პირველადი პრევენცია

ჯანდაცვის პროფესიონალებში ინფექციის პრევენცია და კონტროლი

  • ყოველთვის მოიხმეთ ინფექციის პრვენციისა და კონტროლის ადგილობრივი პროტოკოლები; აქ მხოლოდ ძირითადი პრინციპებია აღწერილი.

  • აუცილებელია ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევის დაუყოვნებლივ იზოლაცია სხვა პაციენტებისაგან. შესაძლებლობის შემთხვევაში მოათავსეთ პაციენტი სათანადო ვენტილაციით აღჭურვილ, იზოლირებულ პალატაში. თუ იზოლირებული პალატა ხელმისაწვდომი არ არის, მოათავსეთ ყველა შემთხვევის მქონე პაციენტი ერთ ოთახში და უზრუნველყავით მათ შორის სულ მცირე 1-მეტრიანი დისტანცია.[291]

  • ყოველთვის მიიღეთ სიფრთხილის სტანდარტული ზომები:[291]

    • დაიცავით ხელისა და სასუნთქი გზების ჰიგიენა

    • მიეცით პაციენტებს სამედიცინო ნიღბები

    • ატარეთ პირადი დაცვის შესაბამისი საშუალებები

    • ნარჩენების მართვა და გარემოს გაწმენდა ფრთხილად უნდა მოხდეს. 

  • ჰოსპიტალიზებული პაციენტების პალატაში შესვლამდე გამოიყენეთ დამატებითი კონტაქტური და წვეთოვანი უსაფრთხოების ზომები:[291]

    • ატარეთ სამედიცინო ნიღაბი, ხელთათმანები, შესაბამისი ხალათი და თვალების/სახის დამცავი (მაგ., სათვალე ან სახის დამცავი ფარი)

    • გამოიყენეთ ერთჯერადი ინსტრუმენტები. 

  • მიიღეთ აეროგენული უსაფრთხოების ზომები იმ პროცედურების დროს, რომლებიც შეიცავენ აეროზოლების გამოთავისუფლების რისკს, მაგ. მოათავსეთ პაციენტი უარყოფითი წნევის ოთახში.[291]

    • ზოგიერთი ქვეყანა და ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს აეროგენული გადაცემის უსაფრთხოების ზომების დაცვასაც COVID-19-ის შემთხვევებში.

  • ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის მოპოვებული თითოეული სინჯი უნდა განვიხილოთ, როგორც პოტენციურად ინფექციური მასალა.[291]

  • პირადი დაცვის საშუალებების სწორი მოხმარება იცავს ჯანდაცვის პერსონალს COVID-19-ის რისკისგან. 420 პროფესიონალის ჯვარედინი (ერთმომენტიანი) კვლევის თანახმად, ვუჰანში მუშაობისას, პირადი დაცვის საშუალებების სრული გამოყენების ფონზე, აღნიშნულ პირებს უარყოფითი ტესტი ჰქონდათ SARS-CoV-2-ზე (მოლეკულური და სეროლოგიური კვლევები), მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰქონდა კონტაქტი SARS-CoV-2-ით ინფიცირებულ პაციენტებთან და ასრულებდნენ აეროზოლის მაგენერირებელ პროცედურებს.[292] ისეთი რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს, როგორიცაა გრიპი, სამედიცინო პერსონალისთვის ინფექციის პრევენციის კუთხით სტანდარტული ქირურგიული ნიღბები ისეთივე ეფექტურია, როგორც რესპირატორი, თუმცა არ არის ცნობილი, ეხება თუ არა ეს COVID-19-ს.[293]

  • ხელმისაწვდომია დეტალური გზამკვლევი ინფექციის პრევენციისა და კონტროლის შესახებ:

ტელემედიცინა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის

  • მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი პრაქტიკის ექიმებმა (ოჯახის ექიმებმა) შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების პირისპირ გასინჯვას პირველადი ჯანდაცვის პირობებში.[294] პაციენტების უმეტესობის მართვა შესაძლებელია დისტანციურად, ტელეფონით ან ვიდეო კონსულტაციებით. ხელმისაწვდომია ალგორითმები მსგავს პაციენტებთან დაკავშირებით:

პრევენციის ზოგადი ზომები საზოგადოებისთვის

  • საზოგადოებას უნდა ურჩიოთ:[295][296]

    • დაიბანეთ ხელები ხშირად, საპნითა და წყლით, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ სპირტზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალება (რომელიც სულ მცირე 60% სპირტს შეიცავს), განსაკუთრებით საჯარო სივრცეში ყოფნის შემდეგ, ცხვირის მოხოცვის შემდეგ ან დახველების/დაცემინების შემდეგ. მოერიდეთ დაუბანელი ხელით თვალებზე, ცხვირზე, პირზე შეხებას

    • მოერიდეთ ადამიანებთან ახლო კონტაქტს (შეინარჩუნეთ, სულ მცირე, 1-მეტრიანი [3 ფუტი] დისტანცია), ხელის ჩამორთმევას, განსაკუთრებით მათთან, ვინც ავად არის, აღენიშნება ცხელება, ახველებს ან აცემინებს. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულს. აღსანიშნავია, რომ რეკომენდებული დისტანცია განსხვავდება ქვეყნებს შორის (მაგ., აშშ და დიდი ბრიტანეთი 2 მეტრს აწესებენ), ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ ადგილობრივი მითითებები. თუმცა, 2-მეტრიანი დისტანციის მხარდამჭერი მტკიცებულებები არ არსებობს.[297] 

    • დაიცავით სასუნთქი გზების ჰიგიენა (დაიფარეთ პირი და ცხვირი დახველების ან დაცემინების დროს, დაუყოვნებლივ გადააგდეთ ხელსახოცი დახურულ სანაგვე ყუთში და დაიბანეთ ხელები)

    • ადრეულად მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ცხელების, ხველის და სუნთქვის გაძნელების გამოვლენისას. სამედიცინო პერსონალს მოუყევით თქვენი მოგზაურობისა და კონტაქტების (მოგზაურები ან შესაძლო/დადასტურებული შემთხვევები) შესახებ

    • ავად ყოფნისას დარჩნენ სახლში და დაიცვან თვითიზოლაცია გამოკეთებამდე, თუნდაც მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში (გარდა სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვისა)

    • ყოველდღიურად გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებით (მაგ., ჩამრთველები, სახელურები, კარადების ზედაპირები, ტელეფონები და ა.შ.).

სახის ნიღაბი/პირბადე ზოგადი მოსახლეობისთვის

  • საზოგადოებრივ პირობებში ნიღბის გამოყენების შესახებ რეკომენდაციები განსხვავდება ქვეყნებს შორის.[298] ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულია. ზოგ ქვეყანაში კი ნიღბებს ადგილობრივი კულტურული ჩვევების გამო ატარებენ. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ადგილობრივ მითითებებს. 

  • არ არსებობს მაღალი ხარისხის ან პირდაპირი სამეცნიერო მტკიცებულებები ნიღბის ფართო მოხმარების შესახებ საზოგადოებრივ პირობებში. გასათვალისწინებელია გარკვეული რისკები და სარგებელი.[97][299] სასუნთქი ტრაქტის ინფექციის პრევენციის კუთხით სამედიცინო ნიღბის ეფექტურობის შესახებ მტკიცებულებები უფრო სოლიდურია ჯანდაცვის დაწესებულების თვალსაზრისით, საგოზადოებრივ პირობებთან შედარებით; შედარებითი ეფექტურობის შესახებ SARS-CoV-2-ის ინფექციის კონტექსტში პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს.[300]

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სიმპტომურმა პირებმა, უნდა ატარონ სამედიცინო ნიღაბი, იყვნენ თვითიზოლაციაში და მიმართონ სამედიცინო დახმარებას, რაც შეიძლება ადრე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახლა მხარს უჭერს ნიღბის ტარებას (სამედიცინო ან ნაჭრის) საზოგადოებრივ პირობებში (რეგიონებში, სადაც შესაძლებელია ან დადასტურებულია ინფექციის გავრცელება და რთულია სხვა ზომების მიღება, როგორიცაა სოციალური დისტანცირება, კონტაქტების მიდევნება, ტესტირება; ასევე პირობებში, როცა შეუძლებელია დისტანციის დაცვა, განსაკუთრებით მოწყვლად პირებთან). რეკომენდაცია ეფუძნება მხოლოდ ობსერვაციულ მტკიცებულებას.[97] 

  • დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით, ნაჭრის, სახლში დამზადებული ნიღბის ტარება შეიძლება საჯარო სივრცეებში, სადაც რთულია სოციალური დისტანცირების ზომების შენარჩუნება (მაგ., აფთიაქი, სუპერმარკეტი), განსაკუთრებით იმ არეალში, სადაც საზოგადოებრივი გავრცელება მაღალია.[301] 

  • მხოლოდ ნიღაბი საკმარის დაცვას არ უზრუნველყოფს. საჭიროა მისი გამოყენება ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სხვა ზომებთან ერთად, როგორებიცაა ხელის ჰიგიენის რეგულარული დაცვა და სოციალური დისტანცირება. მნიშვნელოვანია ხელების წყლითა და საპნით (ან სპირტზე დამზადებული სადეზინფექციო საშუალებით) დაბანა ნიღბის გაკეთებამდე. ასევე მნიშვნელოვანია ნიღბის სწორად მოხსნა. გამოყენებული ნიღაბი უნდა გადავაგდოთ შესაბამისი წესების დაცვით.[97]

  • ნიღბის ტარებასთან დაკავშირებული შესაძლო ზიანი და უარყოფითი მხარეებია: თვითდაბინძურების პოტენციალი სახის/თვალების შეხების გამო, ან როდესაც სამედიცინო ნიღაბი არ იცვლება დასველების/დაბინძურების შემდეგ; თავის ტკივილი და/ან სუნთქვის გაძნელება; კანის დაზიანება; გაღიზიანების დერმატიტი; აკნეს დამძიმება; დისკომფორტი; კომუნიკაციის გართულება; დაცულობის ცრუ შეგრძნება; ცუდი დამყოლობა; ნარჩენების მართვის პრობლემები; ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ან სუნთქვის პრობლემების მქონე პაციენტები.[97] ნიღბის გამოყენებისას შესაძლოა შეიქმნას ნოტიო გარემო, რომელშიც ვირუსი აქტიურია და იზრდება ვირუსული დატვირთვა რესპირატორულ ტრაქტში; ღრმა სუნთქვა, რომელიც ნიღბის გამოყენებისას ვლინდება, შეიძლება იყოს ვირუსის გადასვლის მიზეზი ფილტვებში.[302] 

  • კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც ადარებდნენ ქსოვილის ნიღბის და ქირურგიული ნიღბის გამოყენებას სამედიცინო პერსონალის მიერ, ინფექციის შედეგები უფრო მძიმე იყო ქსოვილის ნიღბის ჯგუფში. გრიპისმაგვარი ავადმყოფობა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო ხშირი იყო ამ ჯგუფში. ნესტის შენარჩუნება, ქსოვილის ნიღბის ხელახლა გამოყენება და ცუდი ფილტრაცია შეიძლება იყოს ინფიცირების რისკის მატების მიზეზი.[303] ქსოვილის ნიღბების ფილტრაციის უნარი, მორგება და ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე ქირურგიული ნიღბების და რესპირატორების. დაცვა შეიძლება უკეთესი იყოს სწორი ქსოვილის შერჩევით, რამდენიმე შრიანი ქსოვილით, კარგი ფილტრაციის და მორგების უნარის მქონე ნიღბებით.[304]

ალკოჰოლზე დაფუძნებული ხელის სადეზინფექციო ხსნარი/გელი

  • აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა გამოსცა გაფრთხილება ალკოჰოლიანი ხსნარების შემცველობაში მეთანოლის შემცველობის შესახებ (რომელიც ზოგჯერ ეთანოლის სახითაა აღწერილი ეტიკეტზე). მეთანოლით მოწამვლა შეიძლება დაფიქსირდეს შესაბამისი ნიშნების და სიმპტომების მქონე პაციენტებში (მაგ. თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, გულისრევა/ღებინება, მუცლის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დონის დაქვეითება), რომლებიც პერორალურად იღებდნენ სადეზინფექციო ხსნარს ან ჭარბად მოიხმარდნენ კანზე. აღწერილია მხედველობის დაკარგვის და სიკვდილის შემთხვევები.[305]

  • ხელის სადეზინფექციო ხსნარების ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიმიკრობული რეზისტენტობა. აღწერილია შემთხვევით პერორალური მიღება, განსაკუთრებით ბავშვებში.[306]

სკრინინგი და კარანტინი

  • ინფექციის მაღალი რისკის მქონე რეგიონებიდან დაბრუნებულ პირებს შესაძლოა ჩაუტარდეთ სკრინინგი კითხვარის გამოყენებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მათი მოგზაურობის, დაავადებულ პირებთან კონტაქტის და ინფექციის სიმპტომების შესახებ და/ან გაეზომოთ ტემპერატურა. თვითმფრინავის მგზავრების კომბინირებული სკრინინგი, შემთხვევების მქონე რეგიონის დატოვებისას და სხვა ტერიტორიაზე ჩასვლისას, შედარებით არაეფექტური აღმოჩნდა სხვა ინფექციების შემთხვევაში, როგორიცაა ებოლას ვირუსი. მოდელირებით აღმოჩნდა, რომ ამ მიდგომით გაიპარება COVID-19-ის შემთხვევების დაახლოებით 50%, განსაკუთრებით ასიმპტომური პაციენტები ინკუბაციის პერიოდისას.[307] სიმპტომებზე დაფუძნებული სკრინინგის პროცესები არაეფექტური აღმოჩნდა SARS-CoV2-ის ინფექციის გამოვლენისთვის მცირე რაოდენობის პაციენტებში, რომელთაც შემდგომ ვირუსის არსებობა დაუდასტურდათ ყელის ნაცხში.[308]

  • იძულებითი კარანტინი გამოიყენება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკანასკნელ პერიოდში ექსპოზიციის რისკის მქონე პირთა ადვილად იდენტიფიცირებადი კოჰორტების იზოლირება (მაგ., შემთხვევების მქონე რეგიონიდან თვითმფრინავით ევაკუირებული ჯგუფები, საზღვრის დაკეტვამდე სამშობლოში დაბრუნებული პირები, ან კრუიზის ტიპის გემებში მყოფი ჯგუფები, სადაც იმყოფებიან ინფიცირებული პირები).[309] იძულებითი კარანტინით გამოწვეულ ფსიქოსოციალურ ეფექტებს შესაძლოა ხანგრძლივვადიანი ზეგავლენა ჰქონდეს ადამიანებზე.[310][311] მწირი მტკიცებულებების მიუხედავად, კოქრანის მიმოხილვის თანახმად, კარანტინი მნიშვნელოვანია დაავადების და სიკვდილის შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, განსაკუთრებით, როცა ადრიანადვე იწყება და გამოიყენება ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სხვა ზომებთან კომბინაციაში.[312]

  • მოგზაურები, რომლებიც ჩამოდიან დიდ ბრიტანეთში, თვითიზოლაციას უნდა იცავდნენ 14 დღის განმავლობაში. PHE: coronavirus (COVID-19) – how to self-isolate when you travel to the UK external link opens in a new window

სოციალური დისტანცირება

  • ინფექციის გავრცელების შესამცირებლად და დასაყოვნებლად, არაერთმა ქვეყანამ მიიღო სოციალური დისტანცირების სავალდებულო ზომები (მაგ., ქალაქების ჩაკეტვა, სახლში დარჩენის ბრძანება, კომენდანტის საათი, არააუცილებელი კომერციული ობიექტების დახურვა, შეკრებების აკრძალვა, სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვა, მოგზაურობის შეზღუდვა და აკრძალვა, დისტანციური მუშაობა, ექსპოზირებული პირების/მოგზაურების კარანტინი).

  • მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ისთვის სოციალური დისტანცირების გამოყენების მხარდამჭერი მტკიცებულებები მწირია, მონაცემები გროვდება და საუკეთესო ხელმისაწვდომი მტკიცებულებები მხარს უჭერს სოციალურ დისტანცირებას, როგორც გადაცემის შემცირებისა და გავრცელების დაყოვნების საშუალებას. როგორც ჩანს, კრიტიკული მნიშვნელობისაა აღნიშნული ზომების მიღების დრო და ხანგრძლივობა.[313][314]

  • სინგაპურში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სიმულაციურ მოდელებში სოციალური დისტანცირების ზომების დაცვა (ინფიცირებული ინდივიდების იზოლაცია და ოჯახის კარანტინი, სკოლის დაკეტვა, მუშაობა სახლიდან) მნიშვნელოვნად ამცირებდა ინფექციების სიხშირეს.[315]

  • Public Health England: staying alert and safe (social distancing) external link opens in a new window

უკიდურესად მოწყვლადი პირების დაცვა

  • რადიკალური იზოლაცია (Shielding) არის ღონისძიება, რომელიც გამოიყენება მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის ბავშვების) დასაცავად, რომლებიც იმყოფებიან COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების რისკის ქვეშ თანხმლები მდგომარეობების გამო. რადიკალური იზოლაცია მოიცავს უკიდურესად მოწყვლად პირებსა და მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს შორის ურთიერთობის მინიმიზებას, ვირუსთან ექსპოზიციისგან დაცვის მიზნით. 

  • უკიდურესად მოწყვლადი ჯგუფებია:[316]

    • პაციენტები, რომელთაც ჩაუტარდათ მყარი ორგანოების ტრანსპლანტაცია

    • ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები

    • მძიმე რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტები (მაგ., ცისტური ფიბროზი, ასთმის მძიმე ფორმა, მძიმე ფქოდ)

    • ისეთი იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტები, რომლებიც ზრდიან ინფიცირების რისკს (მაგ., ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი)

    • ისეთ იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე მყოფი პაციენტები, რომელიც ზრდის ინფიცირების რისკს

    • ორსულები, რომელთაც გულის მნიშვნელოვანი პათოლოგიები აქვთ (თანდაყოლილი ან შეძენილი)

    • სხვა პირები, რომელთა კატეგორიზაცია უკიდურესად მოწვყლად ჯგუფად დაყრდნობილია კლინიკურ განსჯასა და მათი საჭიროებების შეფასების საფუძველზე. 

  • დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამჟამად რეკომენდაციას უწევს გარკვეული კატეგორიის პირების მკაცრ იზოლაციას 31 ივლისამდე. 1 აგვისტოდან ეს რეკომენდაცია მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი გავრცელება ხელახლა არ იმატებს.[316] კონკრეტული რეკომენდაციების სანახავად იხილეთ მიმდინარე მითითებები (სხვადასხვაა ქვეყნების მიხედვით).

  • ხელმისაწვდომია იზოლირების შესახებ რჩევები ბავშვების და მოზარდების შემთხვევაში; ბავშვები შეიძლება დაიყონ A ჯგუფად (დაავადებები, რომლების გამოც საჭიროა მკაცრი იზოლირება) და B ჯგუფად (დაავადებები, რომლების გამოც საჭიროა დისკუსია ექიმთან და ბავშვი/ოჯახი წყვეტს, აპირებენ თუ არა მკაცრ იზოლირებას).[317] ბავშვების უმეტესობა, რომლებიც კლინიკურად მოწყვლად ჯგუფებში შედიან, 1 აგვისტოდან შეძლებენ იზოლაციის დასრულებას, პედიატრთან ან ზოგადი პრაქტიკის ექიმთან განხილვის საფუძველზე.

ვაქცინები

  • ამჟამად ვაქცინა არ არსებობს. ვაქცინა შემუშავების პროცესშია, თუმცა ხელმისაწვდომობას სულ მცირე 12-18 თვე შეიძლება დასჭირდეს. ამჟამად ადამიანებში კლინიკური კვლევების ეტაპზეა სხვადასხვა ვაქცინა, მათ შორის მესენჯერ-რნმ და დნმ პლატფორმებზე დაფუძნებული ვაქცინები, ადენოვირუსული ვექტორი-ვაქცინები და ინაქტივირებული ვაქცინები.[318] 

  • კორონავირუსის ვაქცინების უწინდელი კვლევების მიხედვით, უჯრედული იმუნოპათოლოგია და ანტისხეულზე დამოკიდებული გაძლიერება (ADE) უსაფრთხოების კუთხით რისკის შემცველი საკითხებია. შესაბამისად, არსებობს ეჭვები SARS-CoV-2-ის ADE-თან დაკავშირებით სხვა კორონავირუსებთან ადრინდელი ექსპოზიციის გამო (მაგ. კორონავირუსები, რომლებიც იწვევენ სურდოს).[319][320]

  • იზრდება ცხოველებზე და ადამიანებზე ჩატარებული კვლევების რაოდენობა, თუმცა მეცნიერების რჩევაა შედეგების მიმართ გამოვიჩინოთ დაკვირვება და სიფრთხილე.[321]

  • ad5-nCoB: რეკომბინანტული ადენოვირუსი ტიპი-5-ის (Ad5) ვექტორი ვაქცინა, რომელიც გამოხათავს SARS-CoV-2-ის წვეტიან გლიკოპროტეინს. ჩინეთში ჩატარებული ერთი ცენტრის, ღია ეტიკეტის, არარანდომიზებული, დოზის ესკალაციის 1-ლი ფაზის კვლევის თანახმად, ვაქცინა იმუნოგენურია და იწვევს ჰუმორულ პასუხს (ვაქცინაციიდან პიკს აღწევს 28 დღის თავზე) და T-უჯრედული პასუხს (პიკი ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ) მონაწილეთა უმეტესობაში. მონაწილეები იყვნენ ჯანმრთელები და არ ჰქონდათ დაავადებები. სულ მცირე 1 არასასურველი რეაქცია დაფიქსირდა ვაქცინაციიდან პირველი 7 დღის ფარგლებში მონაწილეთა 83%-სა (დაბალი და საშუალო დოზის ჯგუფები) და 75%-ში (მაღალი დოზის ჯგუფი). ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა შემდეგი არასასურველი მოვლენები: რეაქციები ინექციის მიდამოში, ცხელება, დაღლილობა, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი. ვაქცინაციიდან 28 დღის ფარგლებში მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. მიმდინარეობს კვლევის მე-2 ფაზა.[322]

  • ChAdOx1 nCoV-19: ადენოვირუსის ვექტორი ვაქცინა, რომელიც ატარებს SARS-CoV-2-ის წვეტიან ცივლას. ცხოველებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგებით (ექვემდებარება კოლეგიალურ მიმოხილვას) თაგვებსა და რეზუს მაკაკებში ვაქცინის ერთეული დოზა განაპირობებდა ჰუმორულ და უჯრედულ პასუხს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულ ცხოველებში ბრონქოალვეოლური ლავაჟის სითხეში და ფილტვის ქსოვილებში ვირუსული დატვირთვა მნიშვნელოვნად დაბალი იყო არავაქცინირებულ ცხოველებთან შედარებით, ცხვირიდან ვირუსის გამოყოფის შემცირება არ დაფიქსირებულა.[323] ამის მიუხედავად, მკვლევარები აპირებენ კვლევების წარმოების გაგრძელებას ადამიანებზე.

  • ინაქტივირებული SARS-CoV-2 ვირუსი (Sinovac®): შეიცავს ვირუსის უფრო ტრადიციულ, ქიმიურად ინაქტივირებულ ვერსიას. ვაქცინის ფონზე ყალიბდება იმუნიტეტი თაგვებში, ვირთხებსა და არა-ადამიანურ პრიმატებში. მაიმუნები, რომლებიც ვაქცინის ყველაზე მაღალი დოზით აცრეს და შემდეგ ვირუსი შეასუნთქეს, არ უჩიოდნენ ინფექციას. ვირუსი არ აღმოჩნდა ხახაში, ფილტვსა და სწორ ნაწლავში.[324]

  • ინფორმაციული რნმ (mRNA)-1273: ახალი ვაქცინა, რომელიც იყენებს mRNA ტექნოლოგიას, რაც მანამდე ადამიანებში ლიცენზირებული არ იყო. ინფორმაციული რნმ აკოდირებს SARS-CoV-2-ის სრული სიგრძის პრეფუზიურ სტაბილიზებულ წვეტიან ცილას და ენკაფსულირებულია ლიპიდურ ნანონაწილაკში. თაგვებზე კვლევები დასრულებულია, თუმცა, ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარების მიზნით, ტესტირება არ ჩატარებულა სხვა ცხოველებში, როგორებიცაა ზაზუნა, ქრცვინი და პრიმატები (ადამიანის გარდა). 1-ლი ფაზის კვლევის შედეგების თანახმად, 45 ჯანმრთელი ზრდასრულიდან ყველას (18-55 წლის ასაკის) მისცეს ვაქცინის 2 ინექცია (25,100 ან 250 მიკროგრამი), 28 დღის ინტერვალით. ყველას აღენიშნება სეროკონვერსია პირველი დოზიდან 15 დღეში. ყველა დოზირების ჯგუფში, მეორე ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების დონე აღწევდა კონვალესცენტური შრატის მაქსიმალურ დონეს. სისტემური გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად დაფიქსირდა მეორე დოზის შემდეგ: 25-მიკროგრამის ჯგუფში პაციენტების 54%, 100-მიკროგრამის და 250-მიკროგრამის ჯგუფებში პაციენტების 100% უჩიოდა გვერდით მოვლენებს. 14 პაციენტის კოჰორტამ მიიღო ყველაზე მაღალი დოზა (250 მიკროგრამი). აქედან 21%-ს აღენიშნა ერთი ან მეტი მძიმე გვერდითი მოვლენები მეორე დოზის შემდეგ. 25-მიკროგრამის ჯგუფის ერთი მონაწილე მოიხსნა კვლევიდან გარდამავალი ურტიკარიის გამო, რომელიც პირველი ვაქცინაციის დროს დაეწყო. კვლევაში მონაწილეობას არ იღებდნენ თანმხლები დაავადებების მქონე პირები.[325] აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ სწრაფი დამუშავების ნებართვა გასცა საინფორმაციო-რნმ-1273 ვაქცინაზე, რომლის მე-2 ფაზის კვლევები მიმდინარეობს.

  • BNT162b1: ლიპიდური ნანონაწილაკის ფორმულა, ნუკლეოზიდური მოდიფიცირებით, ინფორმაციული რნმ ვაქცინა, რომელიც აკოდირებს წვეტიან გლიკოპროტეინს RBD. 1/2 ფაზის წინასწარი მონაცემები (არ არის რეცენზირებული) გამოქვეყნდა ჯანმრთელი ზრდასრულების (18-55 წ) მონაწილეობით. RBD-ზე მიმაგრებული G ანტისხეულები და SARS-CoV-2-ის გამანეიტრალებელი ანტისხეულები დაფიქსირდა ყველა მონაწილეში, ორი დოზის მიღებიდან 28 დღის შემდეგ. გვერდითი მოვლენები დოზა-დამოკიდებული იყო და მოიცავდა მონაწილეების 50%-ს, რომლებიც 10 ან 30 მკგ დოზას იღებდნენ. 100 მკგ დოზის ჯგუფში გვერდითი მოვლენების სიხშირე 58%-მდე იყო.[326] BNT162b1 და BNT162b2 (შესაბამისი ვაქცინის კანდიდატი) ავტორიზებულია დაჩქარებული წესით აშშ სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ.

იმუნიტეტის პასპორტები

  • ზოგიერთი მთავრობა განიხილავს სერტიფიკატების შემოღებას იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს და გამოჯანმრთელდნენ. სერტიფიკატი დაეფუძნება ანტისხეულების ტესტს ("იმუნიტეტის პასპორტები"). ამ დოკუმენტის ქონა ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობა (მუშაობა, სწავლა, მოგზაურობა). თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს არ უჭერს ამ იდეას, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ინფექციის გადატანის შემდეგ ანტისხეულები გვიცავენ რეინფიცირებისგან.[327] სხვა პოტენციური პრობლემებია: საზოგადოების მხარდაჭერის ნაკლებობა, ადამიანთა ამ ჯგუფისადმი პოტენციურად დისკრიმინაციული დამოკიდებულება, ტესტირების შეცდომები (მოიცავს ადამიანის სხვა კორონავირუსებთან ჯვარედინ რეაქციას), ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა, გაყალბება, კანონის და ეთიკის წინააღმდეგობები, განზრახ ინფიცირება სერტიფიკატის აღების მიზნით.[328]

მოწევისთვის თავის დანებება

  • აქტიურ ან წარსულში მწეველ პირებს დაავადების მძიმე ფორმის დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალი რისკი აქვთ. საჭიროა მოწევის შეწყვეტის მხარდაჭერა.[234] ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს თამბაქოს მომახმარებელს შეწყვიტონ ამ ნივთიერების მოხმარება, ვინაიდან თამბაქოს გამოყენებისა და მასთან მეორეული ექსპოზიციის მავნე ზეგავლენის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არსებობს.[237] ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც გასცემს რეკომენდაციას თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის თაობაზე. PHE: COVID-19 – advice for smokers and vapers external link opens in a new window

მეორეული პრევენცია

ახალი შემთხვევების ადრეული ამოცნობა გადაცემის პრევენციის ქვაკუთხედია. დაუყოვნებლივ მოაქციეთ იზოლაციაში ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევა. დაიცავით ინფექციის პრევენციისა და კონტროლის რეკომენდებული პროცედურები ლოკალური პროტოკოლების მიხედვით, მათ შორის, ზოგადი სტანდარტული და კონტაქტური, წვეთოვანი და აეროგენული სიფრთხილის ზომები, სანამ პაციენტი სიმპტომურია.[291] COVID-19 არის შეტყობინებადი დაავადება; ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევის შესახებ შეატყობინეთ ჯანმრთელობის ადგილობრივ ორგანოებს.

დეტალური მითითებები ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ზომებზე მოწოდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ:

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით