ბოლო მიმოხილვა: 2 ივლისი 2021
ბოლო განახლება: 18 დეკემბერი 2020

შესავალი

დაავადება/მდგომარეობა
აღწერა

გენიტალური ქლამიდიოზი არის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადაცემული ბაქტერიული დაავადება რესურსებით მდიდარ ქვეყნებში.[1][2][3] ინფექცია, ჩვეულებრივ, ასიმპტომურია როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. რეკომენდებულია არა-კულტურული სადიაგნოსტიკო მეთოდები, როგორიცაა ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტები (NAAT).[1] არასაკმარისი მკურნალობის შემთხვევაში არსებობს აღმავალი ინფექციის და სხვა გართულებების შესაძლო რისკი, ასევე ინფექციის გადადების რისკი პაციენტის პარტნიორებზე.

გონორეის ინფექცია

ყველაზე ხშირად აღწერილი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ქლამიდიური ინფექციის შემდეგ.[3][4] კლასიკურ შემთხვევაში პაციენტი მამაკაცია გამონადენით შარდსადენიდან; ქალებში ინფექცია ხშირად უსიმპტომოა, თუმცა შეიძლება ახასიათებდეს ვაგინალური გამონადენი. თუ მკურნალობის გარეშე დარჩა, Neisseria gonorrhoeae შეიძლება გავრცელდეს და გამოიწვიოს კანის და სინოვიური ინფექციები. შედარებით იშვიათი გართულებებია მენინგიტი, ენდოკარდიტი და პერიჰეპატური აბსცესები. აღწერილია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის მაღალი მაჩვენებელი, შესაბამისად ანტიბიოტიკოთერაპია უნდა დაიგეგმოს ადგილობრივი და ეროვნული გაიდლაინების გათვალისწინებით.

გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც გამოწვეულია სპიროქეტული ბაქტერიით. კლინიკურად ინფექცია ხშირად უსიმპტომოა, მაგრამ შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს. დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ნათელია კლინიკური გასინჯვისა და სეროლოგიური ტესტირების შემდეგ; მკურნალობა ტარდება პენიცილინით. მკურნალობის გარეშე, სიფილისი ხელს უწყობს აივ-ის ტრანსმისიას და იწვევს მნიშვნელოვან ავადობას, როგორიცაა გულსისხლძარღვთა სისტემის ან ნევროლოგიური დაავადება, ასევე ახალშობილთა თანდაყოლილი სინდრომი.[1][5]

ვენერიული ლიმფოგრანულომა გამოწვეულია Chlamydia trachomatis გენო/სეროვარებით L1, L2 ან L3. ინფექციის პირველადი გამოვლინებაა ინოკულაციის ადგილას, პენისზე ან ვულვაზე უმტკივნეულო ანთება და დაწყლულება; ხშირად შეუმჩნეველია პაციენტის მიერ.[1][6] ქრონიკულმა ანთებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწიბურები და ფიბროზი, რაც იწვევს გენიტალიების ლიმფედემას ან სტრიქტურების და ფისტულების ფორმირებას, თუ დაზიანება მოიცავს ანორექტულ მიდამოს. გენიტალური წყლულის ნაცხში ან ბუბონის ასპირატში Chlamydia trachomatis-ის LGV სეროვარების იდენტიფიცირება ზუსტ დიაგნოზს უზრუნველყოფს.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელიც გამოწვეულია საკვები გარემოს მიმართ მომთხოვნი კოკობაცილით Haemophilus ducreyi, რომელიც გავრცელებულია რესურსებით ღარიბ ქვეყნებში.[7][8] კლასიკურად ვლინდება მტკივნეული გენიტალური წყლულის მწვავე დაწყებით ფლუქტუაციური ლიმფადენიტით (ბუბონის ფორმირება). შანკროიდი აივ-ის გადაცემის მნიშვნელოვანი კოფაქტორია, ამიტომ უნდა შეფასდეს აივ სტატუსი.[1] შემთხვევათა უმრავლესობა ალაგდება ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად; განმეორებები იშვიათია.

მენჯის ანთებითი დაავადება

ქალთა ზედა გენიტალური ტრაქტის მწვავე აღმავალი პოლიმიკრობული ინფექცია, რომელიც ხშირად დაკავშირებულია Neisseria gonorrhoeae ან Chlamydia trachomatis-თან.[9] მენჯის ანთებითი დაავადება მოიცავს ენდომეტრიტს, სალპინგიტს, ფალოპის მილისა და საკვერცხის აბსცესს და მენჯის ღრუს პერიტონიტს. შეიძლება იყოს უსიმპტომო ან გამოვლინდეს ცხელება, ღებინება, ზურგის ტკივილი, დისპარეუნია, მუცლის ქვედა ნაწილის ორმხრივი ტკივილი/დისკომფორტი, ვაგინალური გამონადენის უჩვეულო სუნი, ქავილი, სისხლდენა ან გამონადენი.[10] ანტიბიოტიკოთერაპია, ჩვეულებრივ, მიზნად ისახავს გონორეის, ქლამიდიისა და ანაერობული ბაქტერიების მკურნალობას.[1]

ურეთრიტი

როგორც წესი, ვლინდება დიზურიით, შარდსადენიდან გამონადენით და/ან ქავილით შარდსადინრის ბოლოს. Neisseria gonorrhoeae და Chlamydia trachomatis ყველაზე გავრცელებული მიზეზებია; ნაკლებად გავრცელებულია Mycoplasma genitalium და Trichomonas vaginalis.[1][11] დიაგნოსტიკური ტესტებია შარდსადენიდან გამონადენის გრამის წესით შეღებვა და კულტურა და ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტები.

საშვილოსნოს ყელის ანთება

საკმაოდ გავრცელებული და ხშირად უსიმპტომო მდგომარეობა, რომლის დიაგნოსტირების და მკურნალობის გარეშე შესაძლებელია განვითარდეს მენჯის ანთებითი დაავადება (PID), რომელმაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ეფეტები, როგორიცაა უნაყოფობა და მენჯის ქრონიკული ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ Neisseria gonorrhoeae და Chlamydia trachomatis ყველაზე ხშირად გამოყოფილი მიკროორგანიზმებია, შემთხვევათა უმეტესობაში ეტიოლოგიური მიკროორგანიზმი იდენტიფიცირებული არ არის.[1]

ვაგინიტი

ვაგინალური ანთება მიკროგარემოს შემადგენლობის ცვლილების გამო, რასაც იწვევს ინფექცია, გაღიზიანება ან ჰორმონული დეფიციტი (მაგ. ატროფიული ვაგინიტი). ხშირი სიმპტომებია: გამონადენი, ქავილი და დისპარეუნია. ბაქტერიული ვაგინოზი ვაგინიტის წამყვანი მიზეზია; სხვა ხშირი ინფექციური მიზეზებია ტრიქომონიაზი და კანდიდოზი.[12]

მწვავე ეპიდიდიმიტი

სქესობრივად აქტიურ მამაკაცებში ეპიდიდიმიტი ხშირად გამოწვეულია Neisseria gonorrhoeae, Chlamydia trachomatis, ან Mycoplasma genitalium-ით.[13] უფროს მამაკაცებში (>35 წლის), გამომწვევი მიკროორგანიზმები უმეტესად ნაწლავური პათოგენებია და ეპიდიდიმიტი შეიძლება ასოცირდებოდეს შარდის ბუშტის გასავლის ობსტრუქციასთან, საშარდე გზების ბოლოდროინდელ ინსტრუმენტიზაციასთან ან სისტემურ ავადმყოფობასთან. მკურნალობა ეფუძნება დამხმარე ზომებს და შესაბამის ანტიბიოტიკოთერაპიას.

მარტივი ჰერპესის ვირუსის (HSV) ტიპი 1 (HSV-1) და მარტივი ჰერპესის ვირუსის ტიპი 2 (HSV-2) იწვევს პირის ღრუს, გენიტალურ და თვალის წყლულებს. უფრო იშვიათად, პირველადი ან განმეორებითი HSV ინფექცია შესაძლოა წარმოიდგენილი იყოს სხვა ადგილებზე ნევროლოგიური, თვალის, ღვიძლის ან რესპირატორული გართულებებით. მარტივ ჰერპესვირუსს ახასიათებს ლატენტურობა და პერიოდული რეაქტივაცია. რეაქტივაციების უმრავლესობა ასიმპტომურია, მაგრამ შესაძლოა მოხდეს ვირუსის გადადება. ვეზიკულების კლასიკური კლინიკური გამოვლინების პროგრესირება და მტკივნეულ წყლულებში გადასვლა არ არის დამახასიათებელი; ატიპური და მსუბუქი სიმპტომები ხშირია და ადამიანთა უმრავლესობას ამოუცნობი დაავადება აქვს.[14][15]

გენიტალური მეჭეჭები

გენიტალიების ლორწოვანის ვირუსული დაზიანების ყველაზე პრევალენტური ფორმა, განპირობებულია ადამიანის პაპილომავირუსის რამდენიმე ტიპით გამოწვეული ინფექციით.[16] დაზიანებები ზომით ძირითადად 1-3 მმ-ია, ხორცისფერი, მოთეთრო ან ჰიპერპიგმენტაციური, გამოყოფილი, გლუვი ზედაპირის მქონე ეგზოფიტური პაპილომები ან უფრო დიდი ზომის შეერთებული ფოლაქები. დიაგნოზი დამოკიდებულია კლინიკურ გამოვლინებაზე.[16]

გამოწვეულია რეტროვირუსით, რომელიც აინფიცირებს ადამიანის ლიმფოციტებსა და მაკროფაგებს და მრავლდება მათში. ვირუსი აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას მრავალი წლის განმავლობაში. დიაგნოზი დგინდება თავდაპირველად აივ ანტისხეულის ან ანტისხეული/ანტიგენის ტესტირებით და დასტურდება უფრო სპეციფიკური ტესტით. კლინიკური სტადიის განსაზღვრა უნდა მოხდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების კრიტერიუმებით. გაიდლაინებით რეკომენდებულია დაუყოვნებლივი ანტირეტროვირუსული თერაპია აივ ინფიცირებულ ყველა პაციენტში, განურჩევლად CD4 რაოდენობისა.[17]

აივ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა (PEP) 80%-ით ამცირებს აივ ინფექციის გადადების რისკს ექსპოზიციიდან პირველი 72 საათის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ინიშნება სრული, 28-დღიანი კურსი.[18][19][20] PEP-ის ეფექტურობა და მკურნალობის პოტენციური ტოქსიკურობები და მავნე ზემოქმედება სრულად უნდა იყოს ახსნილი პაციენტისთვის; კონსულტაცია მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს პაციენტების მართვაში.

აღნიშნული ავთვისებიანი მდგომარეობა უკავშირდება ადამიანის პაპილომავირუსს, ექვემდებარება პრევენციას აღნიშნული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საშუალებით, სკრინინგითა და მაღალი ხარისხის დისპლაზიის მკურნალობით. საშვილოსნოს ყელის სკრინინგისას ციტოლოგიით (პაპ ტესტი), პაპ და HPV ტესტირებით ან პირველადი HPV ტესტირებით შესაძლოა, დადგინდეთ პრე-ინვაზიური დაავადება.[1][21] შორსწასული დაავადების შემთხვევაში, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა პათოლოგიური სისხლდენა საშოდან, პოსტკოიტალური სისხლდენა, საშოდან გამონადენი, მენჯის ან წელის ტკივილი, დისპარეუნია ან ობსტრუქციული უროპათია.

რეაქტიული ართრიტი (ReA) ანთებითი ართრიტია, რომელიც ვითარდება გარკვეული გასტროინტესტინური და შარდსასქესო ინფექციით დაავადებისას.[22] ხშირად აღწერენ პოსტინფექციური ართრიტის, არაგონოკოკური ურეთრიტისა და კონიუნქტივიტის კლასიკურ ტრიადას, თუმცა აღნიშნული სამეული შემთხვევათა მხოლოდ უმცირესობაში გვხვდება და აუცილებელი არ არის დიაგნოზისთვის.[22] ReA დიაგნოსტირებისთვის სპეციფიური ტესტი არ არსებობს. უმეტესად, თუ ეჭვს მივიტანთ, რომ ვინმეს აქვს ანთებითი ართრიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები პოსტ-ვენერიულ, ან პოსტ-დიზენტერიულ პერიოდში, ვარაუდის დასადასტურებლად ამ დროს გამოიყენება ტესტების ჯგუფი. მკურნალობის მიზნად მიჩნეულია სიმპტომების გაქრობა და სახსრის შემდგომი დაზიანების პრევენცია, ან შეჩერება

სექსუალური შევიწროება და ძალადობა

სექსუალური ძალადობა ხშირია და შეიძლება შეეხოს როგორ ნებისმიერი ასაკის მოზრდილს, ასევე ბავშვს. ახალგაზრდა ქალებში რისკი ყველაზე მაღალია, მაგრამ მამაკაცებსაც შეიძლება შეექმნათ ეს პრობლემა. მწვავე შემთხვევებში მართვის სტრატეგიის განსასაზღვრად გასათვალისწინებელია რა დრო გავიდა ძალადობის ბოლო ეპიზოდიდან და როგორიცა ბავშვის პუბერტული სტატუსი.[23][24]

B ჰეპატიტის მქონე პირების უმეტესობა უსიმპტომოა, თუმცა ზოგჯერ ვლინდება გართულებები, მაგ. ციროზი, ღვიძლუჯრედოვანი კარცინომა ან ღვიძლის უკმარისობა. ენდემური რეგიონების მცხოვრებლები, საინექციო ნარკოტიკების მომხმარებლები და მაღალი რისკის შემცველი სქესობრივი ქცევის მქონე პირები ინფიცირების მომატებული რისკის ქვეშ არიან. დაავადების დიაგნოსტირებასა და აქტივობის შეფასებაში სეროლოგიური მარკერები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის მწვავე და ქრონიკული ინფექციის მქონე და ქრონიკული უსიმპტომო დაავადების მტარებელი ადამიანების დიფერენციაციაში. ქრონიკული ინფექციის თერაპია ნუკლეოზიდის/ნუკლეოტიდის ანალოგებს, ინტერფერონ ალფას და პეგილირებულ ინტერფერონ ალფას მოიცავს.[25]

გადადების ყველაზე გავრცელებული გზებია საინექციო ნარკოტიკების მოხმარება (გამოყენებული ნემსების გაზიარებით) და დაბინძურებული სისხლის პროდუქტების გადასხმა. ინფექციის შემთხვევათა უმეტესობა უსიმპტომოა; თუმცა, ღვიძლის ანთება შეიძლება გამოვლინდეს და დამძიმდეს ღვიძლის პროგრესირებადი ფიბროზით. მკურნალობის მიზანია ვირუსის განადგურება, მყარი ვირუსული პასუხის მიღწევა და დაავადების პროგრესირების პრევენცია. პერორალური, პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული თერაპია სტანდარტული მკურნალობაა. გრძელვადიანი გართულებებია ციროზი ან ღვიძლუჯრედოვანი კარცინომა.[26]

ვაგინალური გამონადენის შეფასება

ვაგინალური გამონადენი გინეკოლოგიური კონსულტაციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური. პათოლოგიური მიზეზები ხშირად ინფექციას უკავშირდება, მეტწილად ბაქტერიულ ვაგინოზს, ვულვოვაგინალურ კანდიდოზს და ტრიქომონიაზს. აღნიშნული მდგომარეობის ჭეშმარიტი პრევალენტობა უცნობია, რადგანაც ვაგინიტი, რომელიც ვაგინალური გამონადენის სიმპტომზეა პასუხისმგებელი, ხშირად უსიმპტომო, თვითდიაგნოსტირებული და თვითნამკურნალებია.[1]

სქესობრივი აქტის დროს ტკივილის შეფასება

დისპარეუნია, ანუ მტკივნეული სქესობრივი კავშირი, ხშირი ჩივილია ქალებში. ის შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, ანთებითი/ინფექციური, ლორწოვანი ან ძვალკუნთოვანი მდგომარეობების ჩათვლით.

დიზურიის შეფასება

დიზურია საკმაოდ ხშირი მდგომარეობაა, მაგრამ შეიძლება რთული სადიაგნოსტიკო იყოს, რადგანაც ხშირად გვხვდება ქვემო საშარდე გზების სხვა სიმპტომებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ საშარდე გზების ინფექცია ყველაზე ხშირი მიზეზია, დიზურია შეიძლება ნებისმიერი ინფექციური ან ანთებითი მდგომარეობით იყოს გამოწვეული, რომელიც შარდსასქესო სისტემას აზიანებს.

კონტრიბუტორები

ავტორები

Editorial Team

BMJ Publishing Group

გაფრთხილება:

This overview has been compiled using the information in existing sub-topics.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს წესებს