ეტიოლოგია

მწვავე ბრონქიტის შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია ვირუსული ინფექციით. მწვავე ბრონქიტს და ზემო სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევს ერთიდაიგივე ვირუსები: კორონავირუსი, რინოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და ადენოვირუსი. უფრო ახალგაზრდა მოსახლეობაში, ჯარისკაცებსა და კოლეჯის სტუდენტებში, მწვავე ბრონქიტის მქონე პაციენტებში გამოყვეს სხვა პათოგენები, როგორიცაა Chlamydia pneumoniae და Mycoplasma pneumoniae . თუმცა, ჩამოთვლილი პათოგენები აღმოჩენილია მწვავე ბრონქიტის მქონე პაციენტების მხოლოდ უმცირესობაში და უცნობია, იწვევენ თუ არა ეს აგენტები სიმპტომებს. ამ ორგანიზმების როლის გაურკვევლობას ხელს უწყობს კვლევა, რომელმაც მწვავე ბრონქიტის მქონე პაციენტებში დაადგინა მიკოპლაზმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ჯგუფში მაკროლიდით მკურნალობის შედეგად არ აღინიშნა უფრო სწრაფი გამოჯანმრთელება, ვიდრე იმ პაციენტებში, რომელთაც არ დაუდგინდათ მიკოპლაზმა და მკურნალობდნენ იგივე ანტიბიოტიკით.[5] იშვიათად, შესაძლოა აღმოჩნდეს Bordetella bronchiseptica, მაგრამ დღემდე ეს დაფიქსირდა მხოლოდ იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.[6]

პათოფიზიოლოგია

მწვავე ბრონქიტის სიმპტომები განპირობებულია ბრონქის კედლის მწვავე ანთებით, რომელიც იწვევს ლორწოს ჭარბ გამოყოფას ბრონქის შეშუპებასთან ერთად. ეს იწვევს პროდუქტიულ ხველას, რომელიც ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. მიუხედავად იმისა , რომ ინფექცია შესაძლოა აღმოიფხვრას რამდენიმე დღეში, ბრონქების კედლების აღდგენას სჭირდება რამდენიმე კვირა. აღდგენის პერიოდში, პაციენტებს კვლავ აწუხებთ ხველა. მწვავე ბრონქიტის მქონე პაციენტების ფილტვის ფუნქციური გამოკვლევები მიუთითებენ ბრონქულ ობსტრუქციაზე, ასთმის მსგავსად. როდესაც მწვავე ბრონქიტის სიმპტომები მსუბუქდება, ფილტვის ფუნქციის ტესტების შედეგებიც ნორმალიზდება.

მწვავე ბრონქიტის მქონე პაციენტების ნახევარი აგრძელებს ხველას >2 კვირის განმავლობაში.[2] პაციენტების მეოთხედში, ხველა გრძელდება >1 თვეს. ამ მდგომარეობას ბრონქიტის შემდგომი სინდრომი ეწოდება. ეს პერიოდი სავარაუდოდ მოიცავს ბრონქის კედლების აღდგენის პროცესს, მწვავე ინფექციის ალაგების შემდეგ.

აღნიშნული მასალა უნდა გამოიყენოთ disclaimer მიხედვით