მიდგომა

ადრეული ამოცნობა და სწრაფი დიაგნოსტიკა აუცილებელია გადაცემის პრევენციისა და დახმარების დროულად აღმოჩენისთვის. COVID-19-ზე ეჭვის მაღალი ხარისხი რეკომენდებულია ყველა პაციენტში, რომელსაც აქვს ცხელება და/ან მწვავე რესპირატორული ავადობა; თუმცა, ზოგიერთი პაციენტი შეიძლება არ უჩიოდეს ცხელებით მიმდინარე რესპირატორულ დაავადებას.

COVID-19-ის მკურნალობის გზა ინფექციის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის დროს უნდა შემუშავდეს ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე. ჯანდაცვის სისტემაში მოხვედრისთანავე უზრუნველყავით პაციენტების სკრინინგი შემთხვევის განსაზღვრების და სიმპტომების შეფასების გათვალისწინებით. ინფექციის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტების მართვა უნდა გაგრძელდეს მათი მდგომარეობის შესაბამისად.[2] დაუყოვნებლივ მოაქციეთ იზოლაციაში ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევა. გამოიყენეთ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ადგილობრივი პროცედურები. პაციენტების ტრიაჟი მოწოდებულია სტანდარტიზებული მექანიზმებით. პაციენტები შეაფასეთ დაავადების სიმძიმის მიხედვით. COVID-19 არის შეტყობინებადი დაავადება. შესაძლო შემთხვევები რჩება საეჭვო გამოკვლევების პროცესში მანამ, სანამ უარყოფითი პასუხი არ მიიღება. 

Best Practice-მა გამოაქვეყნა ცალკეული თემა, რომელიც შეეხება COVID-19-ის დროს თანაარსებული მდგომარეობების მართვას. BMJ Best Practice: Management of co-existing conditions in the context of COVID-19 external link opens in a new window

ძირითადი რეკომენდაციები

  • აუცილებელია ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევის დაუყოვნებლივ იზოლაცია სხვა პაციენტებისაგან. პაციენტების ტრიაჟი მოწოდებულია სტანდარტიზებული მექანიზმებით. პაციენტები შეაფასეთ დაავადების სიმძიმის მიხედვით. დაიცავით ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გაიდლაინები.[2]

  • კლინიკური ეჭვის მაღალი ინდექსი უნდა გვქონდეს ნებისმიერი იმ პაციენტის მიმართ, რომელიც წარმოდგენლია ცხელებით და/ან მწვავე რესპირატორული ავადმყოფობით. ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ დგანან: პირები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ტრანსმისიის მაღალი რისკის ტერიტორიაზე ცხოვრება/პროფესიული საქმიანობა/მოგზაურობა; ასევე ადამიანები, რომელთა თემშიც აღინიშნება ტრანსმისია და ბოლოს, შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები.[161]

  • დიაგნოზზე ეჭვი უნდა მიიტანოთ უწყვეტი ხველის, ცხელების და გემოს/ყნოსვის ცვლილების მქონე პაციენტებში.[351] პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ დისპნოეს, დაღლილობის, მიალგია/ართრალგიის, ყელის ტკივილის, თავის ტკივილის, ცხვირის დახშობის ან რინორეის სიმპტომები. შეიძლება აღინიშნოს ნახველი, მოჭერა გულმკერდის არეში, გასტროინტესტინური სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, დიარეა).[352]

  • უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (რეალურ დროში) ადასტურებს დიაგნოზს. უპირატესია სასუნთქი გზების ზედა და ქვედა ნაწილებიდან აღებული ნიმუშები. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა სეროლოგიური ტესტირება.[353] 

  • ბავშვებსა და მოზარდებში გაითვალისწინეთ მწვავე გასტროინტესტინური სიმპტომები და გულის ანთების ნიშნები. ჯერჯერობით არსებული მტკიცებულება მიუთითებს, რომ ბავშვებში ინფექცია უფრო მსუბუქი ან უსიმპტომოა.[354] თუმცა, აღწერილია იშვიათი მულტისისტემური ანთებითი მდგომარეობა კავასაკის დაავადების და ტოქსიკური შოკის სინდრომის მსგავსად, რომელიც COVID-19-ს ემთხვეოდა ბავშვებსა და მოზარდებში.[355]

  • ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში რეკომენდებულია ჩამოთვლილი ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, მეტაბოლური პანელი, არტერიული სისხლის აირები, სისხლში გლუკოზის დონე, კოაგულოგრამა, ანთების მარკერები, გულის ბიომარკერები, შრატში კრეატინ კინაზა, სისხლის და ნახველის კულტურები სხვა პათოგენებზე. პულსოქსიმეტრიით შეიძლება გამოვლინდეს ჟანგბადის დაბალი სატურაცია. 

  • გულმკერდის რენტგენოგრაფიისთვის პრიორიტეტულია პაციენტები, რომლებიც მძიმედ არიან და ეჭვია პნევმონიაზე. განიხილეთ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება, თუ გულმკერდის რენტგენი გაურკვეველია ან ნორმალურია.[356] დამატებითი რჩევების მისაღებად იხილეთ ადგილობრივი მითითებები.

  • ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევის შესახებ აცნობეთ ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანოებს. COVID-19 არის შეტყობინებადი დაავადება.

  • სრული დეტალებისა და მითითებებისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია.

ანამნეზი.

შეკრიბეთ დეტალური ანამნეზი, მათ შორის მოგზაურობის ანამნეზი, რისკფაქტორები, რათა განსაზღვროთ COVID-19-ის რისკი და შეაფასოთ სხვა მიზეზების ალბათობა. 

დიაგნოზზე უნდა იეჭვოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:[161]

  • ინფექციის მაღალი რისკი: გავრცელების მაღალი რისკის რეგიონში მუშაობა ან ცხოვრება (დახურული სივრცეები), საზოგადოებრივი გავრცელების პირობებში მოგზაურობა ან ცხოვრება, სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა (მოიცავს საავადმყოფოებს და საცხოვრებელ დაწესებულებებს) ბოლო 14 დღის განმავლობაში სიმპტომების გამოვლენამდე 

  • პირები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ შესაძლო ან დადასტურებულ შემთხვევასთან. კონტაქტი არის პიროვნება, რომელმაც ჩამოთვლილთაგან რომელიმე სახით განიცადა ექსპოზიცია სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან სიმპტომების დაწყებამდე 2 დღის მანძილზე და დაწყებიდან 14 დღის განმავლობაში:

    • პირისპირ კონტაქტი სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 მეტრზე ახლოს (3 ფუტი), 15 წუთზე მეტხანს 

    • პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი სავარაუდო ან დადასტურებულ შემთხვევასთან

    • რეკომენდებული პირადი დაცვის საშუალებების გარეშე უვლიდა COVID-19-ის სავარაუდო ან დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტს

    • სხვა გარემოებები, რომლებიც მითითებულია ადგილობრივი რისკის შეფასებით. 

კლინიკური გამოვლინება ზრდასრულებში

პაციენტთა დაახლოებით 15%-ში წარმდგენი სიმპტომებია ცხელების, ხველისა და დისპნოეს ტრიადა. ამასთან, პაციენტთა 90%-ს უვლინდება 1-ზე მეტი სიმპტომი.[5] ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მინიმალური სიმპტომები ან არ უვლინდებოდეს სიმპტომები, ხოლო სხვებს შეიძლება აღენიშნოთ მძიმე პნევმონია ან გართულებები, როგორიცაა მწვავე რესპირატორული სინდრომი, სეპტიკური შოკი, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ვენური თრომბოემბოლია ან მულტიორგანული უკმარისობა. 

ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომებია:

  • ცხელება

  • ხველა

  • ქოშინი

  • გემოს/ყნოსვის შეცვლა.

ნაკლებად ხშირი სიმპტომებია:

  • მიალგია ან ართრალგია

  • დაღლილობა

  • ნახველის გამოყოფა

  • გულმკერდის შებოჭილობა

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები

  • ყელის ტკივილი

  • თავის ტკივილი

  • თავბრუსხვევა

  • ნევროლოგიური სიმპტომები

  • თვალისმიერი სიმპტომები

  • სიმპტომები კანზე

  • რინორეა/ცხვირის ღრუს დახშობა 

  • ტკივილი გულმკერდის არეში

  • ჰემოფთიზი. 

ფებრილური რესპირატორული ავადმყოფობის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არ იყოს საკმარისად მგრძნობიარე ადრეული დიაგნოსტიკური ეჭვის მისატანად.[357] კოქრეინის მიმოხილვის თანახმად, პაციენტების სულ მცირე ნახევარს ჰქონდა ხველა, ყელის ტკივილი, ცხელება, მიალგია/ართრალგია, დაღლილობა, თავის ტკივილი. ცხელების, მიალგია/ართრალგიის, დაღლილობის, თავის ტკივილის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის COVID-19-ის ალბათობას. ხველა და ყელის ტკივილი ხშირია COVID-19-ის გარეშეც, ამიტომ ცალცალკე ეს სიმპტომები არ იყო დიაგნოსტიკაში დამხმარე. მიმოხილვის თანახმად, არცერთი ცალკეული სიმპტომი არ ადგენს COVID-19-ის დიაგნოზს. ავტორების დასკვნით, დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით მხოლოდ ნიშნების/სიმპტომების არსებობა/არარსებობა საკმარისი არ არის.[352]

გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით კლინიკური სურათი მცირედ განსხვავებულია. ერთი შეხედვით, აშშ-ის შემთხვევებიდან ვლინდება, რომ ინფექციის კლინიკური სურათი შეიძლება იყოს უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე ჩინეთსა და იტალიაში. მომართვისას აღინიშნება ტკივილი გულმკერდის არეში, თავის ტკივილი, ფსიქიკური სტატუსის ცვლილება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები. ასევე დაფიქსირდა ღვიძლისა და თირკმლის ძლიერი დისფუნქცია ფილტვის დაზოგვით.[358] ნიუ იორკში ჰოსპიტალიზებული პაციენტების მონაცემებით, მომართვისას ყველაზე ხშირი სიმპტომები იყო ცხელება, ხველა, დისპნოე და მიალგია; გასტროინტესტინური სიმპტომები უფრო ხშირად დაფიქსირდა, ვიდრე ჩინეთში.[359]

სიმძიმის თვალსაზრისით:[14]

  • ზრდასრულების 80%-ს აღენიშნება მსუბუქი-საშუალო სიმძიმის ავადმყოფობა

  • ზრდასრულების 14%-ს აღენიშნება მძიმე ავადმყოფობა

  • ზრდასრულების 5%-ს აღენიშნება კრიტიკული ავადმყოფობა

  • ზრდასრულების 1%-ს აღენიშნება უსიმპტომო ავადმყოფობა. 

ევროპული კვლევის თანახმად, მსუბუქი-საშუალო სიმძიმის ავადმყოფობის მქონე პაციენტებში ყველაზე პრევალენტური სიმპტომები იყო თავის ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა, ცხვირის დახშობა, ხველა, ასთენია, მიალგია, რინორეა, გემოს დისფუნქცია და ყელის ტკივილი. ცხელება უფრო იშვიათად იყო აღწერილი. სიმპტომების საშუალო ხანგრძლივობა 11.5 დღე იყო. გამოვლინება დამოკიდებული იყო ასაკზე. უფრო ახალგაზრდა პაციენტები უჩიოდნენ ყურის, ცხვირისა და ყელის სიმპტომებს, ხოლო ასაკოვანი პაციენტები - ცხელებას, დაღლილობასა და მადის დაქვეითებას.[360] დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში უფრო ხშირი სიმპტომები იყო ცხელება, დისპნოე და მადის გაქრობა.[114]

ორსულები

  • ორსულ ქალებში კლინიკური მახასიათებლები არაორსული ზრდასრულების მსგავსია.[361] ორსულ ქალებში ყველაზე ხშირი სიმპტომებია ცხელება და ხველა. თუმცა, ორსულ ქალებში, არაორსულ რეპროდუქციული ასაკის ქალებთან შეარებით ნაკლებად ხშირად ფიქსირდება ცხელება და მიალგია.[362]

  • ხაზგასასმელია გარემოება, რომ ისეთმა სიმპტომებმა, როგორებიცაა ცხელება, დისპნოე, გასტროინტესტინური სიმპტომები და დაღლილობა, შესაძლოა გადაფარონ ორსულობის ფიზიოლოგიური ადაპტაციებით ან არასასურველი მოვლენებით გამოწვეული სიმპტომები.[2]

ატიპური გამოვლინებები

  • გვხვდება ატიპური გამოვლინებები, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ იმუნოკომპრომისული მდგომარეობა (მაგ. დაცემა, დელირიუმი/კონფუზია, ფუნქციური დაქვეითება, გადაადგილების შეზღუდვა, სინკოპე, მუდმივი სლოკინი, ცხელების არარსებობა). ხანდაზმულ და თანხმლები დაავადებების მქონე პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ მსუბუქი სიმპტომები, მაგრამ მაინც მაღალი რისკი მდგომარეობის გაუარესებისა.[2]

  • COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში დაფიქსირდა პაროტიტი (შესაძლოა უკავშირდებოდეს ყბაყურა ჯირკვლის ლიმფადენიტს), პერორალური ვეზიკულობულოზური დაზიანებები, ბადურის დაზიანებები და ანდროგენური ალოპეცია; თუმცა უცნობია, თუ რამდენად უკავშირდება ეს ნიშნები SARS-CoV-2-ის ინფექციას.[363][364][365][366]

კოინფექციები

  • SARS-CoV-2-ზე დადებით პაციენტებში ვირუსებით და ატიპური ბაქტერიებით კოინფექციების ჯამური პრევალენტობა შეადგენდა 11.6%-ს (16.8%-ს იმ კვლევებში, რომლებშიც პაციენტთა 100%-ს უტარდებოდა ტესტი კო-პათოგენებზე).[367]

  • ბაქტერიული კოინფექცია აღნიშნულია ჰოსპიტალიზებული პაციენტების 7%-ში და ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების 14%-ში. ყველაზე ხშირი ბაქტერიებია Mycoplasma pneumoniae, Pseudomonas aeruginosa, Haemophilus influenzae და Klebsiella pneumoniae. უფრო იშვიათია კოინფექცია სოკოვანი პათოგენებით და ვირუსებით (მაგ. რესპირატორული სინციტიური ვირუსები, A გრიპის ვირუსი).[368]

  • კოინფექციები უფრო ხშირია კრიტიკულ პაციენტებში.[369]

  • კოინფექციების არსებობა შესაძლოა გახდეს რესპირატორული სიმპტომების გახანგრძლივების, ასევე ინტენსიური მოვლის განყოფილებაში გახანგრძლივებული დარჩენის, ავადობის და სიკვდილობის მიზეზი, თუ მათი გამოვლენა და მკურნალობა ვერ მოხერხდა ადრეულ ეტაპზე.[370] 

  • გრიპით კოინფექციის მქონე პაციენტებს აღენიშნებოდათ მსგავსი კლინიკური ნიშნები, რაც მხოლოდ COVID-19-ის ინფექციის დროს ვლინდება.[371][372]

კლინიკური გამოვლინება ბავშვებში

ნიშნები და სიმპტომები შეიძლება წააგავდეს სხვა ხშირ ვირუსულ რესპირატორულ ინფექციებს და ბავშვობის ინფექციებს, ამიტომ ბავშვებში COVID-19-ზე ეჭვის მაღალი ხარისხია საჭირო.

სიმძიმის თვალსაზრისით:[373]

  • ბავშვების 33%-ს აღენიშნება მსუბუქი ავადმყოფობა 

  • ბავშვების 51%-ს აღენიშნება საშუალო სიმძიმის ავადმყოფობა 

  • ბავშვების 7%-ს აღენიშნება მძიმე ავადმყოფობა

  • ბავშვების 5%-ს აღენიშნება კრიტიკული ავადმყოფობა 

  • ბავშვების 20%-ს აღენიშნება უსიმპტომო ავადმყოფობა. 

ჯერჯერობით მტკიცებულება მიუთითებს, რომ ბავშვთა დაახლოებით 9%-ში ინფექცია უფრო მსუბუქი ან უსიმპტომოა, მაგრამ შესაძლებელია ფილტვის რადიოლოგიური ცვლილებები დაფიქსირდეს ორივე შემთხვევაში. ხშირად აღწერილი სიმპტომებია: ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის დახშობა და რინორეა. ზრდასრულებთან შედარებით, ბავშვებში უფრო იშვიათია ცხელება, ხველა და დისპნოე. ბავშვებში, განსაკუთრებით ახალშობილებსა და ჩვილებში, შესაძლოა უფრო ხშირი იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, უფრო მეტიც, შესაძლოა გასტროინტესტინური სიმპტომი დაავადების ერთადერთ წარმდგენ სიმპტომად გამოვლინდეს.[354] ფებრილური გულყრები იშვიათადაა აღწერილი.[19] 5 წლამდე ბავშვებში კლინიკური გამოვლინებები უფრო მსუბუქია, ვიდრე A ტიპის გრიპის შემთხვევაში.[374]  

ბავშვებში იშვიათადაა აღწერილი დაავადების მძიმე ფორმა.[354][375] აშშ-ში 48 კრიტიკულად მძიმე ჩვილისა და ბავშვის ერთმომენტიანი კვლევისას, კლინიკური მიმდინარეობა და ჰოსპიტალური გამოსავალი უკეთესი იყო მოზრდილებთან შედარებით. მოზრდილების მსგავსად, კრიტიკულად მძიმე ბავშვების 80%-ს აღენიშნებოდა ფონური დაავადებები, ყველაზე ხშირად იმუნოსუპრესია/კიბო, გულის დაავადება, სიმსუქნე და დიაბეტი.[376][377] აღსანიშნავია, რომ დაავადების კრიტიკული ფორმა უფრო ხშირად 1 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებთან შედარებით, ამასთან, ამ ასაკობრივ ჯგუფში ღებინება უფრო ხშირია.[373] არსებობს მოსაზრება, რომ დაავადების მძიმე ფორმის მქონე ბავშვებში ვლინდება ამასთან დაკავშირებული ანთებითი სინდრომი. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ გართულებების თავი.

COVID-19-ის შემთხვევები აღრიცხულია ახალშობილებში. ახალშობილებში დისპნოე ყველაზე ხშირი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია, როგორც წესი, მსუბუქი ხასიათისაა, ფიქსირდება დაავადების მძიმე ფორმებიც, მათ შორის გვიანი გამოვლინების ნეონატალური სეფსისი და ენცეფალიტი. მოზრდილ ბავშვებთან შედარებით, დაავადების მძიმე ფორმა ოდნავ უფრო ხშირია ახალშობილებში. ჩვილებში შეიძლება აღინიშნოს გაღიზიანება, ტირილი, საკვების მიღების გართულება, ფარული ჰიპოქსია და ნევროლოგიური სიმპტომები.[354][378][379][380]

ბავშვებში კოინფექციები შესაძლოა უფრო ხშირი იყოს.[381] აშშ-ის და იტალიის კვლევების მიხედვით კოინფექცია დაფიქსირდა ბავშვთა 6%-ში. ყველაზე ხშირი პათოგენები იყო: რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსები, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ენტეროვირუსები, A გრიპის ვირუსი, არა-SARS კორონავირუსები და Streptococcus pneumoniae.[19][188]

ფიზიკური გამოკვლევა

გასინჯეთ პაციენტი. თუ შესაძლებელია, სტეტოსკოპი არ გამოიყენოთ, ვირუსით დაბინძურების რისკის გამო. შესაძლოა აღენიშნებოდეთ ცხელება (შეციებით/ჟრჟოლით ან მათ გარეშე) და აშკარა ხველა და/ან სუნთქვის გაძნელება. პნევმონიის ან სუნთქვის დარღვევის შემთხვევაში გულმკერდის აუსკულტაციით შეიძლება გამოვლინდეს ხიხინი და/ან ბრონქული სუნთქვა. სუნთქვის დარღვევის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ტაქიკარდია, ტაქიპნოე ან ჰიპოქსია თანმხლები ციანოზით. ბრადიკარდია აღინიშნა პაციენტების მცირე კოჰორტაში, მსუბუქი-საშუალო დაავადების ფონზე.[382]

პულსოქსიმეტრიით

პულსოქსიმეტრიით შეიძლება გამოვლინდეს ჟანგბადის დაბალი სატურაცია (SpO₂ <90%). ექიმებმა უნდა გააცნობიერონ, რომ COVID-19-ის მქონე პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ "ჩუმი ჰიპოქსია": ჟანგბადით გაჯერების დონე შესაძლოა დაეცეს და გამოიწვიოს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აშკარა სიმპტომების გარეშე. სხვა ორგანოების დისფუნქცია პაციენტთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მდგომარეობის მწვავე გაუარესების პირველი ფაზის შემდეგ, პაციენტის შემდგომი დამძიმების აღმომჩენი ტრადიციული მეთოდები (მაგ., ეროვნული ადრეული გაფრთხილების ქულა 2 [NEWS2] ) შეიძლება ვერ დაგვეხმარონ მოსალოდნელი სუნთქვის უკმარისობის ამოცნობაში.[383]

მიუხედავად იმისა, რომ NEWS2-ის გამოყენება კვლავ რეკომენდებულია COVID19-ის მქონე პაციენტებში, დიდი ბრიტანეთის ექიმთა სამეფო კოლეჯის რჩევით, ამ პაციენტებში ჟანგბადის საჭიროების ნებისმიერი ზრდა უნდა წარმოადგენდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექიმის გამოძახების საფუძველს. ამასთან, პაციენტის მდგომარეობის კლინიკურ შეფასებამდე უნდა გავახშიროთ მონიტორინგი (სულ მცირე, საათში ერთხელ).[384]

თავდაპირველი ლაბორატორიული კვლევები

დაავადების მძიმე ფორმის მქონე ყველა პაციენტში ჩაატარეთ ჩამოთვლილი ლაბორატორიული გამოკვლევები:

  • არტერიული სისხლის აირები (ABG)

  • FBC

  • სისხლის სრული ბიოქიმიური ანალიზი

  • გლუკოზის დონე სისხლში

  • კოაგულაციური სკრინინგი

  • ანთებითი მარკერები (მაგ., შრატში C-რეაქტიული ცილა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, ინტერლეიკინ-6, ლაქტატდეჰიდროგენაზა, პროკალციტონინი, ამილოიდ A და ფერიტინი)

  • გულის ბიომარკერები

  • შრატის კრეატინ კინაზა და მიოგლობინი.

ყველაზე ხშირი ლაბორატორიული დარღვევებია: ლიმფოპენია, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალბუმინის დაქვეითება, გულის ბიომარკერების დონის მატება, ანთებითი მარკერების დონის მატება, D-დიმერის მოამტება და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.[359][385][386][387] ლაბორატორიული პათოლოგიები – კერძოდ ლიმფოპენია, ლეიკოციტების დარღვევები და სისტემური ანთების სხვა მარკერები – ნაკლებად ხშირია ბავშვებში.[354][388][389] პაციენტების უმეტესობა (62%) უსიმპტომოა ნორმალური ლაბორატორიული პარამეტრებით. ლაბორატორიული პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში ყველაზე ხშირია ლეიკოპენია, ლიმფოპენია, მომატებული ლაქტატ დეჰიდროგენაზა და მომატებული C-რეაქტიული ცილა.[390]

ქვედა სასუნთქი ტრაქტის ინფექციის სხვა მიზეზებისა და სეფსისის გამოსარიცხად აიღეთ სისხლის და ნახველის ნიმუშები კულტურისთვის, განსაკუთრებით ატიპური ეპიდემიოლოგიური ანამნეზის მძიმე ან კრიტიკულ პაციენტებში. შესაძლებლობის შემთხვევაში ნიმუშები უნდა მოვიპოვოთ ემპირიული ანტიმიკრობული თერაპიის დაწყებამდე.[2]


სხივის არტერიის პუნქტურა- ანიმაციური დემონსტრაციასხივის არტერიის პუნქტურა- ანიმაციური დემონსტრაცია

მოლეკულური ტესტირება

დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა მოლეკულური ტესტირება. დანიშნეთ ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტი, მაგ. რეალური დროის უკუტრანსკრიპციის პოლმიერაზას ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) SARS-CoV-ზე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ საეჭვო ინფექცია (იხილეთ კრიტერიუმების სექცია).[353]ტესტები უნდა ჩატარდეს ჯანმრთელობის ადგილობრივი ორგანოების მიერ შემუშავებული მითითებების შესაბამისად და უნდა აკმაყოფილებდეს ბიოუსაფრთხოების სტანდარტებს. 

ვისი ტესტირებაა საჭირო

  • გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვის ჩაუტარდეს ტესტირება, უნდა ეფუძნებოდეს კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ ფაქტორებს.[353]

  • დიდ ბრიტანეთში ტესტირება რეკომენდებულია:[351][391]

    • საზოგადოებაში მყოფი ყველა პაციენტისთვის, რომელსაც აღენიშნება ახალი, უწყვეტი ხველა, მაღალი ტემპერატურა ან ყნოსვის/გემოს ცვლილება.

    • პირებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია და აღენიშნებათ პნევმონიის კლინიკური ან რადიოლოგიური თვალსაჩინოება, მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი ან გრიპის მაგვარი ავადმყოფობა, ასევე ყნოსვის/გემოვნების შეგრძნება იზოლირებულად ან სხვა სიმპტომებთან კომბინაციაში.

  • აშშ-ში, ტესტირება რეკომენდებულია:[392]

    • სიმპტომების, მათ შორის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში

    • ასიმპტომურ პირებში, რომლებიც იმყოფებოდნენ დადასტურებული ინფექციის მქონე პაციენტთან მჭიდრო კონტაქტში, სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში

    • ასიმპტომურ პირებში, რომლებიც არ იმყოფებოდნენ დადასტურებული ინფექციის მქონე პაციენტთან მჭიდრო კონტაქტში, სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებულია ჯანდაცვის თანამშრომლის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლის მიერ. 

  • მიმართეთ ჯანმრთელობის ადგილობრივ ორგანოებს რჩევისათვის, ვინაიდან ტესტირების პრიორიტეტები დამოკიდებულია ადგილობრივ რეკომენდაციებსა და ხელმისაწვდომ რესურსებზე.

ნიმუშები

  • ტესტირებისთვის ოპტიმალური ნიმუშის შერჩევა დამოკიდებულია კლინიკურ სურათსა და სიმპტომების გამოვლენიდან გასულ დროზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს შემდეგ პრინციპებს.[353]

    • ზედა სასუნთქი გზების ნიმუშები: რეკომენდებულია ადრეული სტადიის ინფქეციების დროს, განსაკუთრებით ასიმპტომურ ან მსუბუქ შემთხვევებში. ნაზოფარინგული ნაცხი მეტად ინფორმატიული და სანდო ტესტია ოროფარინგულ ნაცხთან შედარებით; სარწმუნოებას ზრდის კომბინირებული ნაცხის აღება როგორც ნაზოფარინგული, ასევე ოროფარინგული რეგიონიდან.

    • ქვედა სასუნთქი გზების ნიმუშები: რეკომენდებულია გვიანი სტადიის ინფექციების დროს, ან პაციენტებში, რომლებზეც არსებობს ინფექციის ძლიერი ეჭვი, თუმცა, ზედა სასუნთქი ტრაქტის სინჯი უარყოფითი იყო. შესაფერისი ნიმუშებია ნახველი და/ან ენდოტრაქეული ასპირატი ან ბრონქოალვეოლური ლავაჟი შედარებით უფრო მძიმე ფორმის რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტებში. თუმცა, გაითვალისწინეთ აეროზოლით ტრანსმისიის მაღალი რისკის არსებობა ქვედა რესპირატორული ტრაქტიდან ნიმუშის აღების დროს – ინდუცირებული ნახველის ნიმუში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ზრდის აეროზოლის ტრანსმისიის რისკს.

    • სხვა რესპირატორული ნიმუშები: გამოკვლეულიაკომბინირებული პირ-ხახის და ცხვირის ნესტოების ნაცხების კომბინაცია, შუა-ტურბინების ან ქვედა ნესტოების ნაცხების კომბინაცია და ენის ნაცხები. თუმცა, საჭიროა დამატებითი კვლევები და ვალიდაცია. პირის ღრუს სითხის შეგროვება შეიძლება ზოგ შემთხვევაში მოწოდებული იყოს (მცირეწლოვანი ბავშვები, დემენციის მქონე პაციენტები). მზარდია მტკიცებულება ნერწყვის ნიმუშის სანდოობის შესახებ დიაგნოსტიკისთვის.[393][394][395][396] მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით ამჟამად არ არის რეკომენდებული ნახველის, როგორც რუტინული კლინიკური დიაგნოსტიკის ერთადერთი ნიმუშის აღება. 

    • ფეკალური ნიმუშები: განიხილეთ მაშინ, როდესაც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სინჯები უარყოფითია, მაგრამ კლინიკური ეჭვი ინფქეციაზე კვლავ არსებობს (იყენებენ სიმპტომების გამოვლენის მეორე კვირიდან).

  • სინჯების რეკომენდებული ტიპები განსხვავდება ქვენების მიხედვით. მაგალითად, აშშ-ში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეკომენდაციაა შემდეგი ზედა სასუნთქი გზებიდან ნიმუშების მოპოვება: ნაზოფარინგული ან ოროფარინგული ნაცხი; ცხვირის შუა ნიჟარის ნაცხი; წინა ნესტოს ნაცხი; ან ნაზოფარინგული/ნაზალური ლავაჟი/ასპირატი. რეკომენდებული ქვედა სასუნთქი გზების ნიმუშები: ნახველი, ბრონქოალვეოლური ლავაჟი, ტრაქეის ასპირატი, პლევრის სითხე და ფილტვის ბიოფსია.[397]

  • ნიმუშები უნდა შეაგროვოთ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ზომების დაცვით.

ტესტის შედეგი

  • დადებითი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ადასტურებს SARS-CoV-2 ინფექციას. თუ შედეგი უარყოფითია, მაგრამ ინფექციაზე რჩება კლინიკური ეჭვი (მაგ. ეპიდემიოლოგიური კავშირი, ტიპური რენტგენოლოგიური სურათი, სხვა ეტიოლოგიის არარსებობა), აიღეთ ნიმუში ხელახლა და გაიმეორეთ ტესტი. დადებითი შედეგი ადასტურებს ინფექციას. თუ მეორე ტესტის შედეგი უარყოფითია, განიხილეთ სეროლოგიური ტესტირება (იხ. ქვემოთ).[353]

  • გენომური სეკვენირება რუტინულად არ არის რეკომენდებული, მაგრამ შეიძლება გამოგადგეთ ეპიდაფეთქების დინამიკის მონიტორინგის დროს, მაგ. ეპიდემიის ზომის ცვლილება, სივრცითი და დროში გავრცელება, გავრცელების გზების ჰიპოთეზების შეფასება.[353]

სხვა ინფექციების ტესტირება

  • აიღეთ ნაზოფარინგული ნაცხები, რათა გამორიცხოთ სხვა რესპირატორული ინფქეციები (მაგ., გრიპი, ატიპური პათოგენები), ადგილობრივი მითითებების გათვალისწინებით. ადგილობრივი ეპიდემიოლოგიისა და კლინიკური სიმპტომების გათვალისწინებით, ტესტირება რეკომენდებულია სხვა დაავადებებზეც, როგორიცაა მალარია, დენგეს ცხელება და ტიფოიდური ცხელება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ შესაძლებელია კოინფიცირება. COVID-19-ს არ გამორიცხავს სხვა პათოგენზე დადებითი ტესტი.[2][398]

მოლეკულური ტესტირების შეზღუდვები

შედეგების ინტერპრეტაცია საჭიროა სიფრთხილით. უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) ავლენს რნმ-ს, მაგრამ ბოლომდე არ არის გაგებული, თუ როგორ ასახავს იგი ინფექციურ ვირუსს, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა გახდეს შეზღუდვების საფუძველი პირთათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ ინფექციის რისკს. რამოდენიმე კვლევაში სცადეს SARS-CoV-2-ის ვირუსის კულტივირება ადამიანის ნიმუშებიდან. ეს საკითხი პრობლემატურია, ვინაიდან ვირუსის კულტურა ითვლება ოქროს სტანდარტის ტესტად, რომლის მიმართაც ხდება ვირუსის ნებისმიერი სხვა დიაგნოსტიკური ინდექს ტესტის გაზომვა და კალიბრაცია, რათა ვიცოდეთ ამ ტესტის პროგნოზული თვისებების შესახებ.[399] COVID-19-ის სადიაგნოსტიკოდ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის სანდოობის შესაფასებლად აუცილებელია ვირუსული კულტურების და საკონტროლო ნიმუშების პროსპექტული რუტინული გამოკვლევა. გასათვალისწინებელია პაციენტის ფაქტორებიც, როგორიცაა სიმპტომების დაწყების დრო, რათა ინფექციურობის პროგნოზირება იყოს შესაძლებელი.[400]

RT-PCR-ის დაჯამებული მგრძნობელობა არის 86%. დაჯამებული სპეციფიკურობა არის 96%. სიზუსტე დამოკიდებულია დაავადების პრევალენტობაზე მოსახლეობაში; რაც უფრო დაბალია დაავადების პრევალენტობა, ნაკლებია პოსტ-ტესტური ალბათობა.[401] ტესტის შედეგის ინტერპრეტაცია დამოკიდებულია ტესტის სისწორეზე და ტესტირებამდე პრეტესტირების ალბათობაზე (ან დაავადების შეფასებით რისკზე).[402]

მაგალითად, თუ 99%-იანი სპეციფიკურობის მქონე ტესტი გამოიყენება მაღალი რისკის სიმპტომური მოსახლეობის ტესტირებისთვის, სადაც ინფექციის ალბათობა 50%-ია, დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი შეადგენს 99%-ს. ეს ნიშნავს, რომ ტესტის დადებითი შედეგის მქონე ყოველი 100 ადამიანიდან 99-ს აქვს SARS-CoV-2-ის ინფექცია, თუმცა 1 ადამიანს, რომელსაც არ აქვს ინფექცია, ექნება ცრუ დადებითი შედეგი. პირიქით, დაბალი რისკის ასიმპტომურ მოსახლეობაში, სადაც ინფექციის ალბათობა დაბალია (მაგ. 0.05%), დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი დაახლოებით 4.3% იქნება. ეს ნიშნავს, რომ ტესტის დადებითი შედეგის მქონე ყოველი 100 ადამიანიდან 4-5-ს ექნება SARS-CoV-2-ის ინფექცია, თუმცა 95-96 არაინფიცირებულ პირს ექნება ცრუ დადებითი შედეგი.[403]

ცრუ დადებითი ტესტების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცრუ დადებითი შედეგების შანსი იზრდება, როდესაც SARS-CoV-2-ის პრევალენტობა საშუალო ან დაბალია.[404] ცრუ დადებითი შედეგების მიზეზი შეიძლება იყოს ლაბორატორიის შეცდომა ან ჯვარედინი რეაქცია ანტისხეულებთან, რომლებიც გამომუშავებულია ადამიანის სეზონურ კორონავირუსულ ინფექციებთან (მაგ. გაციება) წარსულში ექსპოზიციით.[405]

ცრუ უარყოფითი პასუხი დაფიქსირებულია 2-29%-იანი სიხშირით.[402] ინფიცირებულ პაციენტში ცრუ უარყოფითი ტესტის ალბათობა ინფიცირების 1-ელ დღეს 100%-ია, ხოლო მე-4 დღეს 67%. სიმპტომების გამოვლენის დღეს ცრუ უარყოფითი პასუხის სიხშირის მედიანა მცირდება 38%-მდე, მე-8 დღეს კი 20%-მდე, რის შემდეგაც (მე-9 დღიდან) კვლავ იმატებს.[406]

სეროლოგიური კვლევა

სეროლოგია ვერ გამოიყენება SARS-CoV-2-ის ცალკეულ სადიაგნოსტიკო ტესტად; თუმცა, შეიძლება დაგვეხმაროს სხვადასხვა სიტუაციებში (მაგ. უარყოფითი მოლეკულური ტესტირება, მოგვიანებით გამოვლენილი ან ხანგრძლივი სიმპტომების მქონე პაციენტების დიაგნოსტიკა, სეროეპიდზედამხედველობის კვლევები).[353][407]

BMJ practice pointer: testing for SARS-CoV-2 antibodies external link opens in a new window

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს შრატის დაწყვილებული ნიმუშის აღებას. ერთი ნიმუში იღება მწვავე ფაზაში, ხოლო მეორე 2-4 კვირის შემდეგ, გამოჯანმრთელების ფაზაში. ეს მოწოდებულია პაციენტებში, რომლებშიც მაღალია ეჭვი ინფექციაზე, მაგრამ პოლიმერაზული რეაქცია უარყოფითია.[353]

  • სეროკონვერსია ან ანტისხეულების ტიტრის მატება წყვილ ნიმუშში გვეხმარება გარკვევაში, ინფექცია ახლანდელია და/ან მწვავეა თუ არა. თუ თავდაპირველი ნიმუში დადებითია, ეს შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციის შედეგი, რომელიც არ უკავშირდება ამჟამინდელ ავადმყოფობას. 

  • სეროკონვერსია შეიძლება იყოს უფრო სწრაფი და ძლიერი თუ პაციენტს მძიმე დაავადება ჰქონდა, შედარებით მსუბუქ/უსიმპტომო პაციენტებთან.

აშშ დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრები რეკომენდაციას უწევს სეროლოგიურ ტესტირებას, როგორც მწვავე ინფექციის დიაგნოსტიკის დამხმარე მეთოდს გვიან მოსულ პაციენტებში (სიმპტომების გამოვლენიდან 9-14 დღე), სხვა მეთოდებთან ერთად (პჯრ, ანტიგენის ტესტები); ან მოგვიანებითი გართულებების მქონე პაციენტებში (მაგ. პედიატრიული მულტისისტემური სინდრომი ბავშვებში).[408]

  • უპირატესია აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ საგანგებო მოხმარებისთვის ავოტირიზებული ტესტის გამოყენება. არ არსებობს იმ გამოკვლევებს შორის უპირატესობა, რომელთა მეშვეობით ტარდება IgG, IgM, IgM და IgG ან საერთო ანტისხეულების ტესტები. 

  • ტესტის დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი ოპტიმიზირებული უნდა იყოს მაღალსპეციფიკური ტესტის არჩევით (მაგ. >99.5%) და იმ მოსახლეობის ტესტირებით, რომელსაც ანტისხეულების ქონის ყველაზე მაღალი ალბათობა აქვს, ან ორთოგონული ტესტირების ალგორითმის გამოყენებით. შედეგების ინტერპრეტირება მოწოდებულია სავარაუდო პროგნოზული მაჩვენებლების (დადებითი და უარყოფითი) გამოყენებით. 

ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოება რეკომენდაციას უწევს სეროლოგიურ ტესტირებას ჩამოთვლილ შემთხვევებში:[409]

  • იმ პაციენტების შეფასებისას, რომლებზეც ინფექციის მაღალი კლინიკური ეჭვი გვაქვს, როდესაც მოლეკულური დიაგნოსტიკური ტესტირება უარყოფითია, ხოლო სიმპტომების დაწყებიდან სულ მცირე 2 კვირა არის გასული

  • პედიატრიული ანთებითი მულტისისტემური სინდრომის შეფასება ბავშვებში

  • სეროზედამხედველობის კვლევების დროს.

SARS-CoV2-ის მიმართ ანტისხეულები, როგორც წესი, დაავადების პირველი 1-3 კვირის ფარგლებში ჩნდება. ამასთან, იმუნოგლობულინი G ანტისხეულების სეროკონვერსია ხშირად წინ უსწრებს იმუნოგლობულინ M ანტისხეულებს.[410][411]

კოქრეინის მიმოხილვამ დაადგინა, რომ ანტისხუელბის ტესტი IgG/IgM-ის მიმართ COVID-19-ის მქონე პაციენტების მხოლოდ 30%-ს ავლენდა იმ შემთხვევაში, თუ ტარდებოდა სიმპტომების გამოვლენიდან 1 კვირის თავზე, თუმცა ტესტების სიზუსტე 2 კვირის თავზე იმატებდა და შეადგენდა 70%-ს, ხოლო 3 კვირის თავზე კი გამოვლენილი პაციენტების წილი 90%-ს შეადგენდა. 3 კვირის შემდგომი მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. COVID-19-ის არმქონე პაციენტებში ცრუ დადებითი შედეგები 2%-იანი სიხშირით ვლინდება. მიმოხილვით დადგინდა, რომ ანტისხეულების ტესტების მგრძნობელობა სიმპტომების გამოვლენიდან პირველ დღეს ძალიან დაბალია იმისთვის, რომ ჰქონდეს პირველადი როლი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში, თუმცა, ამ ტესტებს შესაძლოა ჰქოდნეთ სასარგებლო როლი უწინდელი ინფქეციის გამოვლენის კუთხით, თუ მათ ჩავატარეთ სიმპტომების გამოვლეიდან 15 ან მეტი დღის შემდგომ (თუმცა 35 დღის შემდგომ მონაცემების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირი რაოდენობითაა ხელმისაწვდომი).[412]

სეროლოგიური ტესტირების შეზღუდვები

SARS-CoV-2-ის მიმართ განვითარებული ანტისხეულოვანი პასუხი ჯერ კიდევ არ არის ნათლად აღწერილი; შესაბამისად, მსგავსი ტესტები ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ, მწვავე ინფექციების სადიაგნოსტიკოდ მათი მოხმარება არ არის რეკომენდებული.[353]

  • შედეგი არ მოწმობს მიმდინარე ან გადატანილი ინფექციის არსებობა/არარსებობაზე, რადგან IgM და IgG ანტისხეულების ჩამოყალიბებას შეიძლება დაჭირდეს 1-3 კვირა.[408] მყარი დიაგნოზის დადგენა ხშირად მხოლოდ გამოჯანმრთელების ფაზის დროს არის შესაძლებელი, როდესაც ჩავლილია მართვის ან ტრანსმისიის შეწყვეტის შესაძლებლობა.[353] 

  • კვლევის საგანია SARS-CoV-2-ის მიმართ წარმოქმნილი ანტისხეულების არსებობის ხანგრძლივობა.[353] ზოგიერთ პაციენტს არ გამოუმუშავდება გამოსავლენად საკმარისი ანტისხეულები ინფექციის შემდეგ. მათშიც კი, ვისაც ანტისხეულები უვლინდება, მათი დონე დროთა განმავლობაში შეუმჩნეველ დონემდე მცირდება.[408] იმ ანტისხეულების არსებობა, რომლებიც ემაგრებიან SARS-CoV2-ს, არ გულისხმობს იმას, რომ ანტისხეულებს აქვთ გამანეიტრალებელი უნარი ან უზრუნველყოფენ დამცავ იმუნიტეტს.[353]

  • ზოგიერთ ტესტს ახასიათებს ჯვარედინი რეაქტიულობა სხვა კორონავირუსებთან, როგორიცაა მარტივი რესპირატორული ვირუსები; ეს ცრუ დადებით შედეგს მოგვცემს.[408] 

  • ტესტირება არ უნდა გამოიყენოთ პაციენტის იმუნური სტატუსის განსაზღვრის მიზნით ან ადამიანების დაჯგუფების მიზნით (სკოლები, საცხოვრებლები, ციხეები), ან მათი სამუშაო ადგილზე დაბრუნების მიზნით.[408]

სწრაფი დიაგნოსტიკური კვლევები

ანტისხეულის აღმოჩენა

  • მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი, ანტისხეულების გამოვლენის ტესტები დამტკიცებულია SARS-CoV-2-ის IgG/IgM ანტისხეულების ხარისხობრივი გამოვლენისთვის შრატში, პლაზმაში ან მთლიან სისხლში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ უწევს მათ გამოყენებას კვლევის ფარგლებს გარეთ, ვინაიდან ამ ტესტებს ვალიდაცია არ მიუღია.[413] 

  • მტკიცებულება განსაკუთრებით სუსტია ადგილზე ჩასატარებელი, სეროლოგიური ტესტების მხარდასაჭერად. მეტა-ანალიზის თანახმად, ქემილუმინესცენტური იმუნოკვლევები IgG ან IgM-ზე ხასიათდება 98%-იანი სენსიტიურობით; იმუნოსორბენტული ფერმენტული კვლევების (ELISA) სენსიტიურობა კი 84%-ია; თუმცა, გვერდითი დინების იმუნოკვლევები (LFIA), რომლებიც ადგილზე კეთდება, ყველაზე დაბალი, 66%-იანი სენსიტიურობით ხასიათდება. ტესტის სენსიტიურობა ყველაზე მაღალი იყო სიმპტომების გამოვლენიდან 3 ან მეტი კვირის გასვლის შემდეგ. ხელმისაწვდომი მტკიცებულება ამჟამად არ უწევს რეკომენდაციას ადგილზე ჩასატარებელი სეროლოგიური ტესტების გამოყენებას.[414]

ანტიგენის განსაზღვრა

  • ანტიგენის ტესტირება დამოკიდებულია SARS-CoV-2-ის ვირუსული ცილების ცხვირის ნაცხში და სხვა ნიმუშებში აღმოჩენაზე, ლატერალური დინების იმუნოკვლევის გამოყენებით. შედეგები ხელმისაწვდომია 30 წუთზე ნაკლებ დროში. ანტიგენის ტესტები ნაკლებსენსიტიურია, ვიდრე უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, მაგრამ უფრო სწრაფი და იაფია და გამოიყენება ინფექციის შემთხვევების ადრეული დეტექციისთვის შესაბამის შემთხვევებში. ტესტირება უნდა ჩატარდეს სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 5-7 დღის განმავლობაში.[415]

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ანტიგენის ტესტირებას მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში უჭერს მხარს, მაგ. როცა პჯრ ხელმისაწვდომი არ არის ან როცა იმდენად დიდხანს არის საჭირო პასუხის ლოდინი, რომ კლინიკურად ნაკლებგამოსადეგია. ტესტი უნდა აკმაყოფილებდეს ≥80% სენსიტიურობას და ≥97% სპეციფიკურობას, შედარებით ოქროს სტანდარტთან (პჯრ).[415]

გულმკერდის რადიოლოგიური კვლევა

ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელია გამოსახულებითი კვლევების ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ადგილობრივი პროცედურების მიხედვით ჩატარება. მიიჩნევა, რომ ორსულ ქალებში გულმკერდის ვიზუალიზაცია უსაფრთხოა.[416]

პნევმონიაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში თითოეულ პაციენტს ჩაუტარეთ გულმკერდის რენტგენოგრაფია. ფილტვის ცალმხრივი ინფილტრატები გვხვდება პაციენტების 25%-ში, ორმხრივი ინფილტრატები - 75%-ში.[4][5][417] მიუხედავად იმისა, რომ გულმკერდის რენტგენოგრამას დაბალი სენსიტიურობა აქვს კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, უპირატესობაა ნაკლები რესურსების საჭიროება, დაბალი რადიაციული დოზა, მარტივი გამეორება და მობილობა.[418]

განიხილეთ გულმკერდის CT-ს დანიშვნა CT არის უპირატესი გამოსახულებითი კვლევა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში. ეს გამოკვლევა გვეხმარება სხვადასხვა ნაბიჯებში, როგორებიცაა დიაგნოზის დადგენა, კონკრეტული პაციენტის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, გართულებების დიაგნოსტირება ან ალტერნატიული დიაგნოზის დადგენა. თუმცა, CT არ ატარებს დიაგნოსტიკურ ღირებულებას COVID-19-ისთვის, შესაბამისად, ამ კვლევის გამოყენებამდე უნდა გავეცნოთ ადგილობრივ მითითებებს.

ბრიტანეთის გულმკერდის ვიზუალიზაციის საზოგადოება (BSTI) რეკომენდაციას უწევს CT-ს კლინიკურად საეჭვო COVID-19-ის მძიმე შემთხვევებში, თუ გულმკერდის რენტგენოგრაფია გაურკვეველია ან ნორმაშია. COVID-19-ზე ეჭვის გარეშე რადიოლოგიური კვლევა არასპეციფიკურია და შესაძლოა მრავალ სხვა დაავადებას ასახავდეს. ბრიტანეთის გულმკერდის ვიზუალიზაციის საზოგადოებამ ინგლისის ჯანმრთელობის ეროვნულ სერვისთან თანამშრომლობით შექმნა რადიოლოგიური კვლევის შესახებ გადაწყვეტილების დამხმარე ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება ექიმებს, გადაწყვიტონ, საჭიროა თუ არა გულმკერდის ვიზუალიზაცია.[356]

BSTI: radiology decision tool for suspected COVID-19 external link opens in a new window

დიდი ბრიტანეთის ზოგი ინსტიტუცია რეკომენდაციას უწევს უფრო პრაგმატულ მიდგომას COVID-19-ზე ძლიერი კლინიკური ეჭვის შემთხვევაში: გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია რეკომენდებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე ორჯერ მივიღებთ ორაზროვან ან ნორმალურ შედეგს და უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტი (RT-PCR) უარყოფითია.[419]

რადიოლოგიის ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციის მიხედვით, CT უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის, ასევე სიმპტომური პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ CT-ის სპეციფიკური კლინიკური ჩვენებები. აღნიშნული რეკომენდაცია ხაზს უსვამს, რომ გულმკერდის ნორმალური CT არ ნიშნავს , რომ პაციენტს არ აქვს COVID-19, ხოლო პათოლოგიური შედეგი COVID-19-ის მიმართ სპეციფიკური არ არის.[420]

50 466 ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა მონაცემების მეტა-ანალიზის მიხედვით, გულმკერდის CT-ზე პათოლოგიური შედეგები გამოვლინდა COVID-19-ის მქონე პაციენტთა თითქმის 97%-ში.[421] ზოგიერთ პაციენტში კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე პნევმონიის გამოვლინება შესაძლოა წინ უსწრებდეს RT-PCR-ით SARS-CoV-2-ზე დადებით პასუხს.[422] კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე დაზიანებები შეიძლება გამოვლინდეს უსიმპტომო პაციენტებში. ასიმპტომურ პაციენტებში გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ნიშნების არსებობის ჯამური მაჩვენებელი შეადგენდა 62%-ს, ხოლო სიმპტომურ პაციენტებში მაჩვენებელი 90% იყო.[423] ზოგიერთ პაციენტს, RT-PCR დადებითი შედეგის მიუხედავად, გულმკერდის რადიოლოგიური მონაცემები ნორმაში აქვს.[424] ამასთანავე, უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) შესაძლოა იყოს ცრუ უარყოფითი, ამიტომ, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ტიპური მონაცემების შემთხვევაში, დიაგნოზის დასადატურებლად საჭიროა განმეორებითი RT-PCR.[425]

ტიპური მახასიათებლები

  • ყველაზე ხშირი გამოვლინებებია დამსხვრეული მინის სურათი, იზოლირებულად ან სხვა ნიშნებთან ერთად, როგორიცაა კონსოლიდაცია, წილაკთაშორისი ძგიდის გასქელება ან ნაკვალევის მსგავსი ნიშანი. ყველაზე ხშირი მიმდინარეობა არის ორმხრივი, პერიფერიული/პლევრის ქვეშა, უკანა წილების დაჩრდილვა, ქვედა წილების დომინანტობით. ექსტენსიური/მულტიწილოვანი ჩართულობა კონსოლიდაციით უფრო ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში და მძიმე დაავადების მქონე პირებში.[426]

  • კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირებით, როგორც წესი, ვლინდება მინის ნამსხვრევისებრი დაჩრილვების ზომის, რაოდენობრივი და სიმკვრივის ზრდა ადრეული მონიტორინგის პერიოდში. შემდგომ ვითარდება შერეული სურათი, რომელიც მოიცავს მინის ნამსხვრევისებრ დაჩრდილვებს, კონსოლიდაციებს და არეული ქვაფენილის განლაგებას, რაც პიკს აღწევს მე-10-მე-11 დღეს, შემდგომ კი თანდათანობით ლაგდება ან რჩება ლაქოვანი ფიბროზის ფორმით.[426]

  • მცირე მოცულობის შედარებითი კვლევის თანახმად, COVID-19-ის მქონე პაციენტებს, პნევმონიის სხვა ტიპებთან შედარებით, გააჩნიათ ფილტვის ორმხრივი ჩართულობის უფრო მაღალი რისკი, მრავლობითი ლაქოვანი დაზიანებებითა და მქრქალი მინისებრი დაჩრდილვებით.[427]

  • ბავშვებში ხშირია ნორმალური ან მსუბუქად შეცვლილი გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია. ბავშვებში ყველაზე ხშირი ნიშნებია: კეროვანი დამსხვრეული მინის სურათი და უფრო იშვიათად, არასპეციფიკური კეროვანი დაჩრდილვა, კონსოლიდაციის კერები და ჰალოს ნიშანი. პათოლოგიები უფრო ხშირია ქვედა წილებში და მეტწილად ცალმხრივია. იშვიათია პლევრული გამონაჟონი. ბავშვებს, მინიმალური სიმპტომების ან უსიმპტომობის მიუხედავად, გულმკერდის ვიზუალიზაციისას შესაძლოა გამოუვლინდეთ პნევმონიის ნიშნები.[428]

ატიპური მახასიათებლები

  • ატიპური მახასიათებლებია ფილტვის სისხლძარღვების გადიდება, წილთაშორისი ან წილის შიდა ძგიდის შესქელება, ახლომდებარე პლევრის შესქელება, ჰაერის ბრონქოგრამები, სუპლევრული ზოლები, არეული ქვაფენილის განლაგება, ბრონქის გამრუდება, ბრონქოექტაზია, ვაკუოლური რეტრაქციის ნიშანი და ჰალო. იშვიათ შემთხვევებში ფიქსირდება პლევრული გამონაჟონი, პერიკარდიუმის გამონაჟონი, კავიტაცია, პნევმოთორაქსი და შუასაყრის ლიმფადენოპათია.[426]

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) რეკომენდაციას უწევს გულმკერდის რადიოლოგიურ კვლევას ჩამოთვლილ სიტუაციებში:[418]

  • თუ პაციენტი სიმპტომურია და სავარაუდოა COVID-19, მაგრამ RT-PCR ხელმისაწვდომი არ არის ან გვიანდება, ან თავდაპირველი ტესტი უარყოფითია და კორონავირუსზე კლინიკური ეჭვი მაღალია (დიაგნოსტიკისთვის)

  • სავარაუდო ან დადასტურებული COVID-19 შემთხვევები, როცა პაციენტი არ იმყოფება ჰოსპიტალში და აქვს მსუბუქი სიმპტომები (ჰოსპიტალიზაციის/გაწერის გადასაწყვეტად) 

  • სავარაუდო ან დადასტურებული COVID-19 შემთხვევები, როცა პაციენტი არ იმყოფება ჰოსპიტალში და ქვს საშუალო-მძიმე სიმპტომები (სტანდარტული ჰოსპიტალიზაციის/ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსების გადასაწყვეტად) 

  • სავარაუდო ან დადასტურებული COVID-19 შემთხვევები, როცა პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში და აქვს საშუალო-მძიმე სიმპტომები (თერაპიული მართვის მიზნით). 

ახალი ტესტები

უკუტრანსკრიპციის მარყუჟოვანი იზოთერმული ამპლიფიაცია (RT-LAMP)

  • უკუტრანსკრიპციის მარყუჟოვანი იზოთერმული ამპლიფიკაცია (RT-LAMP) ახალი მეთოდია SARS-CoV-2-ის ვირუსის რნმ-ის აღმოსაჩენად. კვლევა მარტივი და სწრაფია, მაგრამ მტკიცებულებები მის გამოყენებასთან დაკავშირებით მწირია. შექმნილია და შეფასებას გადის სხვადასხვა ტესტ-სისტემები SARS-CoV-2-ის სადიაგნოსტიკოდ.[429][430][431]

ფილტვის ულტრაბგერითი გამოკვლევა

  • ფილტვის ულტრაბგერა ზოგიერთ ცენტრში გამოიყენება დიაგნოსტიკური ინსტრუმენტის სახით, როგორც რენტგენის და გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის ალტერნატივა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მხოლოდ ძალიან დაბალი სიზუსტის მტკიცებულებები, შეიძლება დაგვეხმაროს დამატებითი ან ალტერნატიული რადიოლოგიური კვლევის სახით.[418] ულტრაბგერის დადებითი მახასიათებლებია: მობილობა, ადგილზე შეფასების შესაძლებლობა, სამედიცინო პერსონალის დაბალი ექსპოზიცია, მარტივი სტერილიზაცია, მაიონიზებელი რადიაციის არარსებობა, განმეორება მარტივია შემდგომი მართვისას. შეიძლება უფრო მარტივად ხელმისაწვდომი იყოს რესურსებით ღარიბ პირობებში. თუმცა, ასევე გააჩნია შეზღუდვები (მაგ., ვერ საზღვრავს დაზიანების ქრონიკულობას) და შესაძლოა საჭირო გახდეს ვიზუალიზაციის სხვა ხელსაწყოები. B-ხაზები გამოხატულია COVID-19-ის დროს და გვხვდება ჯამური სიხშირით- 97%. პლევრის ხაზის პათოლოგიები გვხვდება 70%-იანი ჯამური სიხშირით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სურათი არ არის სპეციფიკური COVID-19-ისთვის, იმატებს დაავადების ალბათობა დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინების ფონზე. სხვა ნიშნებია: კონსოლიდაცია, პლევრის გასქელება, პლევრის ეფუზია.[432] შესაძლოა გამოვიყენოთ ორსულებსა და ბავშვებში.[433][434]

  • BSTI: lung ultrasound (LUS) for COVID-19 patients in critical care areas external link opens in a new window

ვირუსის გამოყოფა

  • ვირუსის იზოლირება არ არის რეკომენდებული, როგორც რუტინული დიაგნოსტიკური პროცედურა. ყველა პროცედურა, რომელიც უჯრედულ კულტურაში ვირუსის გამოყოფას გულისხმობს, უნდა ჩატარდეს მომზადებული პერსონალის მიერ, ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის დაწესებულებებში.[353]

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით