Procedural videos

შარდსადინრის კათეტერიზაცია მამაკაცებში: ანიმაციური დემონსტრაცია

საჭირო ხელსაწყოები

  • ლატექსის ან სილიკონის ფოლის კათეტერი (14 ფრანგული კალიბრი ზოგადი გამოყენებისათვის; წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს უფრო ადვილია 16-იანის გატარება, მეტი რიგიდულობის გამო; ზომები 12-24 საჭიროა სიტუაციის მიხედვით)

  • სტერილური მარლა

  • სტერილური პირსახოცი (უპირატესია ფენესტრირებული)

  • სტერილური ხელთათმანები

  • წინსაფარი

  • სტერილური ჯამი

  • სტერილური თეფში

  • 10 მლ შპრიცი, 10 მლ სტერილური წყლით (არა-ფიზიოლოგიური ხსნარი!)

  • ლუბრიკანტი საანესთეზიო გელი (მაგ. ლიდოკაინის გელი), წინასწარ ავსებულ 10 მლ შპრიცში

  • ბამბის წკირები და ფიზიოლოგიური ხსნარი (არა-ქლორჰექსიდინი და სხვა ხსნარები, რომლებიც კანს აღიზიანებს).

უკუჩვენებები

არ ჩაატაროთ შარდსადინრის კათეტერიზაცია მენჯის ტრავმის შემდეგ, განსაკუთრებით თუ არსებობს ეჭვი შარდსადინრის დაზიანებაზე, რომელიც მოტეხილობას ახლავს თან. შარდსადინრის დაზიანების შემთხვევაში არსებობს კათეტერის მიერ სადინრის გახვრეტის რისკი, შესაბამისად კათეტერი გადავა მიმდებარე ქსოვილებში. მსგავს პაციენტებში კათეტერიზაციის მცდელობამდე საჭიროა შარდსადინრის რადიოგრაფიული დათვალიერება.

თუ კათეტერი ორჯერ ან მეტჯერ ვერ ჩადგით, მოუხმეთ უფრო გამოცდილ კლინიცისტს დახმარებისთვის. შეიძლება საჭირო გახდეს მოხრილთავიანი კათეტერის, უფრო პატარა ან დიდი ზომის კათეტერის ან სამმხრივი ირიგაციის კათეტერის გამოყენება.

თუ პაციენტი გონზეა და უარს ამბობს კათეტერიზაციაზე საკმარისი კომუნიკაციისა და გაგების შემდეგ, არ ჩატააროთ პროცედურა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

ფიმოზი, ჰიპოსპადიაზი, პენისის დეფორმაცია- შეიძლება უფრო რთული გახდეს შარდსადინრის კათეტერიზაცია, თუმცა უკუჩვენებას არ წარმოადგენს.

ჩვენებები

  • შარდის მწვავე შეკავება

  • შარდის შეგროვება პერიოპერაციულად

  • გამოყოფილი შარდის სწორი გაზომვა კრიტიკულად შეუძლოდ მყოფ პაციენტებში

  • ხანგრძლივი კათეტერის ხელახლა ჩადგმა

  • წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, შარდის ბუშტის ქრონიკული ობსტრუქცია

  • შარდის ბუშტის ირიგაცია ან ინსტილაცია.

თუ პაციენტს შარდის შეუკავებლობა და უმოძრაობა აწუხებს, შესაძლოა საჭირო გახდეს კათეტერიზაცია, თუმცა ეს პირდაპირი ჩვენება არ არის. ინფექციის რისკი უნდა შეადაროთ კათეტერის კომფორტულობის სარგებელს.

გართულებები

  • კათეტერიზაციის წარუმატებელი მცდელობა: თხოვეთ დახმარება უფრო გამოცდილ კლინიცისტს

  • საშარდე გზების ინფექცია: ამოიღეთ კათეტერი და მიეცით ანტიბიოტიკები ადგილობრივი პროტოკოლის მიხედვით

  • სისხლდენა: მცირე სისხლდენა ხშირია და ჩვეულებრივ წყდება სპონტანურად; უფრო მნიშვნელოვანი სისხლდენის შემთხვევაში თხოვეთ რჩევა ექსპერტს

  • ცრუ კათეტერიზაცია: კათეტერიზაციისას ძალის გამოყენების შედეგად შეიძლება გაჩნდეს ცრუ ღრუები, რის გამოც განსაკუთრებით გართულდება რეალური შარდსადინრის კათეტერიზაცია და ასევე მიიღებთ ტრავმულ სისხლდენას; მოერიდეთ ძალის გამოყენებას

  • დაბლოკილი კათეტერი: შეიძლება გამოწვეული იყოს კოლტებით ან სხვა ნარჩენებით. კათეტერის ასპირაცია ან ჩარეცხვა - შეიძლება გაიხსნას სანათური; თუმცა, შეიძლება საჭირო გახდეს ადგილის შეცვლა. ჰემატურიის და კოლტების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სამმხრივი ირიგაცია.

შემდგომი მოვლა

დოკუმენტები:

დოკუმენტურად დაადასტურეთ პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ჩაწერეთ სტერილური წყლის რაოდენობა, რომელიც გამოიყენეთ და შარდის ნარჩენი რაოდენობა. ასევე შესაძლებელია შარდის ფერისა და რაოდენობის დოკუმენტირება. ჩაწერეთ პროცედურის დროს განვითარებული გართულებები.

კათეტერის პარკი:

კათეტერის სწორი ჩადგმის შემდეგ დარწმუნდით, რომ ახდენს ადექვატურ დრენირებას და მიერთებულია სწორი ტიპის პარკი.

  • შარდის საათობრივი მოცულობების ზუსტად გასაზომად შეიძლება საჭირო იყოს ურომეტრი.

  • მოძრავი პაციენტისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის პარკები.

ამოღება:

თუ პაციენტს კათეტერი აღარ ჭირდება, ამოიღეთ რაც შეიძლება მალე, ინფექციის პრევენციის მიზნით. კათეტერის ამოღებამდე ჩაფუშეთ ბალონი.