სკრინინგი

კონტაქტების მართვა

პირებს, რომლებიც ექსპოზირებულნი არიან COVID-19-ის საეჭვო შემთხვევასთან (მათ შორის სამედიცინო პერსონალს), უნდა ერჩიოთ შესაძლო კონტაქტის დღიდან 14 დღის მანძილზე ჯანმრთელობის მონიტორინგი. კონტაქტი არის პიროვნება, რომელიც პაციენტის სიმპტომების დაწყებამდე ორი დღით ადრე ან დაწყებიდან 14 დღის მანძილზე აღმოჩნდება შემდეგ ვითარებაში:[472]

  • პირისპირ კონტაქტი COVID-19-ის მქონე პაციენტთან, 1 მეტრზე ახლოს (3 ფუტი), 15 წუთზე მეტხანს 

  • COVID-19-ის მქონე პაციენტების უშუალო მოვლა სათანადო პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების გარეშე

  • იმავე დახურულ სივრცეში (მაგ., სამუშაო გარემო, საკლასო ოთახი, საოჯახო სივრცე, შეკრება) ყოფნა, რომელშიც იმყოფება COVID-19-ის მქონე პაციენტი, ნებისმიერი დროით

  • COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთან 1 მეტრი (3 ფუტი) სიახლოვის პირობებში მგზავრობა ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებით

  • სხვა გარემოებები, რომლებიც მითითებულია რისკის ადგილობრივ შეფასებებში.

იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტს გამოუვლინდება სიმპტომები, მან უნდა შეატყობინოს მიმღებ სამედიცინო პუნქტს, გაიკეთოს სამედიცინო ნიღაბი სამედიცინო პუნქტისკენ გადაადგილების დროს, არ უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი (უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარების მანქანა ან გამოიყენოს პირადი სატრანსპორტო საშუალება), დაიცვას სუნთქვისა და ხელის ჰიგიენა, დაჯდეს სხვებისგან რაც შეიძლება შორს მგზავრობის დროს და გაასუფთავოს ნებისმიერი დაბინძურებული ზედაპირი.

მოგზაურების სკრინინგი

ქვეყნებში, სადაც საზღვრები ჯერ კიდევ გახსნილია, რეკომენდებულია შესვლისა და გასვლის სკრინინგი, განსაკუთრებით შემთხვევების მქონე ქვეყნებიდან მოქალაქეების დაბრუნების დროს. შემთხვევების მქონე რეგიონებიდან დაბრუნებულმა მოგზაურებმა აუცილებლად უნდა აწარმოონ სიმპტომების მონიტორინგი 14 დღის განმავლობაში და მიყვნენ ადგილობრივ პროტოკოლებს. ზოგიერთ ქვეყანაში დაწესებულია მოგზაურთა სავალდებულო კარანტინი წინასწარ შერჩეულ ადგილას (მაგ., სასტუმროში). იმ მოგზაურთათვის, რომელთაც განუვითარდებათ სიმპტომები, რეკომენდებულია ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირება, სასურველია ტელეფონით.[473] ქ. ვუჰანიდან იაპონიაში რეპატრირებული 566 პირის კვლევით დადგინდა, რომ სიმპტომებზე დაფუძნებული სკრინინგი არაეფექტურია, ვინაიდან ვერ აფიქსირებს პრესიმპტომური და უსიმპტომო შემთხვევებს. ეს ხაზს უსვამს ტესტირების და შემდგომი მეთვალყურეობის საჭიროებას.[474]

სამანქანო სკრინინგ ცენტრები

სამანქანო სკრინინგ ცენტრები შეიქმნა რამდენიმე ქვეყანაში უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი სკრინინგისთვის. ტესტირების მიმღები პირები მთელი პროცესის განმავლობაში არ ტოვებენ საკუთარ ავტომობილს. პროცესი მოიცავს რეგისტრაციას და კითხვარის შევსებას, პაციენტის გასინჯვას, სინჯის აღებას და პირისთვის ინსტრუქციების მიცემას, თუ რა უნდა მოიმოქმედოს შემდგომ. ამ მეთოდს აქვს უპირატესობა ტესტირების შესაძლებლობების გაზრდისა და ლოდინის სივრცეში ტესტის მიმღებ პირებს შორის ჯვარედინი ინფექციის თავიდან აცილების მხრივ.[475]

თერმული სკრინინგი

სამეცნიერი მტკიცებულებები მწირია თერმული კამერებით ან თერმომეტრებით ტემპერატურის სკრინინგის, როგორც COVID-19-ის ან ნებისმიერი სხვა ფებრილური დაავადების აღმოჩენის სანდო მეთოდის მხარდასაჭერად. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თერმული სკრინინგი ტესტირების ძირითად მეთოდად გამოიყენება.[476]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით