კლინიკური შემთხვევა

კლინიკური შემთხვევა #1

61 წლის მამაკაცმა მიმართა საავადმყოფოს ცხელებით, მშრალი ხველით და სუნთქვის გაძნელებით. ასევე აღნიშნავს, რომ ძალიან დაღლილია და თავს შეუძლოდ გრძნობს. ანამნეზში აქვს ჰიპერტენზია, რომელსაც ენალაპრილით მართავს. გასინჯვისას პულსი არის 120 დარტყმა წუთში, ხოლო ტემპერატურა – 38.7°C (101.6°F), ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი – 88%. გამოიყურება მწვავედ. იგი მოთავსდა სტაციონარში, იზოლირებულ ოთახში და დაწყებულია ჟანგბადის მიწოდება, სითხის გადასხმა და ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია. გულმკერდის რენტგენზე ვლინდება ფილტვის ორმხრივი ინფილტრატები. გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანს მრავლობითი ორმხრივი წილოვანი და სუბსეგმენტური დაჩრდილვა, მქრქალი მინისებრი სურათით. ცხვირ-ხახის ნაცხი გაიგზავნა რეალურ დროში უკუტრანსკიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტირებაზე. მომდევნო დღეს მოვიდა დადებითი შედეგი მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუს 2-ზე (SARS-CoV-2). ჰოსპიტალიზაციიდან მე-7 დღეს პაციენტს განუვითარდა რესპირატორული დისტრესი და გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, დაიწყო მექანიკური ვენტილაცია.

კლინიკური შემთხვევა #2

26 წლის ქალი ურეკავს ექიმს ყელის ტკივილისა და პერსისტენტული, მშრალი ხველის ჩივილებით. უარყოფს ცხელებას და ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობას, ასევე ვერ იხსენებს COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს. ექიმი ურჩევს სახლში დარჩენას, თვითიზოლაციას და სიმპტომები გაუარესების შემთხვევაში კვლავ დაკავშირებას.

სხვა შესაძლო გამოვლინებები

სხვა არასპეციფიკური, მსუბუქი სიმპტომები შეიძლება იყოს უმადობა, კონფუზია, თავბრუსხვევა, ყელის ტკივილი, რინორეა და ნახველის წარმოქმნა. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ტკივილი გულმკერდის არეში ან ჰემოფთიზი. გასტროინტესტინური სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი, აღწერილია იშვიათად, თუმცა ეს შეფასება სავარაუდოდ არასაკმარისად ასახავს რეალობას.[4][5][6][7][8] არსებობს მწირი მტკიცებულება, რომ მსუბუქი ავადმყოფობის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ყნოსვის და/ან გემოს შეცვლა ან დაკარგვა სხვა სიმპტომების გარეშე.[9] ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მინიმალური სიმპტომები. შესაძლებელია უსიმპტომო მიმდინარეობაც, განსაკუთრებით ბავშვებში.[10][11][12][13]

პაციენტების დაახლოებით 80%-ს უვითარდება მსუბუქი დაავადება, 14%-ს – მძიმე, ხოლო 5%-ს –კრიტიკული.[14] მძიმე ავადმყოფობის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ვირუსული პნევმონიის ნიშნები და სიმპტომები, ან გართულებები, როგორიცაა მწვავე დისტრესსინდრომი, გულის მწვავე დაზიანება, არითმიები, თირკმლის მწვავე დაზიანება, მეორეული ინფექცია, სეფსისი ან შოკი.[4][5][6]

ატიპური გამოვლინებები შესაძლებელია, განსაკუთრებით ხანდაზმულებში ან იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით