმულობას შეშუპების ან კანის დაკარგვის გამო, ლეიბისებრი ნაკერები ცოტათი უფრო მეტხანს უნდა დარჩეს, საკმარის შეხორცებამდე.