მიდგომა

მუცლის პედიატრიული ტკივილის შეფასება შეიძლება დიაგნოსტიკური პრობლემა გახდეს. ბავშვები შეიძლება შეზღუდულები იყვნენ ანამნეზის ზუსტად გადმოცემის უნარში. მშობლებს ან მეურვეებს შეიძლება ასევე უჭირდეთ პატარა ბავშვების ჩივილების ინტერპრეტაცია. ხშირ შემთხვევაში, მიზეზები კეთილთვისებიანია, რამდენიმე გრძელვადიანი შედეგით. თუმცა, ზოგიერთი მოითხოვს სწრაფ დიაგნოსტიკას და მკურნალობას, მნიშვნელოვანი ავადობის და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად. ბავშვის ასაკის გათვალისწინება გვეხმარება დიფერენციული დიაგნოზების შემცირებაში.[39]

ანამნეზი.

კლინიცისტმა დასაწყისში უნდა განსაზღვროს, მუცლის ტკივილი მწვავეა თუ ქრონიკული ხასიათის, რადგან ეს ხელს შეუწყობს მკურნალობის გადაუდებლობის განსაზღვრას. მუცლის მწვავე ტკივილი, როგორც წესი, ერთეული ეპიზოდია, რომელიც, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. ტკივილის სიმძიმე შეიძლება იცვლებოდეს დროთა განმავლობაში და ხშირად ლოკალიზებულია და აღიწერება, როგორც მწვავე და/ან მჩხვლეტავი ხასიათის. პირიქით, მუცლის ქრონიკული ტკივილი, როგორც წესი, გრძელდება დღეების, კვირების და თვვების განმავლობაში, და, როგორც წესი, ყრუ ხასიათისაა, დიფუზურია და ცუდად ლოკალიზდება. შეიძლება იყოს სხვადასხვა ხანგრძლივობის ტკივილისგან თავისუფალი ინტერვალები და განმეორებითი ტკივილის ეპიზოდი შეიძლება განსხვავდებოდეს ინტენსივობის მიხედვით.

ანამნეზი უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ბავშვის ასაკი

ბავშვის ასაკი გავლენას ახდეს ზოგიერთ სავარაუდო დიფერენციულ დოაგნოზზე:[39]

  • ახალშობილები, ჩვილები და 1-3 წლის ასაკის ბავშვები: შესაძლოა გამოვლინდეს მუცლის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია თანდაყოლილი მიზეზებით ან დღენაკლულობასთან დაკავშირებული დაავადებებით, როგორიცაა მანეკროზებელი ენტეროკოლიტი, მეკელის დივერტიკულა, ჰირშპრუნგის დაავადება, ვოლვულუსი, თანდაყოლილი ატრეზიით გამოწვეული ნაწლავების ობსტრუქცია ან სტენოზი. ამ ასაკობრივ ჯგუფში აგრეთვე ხშირია ინვაგინაცია.

  • სკოლის ასაკის ბავშვები: ამ ასაკობრივ ჯგუფში ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზებია იდიოპათიური ყაბზობა და ინფექციები. შესაძლოა შეგვხვდეს მუცლის ფუნქციური ტკივილი და აბდომინური შაკიკი.

  • მოზარდები: მენსტრუაციასთან დაკავშირებული დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და ორსულობა. ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირია სათესლის შემოგრეხა, საკვერცხის შემოგრეხა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ნაწლავის ანთებითი დაავადება.

ტკივილის ანამნეზი

  • ტკივილის ეპიზოდის დაწყება, სიხშირე, გამოვლინების დრო და ხანგრძლივობა.

  • ლოკალიზებული ან დიფუზური ტკივილი: ტკივილი ქვედა მარჯვენა კვადრანტში მიუთითებს აპენდიციტზე; ტკივილი ეპიგასტრიუმში მიუთითებს პეპტიკურ წყლულოვან დაავადებაზე; დიფუზური ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს პერფორაციაზე ან პერიტონიტზე. ცუდად ლოკალიზებული ტკივილი, რომელიც მოძრაობისას უმჯობესდება სავარაუდოდ იქნება ვისცერული (ღრუ ორგანოების) ტკივილი, ხოლო კარგად ლოკალიზებული ტკივილი, რომელიც უარესდება მოძრაობისას ხშირად პარიესული პერიტონეუმის, კუნთის ან კანის გაღიზიანების შედეგია.[39]

  • თუ ტკივილის აღმოცენდება ან ვრცელდება მუცლის სხვადასხვა არეში: მუცლის ტკივილის ირადიაცია ზურგში მიანიშნებს ქოლეცისტიტზე ან პანკრეატიტზე ტკივილი, რომელიც იწყება ცენტრალურად და გადადის მარჯვენა ქვედა კვადრანტში, როგორც წესი, დამახასიათებელია აპენდიციტისთვის.

  • ნებისმიერი ფაქტორი, შესაძლოა იწვევდეს ტკივილის ინტენსივობის მომატებას ან შემცირებას, როგორიცაა მოძრაობა, კვება, დეფეკაცია ან მედიკამენტი. ქოლელითიაზი/ქოლეცისტიტის დროს ტკივილი ხშირია ჭამის შემდეგ (განსაკუთრებით, ცხიმიანი საკვების); ტკივილი ეპიგასტრიუმში კუჭის წყლულოვანი დაავადების გამო ჩვეულებრივ დაკავშირებულია ჭამასთან; მტკივნეული დეფეკაცია შესაძლოა ასახავდეს ყაბზობას.

  • ტკივილის ხასიათი: ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია კუჭის წყლულოვან დაავადებასთან, უფრო ყრუ ხასიათისაა, ვიდრე მწველი; მჭრელი ან მჩხვლეტავი ტკივილი დამახასიათებელია აპენდიციტისთვის.

დაკავშირებული სიმპტომები

ექიმი უნდა დაინტერესდეს შემდეგი მოვლენების არსებობითა და სიმძიმით:

  • ცხელება, გულისრევა, ღებინება, მადის გაქრობა (გასტროენტერიტი, მეზენტერული ადენიტი)

  • დიარეა (გასტროენტერიტი)

  • დაღლილობა ან სიყვითლე (ვირუსული ჰეპატიტი)

  • ლეთარგია, თავის ტკივილი, ფოტოფობია (მუცლის შაკიკი)

  • ხველა, სუნთქვის უკმარისობა (პნევმონია ან ემპიემა)

  • ტკივილი სხვა ლოკალიზაციით (მაგ. სათესლეში ტკივილის უეცარი დაწყება მიუთითებს სათესლის შემოგრეხაზე)

  • სისხლი განავალში (წყლულოვანი კოლიტი, მანეკროზებელი ენტეროკოლიტი, დიზენტერია, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი) ან ლორწო განავალში (ასახავს ბაქტერიულ ან პარაზიტულ ინფექციას)

  • სისხლი ან ნაღველი ამონაღებ მასაში (წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია)

  • შარდსასქესო სიმპტომები: დიზურია, შარდვის გახშირება და ჰემატურია მიანიშნებს საშარდე გზების ინფექციაზე; ვაგინალური გამონადენი მენჯის ანთებით დაავადებას (PID) ასახავს; მიმდინარე მენსტრუაცია შეიძლება მიუთითებდეს დისმენორეაზე.

ტრავმული დაზიანების ანამნეზი

  • თუ გვაქვს ტრავმული დაზიანების ანამნეზი, დაადგინეთ, არის თუ არა ტრავმა ბლაგვი ან შემავალი ხასიათის, ასევე შემთხვევითია თუ არაშემთხვევითი.

მოგზაურობის ისტორია

  • მოგზაურობა განვითარებად ქვეყანაში ზრდის ვირუსული ჰეპატიტის ინფექციის და ინფექციური გასტროენტერიტის რისკს.

დეფეკაციის დეტალები და კვების ანამნეზი

  • ნაღველის შემცველობა ამონაღებ მასაში განავლის/მეტეორიზმის გამოყოფის არ არსებობისას მიუთითებს წვრილი ნაწლავის სრულ ობსტრუქციაზე. ნაღვლოვანი ღებინება დეფეკაციით ან მეტეორიზმით ასახავს წვრილი ნაწლავის ნაწილობრივ ობსტრუქციას.

  • ნაწლავების გაიშვიათებული მოქმედება ან განავლის შეუკავებლობა მიანიშნებს ყაბზობაზე. დეფეკაციის შესაჩერებლად ჩვილები შესაძლოა შლიდნენ ქვედა კიდურებს და უჭერდნენ ანუსისა და დუნდულების კუნთებს; 1-3 წლის ასაკის ბავშვები ხშირად იწევიან თითის წვერებზე, იხრებიან წინ და უკან და ჭიმავენ ქვედა კიდურებსა და დუნდულებს. ყაბზობის შეფასების დროს მნიშვნელოვანია კვებითი ანამნეზის შეკრება, ბოჭკოვან საკვებსა და სითხეზე ყურადღების გამახვილებით; გასტროენტერიტის დიაგნოზს შესაძლოა ამყარებდეს ანამნეზში ახალი ან უჩვეულო საკვების მიღება.

წარსული სამედიცინო ანამნეზი (მათ შორის მშობიარობა და ზრდა-განვითარება)

ყურადღება უნდა გამახვილდეს გადატანილ ოპერაციებზე, მედიკამენტების გამოყენებაზე, იმუნიზაციაზე, ალერგიებზე და მიმდინარე თანმხლებ დაავადებებზე, მაგ.:

  • ნამგლისებრუჯრედული ანემიის ან ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტები იმყოფებიან ნაღვლის ბუშტის კენჭების განვითრების მომატებული რისკის ქვეშ

  • Spina bifida, დასწავლის სირთულეები ან ცერებრული დამბლა ზრდის ყაბზობის რისკს

  • ელენთის ინფარქტი შესაძლოა იყოს ნამგლისებრუჯრედული ანემიის შედეგი

  • ზედა სასუნთქი გზების ბოლოდროინდელი ან მიმდინარე ინფექცია ზოგჯერ ასახავს მეზენტერულ ადენიტს ან ფილტვისმიერ მიზეზს

  • ჰირშპრუნგის დაავადება უკავშირდება დაუნის სინდრომს

  • სიოცხლის პირველი 36 საათის განმავლობაში მეკონიუმის გამოყოფის წარუმატებლობა მკაფიოდ მიუთითებს ჰირშპრუნგის დაავადებაზე

  • მანეკროზებელი ენტეროკოლიტი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დღენაკლულ ახალშობილებში, რომელთა წონა 1500 გრამზე ნაკლებია.

მედიკამენტური ანამნეზი

  • ყაბზობას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტი, მაგ. რკინის დანამატები. კორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონები, ესტროგენები, მათ შორის კონტრაცეპტივები, აზათიოპრინი, ასპარაგინაზა, ტეტრაციკლინი, ქლოროთიაზიდები, ვალპროის მჟავა შესაძლოა გახდეს პანკრეატიტის განვითარების მიზეზი. კუჭის წყლულის განვითარებას ხელს უწყობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, სალიცილატების და კორტიკოსტეროიდების გამოყენება.

ოჯახური ანამნეზი

  • დადებითი ოჯახური ანამნეზი ზრდის ნაწლავის ანთებითი დაავადების, ნეფროლითიაზის და ფუნქციური მუცლის ტკივილის რისკს.

სოციალური და ფსიქიატრიული ანამნეზი

  • მოიცავს ოჯახის დინამიკის განხილვას და შეიძლება დაგეხმაროთ გარკვევაში, ტკივილი ფუნქციურია თუ ორგანული.

  • ფსიქოლოგიური ფაქტორები (მაგ. დეპრესია, ძალადობა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ოპოზიციური აშლილობა), ძუძუთი კვების შეწყვეტა, პამპერსის გადაჩვევა, სკოლაში წასვლა ან სტრესის სხვა ფაქტორები ყაბზობაში გარკვეულ როლს თამაშობს.

  • ნიკოტინის, კოფეინის ან ალკოჰოლის მიღება შეიძლება მიუთითებდეს პეპტიკურ წყლულზე; ალკოჰოლის ჭარბი მიღება პანკრეატიტის რისკფაქტორიც არის.

სქესობრივი ანამნეზი (მოზარდები)

  • მოზარდებმა შეიძლება თავი აარიდონ სქესობრივ ანამნეზთან და ნარკოტიკების მოხმარებასთნ დაკავშირებულ სენსიტიურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მშობლების ან მეურვეების თანდასწრებით; ამიტომ, შეიძლება მოწოდებული იყოს ანამნეზის გარკვეული ნაწილის შეკრება მხოლოდ მოზარდისგან.

გასინჯვა

ეს უნდა შესრულდეს კომფორტული და უსაფრთხო გზით. ზუსტი გამოკვლევის მისაღებად შეიძლება საჭირო იყოს ბავშვების ყურადღების გადატანა მშობლებზე ან მეურვეებზე. უმცროსი ასაკის ბავშვებში მუცლის ტკივილის ლოკალიზაცია შეიძლება რთული იყოს.

იმის გამო, რომ პედიატრიული მუცლის ტკივილი შეიძლება წარმოშობილი იყოს სხეულის სხვა ნაწილში (მაგ., სასქესო ორგანოები ან ფილტვები), აუცილებელია ყოვლისმომცველი გასინჯვა, მათ შორის რექტული გამოკვლევის შესრულება და განავლის შემოწმება ფარულ სისხლზე (გვაიაკური სინჯი). მენჯის შემოწმება რუტინულად არ სრულდება; ანამნეზი, როგორც წესი, არის გზამკვლევი, ხოლო თითით გასინჯვა უნდა იყოს განკუთვნილი მოზარდებისთვის, რომლებიც სქესობრივად აქტიურნი არიან.

ყველა ასაკი

სასიცოცხლო ნიშნები:

  • სასიცოცხლო ნიშნების განხილვა უნდა ეფუძნებოდეს ასაკის შესაბამის ნორმალურ მნიშვნელობებს.

  • მნიშვნელოვანია სითხის მოცულობის დაქვეითების ნიშნების განსაზღვრა (ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, მშრალი ლორწოვანი გარსები, დაბალი კაპილარული ავსება, ყიფლიბადის დაწევა ახალშობილებში). გასტროენტერიტის დროს ბავშვებში სითხე სწრაფად იკარგება.

  • ცხელება შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ერთადერთი ნიშანი, განსაკუთრებით მცირეწლოვან ასაკობრივი ჯგუფში და აქედან გამომდინარე, საშარდე გზების ინფექცია უნდა იყოს პირველი დიფერენციალური დიაგნოზი ცხელების მქონე 2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. მაღალი ტემპერატურა მიუთითებს პიელონეფრიტზე.[48]

  • ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი და ელენთის ინფარქტი, როგორც წესი, იწვევს ცხელებას.

  • აპენდიციტის მქონე პაციენტებს, როგორც წესი, არ აქვთ მნიშვნელოვანი ცვლილებები სასიცოცხლო ნიშნებში. სხეულის ტემპერატურა შეიძლება იყოს მომატებული 1°C-ით (1.8°F).

  • ყაბზობის დროს ბავშვი, როგორც წესი, კარგადაა და სასიცოცხლო ნიშნები ნორმაშია.

მუცლის გასინჯვა:

  • აპენდიციტის ეჭვი უნდა გაჩნდეს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მუცლის ცენტრალური ნაწილის ტკივილი დეფანსით და რიგიდულობით ან მათ გარეშე, რომელიც გადაეცემა მარჯვენა ქვედა კვადრანტში. ჯორჯლის მწვავე ადენიტი ხშირად ჰგავს მწვავე აპენდიციტს; თუმცა, ტკივილი მუცლის არეში, როგორც წესი, დიფუზურია მტკივნეულობით და არ არის ლოკალიზებული მარჯვენა ქვედა კვადრანტში. დეფანსი შეიძლება იყოს, მაგრამ რიგიდულობა, როგორც წესი, არ არის. ერთი რეტროსპექტული გამოკვლევით დადგინდა, რომ აპენდიციტის მქონე ბავშვებთან შედარებით, მენზენტერული ადენიტის დროს უფრო ხშირია ძლიერი ცხელება (39 ℃ ზემოთ) და დიზურია, ნაკლებხშირია მიგრატორული ტკივილი, ღებინება ან ტიპური მუცლის ნიშნები გასინჯვისას.[13] აპენდიციტის კლასიკური ნიშანია მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის მტკივნეულობა (მაკბერნის ნიშანი) და ლოკალიზებული უკუცემითი ტკივილი (თუ აპენდიქსი წინა მდებარეობისაა). მარცხენა ქვედა კვდარანტზე ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტში (როვსინგის ნიშანი). აპენდიციტის მქონე პაციენტები შეიძლება უმოძრაოდ იწვნენ, შეეცადონ არ გადაადგილდნენ, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მნიშვნელოვანი პერიტონეალური გაღიზიანებით.

  • გასტროენტერიტის მქონე პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ მუცლის დიფუზური ტკივილი პერიტონიტის ნიშნების გარეშე (არ არის დეფანსი და უკუცემითი ტკივილი). მუცლის შებერილობა და ჰიპერაქტიური ნაწლავური ხმები ხშირი ნიშანია.

  • მუცლის შებერილობის და მტკივნეულობის არსებობა, რომელიც ასოცირებულია ნაწლავური ხმების შემცირებასთან ან არარსებობასთან, საეჭვოს ხდის მსხვილი ნაწლავის ობსტრუქციას. ყაბზობის მძიმე შემთხვევებში შეიძლება იყოს მუცლის შებერილობა ფეკალური მასების პალპაციით მუცელში ან სწორ ნაწლავში.

  • ტკივილი ფერდქვეშ ან თირკმლის არეში შეიძლება მიუთითებდეს პიელონეფრიტზე ან ნეფროლითიაზზე.

  • ტკივილი ეპიგასტრიუმში შეიძლება მიუთითებდეს პეპტიკურ წყლულზე ან პანკრეატიტზე. პანკრეატიტის დროს პაციენტები შეიძლება იწვნენ მოხრილი მუხლებით და თეძოებით და ერიდებიან მოძრაობას. მნიშვნელოვანია იმის აღინიშვნა, რომ პანკრეატიტის დროს უმცროსი ასაკის პაციენტებში (<3 წლამდე ასაკის), მუცლის მტკივნეულობა შეიძლება არ იყოს ძირითადი ნიშანი; ამ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მომატებული გაღიზიანებადობა და მუცლის შებერილობა. ჰემორაგიული პანკრეატიტის დროს შეიძლება გამოვლინდეს ფერის ცვლილება ჭიპის ირგვლივ (კულენის ნიშანი) ან ფერდქვეშა არეში (გრეი-ტერნერის ნიშანი), რაც გამოწვეულია სისხლის გაჟონვით განსაზღვრული ფასციური სიბრტყეების გასწვრივ.

  • მტკივნეულობა მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში არის ნაღვლის ბუშტის დაავადების კლასიკური ნიშანი, ისევე როგორც მერფის ნიშანი (შესუნთქვის შეწყვეტა მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის ღრმა პალპაციის დროს). ბილიური დისკინეზიის მქონე პაციენტების კლინიკური სურათი, როგორც წესი, ჰგავს ქოლელითიაზის და ქოლეცისტიტის მქონე პაციენტების სიმპტომებს და შეიძლება ჰქონდეთ მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის მტკივნეულობა პალპაციით.

  • ელენთის ინფარქტის მქონე პაციენტებს, როგორც წესი, აქვთ მარცხენამხრივი ტკივილი მუცლის არეში. ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს ტკივილი გულმკერდის მარცხენა მხარეს ან მარცხენა მხარში. ელენთის კისტის მქონე პაციენტები არიან უსიმპტომონი ან აქვთ ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის მარცხენა არეში ცხელების გარეშე.[49]

  • მუცლის ტრავმა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როდესაც მუცლის ტკივილი გასინჯვით მიღებული მონაცემებს არ შეესაბამება უნდა ეძებოთ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ნიშნები (მაგ, მანქანის ღვედების ნიშანი მიუთითებს საავტომობილო ავარიაზე). დაზიანებები, თუ ანამნეზი საეჭვოა (მაგ., სიგარეტით დამწვრობა, სუბდურული სისხლჩაქცევები ჩვილებში / 1-3 წლის ბავშვებში/). ღვედის ნიშნების არსებობა ზრდის მუცლის ღრუს შიდა დაზიანებების ალბათობას, განსაკუთრებით კი - წელის მოტეხილობის ან პერსისტენტული ტაქიკარდიის არსებობისას.[50]

  • თუ კლინიკური ნიშნები მინიმალურია და ბავშვი კარგად გამოიყურება, განსახილველია მუცლის ფუნქციური ტკივილის დიაგნოზი. მუცლის ფუნქციური ტკივილის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები სიმპტომურია, არ ეფუძნება ფიზიკალურ გასინჯვას ან ლაბორატორიულ მონაცემებს.[37]

  • არ ისმინება ნაწლავის ხმიანობა, ვლინდება ნაღვლოვანი ღებინება, სისხლიანი დიარეა ან გამოხატული სისხლი განავალში, ცხელება (≥38.0°C [≥100.4°F]), უკუცემითი ტკივილი, რიგიდობა, დეფანსი მიუთითებს ქირურგიული ჩარევის საჭიროებაზე.[39]

სწორი ნაწლავის გასინჯვა თითით

  • ყაბზობის დროს შეიძლება პალპირებადი იყოს განავალი სწორ ნაწლავში.

  • ანალური ნაპრალის და/ან ჰემოროიდული კვანძების (იშვიათია ბავშვებში; შეიძლება შეგვეშალოს კანის ფიბრომებში კრონის დაავადებისას[CD]), ატრეზიული ანუსის ან ანალური სტენოზის (განსაკუთრებით, ახალშობილებში ან ჩვილებში) არსებობამ შეიძლება მოგვცეს დამატებითი სადიაგნოსტიკო მინიშნებები.

გენიტალიების გარე გასინჯვა:

  • სათესლის შემოგრეხვა სავარაუდოა მამრობითი სქესის ნებისმიერი ბავშვში, რომელსაც გასინჯვით აქვს მუცლის მტკივნეულობა, პლუს კრემასტერის რეფლექსის დაკარგვა, სათესლის დიფუზური მტკივნეულობა, სათესლეების აწევა და სათესლეების უფრო ჰორიზონტალური, ვიდრე ვერტიკალური პოზიცია.

  • სისხლი შარდსადენის გარე ხვრელში ან ჰემატურია ტრავმის შემდეგ შეიძლება მიგვანიშნებდეს საშარდე გზების ან თირკმლის დაზიანებაზე.

ზოგადი გასინჯვა:

  • ხშირია გენერალიზებული ლიმფადენოპათია და მეზენტერული ადენიტის მქონე ბავშვებში დ შეიძლება იყოს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნები (მაგ., ხახის ან პირ-ხახის ჰიპერემია, რაც გვავარაუდებინებს ფარინგიტს).

  • სიყვითლე იშვიათია ქოლელითიაზის ან მწვავე ქოლეცისტიტის დროს და, თუ არის, სავარაუდოა ნაღვლის საერთო სადინრის ობსტრუქცია. სიყვითლის არსებობამ, რომელიც დაკავშირებულია მუცლის მტკივნეულობასთან, ჰეპატომეგალიასთან (შეიძლება ასევე აღინიშნებოდეს სპლენომეგალია) და ლიმფადენოპათიასთან, განსაკუთრებით, სასკოლო ასაკის ბავშვში, უნდა გამოიწვიიოს ეჭვი ვირუსულ ჰეპატიტზე (როგორც წესი, ჰეპატიტი A).

  • ბავშვები, რომლებსაც აქვთ Spina bifida, განვითარების დაყოვნება, და ცერებრალური დამბლა ასევე მიდრეკილნი არიან ყაბზობისკენ და ამ მდგომარეობის ნიშნები შეიძლება აშკარა იყოს გასინჯვისას (მაგ., გავის არეში ჩანაჭდევები და/ან ფიბრომები/თმა მიუთითებს ზურგის ტვინის ანომალიებზე).

  • შონლაინ-ჰენოხის პურპურა (HSP) შეიძლება იყოს ინიციალური ფაქტორი უფროსი ასაკის ბავშვებში (როგორც წესი, <11 წელზე ), და ამიტომ უნდა ვეძებოთ HSP ნიშნები (გამონაყარი ან პალპირებადი პურპურა, სისხლი განავალში).

  • ნაწლავის ანთებითი დაავადების ექსტრაინტესტინალური მანიფესტაციები შეიძლება იყოს აშკარა (მაგ., ირიტი, ართრიტი, საკროილეიტი, კვანძოვანი ერითემა, განგრენოზული პიოდერმია).

  • ციანოზი, ტაქიპნოე, აუსკულტაციით სუნთქვთი ხმიანობის შესუსტება, პერკუსიით მოყრუება (მიუთითებს კონსოლიდაციაზე) და მუცლის მტკივნეულობა და შებერილობა ეჭვს იწვევს ფილტვისმიერ მიზეზზე, როგორიცაა პნევმონია ან ემპიემა.

ჩვილები და 1-3 წლის ბავშვები

  • ახალშობილში, ტრიადა- მუცლის შებერილობა, მეკონიუმის გავლის დაგვიანება (არ ხდება სიცოცხლის პირველი 36 საათის განმავლობაში) და ღებინება სავარაუდოს ხდის ჰირშპრუნგის დაავადებას.

  • მანეკროზებელი ენტეროკოლიტი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დღენაკლულ ახალშობილებში, რომელთა წონა 1500 გრამზე ნაკლებია. ადრეული ნიშნები შეიძლება მოიცავდეს საკვების აუტანლობას, მუცლის შებერილობას და მტკივნეულობას, სისხლს განავალში და მუცლის კედლის ერითემას. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა არსებობდეს სეფსისის სისტემური ნიშნები.

  • ახალშობილი, რომელსაც აქვს ნაღვლოვანი მასებით ღებინება, მეკონიუმის გავლით (ნაწილობრივი ობსტრუქცია) ან მის გარეშე (სრული ობსტრუქცია), ეჭვს იწვევს წვრილი ნაწლავის ობსტრუქციაზე. შემდგომი გამოკვლევებით უნდა გამოირიცხოს მიზეზები, როგორიცაა მეკონიუმის ილეუსი, ნაწლავური ატრეზია ან შუა ნაწლავის ვოლვულუსი.

  • მეკელის დივერტიკული მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული 2 წლამდე ასაკის ბავშვში მუცლის მტკივნეულობით (მეკელის დივერტიკულიტი); ჰემატოქეზიით, ჩვეულებრივ, მუქი წითელი, შინდისფერი ან "წითელი მოცხარის ჟელეს" მსგავსი განავლით (მიუთითებს ნაწლავის სისხლდენაზე, ვინაიდან შეიცავს კუჭის ჰეტეროტოპულ ქსოვილს); ან ობსტრუქციის ნიშნები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და მდგრადი ყაბზობა (შეიძლება გამოიწვიოს ჩაჭედვა, შემოგრეხა ან თიაქარი).

რეპროდუქციული ასაკი

  • საშვილოსნოსგარე ორსულობა და სპონტანური აბორტი უნდა ვივარაუდოთ რეპროდუქციული ასაკის ნებისმიერ ქალში, რომელსაც აქვს ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ამენორეა და ვაგინალური სისხლდენა. მენჯის გასინჯვამ შეიძლება გამოავლინოს წარმონაქმნი, რომელიც იწვევს მტკივნეულობას საშვილოსნოს ყელის მოძრაობისას , თუ არის ჰემოპერიტონეუმი; საშვილოსნოს მილის გაგლეჯამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოდინამიკური არასტაბილურობა.

  • საკვერცხის კისტის გაგლეჯის კლინიკური ნიშნები თავს იჩენს ოვულაციამდე პერიოდში და შეიძლება გავდეს საშვილოსნოსგარე ორსულობას. ტკივილი ჩნდება ადგილობრივი პერიტონიტის გამო, მეორადად, ჰემორაგიის შედეგად .[26][27][28] პერიტონიზმი შეიძლება გამოვლინდეს მუცლის ქვედა ნაწილში და მენჯში; დანამატების ზომა უმნიშვნელოა კოლაბირებული კისტის გამო.

  • მენჯში მტკივნეული წარმონაქმნის არსებობამ, რომელიც დაკავშირებულია გულისრევასთან და ღებინებასთან, შეიძლება გვავარაუდებინოს საკვერცხის შემოგრეხვა. გარდა ამისა, მენჯის გამოკვლევის გასავლელად მოხუცი ასაკის პაციენტებში შეიძლება მტკივნეულობის გამოწვევა საშვილოსნოს ყელის მოძრობით ; როგორც წესი, არ არის ვაგინალური გამონადენი, მაგრამ შეიძლება მსუბუქიდან ზომიერამდე ვაგინალური სისხლდენა.

  • მენჯის ანთებითი დაავადების ფიზიკური ნიშნები მრავალფეროვანია და შეიძლება მოიცავდეს მუცლის ქვედა ნაწილის მტკივნეულობას, საკვერცხის დანამატების მტკივნეულობას და მტკივნეულობას, გამოწვეულს საშვილოსნოს ყელის მოძრობით. შეიძლება ასევე იყოს ცხელება და საშვილოსნოს ყელის ან ვაგინალური გამონადენი. თუ სავარაუდოა მცირეწლოვან ბავშვში, უნდა ვეძებოთ სქესობრივი ძალადობის ნიშნები.

  • მენჯის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება ასევე ჰქონდეთ ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში ღვიძლის კაფსულის ან დიაფრაგმის ანთების შედეგად, რომელიც მოიხსენიება, როგორც ფიტც-ჰიუ-კერტისის სინდრომი. ეს მეორადი აღმავალი ინფექციაა. გადაცემითი ტკივილი მარჯვენა მხარში შეიძლება გამოწვეული იყოს დიაფრაგმის გაღიზიანებით.[51]

  • პირველადი დისმენორეა უნდა იყოს მხედველობაში მიღებული, თუ მტკივნეულობა მუცლის ქვედა ნაწილში უკავშირდება მიმდინარე მენსტრუაციას.

ლაბორატორული ტესტები

პედიატრიულ პაციენტში მუცლის ტკივილის კლინიკური შეფასების სირთულეები ნიშნავს, რომ ლაბორატორიულმა და ვიზუალიზაციის კვლევებმა შეუძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი.

შარდის საერთო ანალიზი აუცილებელია, რათა გამოირიცხოს ძირითადი საშარდე გზების ინფექცია ან ჰემატურია (დაკავშირებული ნეფროლითიაზთან, საშარდე გზების ინფექციასთან, ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომთან, საშარდე გზების ან თირკმლის დაზიანებასთან) და უნდა შესრულდეს მუცლის ტკივილის მქონე ყველა ასაკის ბავშვებში. რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის შარდის ტესტი ორსულობაზე და/ან შრატის beta-hCG საჭიროა სპონტანური აბორტის და საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოსარიცხად.

თავდაპირველი ანალიზები შეიძლება მოიცავდეს:

  • სისხლის საერთო ანალიზი, რეკომენდებულია ყველა პაციენტში (ინფექციის და ანთების შესაფასებლად).

  • სრული ბიოქიმიური პანელი, რეკომენდებულია ყველა პაციენტში (ელექტროლიტების დარღვევები ხშირია გასტროინტესტინური მიზეზების დროს).

  • სისხლის ტიპირება და სკრინინგი რეზუს-სტატუსზე როცა ეჭვია ექტოპიურ ორსულობაზე.

  • ღვიძლის ტესტები დაგეხმარებათ ბაზისურად, ჰეპატო-ბილიარული ან პანკრეასის მიზეზების გამოკვლევისას.

  • შრატის ამილაზა და ლიპაზა ნაჩვენებია, თუ ეჭვია პანკრეატიტზე.

  • ანთებითი მარკერები. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები არასპეციფიკურია, ერითროციტების დალექვის სიჩქარემ (ედს) და C-რეაქტიულმა ცილამ (CRP) შეიძლება გვავარაუდებინოს ინფექცია ან ანთება ძირითადი დაავადების სახით. გარდა ამისა, ეს ანთებითი მარკერები მჭიდრო კორელაციაშია დაავადების აქტივობასთან ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს.

  • კოაგულაციური პროფილი, რაც მოიცავს პროთრომბინის დროს (PT) და საერთაშორისო ნორმალიზებულ შეფარდებას (INR), როგორც წესი, აუცილებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ეჭვია ვირუსულ ჰეპატიტზე, ღვიძლის სინთეზური ფუნქციის გასაზომად.

მიკრობიოლოგიური კვლევები

  • განავლის მიკროსკოპია და კულტურა შეიძლება სასარგებლო იყოს გასტროენტერიტის ინფექციური ეტიოლოგიის განსასაზღვრად. კლინიკური სურათი და რისკფაქტორები დაგეხმარებათ სპეციფიკური პათოგენების ტესტების შესარჩევად. ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების 2017 წლის გაიდლაინი ინფექციური დიარეის შესახებ რეკომენდაციას უწევს ტესტირებას ცხელების ან სისხლიანი დიარეის დროს ისეთ პათოგენებზე, რომლებისთვისაც ანტიმიკრობული აგენტები კლინიკურად სარგებლიანია (მოიცავს Salmonella enterica subspecies, Shigella, Campylobacter).[52]

  • სისხლის კულტურები ნაჩვენებია, როდესაც სეფსისია სავარაუდო. IDSA გაიდლაინებით რეკომენდებულია სისხლის კულტივირება ჩამოთვლილ პაციენტებში: ბავშვებში ინფექციური დიარეით, როცა ასაკი <3 თვეზე ან ვლინდება იმუნოსუპრესია; ენტერული ცხელების შემთხვევებში (მოიცავს მოგზაურობას ენტერული ცხელების ენდემურ რეგიონებში ან კონტაქტს მოგზაურებთან, რომელთაც უცნობი ეტიოლოგიის ცხელება ჰქონდათ); ინფექციის სისტემური ნიშნების შემთხვევაში; მაღალი რისკის მდგომარეობების ფონზე, როგორიცაა ჰემოლიზური ანემია.[52]

  • შარდის კულტურა აუცილებელია თუ შარდის საერთო ანალიზი გვავარაუდებინებს საშარდე გზების ინფექციას.

  • ნახველის კულტურა ნაჩვენებია პნევმონიაზე საეჭვო პაციენტებში. ჩირქის ასპირაცია თორაკოცენტეზის დროს დიაგნოსტიკურია ემპიემისთვის.

  • იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი პეპტიკურ წყლულზე, დაგეხმარებათ Helicobacter pylori სუნთქვის ტესტი ან ანტიგენი განავალში.

  • სეროლოგიური მარკერები (პერინუკლეარული ანტი-ნეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეული და ანტი-Saccharomyces cerevisiae ანტისხეული) შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს კრონის დაავადებასა და წყლულოვან კოლიტს შორის დიფერენციაციის მიზნით პედიატრიულ პოპულაციაში.[53][54]

  • პოლიმორფონუკლეარული ლეიკოციტები (PMN), რომლებიც ჩანს ვაგინალური გამონადენის სველ პრეპარატზე ადასტურებს ვაგინალურ ინფექციას მენჯის ანთებითი დაავადების შემთხვევებში (PID). მენჯის ანთებითი დაავადების მქონე ყველა პაციენტში აუცილებელია სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სკრინინგი. შესაბამისად, ნაჩვენებია აივ სეროლოგია, სიფილისის სეროლოგია, ჰეპატიტის ტესტები, ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტები ან ვაგინალური სეკრეციების კულტივირება Neisseria gonorrhoeae და Chlamydia trachomatis -ზე.

  • იმ პაციენტებისთვის, რომლებთან დაკავშირებითაც არის A, B, C, D და E ჰეპატიტის მიმართ ექსპოზიციის ან სიმპტომების ეჭვი, აუცილებელია შემდეგი ლაბორატორიული ტესტები: A ჰეპატიტის ანტისხეული IgM, B ჰეპატიტის ზედაპირული, კორ და e-ანტიგენი ან ვირუსული დატვირთვა, C ჰეპატიტის სეროლოგია ან ვირუსული დატვირთვა, D და E ჰეპატიტების სეროლოგია.

ვიზუალიზაცია და სხვა კვლევები

ვიზუალიზაციის კვლევები იმართება ანამნეზით და გასინჯვით მიღებული მონაცემებით.

მუცლის და გულმკერდის რენტგენოგრაფია

მუცლის პირდაპირ პროექციაში რენტგენოგრაფია ხშირად არასპეციფიკურია მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ ობსტრუქციის არსებობა; რენტგენოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს ფეკალური გაჭედვა ან თორმეტგოჯას ატრეზია. თუ კენჭები საკმარისად გაუმჭვირვალეა, შეიძლება მათი დანახვა ნაღვლის ბუშტში ან შარდის ბუშტში, ჩვეულებრივ რენტგენზე. ეს ხშირად საწყისი ტესტია, ვინაიდან ის შეიძლება შესრულდეს სწრაფად. როგორც წესი, საჭიროა ფირები მწოლიარე და დამდგარ მდგომარეობაში. თავისუფალი ჰაერი დიაფრაგმის ქვეშ გვავარაუდებინებს პერფორაციას და საჭიროებს დაუყოვნებლივ ქირურგიულ შეფასებას. გულმკერდის რენტგენოგრაფია უნდა დაინიშნოს, თუ ეჭვია პერფორაციაზე ან სავარაუდოა რესპირატორული მიზეზი, როგორიცაა ემპიემა ან პნევმონია.

ულტრაბგერა

ულტრაბგერითი სკანირება თავიდან გვაცილებს რადიაციის მიმართ ექსპოზიციას და, როგორც წესი, უკეთ გადაიტანება, ვიდრე ვიზუალიზაციის სხვა მეთოდები, როგორიცაა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება. გამოცდილ რადიოლოგ-პედიატრს შეუძლია გამოიყენოს ულტრაბგერითი კვლევა ორგანიზმის ყველა ნაწილში (მუცელი, გულმკერდი, სათესლე ჯირკვლები).

საეჭვო აპენდიციტის დროს ულტრაბგერითი გამოკვლევა პირველი რიგის ვიზუალიზაციური ტესტია.[40] ულტრაბგერითი სკანირება ითვლება განსაკუთრებით სასარგებლოდ მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის (მაგ., ნაღვლის ბუშტის დაავადება) და ქვედა აბდომინური (მენჯის ტკივილი) ტკივილის შეფასებისას ქალებში. ფერადი დოპლეროგრაფია შეიძლება სასარგებლო იყოს საკვერცხის სისხლის ნაკადის განსაზღვრისას საკვერცხის შემოგრეხვაზე საეჭვო შემთხვევებში. სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერით კვლევას (დუპლექს დოპლეროსონოგრაფიის გამოყენებით) უნდა ჰქონდეს სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვის დიაგნოსტიკის და სათესლე ჯირკვლის სისხლძარღვოვანი მთლიანობის შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

საშარდე გზების ულტრაბგერითი გამოკვლევა (თირკმელების ჩათვლით) სასარგებლოა, როდესაც გვინდა ანატომიური ანომალიების გამორიცხვა (მაგალითად, როდესაც არის საშარდე გზების ინფექციები) ან ნეფროლითიაზი და ასოცირებული გართულებები, როგორიცაა ჰიდრონეფროზი.

მუცლის ტრავმაზე ფოკუსირებული სონოგრაფია (FAST) შესაძლოა გამოსადეგი იყოს მუცლის ყრუ ტრავმული დაზიანების მქონე ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰემოდინამიკური არასტაბილურობა.[55] დიდი რაოდენობით თავისუფალი სითხის არსებობა მიუთითებს დაუყოვნებლივ ქირურგიული ჩარევის საჭიროებაზე. FAST-ს ჰემოდინამიკურად სტაბილურ პაციენტებში ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს დაზიანების არსებობას. ფართო მოცულობის მულტიინსტიტუციური კვლევის თანახმად, რომელიც პედიატრიული ტრავმის ცენტრებში ჩატარდა, ნორმოტენზიურ პაციენტებში FAST-ის მგრძნობელობა დაბალი აღმოჩნდა (28.6%).[56] მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიურობა საკმაოდ მაღალი ჰქონდა (91.1%), FAST-ის შედეგების მიხედვით იშვიათად იცვლებოდა პაციენტის მართვის დინამიკა. სხეულის ყრუ ტრავმული დაზიანების მქონე ჰემოდინამიკურად სტაბილურ ბავშვებსა და მოზარდებში ჩატარებული რანდომიზებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს ადარებდნენ FAST-ს და სტანდარტულ მკურნალობას, აღმოჩნდა, რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება მუცლის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირებების პროპორციის, გამორჩენილი ინტრააბდომინური დაზიანებების, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ყოფნის ხანგრძლივობისა და საშუალო ჰოსპიტალური ხარჯების კუთხით.[57] მუცლის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება (CT) ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერებით არის უპირატესი სადიაგნოსტიკო ტესტი მყარი ორგანოებს, განსაკუთრებით ღვიძლის, თირკმლის და/ან ელენთის დაზიანებების იდენტიფიკაციისთვის. პერორალური კონტრასტი, როგორც წესი, არ არის საჭირო ტრავმაზე პაციენტის სკანირებისას.

CT და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)

იმ შემთხვევაში, თუ ულტრაბგერით დიაგნოზის დადგენა ვერ ხერხდება, საეჭვო აპენდიციტის დროს შესაძლოა გამოვიყენოთ CT კონტრასტით. თუმცა, გასათვალისწინებელია რადიაციასთან ექსპოზიცია და მასთან დაკავშირებული ავთვისებიანი დაავადებების რისკი. MRI-ის გამოყენებით თავიდან ვირიდებთ მაიონიზებელ რადიაციას. ამასთან გამოკვლევის ამ მეთოდს აქვს უკეთესი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა CT-თან შედარებით, თუმცა, მისი გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს ხელმისაწვდომობის ან სკანირების ხანგრძლივი დროის გამო.[58]

ზოგადად, ბავშვებში მუცლის ტკივილის გამოკვლევისას, მუცლისა და მენჯის CT სკანირება კონტრასტით ან მის გარეშე შესაძლოა საკმაოდ ინფორმატიული იყოს, თუმცა გასათვალისწინებელია რადიაციასთან ექსპოზიცია.[59] ზოგიერთი ბავშვისთვის შეიძლება საჭირო იყოს სედაცია ან ზოგადი ანესთეზია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კონტრასტული კვლევები (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ან ბარიუმის ოყნის კვლევები) ჩვეულებრივ გამოიყენება კტ სკანირების მაგივრად, განსაკუთრებით ბავშვებში. ნაწლავის ობსტრუქციის შეფასებისას კლინიკურმა ეჭვმა უნდა მიგვითითოს, რომელი კვლევა უნდა ჩატარდეს პირველად და რა იქნება ყველაზე ინფორმატიული.

ენდოსკოპია

ენდოსკოპია (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ან კოლონოსკოპია) ბიოფსიით შეიძლება საჭირო იყოს ლორწოვან გარსის დაავადებების შესაფასებლად, როგორიცაა პეპტიკური წყლულოვანი დაავადება და ნაწლავის ანთებითი დაავადება. რექტული ბიოფსია და ანორექტული მანომეტრია ხელს უწყობს ჰირშპრუნგის დაავადების დიაგნოზის დადასტურებას. ეს პროცედურა შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს, როდესაც სრულდება ახალშობილებში.

ბირთვული სკანირება

ბილიური დისკინეზიის დიაგნოზი დასტურდება ჰეპატობილიარული იმინოდიძმარმჟავას (HIDA) სკანირებით განდევნის ფრაქციით <35%. მნიშვნელოვანია, რომ ზღვრული მნიშვნელობა <35% არ არის საყოველთაოდ მიღებული; ზოგიერთი მიიჩნევს, რომ განდევნის ფრაქცია <15% უფრო პროგნოზულია ქირურგიული მკურნალობის წარმატების თვალსაზრისით (მაგ., ქოლეცისტექტომია).[60] HIDA სკანირება ასევე ითვლება სასარგებლო დამატებად ქოლეცისტიტის დიაგნოზისთვის.

ტექნეციუმ-99m პერტექნეტატის სკანირება ითვლება ყველაზე სასარგებლო მეთოდად საეჭვო მეკელის დივერტიკულის დიაგნოსტიკისთვის; ეს სკანირება ავლენს კუჭის ექტოპიურ ლორწოვან გარსს, ვინაიდან ტრეისერს იღებენ პარიეტალური უჯრედები.

ცისტროურეთროგრამა მოშარდვის დროს

ამერიკის პედიატრიის აკადემიის (AAP) რეკომენდაციით  დაცლის ცისტოურეთროგრაფია (VCUG) ნაჩვენებია 2-დან 24 თვემდე ასაკის ბავშვებში ინიციალური საშარდე გზების ინფექცის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ თირკმლის და შარდის ბუშტის ულტრასონოგრაფიით გამოვლინდა ჰიდრონეფროზი, თირკმლის შეჭმუხვნა ან სხვა ნიშნები, რომლებიც მიუთითებს ძლიერ ვეზიკო-ურეთერულ რეფლუქსზე ან ობსტრუქციულ უროპათიაზე. VCUG-ს ასევე ვიყენებთ სხვა ატიპური თუ კომპლექსური კლინიკური გარემოებების კონტექსტში. ცხელებით მიმდინარე საშარდე გზების ინფექციის რეციდვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევები.[61] სხვა გაიდლაინებში რეკომენდაციები შეიძლება მცირედ განსხვავდებოდეს.[48][62]

ჩონჩხის სრული რენტგენოგრამები

ჩონჩხის სრული რენტგენოგრამები (ჩონჩხის კვლევა) განსაზღვრავს ჩონჩხის ადრე არსებულ დაზიანებებს და ტარედება არაშემთხვევით ტრავმაზე ეჭვისას. სრულდება მხოლოდ დამატებითი დიაგნოზების უზრუნველსაყოფად პირველადი დაზიანების და ძალადობის ეჭვის მხარდასაჭერად.

დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია

დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია შეიძლება საჭირო იყოს მენჯის ანთებითი დაავადების დიაგნოზის დასადასტურებლად, ვინაიდან ეს გინეკოლოგიური და მუცლის სტრუქტურების პირდაპირი ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა.

com.bmj.content.model.assessment.Caption@79cbaa02[Figure caption and citation for the preceding image starts]: ახალშობილის მუცლის რენტგენოგრამა განავლის პათოლოგიურ ნიმუშით და ყაბზობით. დილატირებული განივი და დაღმავალი კოლინჯი გვავარაუდებინებს ჰირშპრუნგის დაავადებასდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@6b307c1e[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის რენტგენოგრამა უჩვენებს აირის ორი ბუშტს, რომელიც შეესაბამება თორმეტგოჯა ნაწლავის ატრეზიასდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@2935e929[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის ღრუს რენტგენოგრამა გაუმჭვირვალობით მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში შეესაბამება ნაღვლის ბუშტის კენჭებსდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@34a88128[Figure caption and citation for the preceding image starts]: ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერა აჩვენებს ქოლელითიაზს დამახასიათებელი დაჩრდილვით.დოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@1017b605[Figure caption and citation for the preceding image starts]: კტ სკანირება უჩვენებს ფეკალიტს (თეთრი ისარი) აპენდიქსის სანათურის გარეთ, რაც შეესაბამება პერფორირებულ აპენდიქსსდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@782ff895[Figure caption and citation for the preceding image starts]: ნაღველკენჭოვანი პანკრეატიტის შედეგად შუა ეპიგასტრული მუცლის ტკივილის მქონე თინეიჯერი გოგონას კტ სკანირება. დიდი რაოდენობით სითხის შეგროვება პანკრეასის გარშემო (თეთრი ისარი) და პანკრეასის გაძლიერების არარსებობა გვავარაუდებინებს პანკრეასის სველ ნეკროზსდოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.assessment.Caption@7e552a18[Figure caption and citation for the preceding image starts]: კონტრასტული ოყნა, რომელიც უჩვენებს ილეოკოლინჯის ინვაგინაციას (შავი ისარი)დოქტორ კუოჯენ ცაოს კოლექციიდან; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].


პერიფერიული ვენის კანულაცია - ანიმაციური დემონსტრაციაპერიფერიული ვენის კანულაცია - ანიმაციური დემონსტრაცია

ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაციავენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით